ქვების გალერეა - გზაპრესი

ქვების გალერეა

2018 წელია. თბილისის ერთ-ერთ სკვერში სკამზე ბიჭი ზის და მეგობარს ელოდება. ამ დროს მის ყურადღებას სხვადასხვა ფერის ქვა იქცევს და დროის მოსაკლავად რაღაც ფიგურების "აწყობას" იწყებს. ორი ადამიანის გამოსახულება რომ შეიქმნა, ამ ფაქტმა მასზე ემოციურად იმოქმედა, გაუკვირდა და გაუხარდა კიდეც. მერე გადაწყვიტა, ქვები შინ წაეღო და ხის ფიცარზე ისე დაეწყო და დაემაგრებინა, როგორც ეს სკვერში მოხდა. ვინაიდან იმ დროს, აღნიშნული თემის გარშემო არანაირი ცოდნა არ ჰქონდა, შესაბამისი ინფორმაცია მოიძია და აღმოაჩინა, რომ არსებობს ასეთი მიმდინარეობა - ქვის ხელოვნება და ამ საქმით მსოფლიოში რამდენიმე ადამიანია დაკავებული. საკუთარ განვითარებაზე ზრუნვითა და თვითშემეცნებით, ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა. საბოლოოდ, ქვის ხელოვნების მიმდევარი გახდა და დღემდე აქტიურად არის ამ საქმით დაკავებული.

დავით გოდელაძე მეექვსე წელია ქვებს "დასდევს". როცა მისთვის საინტერესო ფორმისა და ფერის ქვას გადააწყდება, შინ მიაქვს, ერთმანეთს აკავშირებს და სხვადასხვა კომპოზიციას ქმნის. მის შემოქმედებაში მრავალფეროვანი თემებია. ქვაში გაცოცხლებულ ფიგურებს შორის, ადამიანებსაც შეხვდებით და ცხოველთა სამყაროსაც. უმთავრესი მასალა კი დაუმუშავებელი ქვებია და თითქმის ყველა კომპოზიციას ქვაზევე აქვს დატანილი ავტორის ინიციალები: "დ. გ."

ვფიქრობ, მართალია, მსგავსი ტიპის ნამუშევრები ნებისმიერ ინტერიერში შეიძლება გამოფინო, მაგრამ ალბათ, განსაკუთრებით სააგარაკე სივრცესა და იმ გარემოს მოუხდება, სადაც ბუნებასთან ახლო კავშირია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნამუშევრები საკმაოდ დინამიკური და პროპორციულია, რისი მიღწევაც ქვით მუშაობის დროს სულაც არ არის მარტივი, მით უფრო, იმ ადამიანისთვის, ვისაც მხატვრისთვის დამახასიათებელი პროფესიული განათლება არ მიუღია.

ავტორს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შევხვდი, სადაც წელს ივლისის თვეში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე დავით გოდელაძემ სხვადასხვა წელს შექმნილი 30 ნამუშევარი წარმოადგინა.

- 32 წლის ვარ, დავიბადე და გავიზარდე ქარელში. სკოლის პერიოდში ხელოვნების სხვადასხვა ჟანრით ვინტერესდებოდი, ჩემთვის ვხატავდი კიდეც, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეკონომიკურ სფეროში "წავედი" - ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პროფესიით ვმუშაობ და სამწუხაროდ, ქვებისთვის ცოტა დრო მრჩება. ქარელში ძირითადად, შაბათ-კვირას ჩავდივარ და უმთავრესად ამ ორ დღეს ვმუშაობ. ქვების შეგროვებაში მეგობრები და ახლობლები აქტიურად მეხმარებიან, ბევრი ზღვის მინებს და ნიჟარებსაც მჩუქნის. ქვებს თავადაც ვაგროვებ. ბევრია ისეთი ქვა, რომელსაც დავხედავ თუ არა, მაშინვე ვხვდები, რა შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არის სრულიად "არაფრისმთქმელი" ქვებიც, თუმცა მათაც შეუძლიათ მუშაობის პროცესში კარგი იდეა გაგიჩინონ და შესანიშნავად ჩასხდნენ ნამუშევარში.

3-copy-1690133780.jpg

- "მოლაპარაკე" და "უსიტყვო" ქვების მოპოვება სად ხდება?

- ქვების შეგროვება ქარელში, მტკვრის ნაპირზე დავიწყე. ჩემს ნამუშევრებზე უმთავრესად რიყის, მტკვრის ნაპირზე ნაპოვნი ქვებია. უპირატესობას ბუნებრივი ფერის ქვას ვანიჭებ და მათ ე.წ. გლუვი ლაქით ვფარავ, რათა ბუნებრივი ეფექტი მაქსიმალურად შევინარჩუნო. ზოგჯერ კომპოზიციის აწყობისას ხესაც ვიყენებ და ვფიქრობ, ეს ორი ბუნებრივი მასალა ერთმანეთში კარგად ჯდება. თუმცა, არის ნამუშევრები, როცა ქვა შეღებვას ითხოვს, მაგალითად, ფოთლის ეფექტის გამოკვეთის შემთხვევაში ან როცა ქვებით ნატურმორტს ვაწყობ. ასეთ დროს ოქროსფერისა და მწვანის კომბინაცია მომწონს, მას ჩემი თვალი კარგად აღიქვამს. რამდენიმე ნამუშევარში ფერწერული ელემენტები მაქვს გამოყენებული.

