სად და როდის დაიბადა ნიკო ფიროსმანი ახალი კვლევების მიხედვით? - გზაპრესი

სად და როდის დაიბადა ნიკო ფიროსმანი ახალი კვლევების მიხედვით?

„...ახვერდი ქალანთაროვის მეუღლისთვის, ეფროსინესთვის უთხოვია, თქვენ გაბარეთ ჩემს შვილს, ნიკოს და მოუარეთო. შემდეგ ქალანთაროვების ქალიშვილმა, ანა ბეგ-ოსიპოვამ პატარა ნიკო თბილისში წაიყვანა და იქ აღზარდა. როგორც ის 1928 წელს თავის განცხადებაში წერდა, 4-დან 20 წლამდე აღზარდა ფიროსმანი. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რომ ნიკო 1862 წელს ვერ იქნებოდა დაბადებული. ის შულავერში დაიბადა!“ - ამბობს ისტორიის დოქტორი, მანანა ხომერიკი, რომელიც ოცი წელია ფიროსმანის თემაზე მუშაობს და თავისი კვლევის შედეგებს გვიზიარებს...

- ფიროსმანის თემაზე მუშაობა რომ დავიწყე, იმ დროს ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, ჩემი ნაშრომი ფიროსმანის შესახებ ისტორიკოსებს გავაცანი, სამეცნიერო საბჭოზე განიხილეს და რეკომენდაცია მომცეს, ბროშურა გამომექვეყნებინა. შემდეგ მუშაობა განვაგრძე, არქივში მეტი დოკუმენტი მოვიძიე. ფიროსმანის შემოქმედებას არ ვეხები, ეს ჩემი სფერო არ არის.

2014 წელს კულტურის სამინისტრომ კომისია შექმნა, რომელსაც ფიროსმანის საფლავის დადგენა დაევალა. კომისიის თავჯდომარე პროფესორი ზაზა აბაშიძე იყო, მე კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდით. ბატონმა ზაზამ და კომისიის წევრებმა ჩემი ვერსიები სარწმუნოდ მიიჩნიეს და 2017 წელს ხელნაწერთა ცენტრმა გამოაქვეყნა ჩემი ნაშრომი „ფიროსმანზე და არა მხოლოდ“. სერიის რედაქტორი ზაზა აბაშიძე გახლდათ.

- იმის შემდეგ კიდევ ბევრი კვლევა გქონდათ...

- დიახ, მუშაობა კვლავ განვაგრძე... ამჯერად ახალი ნაშრომი გამოვეცი, რომლის სახელწოდებაა „ფიროსმანის დაბადების და გარდაცვალების მისტერია“. ყურადღება ამ ორ საკითხზე გავამახვილე, ახალი დოკუმენტები დავამატე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ოცი წლის განმავლობაში ჩემი პირველადი დასკვნები არ შეცვლილა, პირიქით, ახალი მასალებით უფრო განვამტკიცე... მაგრამ ისე არ წარმოიდგინოთ, რომ 20 წელი მხოლოდ ფიროსმანზე ვმუშაობდი. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე წიგნი გამოვეცი. რაც შეეხება ფიროსმანს, ცნობილია, რომ მისი მამა, ასლან ფიროსმანაშვილი მირზაანელი იყო. ჩვენ ფიროსმანის დაბადების მოწმობა არ გვაქვს. ამ ფაქტის ახსნა ადვილად შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, მირზაანის საეკლესიო წიგნები რომ დაკარგულიყო. თუმცა, ყველა წიგნი სახეზეა და მე ფიროსმანის ერთი ძმის და სამი დის დაბადების მოწმობა მოვიძიე. გარდა ამისა, ორი დის დაბადების მოწმობა მამია ჩორგოლაშვილს ჰქონდა მოძიებული. თუ ასლან ფიროსმანაშვილის სხვა შვილების დაბადების ჩანაწერები არის საეკლესიო წიგნებში, ნიკოსი რატომ არ არის? 1860-დან 1870 წლამდე ოთხი ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი დაიბადა, ოღონდ არც ერთი არ გახლავთ ჩვენი მხატვარი - ნიკალა...

640px-niko-pirosmani-1916-1690818760.jpg

- რა იკვეთება თქვენი კვლევის შედეგად?

- ჩემი ვერსიით, ფიროსმანი არა მირზაანში, არამედ შულავერში დაიბადა (მირზაანელებს ნუ ეწყინებათ. რასაკვირველია, მათ ფიროსმანს არავინ ართმევს). ფიროსმანის მამა - ასლან ფიროსმანაშვილი მირზაანელი იყო, მაგრამ იმ დროს, როდესაც ნიკო დაიბადა, ასლანი შულავერში იმყოფებოდა, ქალანთაროვებთან მეზვრედ მუშაობდა.

