შექსპირის ფესტივალი ლონდონში, გულუბრყვილო სტანისლავსკი, "დიქტატორი" რეჟისორები... - გზაპრესი

შექსპირის ფესტივალი ლონდონში, გულუბრყვილო სტანისლავსკი, "დიქტატორი" რეჟისორები...

რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, თეატრმცოდნე ნოდარ გურაბანიძის რეგალიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ის გახლავთ არაერთი მონოგრაფიის, წიგნისა თუ სტატიის ავტორი. 92 წლის ბატონი ნოდარი ამბობს: "ბევრს შევესწარი, ბევრის ნახვა მოვასწარი. იმდენი საინტერესო და მძაფრი ამბავი გადამხდა თავს, ბარე ორი კაცის სიცოცხლე გასწვდება თავისუფლად". ვფიქრობ, ქვემოთ მოყვანილ ეპიზოდებს სიამოვნებით გაეცნობა მკითხველი.

"რუსუდან სოლომონოვნა"

- თეატრმცოდნეობის ფაკულტეტის პირველკურსელებს რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რუსუდან მიქელაძე (სოლომონოვნა), რომელიც მაშინდელი ჩვენი ინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკის გამგე იყო. ამ წიგნების დიდი ნაწილი 1949 წელს განადგურდა რუსთაველის თეატრის ხანძრის დროს. ბიბლიოთეკის დიდი, ე.წ. მავრიტანული სტილით მოხატული მაღალჭერიანი დარბაზი, რუსუდან სოლომონოვნამ ნამდვილ არისტოკრატიულ სალონად აქცია. ლექციებს შორის შესვენებაზე, სხვადასხვა დროს, აქ თავს იყრიდნენ სახელოვანი მოღვაწეები: აკაკი ხორავა, დოდო ალექსიძე, გოგა ტოვსტონოგოვი, რევაზ ნათაძე, ვახტანგ ბერიძე, მიხეილ თუმანიშვილი, ნათელა ურუშაძე... ქალბატონი რუსუდანი ე.წ. ოქტომბრის რევოლუციის კვირაძალში, პეტერბურგის საბჭოს თავმჯდომარის მესამე და მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის - ჩხეიძის მდივანი იყო და ესწრებოდა იმ კონფერენციას, სადაც ჩხეიძის სიტყვებზე: "დღეს რუსეთში არ არის პარტია, რომელსაც ძალუძს ხელისუფლების ხელში აღება", ლენინი წამოხტა და ხმამაღლა იყვირა: "არის ასეთი პარტია. ეს არის ბოლშევიკების პარტია". ამ ეპიზოდს რომ გვიამბობდა ქალბატონი რუსუდანი, ჩუმად დასძენდა, - იმ წუთში ლენინი ძალზე უზრდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდაო. ქალბატონი რუსუდანის მთელი პედაგოგობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ხან თვითონ გვიკითხავდა და ხან ჩვენ გვაკითხებდა ხმამაღლა ჩეხოვის მოთხრობებს, მაგრამ თავისი ქცევით, ინტელიგენტურობით, დახვეწილი არისტოკრატულობით და გულისხმიერებით სამაგალითო იყო, დიდ ზემოქმედებას ახდენდა ჩვენზე.

