"ზღაპარი" ვერაგი ვირუსის ოინებზე - გზაპრესი

"ზღაპარი" ვერაგი ვირუსის ოინებზე

პოსტპანდემიურ პერიოდს და მასთან დაკავშირებულ შოკურ ეკონომიკურ ცვლილებებს ეხება, ასევე დღევანდელი გადმოსახედიდან ამ მოვლენების შეფასებას. ავტორი გასაგებად ხსნის და მცირე სარკასტული ელემენტებით მოგვითხრობს იმ არაპროგნოზირებადი მოვლენის შესახებ, რომელსაც "ბრძოლა უხილავ ვირუსთან" ერქვა და რომელსაც კიდევ ბევრჯერ გაიხსენებს მსოფლიო საზოგადოება, მით უმეტეს, რომ როგორც ამბობენ, "ვირუსი არსად წასულა". სტატიაში "ზღაპრად" მოხსენიებული რეალობა და "უხილავი ვირუსის" შეტევები, სულ ცოტა ხნის წინ გამოვიარეთ და დღემდე გვიწევს ბრძოლა იმ "ნარჩენებთან", რომელიც პანდემიურმა პერიოდმა დაგვიტოვა. ქალბატონი აიდას წერილს და მის საინტერესო, საგულისხმო მოსაზრებებს უცვლელად გთავაზობთ:

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვირუსების დედოფალი და ბიოლოგიური ომის პირველი მბრძანებელი, სახელად კორონა, რომელიც, როგორც უხილავი, ვერაგი ძალა თავს დაატყდა მსოფლიოს. საკვირველია, რომ ტექნოლოგიურ პიკში მყოფ 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ცივილიზაციის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული და აქამდე არარსებული ბიოლოგიური ომი დაიწყო. ის არ ჰგავდა მანამდე არსებულ ტიპურ ომებს, რომლებიც ცეცხლის წვიმაში ხვევდნენ ყველაფერს, მოწინააღმდეგე სუბიექტებიც ჰყავდათ და ა.შ. ამ ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ მხოლოდ ვირუსი და ადამიანები! დიახ, კორონავირუსი ებრძოდა მხოლოდ ადამის მოდგმას. ამ ომში, როგორც ექიმები ბრძანებდნენ, - "ცალსახა მტერია მხოლოდ უხილავი ვირუსი, ხოლო სამიზნე - ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მისი ცხოვრების წესი და ამიტომ, ამ ომის შემდეგ ცხოვრება სხვანაირი გახდება". უპრეცედენტო მოვლენის წინაშე აღმოჩნდნენ ადამიანები. ბიოლოგიურ ომში გაჩერდა ცხოვრების არსებული რიტმი, წესები და ჯარისკაცების როლის შესრულება სამედიცინო მუშაკებს დაევალათ. ბრძოლის პირველ ხაზზე ისინი აღმოჩნდნენ და თავდაცვის სტრატეგიების შემუშავებაც სამედიცინო პერსონალმა იკისრა.

დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა ისიც, რომ ბიოლოგიური ომი ჯერ კიდევ ახალი, 21-ე საუკუნის დამდეგიდან უტევდა მსოფლიოს სხვადასხვა ვირუსით და რომლებსაც სახელებიც ხატოვანი ჰქონდათ: "ღორის გრიპი", "ქათმის გრიპი", "მერსი" და ა.შ., თუმცა ყველა საფლანგო შეტევა წარუმატებლად მთავრდებოდა. ბიოლოგიური ომის ღუზა მხოლოდ ვირუსების დედოფალმა - კორონავირუსმა ჩაუშვა ღრმად და კაცობრიობისთვის სამწუხაროდ, მსოფლიოს მმართველებმა 2020 წელს მსოფლიო პანდემია გამოაცხადეს.

რა მითები არ დადიოდა კორონავირუსზე. მაგალითად, ის, რომ ვირუსების დედოფალი კორონა დიდხანს ცდილობდა შემოპარულიყო 21-ე საუკუნის თავისუფალი, უდარდელი, კომფორტს მიჩვეული, ლაღი, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და მაღალ ღირებულებებზე გადართული ადამიანების ცხოვრებაში, რომ ჭკუა ესწავლებინა მათთვის, რათა მეტად გაფრთხილებოდნენ გარემოს, განსაკუთრებით ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და დაეფიქრებინა ისინი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, გარემო საფრთხეშია და ეს ადამიანების მხრიდან რესურსების არარაციონალური გამოყენების შედეგია, რომელიც საფრთხეების სახით ბუმერანგივით უკან უბრუნდება დედაპლანეტას და ბიოსფეროს.

