ქციის ხეობის 40 წლის თევზსაშენი მეურნეობა ადგილზე გამოყვანილი ახალი ჯიშებით
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქციის ხეობაში თეიმურაზ მიშელაძის მიერ გაშენებულ მეურნეობაში სამი სახეობის კალმახი, საზანი და სარკისებრი კობრი უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ამ ადგილას ერთმანეთს ორი მდინარე - შავწყალა და ხრამი უერთდება. კალმახის მოშენების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა წყლის დაბალი ტემპერატურაა, რაც აქ ბუნებრივად მიიღწევა. მდინარეების გარდა, ეს ადგილი ერთგვარი გზაჯვარედინია ტერიტორიული თვალსაზრისითაც - სწორედ აქ უერთდება ერთმანეთს თეთრიწყაროს, დმანისისა და ბოლნისის ტერიტორიები.
73 წლის თეიმურაზ მიშელაძე ქციის ხეობაში 1980 წელს დასახლდა და ორ წელში საკუთარი ხელით პირველი თევზსაშენი აუზი გამართა. თავადვე გამოიყვანა კალმახის ახალი ჯიში. ახლო მომავალში კიდევ ერთი ჯიშის გამოყვანას მდინარისა და ყვითელი კალმახის შეჯვარებით აპირებს.
მეურნეობის გაფართოებას ვერ ახერხებს, რადგან ტერიტორია, რომელზეც ტბორებია, რუსებს ეკუთვნით. მიწის ოფიციალურად ფლობის გარეშე კი შეუძლებელია როგორც ბანკებთან თანამშრომლობა, ისე სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა.
- პირველი ტბორი მიწაში საკუთარი ხელით, 1982 წელს გავმართე, მაგრამ კომუნისტები ნებას არ მრთავდნენ, ასეთი წამოწყება მაშინ აკრძალული იყო. ტბორის ფლობის უფლება მაშინ რაიკომის მდივანსაც არ ჰქონდა. მათთან ჭიდილი წლები გაგრძელდა. ვარწმუნებდი, თევზი არა, დეკორატიული იხვები უნდა გავამრავლო-მეთქი. ბოლოს ხელწერილი დამაწერინეს, რომ თევზს მხოლოდ ოჯახისთვის მოვიხმარდი და მის რეალიზაციას არ შევეცდებოდი. ამ პირობით გადაურჩა აუზი დანგრევას.
- ამ საქმიანობას განათლებითაც უკავშირდებით?
- განათლებით ზოოტექნიკოსი ვარ. თავად შევაჯვარე მდინარის კალმახი ცისარტყელა კალმახთან და კარგი შედეგი მივიღე.
- რეალიზაციას ახლა თუ ახერხებთ?
- მხოლოდ მცირე რაოდენობით და მხოლოდ მათთვის, ვინც თევზისთვის ადგილზე მოდის. ესენი კი ძირითადად, აზერბაიჯანელები არიან. ბიზნესის გაფართოებისთვის ტერიტორიის დაკანონებას მთხოვენ, რასაც ვერაფრით ვახერხებ, რადგან ოფიციალურად, ეს მიწა რუსებს ეკუთვნით, მათი შესყიდულია.
- მუშაობის პროცესს რუსებიც აფერხებენ?
- სხვათა შორის, პირიქით. მეუბნებიან, ეს ადგილი როგორც გსურდეს, ისე მოიხმარე, თუ რაიმე სახის გაუგებრობაში აღმოჩნდები, პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთო, მაგრამ ვერ ვრისკავ, წარმოების გაფართოებას მხოლოდ მათი სიტყვიერი პირობით ვერ შევუდგები. რადგან მიწა კანონით არ მეკუთვნის, ბანკები სესხს არ მიმტკიცებენ, ვერ ვმონაწილეობ სახელმწიფო პროგრამებში. მხოლოდ იმას ვაკეთებ, რისთვისაც ჩემი საკუთარი სახსრები და ენერგია საკმარისია. სრული დატვირთვის შემთხვევაში შემიძლია, 10-15 ტონა თევზი ვაწარმოო. ასევე, ამ პირობებში საზანისა და ზუთხიც გაზრდაც შემიძლია.
- აქ გაზრდილი თევზი გემოვნური თვისებებითაც გამოირჩევა?
- ბუნებრივად იკვებება. საუკეთესოა წყალიც და ბალახიც - ამიტომაც აქვს განსაკუთრებული გემო. წყალი ცივი უნდა იყოს. ტემპერატურამ თუ მოიმატა, კალმახი იხოცება. აქ ხელოვნური კონტროლი საჭირო არ არის, წყალი ბუნებრივად ცივია. აქაური თევზი, გემოვნური თვისებებით, ყველა სხვა ტერიტორიაზე გაზრდილისგან განსხვავდება.
- შვილები გეხმარებიან?
- დახმარება არ მჭირდება, საქმეს თავადაც სრულყოფილად ვუძღვები. ჩემი ოჯახი ხრამჰესში მუშაობს. მეც, 27 წლის მანძილზე, ხრამჰესში მორიგე ინჟინრად ვმუშაობდი.
- ტბაში ტივი საქეიფოდაა ჩაშვებული?
- დიახ, მეგობრებისთვის. გარდა ამისა, ხშირად მოდიან ტურისტები. თევზს თავად იჭერენ და მიირთმევენ. არ მაქვს პირობები, რომ ადგილზე თუნდაც ერთი კოტეჯი ჩავდგა და ტურისტებს ღამე გავათენებინო, ჩავერთო აგროტურიზმში. როცა ჩემ მიერ გამოყვანილი თევზი საზეიმოდ გაუშვეს მდინარეში, ჩამოსული იყო გარემოს დაცვის მინისტრი.
- თევზის სპეციალური საკვები საქართველოში იწარმოება?
- შეიძლება ითქვას, რომ არა, რადგან აქა-იქ წარმოებული პროდუქტი არც ისე ხარისხიანია. ძირითადად ჰოლანდიიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან შემოაქვთ. სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება რომ მქონდეს, საკვებს თავად შემოვიტანდი.
- ახალი ჯიშის გამოყვანას კიდევ ხომ არ გეგმავთ?
- ამჟამად აუზში კალმახის სამი სახეობა მყავს. როგორც მოგახსენეთ, ვაპირებ მდინარისა და ყვითელი კალმახი შევაჯვარო და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამუდმებით ვეძებ და ვეცნობი ინფორმაციას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საკალმახე მოვლილი მაქვს.
- თევზის გარდა პირუტყვსაც ხომ არ უვლით?
- ათეულობით ძროხა მყავდა, მაგრამ მწყემსი ვერ ვიშოვე და მათი მოვლა-პატრონობა მარტომ ვერ შევძელი. ახლა ცხვრები მყავს. იმედია, ოდესმე შევძლებ იმ კუთხით გავაფართოო ჩემი მეურნეობა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
შორენა ლაბაძე