შექსპირის ფესტივალი

- კარგად მახსოვს 1964 წლის თეატრალური სეზონი. ამ წელს მთელი საბჭოეთის თეატრალური სამყარო შექსპირის დაბადებიდან 400 წელს აღნიშნავდა. განზრახული იყო მოსკოვში გამართულიყო გრანდიოზული თეატრალური ფესტივალი საუკეთესო შექსპირული სპექტაკლების ჩვენებით. რუსთაველის თეატრმა ამ მიზნით მოამზადა კიდეც სპექტაკლი "ზაფხულის ღამის სიზმარი" მიხეილ თუმანიშვილის რეჟისორობით, მაგრამ ფესტივალი ჩაიშალა. ლონდონმა კი საიუბილეო დღეებში სტუმრად მიიწვია ოტელოსა და იაგოს როლების ბრწყინვალე შემსრულებლები - აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე. სხვა საჩუქრებთან და ქართულ სუვენირებთან ერთად, ხორავამ თან წაიღო ხმალი, რომელსაც მისი გმირი სპექტაკლში ატარებდა. ფესტივალის საზეიმო დახურვაზე, როცა "ქართულ დელეგაციას" საჩუქრები და ადრესი უნდა გადაეცა მასპინძლებისთვის, მოულოდნელი რამ მოხდა: ჯერ იყო და ფრაკში გამოწყობილი მონუმენტური აკაკი ხორავას ხელში საბრძოლო ხმალი ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა, მერე იყო და... მოულოდნელად, ჩვენმა სახელოვანმა მსახიობებმა გაითამაშეს ერთი ეპიზოდი სპექტაკლიდან, როცა იაგო ფრთხილად იწყებს ოტელოში ეჭვის გაღვიძებას. ქართულის არმცოდნე აუდიტორია სახტად დარჩა, აკაკი ხორავას ღვთაებრივმა ხმამ, ენით აღუწერელმა თეატრალურმა მომხიბვლელობამ და აკაკი ვასაძის დახვეწილმა პლასტიკურობამ მოაჯადოვა მაყურებელი... აკაკი ხორავამ ოტელოს ხმალი საჩუქრად გადასცა ინგლისელებს. ფესტივალის ანალებში ოქროს ასოებით შევიდა ეს ეპიზოდი.

გულუბრყვილო სტანისლავსკი

- სამხატვრო თეატრში დადგმული მიხეილ ბულგაკოვის პიესა "ტურბინთა დღეები" უდიდესი წარმატებით სარგებლობდა და სტალინსაც განსაკუთრებით მოსწონდა (ზუსტი ცნობებით 14-ჯერ ნახა), მაგრამ სპექტაკლი მოსკოველმა თეატრალურმა ჩინოვნიკებმა რამდენჯერმე აკრძალეს. და ერთხელ, სამხატვრო თეატრის ხშირი სტუმარი სტალინი და მასპინძელი სტანისლავსკი სხედან ლოჟაში, სპექტაკლის დაწყებამდე სტალინი ათვალიერებს თეატრის რეპერტუარის განრიგს და ვითომ საქმის კურსში არ არის, კითხულობს: რატომაა, რომ დიდი ხანია რეპერტუარში ვერ ვხედავთ მწერალ ბულგაკოვის "ტურბინთა დღეებს"? სტანისლავსკიმ, რომელიც ცნობილი იყო თავისი გულუბრყვილობით, ხელები უმწეოდ გაასავსავა, საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო და უჩურჩულა "სუუუ"... შემდეგ თავი მიაბრუნა ბელადის ყურისკენ და ხმადაბლა უთხრა, თან საჩვენებელი თითი მაღლა, ჭერისკენ აიშვირა, - "იმათ აგვიკრძალეს! მაგრამ იცოდეთ, ეს საშინელი საიდუმლოა და ძალიან გთხოვთ, არავის უთხრათ". სტალინმა მშვიდად მიუგო: "ისინი უფლებას მოგვცემენ, გავაკეთოთ", - სტალინს სჩვეოდა მესამე პირში ლაპარაკი.