პირბადეების ეპოქა დადგა მსოფლიოში. დიახ, ეპოქა, როდესაც ადამიანებმა პირბადეები აიფარეს ვერაგი ვირუსის შიშით და გადარჩენის გზად ფიზიკური დისტანციის დაცვას მიმართეს. მსოფლიო პანდემიურმა ისტერიამ ეკონომიკაც ძალიან დააზარალა. ბევრს მატერიალურად გაუჭირდა, ზოგს მორალურ-ფსიქოლოგიურად, ვაქცინაციისკენ მოწოდებების გააქტიურებამაც გამოიწვია სხვადასხვანაირი აღქმა ადამიანებში: ზოგმა დაავადების შიშით მიიღო აცრის გადაწყვეტილება, ზოგმა სამსახურის დაკარგვის შიშით, ზოგი კი უფრო მტკიცე აღმოჩნდა გადაწყვეტილებებში და თავისი ჯანმრთელობის იმედად ყოფნა სურდა. ბიოლოგიურმა ომმა მსოფლიო საზოგადოების დაყოფა გამოიწვია - დაყავი და იბატონეს პრინციპით, აცრა-აუცრელობის ნიშნითაც, თითქოს სხვა ნიშნით დაყოფა არ კმაროდა და მასობრივი ვაქცინაციის მიზნით წახალისებისა და დასჯის მეთოდების გატარების მცდელობაც დაიწყო. მაგრამ ამ პროპაგანდას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავდა. მათ სჯეროდათ, რომ სოციალური პასუხისმგებლობისა და სხვისი თუ საკუთარი თავის დაცვის მიზნით, ნაცადი საშუალებები უკვე დანერგილია, როგორიცაა დისტანციის დაცვა, პირბადე, თერმოსკრინინგი, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ იზოლაცია სრულ გამოჯანმრთელებამდე. ასევე ის, რომ მათ აქვს კონსტიტუციური უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი ჯანმრთელობისთვის საჭირო რესურსები, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საკუთარი თავის და ოჯახის დაცვის მეთოდები თუნდაც მკვლელი ვირუსებისგან.

ასე ჩააგდო კორონავირუსმა მსოფლიო საგონებელში, მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია აერჩია თუ ჯოგური იმუნიტეტი, ასევე გადასულიყო თუ არა ახალ ეკონომიკურ წესრიგზე. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ეკონომიკური წესრიგის შესახებ, ეკონომიკის სისტემური ტრანსფორმაციის მოსალოდნელ ცვლილებებზე, პირველად ექიმებისაგან მოისმინეს ადამიანებმა.

კორონავირუსმა მსოფლიო ახალ არაპროგნოზირებად რეალობაში შეიყვანა და ბევრ საკითხზეც დააფიქრა ადამიანები. ზღაპრის ბოლო თქმას აღარ დავწერ, რადგან კორონამ აქაც ყველაფერი აურია.

ჭირი შემოიჩვია, ლხინი აკრძალა, ქატოც და ფქვილიც, ორივე გააძვირა...

P.შ. დღეს უკვე მსოფლიო პოსტპანდემიურ პერიოდში გადავიდა და არაპროგნოზირებადი რეალობის მცირე ანალიზი არ გვაწყენს, აქაც ფაქტების კონსტატაციას დავუთმობ დიდ ადგილს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებდნენ, რომ მსოფლიო ბიოლოგიურ ომში ჩაერთო და ერთი სცენარით ებრძოდნენ უხილავ მტერს, ხოლო პანდემიის დასასრულებლად მსოფლიო მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია მიიჩნეოდა და ეს იყო ახალი ეკონომიკური წესრიგის დასაწყისი. ისე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რომ პირველად ექიმებისაგან მოვისმინეთ და არა ეკონომისტებისგან, რომ თურმე, პანდემიის დასრულების შემდეგ ახალი ეკონომიკური წესრიგი გვექნებოდა, მაგრამ იქნებ პირიქითაა? იქნებ ახალ ეკონომიკურ წესრიგს დასჭირდა პანდემია მსოფლიოში?! ეკონომიკური მეცნიერება გვასწავლის, რომ ეკონომიკის სისტემური ცვლილებები ძირითადად ან ომებით, ან პანდემიებით იყო გამოწვეული.

უდავო ფაქტია, სახეზეა საეჭვოდ განვითარებული მსოფლიო პანდემია. იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ ეს პანდემიური ისტერია მხოლოდ უხილავ მტერთან ბრძოლა იყო და სხვა არაფერი, რადგან რაც უნდა კარგად მოქმედებდეს პროპაგანდისტული მანქანა, მაფიქრებს მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც ავლენს უფრო შორსწასულ, გლობალურ მიზნებს მსოფლიო მმართველობის მხრიდან.