როდესაც გოგლა ლეონიძე ფიროსმანის ბიოგრაფიით დაინტერესდა, 1922 წლის ჟურნალ „ბახტრიონში“ დაიწყო მის შესახებ მასალების გამოქვეყნება. ამ ჟურნალში გამოქვეყნდა ფიროსმანის უფროსი დის ორი ინტერვიუ (მისი ნამდვილი სახელი ნატალია იყო)... ფეფო ჯერ ამბობს, ნიკალაზე 2-3 წლით უფროსი ვარო, შემდეგ კი ასაკობრივ სხვაობას 4 წლამდე ზრდის. პირველი მოგონების თანახმად, იმერელ სიძეს ობლები დედასთან ერთად წაუყვანია თბილისში. ფეფე 9 წლის ყოფილა, ნიკო კი შვიდის. მეორე მოგონების მიხედვით, სიძეს, ალექსის მხოლოდ 8 წლის ნიკო წაუყვანია თბილისში და ქალანთაროვისთვის მიუბარებია. აშკარაა, რომ აღწერილი ამბები ფეფეს ზუსტად არ ახსოვს. არც უფროსი დის სახელი იცის. უტყუარი მხოლოდ მშობლების სახელები და ის ფაქტია, რომ ფეფე ნიკალაზე უფროსი იყო. ინტერვიუებში ამბობს, მამაჩვენს, ასლანს სულ სამი შვილი ვყავდით, მე, ნიკალა და უფროსი და, რომელიც იმერელ ალექსის ჰყავდა ცოლადო... დის სახელი არ იცის და ერთგან ასე მოიხსენიებს: სიძეს ცოლი მოუკვდაო... მისი მტკიცებით, დედ-მამის და დის გარდაცვალების შემდეგ, ის სოფელში დაბრუნდა. ქიზიყში დღესაც ვერ გაძლებს 9 წლის გოგონა მარტო და მაშინ, მით უმეტეს, ხომ წარმოუდგენელი იყო! ცხადია, ის ნახევარდებმა გაზარდეს, რასაც ინტერვიუში მალავს. ფეფო ანგარებით იყო ცნობილი და აქაც ამ თვისებამ იჩინა თავი... მას 8 წლის განმავლობაში ძმა ნანახი არ ჰყავდა. მათ გაწყვეტილი ჰქონდათ ურთიერთობა და როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ალბათ იფიქრა, რომ თბილისში მხატვარ ძმას რაღაც ქონება დარჩა და არ გაამხილა ნახევარდების არსებობა, თორემ ალბათ, მათი ინტერვიუებიც გვექნებოდა და უფრო მეტი რამ გვეცოდინებოდა... შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ფიროსმანის და-ძმების შესახებ ცოდნა რაში გვჭირდებაო, მაგრამ ასე არ არის და ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან... როგორც დავადგინე, ნიკალას უფროსი და მაია 1849 წელს ოზაანში, იოვ ოზაშვილზე გათხოვდა. 2010 წელს ინფორმაცია გავრცელდა, რომ სოფელ ოზაანში მარნის კარი გამოჩნდა, რომელზეც ფიროსმანის მიერ შესრულებული XIX საუკუნის წარწერა იყო. გაჩნდა კითხვა, ფიროსმანს ოზაანში რა უნდოდაო? რასაკვირველია, მაშინვე შევახსენე კომისიას, რომ ნიკალას უფროსი ნახევარდა, მაია ამ სოფელში იყო გათხოვილი და ცხადია, ის დასთან ჩადიოდა...

მაგრამ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მირზაანის ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი ანზორ მაძღარაშვილი ამტკიცებდა, რომ ასლანს მხოლოდ სამი შვილი ჰყავდა და მაიას არსებობას უარყოფდა. არადა, გვაქვს მაიას დაბადებისა და გათხოვების მეტრიკული ჩანაწერები. ახლა მას მაიას გამოჩენა არ აწყობდა. ამიტომ ისე გამოაცხადეს, თითქოს ფეფოს ქალიშვილი იყო ოზაანში გათხოვილი. 1900 წელს ფეფოს პატარა ქალიშვილები ჰყავდა, მათი გათხოვება 1910-იან წლებამდე შეუძლებელი იყო და წარწერა, როგორც ვთქვით, XIX საუკუნისაა.