"დიქტატორი" რეჟისორები

- გიორგი (გოგა) ტოვსტონოგოვის სიმკაცრისა და შეუვალობის ამბავი თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი. როგორც კი დაიკავა ლენინგრადის დიდი დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორის პოსტი, იმ დღესვე დაიბარა თავის კაბინეტში წამყვანი მსახიობები (რომლებსაც უკვე მოესწროთ რამდენიმე სამხატვრო ხელმძღვანელის გაგდება, რის გამოც თეატრის მდგომარეობა აშკარად სავალალო გახდა) და განუცხადა: "თქვენ უკვე "შეჭამეთ" ჩემი წინამორბედები! იცოდეთ, ჩემი ხორცი არ იჭმება". ორი თუ სამი სეზონის შემდეგ, მაჩანჩალა "ბდტ" ერთ-ერთი უპირველესი თეატრი გახდა საბჭოთა სივრცეში. მსახიობები კრთოდნენ მის წინაშე. მისი ინტელექტი, ერუდიცია, დიდი შინაგანი ძალა და ვთქვათ პირდაპირ - გენიალობა, ყველას იმორჩილებდა. თეატრის რადისტი ყოველდღიურად, რეპეტიციის წინ, რადიოთი აფრთხილებდა მსახიობებს: "გიორგი ალექსანდროვიჩის მანქანა უკვე დაიძრა თეატრისკენ"... "გიორგი ალექსანდროვიჩი თეატრს მოუახლოვდა"... "აი, მანქანა ეზოში შემოვიდა... ის გადმოვიდა მანქანიდან და თეატრის კარს მიუახლოვდა..." აქ წყდებოდა მისი ხმა, რადგან ტოვსტონოგოვი უკვე თეატრში იყო.

სხვათა შორის, რუსთაველის თეატრის მსახიობები, რობერტ სტურუას ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად, სტალინს უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი გაამხილა. არგენტინაში, ბუენოს-აირესის თეატრ "სან მარტინში" დგამდა იუჯინ ო’ნილის პიესას "ელექტრას ძაძები შვენის". გენერალურ რეპეტიციაზე რობერტ სტურუამ სპექტაკლი შეკვეცა, ამოიღო ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი, რომელშიც შესანიშნავად თამაშობდა იქ ცნობილი და პოპულარული მსახიობი ქალი. სპექტაკლის ეს ეპიზოდი ანელებდა რიტმს და არც კომპოზიციას ერგებოდა. განაწყენებულმა მსახიობმა პროფკავშირებში იჩივლა, ხოლო თუ რა ძალაუფლებით და ავტორიტეტით სარგებლობს ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე პროფკავშირები, ამის მოწმე ხშირად ვყოფილვარ. მსახიობი ქალი კატეგორიულად ითხოვდა ეპიზოდის აღდგენას. თეატრის გენერალ-ინტენდანტმა უთხრა რობერტ სტურუას: ეს მსახიობი მართალია, გთხოვთ აღადგინოთ ეპიზოდი, ნუ დაუპირისპირდებით პროფკავშირსო. სტურუამ კატეგორიული უარი განაცხადა. ინტენდანტმა მეორედ, უფრო დაბეჯითებით და ცოტა მკაცრი ინტონაციით გაუმეორა თხოვნა. სტურუამ თქვა: "იცით თუ არა თქვენ, რომ მე სტალინის ქვეყნიდან ვარ? ეპიზოდს არ აღვადგენ!" შეცბუნებულ და გაოგნებულ მასპინძელს ერთხანს ხმა არ გაუღია, მერე გასცინებია და გასცლია იქაურობას.

გამოცხადება

- მამაჩემის გარდაცვალების ღამეს საოცარი რამ შემემთხვა, მის ცხედართან ვიჯექი მარტო. თენდებოდა, ეტყობა დაღლილს ჩამეძინა და საშინელი სურათი ვიხილე - მამაჩემი თავდაყირა ეკიდა ტოტებგამხმარი ხის ტანზე და იცინოდა, გარკვევით გავიგონე მისი ხმა: "ნუ გეშინია, ნოდარ, ჩემი სული გადასახლდა არმენ ჯიგარხანიანის სხეულში". შემცივნულს და შეშინებულს გამომეღვიძა. მამაჩემს საერთოდ არც გაეგონა რუსულ სცენაზე მოღვაწე ამ შესანიშნავი სომეხი მსახიობის გვარი... იმავე წელს ავედი ბაკურიანში. მზიანი დარი იდგა, ირგვლივ ყველაფერი თეთრად ბრწყინავდა. მანქანა ახალგაზრდული სპორტული ბანაკის "მზიური ველის" წინ გავაჩერე. შენობის სამივე სართულის გაყოლებაზე ხის ფიცრებიანი აივანი სავსე იყო რუსი ქალიშვილებით. მანქანიდან გადმოსულმა გარკვევით გავიგონე: "გოგონებო, გოგონებო, ნახეთ ვინ მოვიდა, ჯიგარხანიანი". ადგილზე გავშეშდი. ჯიგარხანიანის თაყვანისმცემელი რუსი ქალიშვილის ამ აღტაცებული წამოძახილის შემდეგ (ასეთი რეპლიკა შემდგომ ხშირად გამიგონია რუსეთში ყოფნისას), ეს მსახიობი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გახდა. ყოველთვის ვცდილობდი მენახა სპექტაკლები მისი მონაწილეობით, ვკითხულობდი რეცენზიებს მის დადგმებზე, ვეცნობოდი მის ინტერვიუებს. ჩემთვის იგი რაღაც საკრალურ ფიგურად იქცა და ალბათ, ამიტომაც არასოდეს მიცდია მისი გაცნობა და მასთან დაახლოება.