მე ვთვლი, რომ ამ მიზნებში ერთი მხრივ ჩანს პლანეტის გადარჩენაზე ზრუნვა, ეკოლოგიური პრიმატის დაცვა, ბიოსფეროს გადარჩენა, განსაკუთრებით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობის საგანგაშო დონის შემცირება (რაც საკმაოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღწევა) და ეს ძალიან კარგია. ახალი ეკონომიკური წესრიგი და ცირკულარული ეკონომიკა სწორედ ამ პრიორიტეტებს ითვალისწინებს. ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებაში ადამიანების ღია და დახურულ სივრცეში პირბადით სიარული და ეკონომიკის დროებით გაჩერება დადებითად წაადგებოდა ამ გამოწვევას, რადგან ყველაზე მეტ ჟანგბადს ადამიანები მოვიხმართ ბიოსფეროში; მეორე მხრივ, საბაზრო ეკონომიკის სისტემური ცვლილებებისა და ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების გზით. ამ მხრივ აღსანიშნავია გარემოსდაცვითი პრობლების გადაჭრა, მათ შორის ჭარბმოსახლეობიანობის პრობლემის მოგვარება; ბიოეკონომიკის, როგორც ახალი ეკონომიკური ტალღის ერთ-ერთი კლასტერის ბიოფარმაცევტიკისთვის სტაბილური ბაზრის შექმნა; ეს ბრძოლა უდავოდ სცილდებოდა უხილავ მტერთან ბრძოლის საზღვრებს. ეს მრავალმხრივი, ჰიბრიდული ომია, რომელიც პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკურ-მარკეტინგული, საინფორმაციო თუ ბიოლოგიური ბერკეტებით ებრძვის "ბებერ მსოფლიოს". პანდემია და მასთან დაკავშირებული პანიკა დროებით შეჩერდა, თუმცა "კოვიდით" ისევ ავადდებიან ადამიანები, იღუპებიან კიდეც, მაგრამ მათ კლასტერებს აღარ დასდევენ და პანიკა არ არის. გაირკვა ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი პანდემიის დასრულებამდე მზადდებოდა კულისებში და რა იქნება ამ გრძელვადიანი ომის დროებითი დასრულების შემდგომ, ესეც საკითხავია, ნუთუ ისევ პანდემია? ისტორიას თუ გადავხედავთ ძირითადად, პანდემიები ომის შემდეგ იწყებოდა.

ორიოდე სიტყვით ვაქსერი-ანტივაქსერის ყბადაღებულ თემას შევეხები. ნებისმიერი დაავადება, მათ შორის ვირუსი შეიძლება საბედისწერო ადამიანისთვის გამოდგეს. ადამიანები ვებრძვით მას ან ბუნებრივი იმუნიტეტის, ან სამედიცინო ჩარევის გზით. ცალსახაა, რომ საჭიროა ვაქცინაცია ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის ისე, როგორც უხმაუროდ, მშვიდად, ერთჯერადად ავცრილვართ მრავალ ეპიდემიურ დაავადებაზე, ვცრით შვილებს, მაგრამ ასე მრავალჯერადი აცრით და პარალელურად, სუნთქვის შეზღუდვით ნამდვილად საეჭვოდ ჩანდა ის პანდემიური ისტერია, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდა ბევრ ადამიანს. როდესაც სტრესი, პანიკა, ეკონომიკური გაჭირვება, საზოგადოების მორალურ-ფსიქოლოგიური დეგრადაცია ზღვარს გასცდა, დაყოფა ახლა უკვე აცრა-აუცრელობის მიხედვით ხდებოდა. ვაქცინების შემოტანის კვალდაკვალ მასობრივი ვაქცინაციისკენ მოწოდებების გააქტიურებამ ლოგიკურია, სხვადასხვანაირი აღქმა გამოიწვია ადამიანებში... ზოგადად, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ დაყავი და იბატონეს პრინციპი გაძლიერდეს და მომავალში კვლავ მოხდეს დისკრიმინაცია აცრა-აუცრელობის ნიშნით, ან ამ ნიშნით ადამიანების წახალისება, ან დასჯა, ყველანაირად სცილდება ეს დემოკრატიულ ღირებულებებს, არღვევს პიროვნების საკუთრების, პიროვნული დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების უფლებებს, რაც მისი კონსტიტუციური უფლებებია. რაც შეეხება იმ მოწოდებას - "აიცერი, რომ დაიცვა სხვა", ეს პროპაგანდისტული მანქანის მორიგი, არცთუ ისე მორალური სვლა იყო, სოციალური პასუხისმგებლობის მარკეტინგული კონცეფციის პრაქტიკული რეალიზაციის თვალსაზრისით, რადგან "კოვიდ გმირები" იმავე პროპაგანდისტულ მანქანაში მჯდომი ინდივიდები იყვნენ ძირითადად და არა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რადგან სოციალური პასუხისმგებლობისა თუ სხვისი და საკუთარი თავის დაცვის მიზნით კარგი საშუალებები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე დანერგილია და კანონმორჩილი ადამიანები ამაზე უარს არ ამბობდნენ.