მოგვიანებით, ფეფოს, იგივე ნატალიას დაბადების მოწმობაც მოიძებნა, იგი 1863 წელს არის დაბადებული... მანამდე კი ფიროსმანის დაბადების წლად 1862 წელი დაკანონდა, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა: არსებობს ფიროსმანის სამედიცინო ცნობა, რომელიც დიდი ალბათობით, მისი მონაწილეობით იყო შევსებული. ამ ცნობის მიხედვით, ის 1862 წელს არის დაბადებული. სიღნაღის კამერალური აღწერის წიგნის (მოსახლეობის აღწერის წიგნის) მიხედვითაც, ფიროსმანი 1862 წელსაა დაბადებული. ჩემს წიგნში ახალი დოკუმენტი შევიტანე: ეს უკვე თბილისის კამერალური აღწერაა, რომლის მიხედვითაც, გამოდის, რომ ფიროსმანი 1963 წელს დაბადებულა... ამ ყველაფრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ მან თავისი დაბადების ზუსტი თარიღი არ იცოდა. ასეთი შემთხვევები იყო ხოლმე. მაგალითად, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე საგამოძიებო კომისიას თავის ასაკს მიახლოებით ეუბნება და დასძენს, ქართველებს ჩვეულებად არ გვქონდა ჩვენი დაბადების წლის ჩაწერაო. მართალია, 1818 წლიდან ჩაწერა შემოიღეს, მაგრამ როგორც განგიმარტეთ, ფიროსმანს დაბადების ჩანაწერი არ ღირსებია! დაბადების წელს ვინ ეტყოდა? ის ხომ ადრე დაობლდა და 4 წლიდან ქალანთაროვების ოჯახში აღმოჩნდა, რომლებიც მანამდე ფიროსმანაშვილების ოჯახის ცხოვრებაში ჩახედული არ იყვნენ. ფეფოს, ანუ ნატალიას დაბადების უტყუარი მოწმობის აღმოჩენის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ნიკალა 1862 წელს ვერ იქნებოდა დაბადებული. რამდენი წელიც უნდა ყოფილიყო და-ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა, ფიროსმანი თავის უფროს დაზე ადრე ვერ დაიბადებოდა...

362227794-1033228101000925-3043731851200177314-n-1690818776.jpg

ახლა ასლანის ოჯახის შულავერში ჩასვლის საკითხს შევეხოთ. არსებობს ვანო ბუთლიაშვილის მიერ ქალანთაროვების ოჯახში ჩაწერილი, ძალიან მნიშვნელოვანი მოგონებები, რასაც დავით კაკაბაძის მოგონებები ეხმიანება, რაც ბატონმა პარმენ მარგველაშვილმა გაგვაცნო. გარდა ამისა, კიდევ სხვადასხვა მასალა შევისწავლე და გეტყვით, რომ ასლან ფიროსმანაშვილი შულავერში მარტო არ წასულა. ქიზიყიდან ღარიბი გლეხების ჯგუფი წავიდა სამუშაოს საძებრად და ბოლოს შულავერში აღმოჩნდნენ. ამ ჯგუფის წევრი იყო მიხეილ ჯავახიშვილის მამა, საბა ადამას ძე ტოკლიკიშვილი. ფიროსმანის დედა, თეკლეც გვარად ტოკლიკიშვილი იყო. ის და საბა მაჩხაანელები და მოგვარეები იყვნენ. მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილი, რუსუდან ჯავახიშვილი თავის მოგონებებში ჯგუფის სხვა წევრებსაც ახსენებს, რამაც საშუალება მომცა საარქივო მასალებით გადამემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ ჯგუფი 1865 წელს ჩასულა შულავერში. ამავე მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ჯერ საბას უშოვია სამუშაო. შულავერში ერთი მდიდარი ვაჭარი, ილია ბოსტოღანაშვილი ცხოვრობდა. ის ბაქოში ვაჭრობდა, შულავერში კი იშვიათად ჩამოდიოდა. დიდი სახლ-კარი და მამული ჰქონდა, რომელიც საბას ჩააბარა. ალბათ ყველას გაუკვირდება, ვაჭარი კაცი როგორ ენდო უცხო ახალგაზრდას? საქმე ის არის, რომ საბას დედა, მელანოც ბოსტოღანაშვილი იყო და როგორც ჩანს, ილიას ენათესავებოდა. ასლანმა კი ქალანთაროვებთან დაიწყო მეზვრედ მუშაობა. რუსუდან ჯავახიშვილის ბუნდოვანი მოგონებების თანახმად, ის შულავერში დაოჯახდა. ჩვენ ვიცით, რომ ასლანი ადრევე იყო დაოჯახებული, მაგრამ ეს ცნობა იმით არის ღირებული, რომ ფიროსმანის შულავერში დაბადებაზე მიგვითითებს. ეს ფაქტი სხვა მონაცემებითაც მტკიცდება. ქალანთაროვების მოგონებების თანახმად, ნიკოს უფროსი ძმა ჰყოლია - გიორგი, რომელიც დაახლოებით 16 წლისა გარდაცვლილა. მე მისი დაბადების მოწმობაც მაქვს მოძიებული. მას სინამდვილეში ივანე ერქვა, მაგრამ ქალანთაროვები თავის მოჯამაგირე ფიროსმანაშვილების ოჯახის ცხოვრებაში მანამდე არ იყვნენ ჩახედული, სანამ უმწეო ნიკო მათ ხელში არ აღმოჩნდა. ივანეს შემდეგ, შულავერში ჯერ ასლანი გარდაიცვალა, მერე თეკლა. 1873 წელს ის უკვე ცოცხალი აღარ არის. სიკვდილის წინ მას ახვერდი ქალანთაროვის მეუღლისთვის, ეფროსინესთვის უთხოვია, თქვენ გაბარებთ ჩემს შვილს, ნიკოს და მოუარეთო. შემდეგ ქალანთაროვების ქალიშვილმა, ანა ბეგ-ოსიპოვამ პატარა ნიკო თბილისში წაიყვანა და იქ აღზარდა.

