"ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ" - გზაპრესი

"ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ"

იზა გაბიტაშვილმა ბაღის გაშენება 15 წლის წინ დაიწყო და ეზო თანდათან წალკოტს დაამსგავსა. 2019 წლის ნოემბერში თბილისში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობდა, სახელწოდებით „სუფთა რეგიონი“. კონკურსზე მისი ბაღის ფოტოები გამოიფინა და გაიმარჯვა კიდეც ნომინაციაში „ლამაზი ეზო“. ქალბატონი იზას ეზოს კახეთში, გურჯაანში მნახველი არ აკლია. მოსწონთ, აღფრთოვანებას ვერ ფარავენ, ეკითხებიან რჩევებს. ბევრს ყვავილები შეაყვარა კიდეც და მათი მოვლაც ასწავლა. უმეტეს დროს ბაღში ატარებს, რადგან ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს და ამიტომაც, როგორც თავად ამბობს, დილით მზეს ასწრებს ადგომას.

360103697-127882730349733-8091817032164568398-n-1690818334.jpg

- შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მქონოდა ულამაზესი ბაღი და როგორც იქნა, ეს ოცნება 50 წლის ასაკში, შვილების წყალობით ავიხდინე. მათ მიჰყიდეს სახლი დიდი ეზოთი. პროფესიით ბუღალტერი ვარ, წლების წინ ვმუშაობდი ჩემი პროფესიით, მაგრამ ბოლო 15 წელია, ჩემი ეზოს მოვლის გარდა, სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ - მცენარეების მოვლა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

ძალიან მოუვლელი დამხვდა აქაურობა, ეზო ხშირი და მაღალი ბალახით იყო დაფარული. სულ მარტომ დავამუშავე ამხელა ადგილი, ერთი კვირა მარტო ეზოს დასუფთავებას მოვუნდი. უკან არ დავიხიე იმის მიუხედავად, რომ არც დამხმარე მყავდა და არც შესაბამისი ცოდნა მქონდა. ინფორმაციას ინტერნეტში ვეძებდი, ყვავილებსაც იქიდან ვიწერდი. თანდათან ვისწავლე, როგორ მომევლო მათთვის, რომელს უყვარს ჩრდილი, რომელს - მზე, რომელია წყლის მოყვარული... ერთი სიტყვით, მცენარეების ხასიათი შევისწავლე,…ზედ ვყვები თითოეულს, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაინც ვერ ვახარებ და გული მწყდება. მცენარე ცოცხალი არსებაა და გული იმიტომ მტკივა, რომ მცდელობის მიუხედავად ვერ ვაცოცხლებ. ერთ წელს ზეთისხილი მედგა და გამიფუჭდა. მკაცრი ზამთარი იყო იმ წელს და ეტყობა, ვერ აიტანა. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. შვილი დამპირდა, კიდევ გიყიდიო და იმედი მაქვს, ზეთისხილსაც გავახარებ.

უკვე 16 წელი გახდება, რაც ამ ბაღს ვაშენებ და თითქმის ყველა მცენარეს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ძალიან სასიამოვნოა ყვავილებთან მუშაობა, გახალისებს და ენერგიით გავსებს. თითოეულს ვეფერები და ჩემს ენაზე ველაპარაკები. დილიდან საღამომდე ბაღში ვტრიალებ, ზოგს მორწყვა უნდა, ზოგს გამხმარი ფოთლები უნდა მოაშორო, საქმე გამოულევლადაა. ის ყვავილები, რომლებიც ზამთარს ვერ უძლებენ, სახლში შემომაქვს. ამიტომ შემოდგომა რომ დგება და ყვავილების შემოტანას ვიწყებ, ჩემი ბაღი ნასუფრალს ემსგავსება.

შვილები მხოლოდ ფინანსურად მეხმარებიან, დანარჩენ ყველაფერს, როგორც გითხარით, ჩემი ხელით ვაკეთებ.

- მეუღლე არ გეხმარებათ?

