რა მოსწონდა მურაზ მურვანიძეს ოზურგეთში, მონაკოსა და პეტერბურგში - გზაპრესი

რა მოსწონდა მურაზ მურვანიძეს ოზურგეთში, მონაკოსა და პეტერბურგში

მურაზ მურვანიძე ამბობს, რომ 4 წელია, დასასვენებლად არსად წასულა, მისთვის დასვენება მუშაობაა... უამრავი იდეა აქვს და სურს, ბევრი რამ მოასწროს, ამიტომ სახლში შეიქმნა ისეთი სამყარო, სადაც მუშაობს და ისვენებს კიდეც. თუმცა, წარსულიდან ბევრი რამ გაიხსენა და არა მარტო ძველი წლებიდან.

ოზურგეთის და თელავის ეპიზოდები

- ბავშვობაში უმთავრესად ოზურგეთში, ბაბუაჩემის დასთან ჩავდიოდით მე და დედა. პაპიდა ექიმი იყო, ჰყავდა ორი ძროხა, მერე ხბოც გაჩნდა, მას ვეთამაშებოდი და ისე მიყვარდა, რომ პრიმიტიული ლექსიც კი დავუწერე: „მიყვარს ჩემი მანანა, მალე მივალ მასთანა“ (იცინის). პაპიდამ ხბოს მანანა დაარქვა. ოზურგეთში სამამულო ომის პერიოდში, მდინარე ბჟუჟზე იდგა წისქვილი, სადაც იყო „პარტიზანების შტაბი“, იქ იკრიბებოდა მოხუცი ხალხი. მიდიოდა ზოგი თოხით, ზოგი ფიწლით, ვისაც თოფი ჰქონდა - იმით... მეც მიყვარდა წისქვილში მისვლა, მომწონდა ქვების ტრიალი, ზემოთ კიდევ ფლუგერი იყო. ქარის დროს ტრიალებდა, რაც ჩემთვის საოცრება გახლდათ და იმასაც სიამოვნებით ვუყურებდი. არ მავიწყდება, ერთ დღესაც მიდიან ეს „პარტიზანები“ თავის „შტაბში“ სიმღერ-სიმღერით და ჩვენი სახლის წინ უნდა გაიარონ. დედაჩემი ლამაზი ქალი იყო, ეზოში მგონი ჰამაკში იწვა. უყურებენ დედას, თვალი ვერ მოაცილეს და პირველი რომ წაიქცა, ყველა მიჰყვა დომინოს კოჭებივით (იცინის).

მამაჩემის დედა კბილის ექიმი იყო. ბებია და აფთიაქარი ბაბუა ხარკოვში სწავლობდნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი, შეუყვარდათ და შეუღლდნენ. თელავში ცხოვრობდნენ, სადაც ბაბუამ აფთიაქი გახსნა, მაგრამ ადრე დაიღუპა და ბებია გათხოვდა ისტორიკოს სანდრო მამულაშვილზე. ძალიან კარგი კაცი იყო, მან დააარსა ერეკლე მეორის მუზეუმი. მთელი ბავშვობა იმ სასახლეში გავატარე. ერთი სურათი თვალწინ მიდგას - ტყვეებს როცა გაატარებდნენ ჩვენი სახლის წინ, ვინც გარდაცვლილი იყო (ასე მახსოვს), იმას როგორ მოათრევდნენ მხრებით და ფეხსაცმელებზე ნალები ცეცხლებს რომ ჰყრიდა ქვებზე. ქართველები მაინც სხვანაირი ხალხი ვართ. გერმანელთა ბანაკში ტყვეებისთვის მიმქონდა პროდუქტი, ბაბუა მატანდა პურს, თაფლს (ბაბუას სკები ჰქონდა) და სხვა. გერმანელები სათამაშოებს მიკეთებდნენ...

დასვენება დამოუკიდებლად...

- სკოლის დამთავრების შემდეგ პირველად და უკანასკნელად მიყიდეს საგზური და წავედი დასასვენებლად ზღვაზე - ციხისძირში, სადაც კარგი საზოგადოება დამხვდა, ჩემზე უფროსები იყვნენ, მათთან დავმეგობრდი კიდეც. სტუდენტობის დროს, უკვე ჩემი ფინანსებით წავედი პირველად ბაკურიანში. დავდიოდით ხოსტაში, სოხუმში... ჩვენთან აკადემიაში აფხაზები სწავლობდნენ, კარგი ბიჭები იყვნენ და სოხუმში იმათ ვესტუმრებოდით ხოლმე.