მიუხედავად წინააღმდეგობის ფრონტის არსებობისა, სამწუხაროა, რომ ცნობილი პოლიტიკოსების, მეცნიერების, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ეს კამპანია ჯეროვნად არ შეფასდა, რადგან პრობლემა მსოფლიო დონის გახლდათ და ძლიერი ლობისტები ჰყავდა, ამიტომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მთავრობისა და პროფესიონალი ექიმების მხარდაჭერით, ხალხის ხმათა უმრავლესობით უნდა დარეგულირდეს ეს პროცესები, სრული რობოტიზაციისა და "კოვიდ-სიბეცისგან" დასაცავად.

დავუშვათ, მოსახლეობის 60-70% აიცრა. აცრით მიღწეული ხელოვნური იმუნიტეტი, როგორც ამბობდნენ, 6-8 თვე ძლებს ან უფრო ნაკლებ ხანს. მოდი, ამ შემთხვევისთვის ოპტიმისტური სცენარი დავსახოთ და დავუშვათ, ზოგადად აცრით 1 წლამდე არ დავვირუსდებოდით და თუ ეს მაინც მოხდებოდა, იოლად გადავიტანდით. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანი აცრაზე დამოკიდებული ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც მუტაციას განიცდის, მას, ჯანმრთელ ადამიანს ხომ აქვს თავისი ბუნებრივი იმუნიტეტი, რომელიც მრავალჯერადი აცრებით შეიძლება შეუსუსტდეს. თავად ექიმების ნაწილი აცხადებდა, რომ მასობრივი იმუნიზაცია ახალი, უფრო რეზისტენტული შტამების გამოჩენას შეუწყობდა ხელს. აღარაფერს ვამბობ ქრონიკულ ავადმყოფებთან აცრის გავლენაზე, რაზეც ექიმებს არაერთგვაროვანი შეფასებები აქვთ დღესაც.

q-1690134164.jpg

მოდი, ვნახოთ ახალი "ეკონომიკური წესრიგი" და ზოგადად, მუშაობს თუ არა პანდემია მისთვის?

"გრძელი ეკონომიკური ტალღების" ეკონომიკური კონცეფციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბიოეკონომიკა ახალი ტალღაა, რომელიც 21-ე საუკუნიდან გააქტიურდა. მისი მიმართულებებიდან, რომელზეც მსოფლიო ეკონომიკა გადადის, ერთ-ერთია ბიოფარმაცევტიკა, როგორც მისი ერთ-ერთი კლასტერი.

რა სჭირდება ფარმაცევტული ინდუსტრიის, როგორც მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთ ინოვაციური და სწრაფი ზრდით გამორჩეული დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას? სავარაუდო პასუხია ბაზარზე მოთხოვნის შექმნა და ამ გზით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფარმაცევტული გიგანტების შემოსავლების გაზრდა და ამით მსოფლიო ეკონომიკის იმ დარგების დაკარგული შემოსავლების კომპენსირება, რომელთა პოზიციებიც შესუსტდება ციკლური (ცირკულარული, ჩაკეტილი) ეკონომიკის პირობებში (მაგალითად, ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით ნავთობის მოპოვება-გადამუშავება). პანდემიამ ეს მოთხოვნა შექმნა.

როგორ გაიზრდება ფარმაცევტული გიგანტების შემოსავლები? უნდა გაიზარდოს მოთხოვნა! უნდა შეიქმნას სტაბილური მოთხოვნა სტრატეგიულ ბიოფარმაციულ პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარს სჭირდება და განსაკუთრებით მოთხოვნადია პანდემიური სიტუაციებიდან გამომდინარე. ამისათვის, როგორც უკვე ვნახეთ, კარგად იმუშავა მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა ბერკეტმა, რეკლამებმა, პიარმა, გასაღების სტიმულირებამ და პირადმა გაყიდვამაც კი. აქტიური მარკეტინგული კომუნიკაციების დახმარებით შესაძლებელია დაინტერესება მიზნობრივი მომხმარებლის, ასევე პოტენციურ მომხმარებელზე გასვლა და მასობრივი ვაქცინაციისთვის სტაბილური მოთხოვნის წინა პირობის შექმნა იმ ბიომასის ხარჯზე, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის სოლიდურ პროცენტზეა გათვლილი;

როგორ შევინარჩუნოთ რეალური მომხმარებელი? - დავამკვიდროთ პერმანენტული მასობრივი ვაქცინაცია პერიოდული პანდემიებისა და ახალ-ახალი შტამებისგან თავის დასაცავად, როგორც სტრატეგიული ალტერნატივა და გავზარდოთ მსოფლიოს მოსახლეობაში ახალ პროდუქტზე მოთხოვნა!..

აი, ასე მიიღწევა ზოგიერთი სტრატეგიული მიზანი..."