- მას ნაკლებად აინტერესებს ეს სფერო. მოსწონს, რომ ლამაზი ეზო გვაქვს, მაგრამ თავისი საქმით არის დაკავებული და აქაურობისთვის ვერ იცლის. არადა, ფინანსებთან ერთად, დიდი ცოდნა და შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. 40 სახეობის მხოლოდ მარადმწვანე მცენარე მიდგას ეზოში, გაიზარდნენ, უკვე დავაჟკაც-დაქალდნენ და ამშვენებენ ჩვენს კარ-მიდამოს. აუთვისებელი მიწა აღარ მაქვს, თორემ მეტს დავრგავდი, განსაკუთრებით მარადმწვანეებს. რა ყვავილი გინდათ რომ არ მქონდეს, მაგრამ ბოლო დროს მარადმწვანე დეკორატიულ მცენარეებს ვანიჭებ უპირატესობას: ჯერ ერთი, ზამთარშიც ინარჩუნებენ სიცოცხლეს და მეორეც, კარგად იკრიჭებიან, ნებისმიერი ფორმის მიცემა შეგიძლია მათთვის.

ხშირად მეკითხებიან, რამდენი სახეობისა და ჯიშის მცენარე გიდგასო? მაგრამ არ ვიცი ზუსტი რაოდენობა. მხოლოდ ვარდი 200 სახეობის მაქვს, 70 ქოთანი ბალბა - ამ ბოლო დროს ეს მცენარეც განსაკუთრებულად შემიყვარდა. არ უყვარს სიცხე.

- თავიდანვე წარმოდგენილი გქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი ბაღი?

- ამ ყველაფერს დაგეგმვა უნდოდა, თუმცა მე დიზაინერიც არ მყოლია. ბაღის ვიდეოებს რომ ვდებ, არავის სჯერა, რომ ეს ყველაფერი მარტომ დავგეგმე და გავაკეთე. ლანდშაფტის დიზაინერი ვინ გყავდათო? - მეკითხებიან და ვპასუხობ, დიზაინერიც მე ვარ, მაკრატელიც მე მიჭირავს ხელში და ყველაფერს თვითონ ვუვლი-მეთქი. ერთი სიტყვით, იდეაც ჩემია და განხორციელებაც. ეზო რამდენიმე ნაწილად მაქვს დაყოფილი და რაც გამიკეთებია, მათ შორის დეკორაციებიც, ყველაფერი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონს და მიყვარს ფანჩატური, ჩემი ეზოს ქვედა მხარეს რომ გავაკეთე. ეს არის ადგილი, სადაც სულიერად ვისვენებ. წლების წინ სურო ავუშვი და ძალიან ლამაზი ფორმა მივეცი. შიგნით ქოთნის ყვავილები დავდგი, ჩრდილია და ამიტომ, ზაფხულში იქ ვიღებ სტუმრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები რჩებიან. არ მოველოდით, რეალურად კიდევ უფრო ლამაზია აქაურობაო, ხშირად აღნიშნავენ. თანაც უკვირთ, მარტო როგორ უვლით ამდენ მცენარესა და ამხელა ეზოსო?

360071215-806481741023043-6576829018017355778-n-1690818323.jpg

- ეს ქვის კალათებიც თქვენი ხელით გააკეთეთ? ულამაზესებია.…

- ეს ქვები ახალციხიდან წამოვიღე, სათითაოდ ავაწყვე და წებო-ცემენტით შევკარი, გუბურაც თვითონ გავაკეთე ლოტოსებისთვის. არ მეზარება შრომა და როდესაც შედეგს ვხედავ, ეს კიდევ უფრო მეტ ხალისსა და ენერგიას მმატებს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც თქვენსავით ოცნებად აქვს, ჰქონდეს ულამაზესი ყვავილების ეზო?

- გულსა და სულში უნდა გქონდეს მცენარეების სიყვარული. თუ ძალიან არ გიყვარს, ამ საქმეს არ უნდა შეეჭიდო. კიდევ, შრომა უნდა გიყვარდეს, დარგო და თავი დაანებო, ეს არასწორია. ხშირად მოდიან მნახველები, რჩევებს მეკითხებიან დამწყები მებაღეებიც, როგორ და სად უნდა დარგონ ესა თუ ის მცენარე, როგორ მოუარონ და ა.შ. არ მეზარება მათთვის რამის სწავლება. გავწევრდი ჯგუფშიც „ყვავილნარი“, ამ გვერდს ინტერნეტში ბევრი გამომწერი ჰყავს და ერთმანეთის რჩევებს ვიზიარებთ. ბევრმა გამიცნო ჩემი ლამაზი ბაღის წყალობით და თუ ჯანმრთელობამ შემიწყო ხელი, ვფიქრობ, სამომავლოდ საქორწილო წყვილებს გავულამაზო მათთვის მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე.

ნინო ჯავახიშვილი