კარგა ხნის შემდეგ, ცნობილმა მხატვარმა და არქიტექტორმა ოლეგ ქოჩაკიძემ, თავისი მეგობარი ვეტერანი მოთხილამურეების ჯგუფური პორტრეტი შექმნა, სადაც მართლა ვგავარ არმენ ჯიგარხანიანს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ეს გრაფიკული სურათი ოლეგმა ზეპირად დახატა. ვერ ამიხსნია, რა ხდება? სარკეში რომ ვიყურები, არ ვგავარ ამ ჯიგარხანიანს. ნუთუ, ჩემი ცნობიერების სიღრმეშია დალექილი ეს მსგავსება, რაც მიცვალებული მამის პირით მეუწყა?..

marjvniv-boloshi-gurabanize-copy-1690133344.jpg

"გადაეცით თქვენს ხრუშჩოვს, რომ ის იდიოტია"

- XX საუკუნის მეორე ნახევრის საბჭოთა კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ბრწყინვალე მსახიობი იყო პაველ კადოჩნიკოვი. იგი გამოირჩეოდა დახვეწილი გარეგნობით, ვაჟკაცური იერით და მაღალპროფესიული ოსტატობით. გრანდიოზული პოპულარობა და სიყვარული მოუტანა ფილმებმა "მზვერავის გმირობა" - მაიორი ფედოტოვი და "ამბავი ნამდვილი ადამიანისა", სადაც ალექსი მერესიევის როლი შეასრულა. მას ყველგან ხვდებოდნენ როგორც ეროვნულ გმირს, ორივე ფილმმა სტალინური პრემია მიიღო. როცა სტალინმა ნახა "მზვერავის გმირობა", სუკის ერთ-ერთ უმაღლეს წარმომადგენელს უთხრა: "აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მზვერავი!"

მსახიობის უფროსი ვაჟი სკოლაში ბრწყინვალედ სწავლობდა. ის იყო ათწლედის დამთავრების ოქროს მედალი უნდა აეღო, რომ გამოვიდა ბრძანება 10-დან 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის შესახებ. ამის თაობაზე აზრის გამოთქმა სთხოვეს კადოჩნიკოვს ერთ-ერთი ცენტრალური გაზეთიდან. მსახიობმა იკითხა: უპირველესად მინდა ვიცოდე, რომელმა იდიოტმა მოიგონა ეს? კორესპონდენტმა უპასუხა: ნიკიტა სერგეევიჩ ხრუშჩოვმა. - მაშინ გადაეცით თქვენს ხრუშჩოვს, რომ ის იდიოტია, - თქვა მსახიობმა. ამ პასუხმა ოჯახის წევრები დაზაფრა, მეუღლეს გული წაუვიდა და ძლივს მოსულიერებული ლუღლუღებდა: "ყველას დაგვიჭერენ, რა გვეშველება!" მაგრამ სამგზის სტალინური პრემიის ლაურეატის დაჭერა ძალიან დიდი სკანდალი იქნებოდა, არ დაუჭერიათ, მაგრამ რა? გასაიდუმლოებული დირექტივის საფუძველზე სახელგანთქმულ არტისტს წლების მანძილზე კინოში აღარ იღებდნენ.

ნანული ზოტიკიშვილი