- თემატური მრავალფეროვნებაა. თავიდან რა ჭარბობდა და როგორ განვითარდა თქვენი კომპოზიციები?

- თავიდან რომანტიკული თემა ჭარბობდა. პირველი ნამუშევარი იყო 2 შეყვარებული ადამიანის ფიგურა. არ ვფიქრობ, რომ რომანტიკული ვარ, მაგრამ ნამუშევრებში ახლაც ამ კუთხით ვიხრები (იღიმის). ქვაზეც ბევრია დამოკიდებული, შეიძლება ერთ თემაზე ფიქრობდე და მუშაობის პროცესში სულ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს.

6-copy-1690133797.jpg

- როგორ და რა დრო დაგჭირდათ იმისათვის, რომ თქვენი ნამუშევრები საზოგადოებისთვის წარგედგინათ?

- ზოგადად, ძალიან რთულად ვწყვეტ, გამოვიტანო თუ არა ჩემი ნახელავი ფართო საზოგადოების წინაშე. დაახლოებით 15 ნაკეთობა მქონდა, როცა სოციალურ სივრცეში მათი ერთიანად ატვირთვა გადავწყვიტე. საამისოდ რამდენიმეთვიანი ფიქრი დამჭირდა. რამდენიმე "ფეისბუკ"-მეგობარმა შეძენის სურვილი რომ გამოთქვა, თავიდან ეს არარეალურად და ხუმრობად მომეჩვენა, მაგრამ მერე რამდენიმე ნამუშევარი რომ გაიყიდა, ეს ერთგვარი სტიმულიც გახდა და საქმის აქტიურად გაგრძელების სურვილიც გამიჩნდა. თუმცა, მთავარია, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. ამ ყველაფერს მხოლოდ კომერციული კუთხით რომ ვუდგებოდე, ალბათ დღეს უკვე ბევრი ნამუშევარი არ მექნებოდა. დღემდე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთხელ რამდენიმე ნამუშევარი ერთ-ერთ კაფეშიც გამოიფინა, თუმცა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული ექსპოზიციას შეიძლება ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა ვუწოდოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ხელოვნებამ გამაცნო ჩემთვის უცხო ადამიანები, რომლებსაც დღეს უკვე მეგობრებად ვთვლი. ისინი სრულიად უანგაროდ მეხმარებიან, რომ ჩემი შემოქმედება ფართო საზოგადოებას წარვუდგინო. სოციალური სივრცის მეშვეობით გავიცანი ის ადამიანიც, ვინც ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. ქვის ხელოვნების წყალობით, მართლა ბევრი ადამიანი შევიძინე და მგონი, მარტო ამისთვის ღირს ის, რასაც ვაკეთებ.

- თქვენთვის გამორჩეულად ძვირფასი ნამუშევარი რომელია?

- საშუალო ასაკის წყვილი, მწვანე ხესთან. ამ შემთხვევაში ხის ფოთლები აკრილით და ღერო გუაშით შევღებე. ამ ნამუშევარს ჩემთვის დიდი დატვირთვა, ენერგეტიკა აქვს და არა მგონია, ოდესმე შეველიო.

- მის შექმნას რამე კონკრეტული ამბავი უკავშირდება?

- სიყვარულში იმედგაცრუება (იღიმის). დაახლოებით წლინახევრის ნამუშევარია.

- საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით. გარშემო მყოფებს იმავეს კეთების სურვილი თუ გასჩენიათ?

- ჩემი გარემოდან ასეთი ერთადერთი ადამიანია, ჩემი მეხუთეკლასელი დისშვილი სანდრო, რომელსაც ვასწავლი ხოლმე. რაღაცებს აკეთებს, სკოლაშიც მიაქვს და მისი ნამუშევრები დიდ მოწონებასაც იმსახურებს.

7-copy-1690133813.jpg

- დღემდე გამოვლილ გზას რომ გადახედოთ, რა შეიცვალა პირველი ნამუშევრიდან დღემდე და დღეს როგორია თქვენი ნაკეთობები?

- პირველი ნამუშევარი აღარ მაქვს, დავშალე, რადგან არაესთეტიკური, დაუხვეწავი და არასრულყოფილი მომეჩვენა. წლების განმავლობაში მუშაობის პროცესში ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება მივიღე, როგორც ქვების გაპრიალებისა და წებოს გამოყენების თვალსაზრისით, ისე თუ რომელი ზედაპირია უკეთესი ქვების დასამაგრებლად. დღემდე ბევრი ნამუშევარი მაქვს, რომლის ნაწილი შინ კედლებზეა გამოფენილი, ნაწილიც კი ყუთებში მიწყვია.

- დაბოლოს, ისიც საინტერესოა ქვის ხელოვნებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში, რამე სიახლის შემატება თუ გიფიქრიათ?

- დღემდე ქვებთან ერთად ერთ კომპოზიციაში გამომიყენებია ხის ტოტები და ნიჟარები. ასევე სახლის გადასახურად განკუთვნილი ნაცრისფერი ფიქალის ნამტვრევები. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს, პატარა და საშუალო ფორმატებიდან გაცილებით დიდი ზომის ნამუშევრების კეთებაზე გადავინაცვლო და დამთვალიერებელს ამ კუთხით სიახლე შევთავაზო.

ანა კალანდაძე