თეიმურაზის "ძუძუმწოვარა ბალღისა" და "აშვებული ლომის" - ერეკლეს ამბავი - გზაპრესი

თეიმურაზის "ძუძუმწოვარა ბალღისა" და "აშვებული ლომის" - ერეკლეს ამბავი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სეზონის ბოლო პრემიერა ნოდარ მაჭარაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "ავი მუსაიფი" გაიმართა. ისტორიული რომანი, რომლის სცენური ვერსიის ავტორი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, მეფე ერეკლე მეორეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიპეტიებს ასახავს.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, რეჟისორი:

- სპექტაკლი იმ ფაქტებსა და მოვლენებს მოიცავს, რომელიც ერეკლე მეორეს ცხოვრებას ახლდა. მე შეყვარებული ვარ ამ მეფეზე. ის იყო ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელმაც თავისი ქვეყნის სიყვარულსა და სამსახურში არაჩვეულებრივი ცხოვრება განვლო. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუთხროთ ამ ლეგენდარული მეფის შესახებ მოზარდ თაობას. სპექტაკლის დადგმის სურვილი ნაწარმოების წაკითხვისთანავე გამიჩნდა. მას შემდეგ ორი წელი ვემზადებოდით, რომ პრემიერა შემდგარიყო.

- სპექტაკლში როლიდან როლში გადანაცვლება გიხდებათ - თეიმურაზ მეორეს როლს ერეკლე მეორეს როლი ცვლის...

356811643-632971085478510-2792599613323695004-n-1690740452.jpg

დათო ხახიძე, მსახიობი:

- დიახ, გამომდინარე იქიდან, რომ თეიმურაზს მეფობა საქართველოს ისტორიის ბევრად რთულ პერიოდში მოუხდა, ერეკლესთან შედარებით, ის გაწონასწორებული, ჩაფიქრებული, დინჯია. მუდამ ბეწვის ხიდზე უხდება სიარული. ერეკლეს დიდ მეფედ და სტრატეგად ჩამოყალიბების საქმეში ლომის წილი სწორედ თეიმურაზს აქვს. შვილის ყველა ნაბიჯს დარაჯობს. მისგან განსხვავებით, ერეკლე სულ სხვა ენერგეტიკის მატარებელია.

- ფიქრობთ, რომ ერეკლესთან შედარებით, თეიმურაზი ისტორიულ ჩრდილში მოექცა?

- როგორც ალბათ ყველა ქართველი, საქართველოს ისტორიით მეც დაინტერესებული ვარ. მიუხედავად ამისა, არ ვიცოდი თეიმურაზის ამხელა ღვაწლის შესახებ. ის მართლაც, ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული გმირია. მოზარდ მაყურებელთა თეატრი სახელმწიფო თეატრია, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობები კულტურას ეცნობიან. აქ ხდება მათი ეროვნული შეგნების ჩამოყალიბება. ეს არ არის აგიტაცია ან მოგონილი ამბები, არამედ სინამდვილე. როცა გაქვს ბედნიერება გყავდეს მსგავსი ეროვნული ტიტანები, რაც შეიძლება მეტად უნდა ვეცადოთ ახალი თაობისთვის ამგვარი ტიპის ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება. წარმოდგენის საშუალებით პერსონაჟები ცოცხალ ემოციებს გაწვდიან. სწავლების ეს ემოციებთან დაკავშირებული მეთოდი კი, მოგეხსენებათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და ეფექტურია.

356807115-871474737737810-2875713524209197911-n-1690740441.jpg

ნიკა ფაიქრიძე, მსახიობი:

- დღეს თუ რაიმე სახის კრიზისი არსებობს ქართულ თეატრალურ სივრცეში, სწორედ პატრიოტულ მოტივებზე დადგმული წარმოდგენების ნაკლებობაა. რატომღაც, რეჟისორები უფრთხიან ამ ჟანრს. არადა, როგორც ერი რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ, აუცილებლია მსგავსი სპექტაკლებით გავამდიდროთ და "გავამყაროთ" სცენა. ვფიქრობ, ამ თაობას, რომელიც მგონია, რომ ძალიან შორდება ქვეყნის ისტორიას, ასეთი ტიპის "საკვების" მიწოდება ჰაერივით სჭირდება.

- ფიქრობთ, რომ გარდა მოზარდებისა, სპექტაკლი სახელმწიფო მოხელეებსაც მეტად დააფიქრებს ჩვენი ქვეყნის წარსულზე და უფრო მეტად ფრთხილად მიიღებენ სამომავლოდ გადაწყვეტილებებს?

- დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ მოხვდებათ გულზე. თუ გულისყურით მოუსმენენ და იმ თვალით შეხედავენ, რა თვალითა და გულითაც ჩვენ ვიგრძენით თუ დავინახეთ მეფეებისა და ქვეყნის ტკივილები, გულგრილი ვერ დარჩებიან. ჩვენი თეატრის კარი კი ყველასთვის ღიაა. ცამდე მადლობა თქვენ. ძალიან მახარებს თქვენი ყურადღება და თქვენთან მეგობრობა.

- სპექტაკლში თეიმურაზ მეორეს მეუღლეს, თამარ დედოფალს ასახიერებთ. ეს ქალბატონი და მის მიერ განხორციელებული ჩანაფიქრები კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ისტორიაში მამაკაცებთან ერთად, ძლიერი ქალების კვალიც თვალსაჩინოა.

356802938-963585024874288-6935524713160526839-n-1690740431.jpg

თამარ მამულაშვილი, მსახიობი:

- რასაკვირველია, ასეა! თამარი ძალიან დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის გამთლიანების საქმეში. მონაწილეობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდა. ქართლის აჯანყებისას სურამის ციხეში ალყაშემორტყმული გივი ამილახვარი თამარს მიენდო, რომელმაც ის თბილისში ჩაიყვანა. დასაფლავებულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ამ ქალის შესახებ მეტად მწირი ინფორმაციაა ჩვენამდე მოღწეული. ქვეყნის კეთილდღეობისთვის დიდ ღვაწლში იყო და არასოდეს უღალატია მრწამსისა და სამშობლოსთვის.

შორენა ლაბაძე