...ამას წინათ რაჭაში ვიყავი რამდენიმე დღე, მეგობარმა ზაზა გიორგობიანმა დამპატიჟა ონში. საოცარი ბუნება, სიწყნარე, სისუფთავე, როგორი მოვლილია ეზოები და საერთოდ ყველაფერი, ნატურალური და გემრიელი საკვები... მოვინახულე ჩემი წინაპრების, დედაჩემის მამის სოფელი ფუტიეთი. მღვდელი იყო ისიც და მისი ძმებიც. სოფლამდე მისასვლელად ძალიან ცუდი გზა გავიარეთ, დაგვხვდნენ ნაცნობები. იმათ მიგვიყვანეს ჩვენი სახლის ადგილზე, რომელიც დაიწვა უძვირფასეს წიგნებთან ერთად... სოფელი არ მომეწონა, რადგან იქიდან ხედი არ არის. მერე წავედით სოფელში - ქრისტესი, ონიდან 7 კილომეტრშია. აი სად არის საოცარი პეიზაჟი. ვთქვი კიდეც: აქ პატარა სახლი მომცა და არსად აღარ წავალ-მეთქი.

მონაკოს კაზინო და თევზები

- მონაკოში ყოველდღე შევდიოდი კაზინოში, ზრდილობის გამო, არ იფიქრონ, რომ კაზინოს პროტესტს ვუცხადებ-მეთქი. მოთამაშე არ ვარ, მაგრამ ყოველთვის გადადებული მქონდა 500 ფრანკი (ასი დოლარია ფაქტobrivად). 4 წელი ვიყავი იქ და დაითვალეთ, რამდენი თანხა წავაგე. პრინცესა კაროლინას ვუთხარი: ყოველდღე ას დოლარს ვაგებ და ერთხელაც არ მომიგია-მეთქი. ასე მიპასუხა: აბა, ჩვენმა ოჯახმა როგორ გინდა იცხოვროსო (იცინის)?.. მონაკოში ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ სულ დასვენებული ვიყავი და იცით, რატომ? თავისუფალი ხარ... ისეა მოწესრიგებული და დალაგებული ყველაფერი (თუნდაც ქუჩაში მოძრაობა), რომ ზედმეტად არაფერზე ფიქრი არ გჭირდება. ყოველ დილით დავრბოდი პლაჟზე, ვცურავდი, მერე მივდიოდი სამუშაოდ; სახელოსნო იქვე მქონდა, პლაჟთან ახლოს. ერთხელ ჩავიყვანე რეჟისორი გურამ მელივა, რომელიც გიჟდება თევზაობაზე. მონაკოში თევზს არ იჭერენ, ამიტომ ისინი თავისუფლად მოდიან სანაპირო ზოლში, არ ეშინიათ, შეგიძლია პური აჭამო... სასწაულია. მე და გურამი დილიდანვე გამოვედით ქუჩაში, ადგილობრივი ხალხი მაღაზიებს ხსნის, მცნობენ, მესალმებიან, როგორ ხარო? - მეკითხებიან, მეც ვპასუხობ. ეს გაგიჟდა, - ყველა როგორ გიცნობსო?! წავედით პლაჟზე, შევედი წყალში, თევზებს გადავუყარე პურები, ესენიც ამოხტებიან და პირს მიღებენ... გამოვხედე გურამს, საკმაოდ შავგვრემანი კაცია და მიტკალივით თეთრი ფერი ადევს - ასეთი რამ, კაცი მეთევზეა და არ უნახავს... თბილისში რომ ჩამოვიდა, უთქვამს, - მაგ ... (იმ სიტყვას არ ვიტყვი), თევზებიც კი იცნობენო!

358111192-10159972452804372-2009511245106902544-n-1690134002.jpg

პეტერბურგში

- ყველაზე მეტად მიყვარდა მუშაობა და დასვენება პეტერბურგში. ყველა მუზეუმის დირექტორი ჩემი მეგობარი იყო, საოცარ გასვლებს და ექსკურსიებს ვაწყობდით მუზეუმებში. ზაფხულობით ორი ავტობუსი გვჭირდებოდა, ერთში ჩვენ ვისხედით, მეორეში პროდუქტები იდო. მივდიოდით რამდენიმე დღით მაგალითად პუშკინოში, სასტუმროც გვქონდა აღებული და ყველაფერი დიდებულად ტარდებოდა. განსაკუთრებულად ვმეგობრობდი ივან საუტოვთან, მან აღადგინა ქარვის ოთახი. სხვათა შორის, პეტრე პირველს ჰგავდა, მაღალი, წარმოსადეგი კაცი იყო, გრიმს როცა იკეთებდა, იფიქრებდი, მეფესთან იყავი სასახლეში. დამირეკავდა და მეტყოდა, - თამადა უნდა იყოო. რაღაც თარიღებს იგონებდა, მაგალითად, ხუთჯერ აღნიშნავდა სტალინის დაბადების დღეს. ივანე ძალიან ლამაზად აფორმებდა ყველა ღონისძიებას: ხან კარნავალით იწყებდა - ეზოში სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი შემოდიოდა, კასრებში რაღაც იდო, რომელიც ანათებდა. 3-4 ჯერ ჩამოატარებდნენ არყით სავსე ჭიქას ზემოდან ხიზილალიანი პურით, უკრავდა სამხედრო ორკესტრი. მერე შევიდოდით ქარვის ოთახში და ოქროს ლანგრით მოჰქონდათ ქარვისფერი კონიაკი (ზუსტად ოთახის ფერის). ულამაზეს სარკეებიან დარბაზში იმართებოდა კონცერტები ან ბალეტის საღამოები. ერთხელ მითხრა, საჩუქარი ჩამოგიტანეო. ვენეციიდან გონდოლა წამოუღია და იტალიელი გონდოლიერიც ჩამოიყვანა, იმას უნდა ესწავლებინა, როგორ წამეყვანა ნავი. კი ვარ ნიჩბოსანი, მაგრამ გონდოლას სხვა პრინციპი აქვს და ესეც ვისწავლე. ასეთი დამოკიდებულება გვქონდა, მე მიყიდა ის გონდოლა. საუტოვი გარდაიცვალა და სანqტ-პეტერბურგი „აღარ არის“.

ბუბასთან ერთად

- ყვარლის ტბაზე დავისვენეთ რამდენჯერმე მე და ბუბამ. იქ თევზი არ არის, მაგრამ ის მაინც იჯდა და ვითომ იჭერდა რამეს. ერთხელაც, როგორც წესი, ზის და თევზაობს. გაჩერდა ავტობუსი, მე შორიახლოს ვდგავარ. გადმოვიდნენ ახალგაზრდა გოგონები, რუსეთიდან იყვნენ. იცნეს ბუბა, მიუახლოვდნენ, მიესალმნენ და ფოტოს გადაღება სთხოვეს. ის ეუბნება: აქვეა ჩემი მეგობარი, თუ უფლებას მოგცემთ, მაშინ ვიქნები თანახმაო. ვინ არისო? - ჰკითხეს. ფრუნზიკ მკრტიჩიანიო... და ჩემზე მიუთითა. გოგოები შეცბნენ. აა, ვერ იცანით, არა! მან ხომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ჰოლივუდში უნდოდა გადაეღოთ, მაგრამ ამერიკაში არაფერი გამოუვიდა. მერე ერევანშიც აღარ მიიღეს და ახლა ჩემთან მუშაობსო. გოგონები ნებართვის ასაღებად მოვიდნენ, მე ვუთხარი: ჯერ ჩემთან ერთად გადაიღეთ ფოტო, მერე მაკოცეთ და შემდეგ მიდით ბუბასთან-მეთქი. ასეც მოხდა. კარგი გოგოები იყვნენ (იცინის). ის სურათი მაქვს.

buba-da-murazi-1690133991.jpg

სახლი გურიაში

- თავის დროზე სახლი ჰქონდა შეკვეთილში ჩემს სიმამრ კოტე მახარაძეს, რომელიც დაიშალა. ავაშენე ახალი სახლი და სცენაც გავაკეთე, დავაწერე „კოტეს თეატრი“, მაყურებელთა დარბაზიც მაქვს. მინდა გაიმართოს საღამოები, მოვიდნენ მსახიობები, წაიკითხონ სცენიდან ლექსები ან სხვა რამ, სცენაზე შეიძლება ეკრანი დაიკიდოს... "ბლექსი არენა" იქვეა, სამას მეტრში. როცა iq კონცერტი მიდის, ჩემთან პურმარილს ვშლი ხოლმე. ვხატავ ხუთლარიან ბილეთებს, ერთი კაცი 50 ლარი ჯდება, ამ სიმბოლურ თანხას კი ყველა იხდის (იცინის). ვსხედვართ, ვქეიფობთ და კონცერტს ვისმენთ სრულყოფილად, ისე კარგად ისმის ყველაფერი.

წელს შეკვეთილში მივდივარ თუნდაც იმიტომ, რომ ბუბას დაბადების დღეს იქ აღვნიშნავთ (19 ივლისი). ჩემი მეგობარი შალვა გვარამაძე აკეთებს ყველაფერს, მან შეუკვეთა პარიზში 85 ბოთლი, რომლებზეც ბუბას გრავიურა იქნება. ბატონი შალვა სასწაული კაცია. ერთად მივდივართ, ბუბასადმი მიძღვნილი კონცერტიც იქნება...

ნანული ზოტიკიშვილი