თუ ივანე, ასლანი და თეკლე შულავერში გარდაიცვალნენ, ხოლო ნიკო იქვე დაიბადა, ხომ უნდა არსებობდეს საეკლესიო ჩანაწერები? დავიწყე მეტრიკული წიგნების ძებნა. როგორც შევიტყვე, ისინი თავის დროზე სომხეთის არქივისთვის გადაუციათ. მომიხდა ერევანში გამგზავრება. იქაურ არქივში მხოლოდ სომხური საეკლესიო წიგნები აღმოჩნდა. დავბრუნდი და ძებნა გავაგრძელე.

- რაიმეს მიაკვლიეთ?

- როგორც გამოირკვა, XIX საუკუნეში შულავერში მართლმადიდებლური ეკლესია აღარ ყოფილა. აი, რატომ არ გვაქვს ფოროსმანაშვილების ოჯახის წევრების შესახებ მეტრიკული ჩანაწერები! მოვიძიე მღვდელი ბაიდოშვილის ჩანაწერები ეკლესიასა და ქართველ მეფეთა აგებულ ციხესიმაგრეზე. შემდეგ დავადგინე, რომ ციხესიმაგრე მეფე თეიმურაზ მეორეს აუშენებია. რუსეთთან შეერთების შემდეგ ვინმე კრილოვს შულავერი ქალანთაროვების ოჯახისთვის ჩაუბარებია. მათ ამ შემთხვევით ისარგებლეს, ეკლესია და ციხესიმაგრე დაანგრიეს და ამ მასალით თავისი საკუთარი სახლი ააგეს (ბაიდოშვილის გარდა, ამ ფაქტს სხვებიც ადასტურებენ). მღვდელი იმასაც წერს, რომ მართლმადიდებელი მოსახლეობა სიკვდილის წინ მოკლებული იყო ზიარების საშუალებას! 1900 წელს მცირე სამრეკლო ჯერ კიდევ მდგარა. გული როგორ გამიძლებდა, შულავერში არ წავსულიყავი?! ვნახე ქალანთაროვების დიდი სახლი. აქ ახლა ბიბლიოთეკა და დირიჟორ ალექსანდრე მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმია, რომლის დედა ეკატერინე ქალანთაროვა იყო. სახლი ულამაზესი მოწითალო და მომწვანო ქვებით არის აშენებული. ეზოში რომელიღაც დანგრეული შენობის თლილი ქვის სვეტები და სხვა ფრაგმენტები ეყარა. როგორც ჩანს, ქალანთაროვებმა სამრეკლოც დაანგრიეს. მათ თავიანთი სახლის გასალამაზებლად აივნისათვის ორი ქვის სვეტის მორგება უცდიათ, რისთვისაც მოაჯირზე ხის ბოძებს შორის ორი მასიური კვარცხლბეკი დაუდგამთ... იქვე ახლოს შედარებით ახალი ეკლესია დგას. საარქივო მასალებიდან ვიცი, რომ ის 1911 წელს, მართლმადიდებელი მოსახლეობის შემოწირულობების ხარჯზე აშენდა. ეკლესია აჭედილი დამხვდა. კედელზე დიდი ასოებით რუსულად ეწერა „ამხანაგ ლენინის" სახელი. რომ ვიკითხე, ადგილობრივებმა მითხრეს, არ ვიცით, ეს რა შენობააო. მე კი არქივიდან ამ ეკლესიის გეგმის ასლიც მქონდა წაღებული...

მხატვრის დაბადების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის 1865 წლის შემდგომ, უფრო 1866 წელს, დიდ შულავერში დაიბადა. ისიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო თბილისში წამოიყვანეს გასაზრდელად, შემდეგ იგი აღარ ჩასულა შულავერში, იქ აღარაფერი ესაქმებოდა. მთელი მისი ცხოვრება მშობლიურ მირზაანთან იყო დაკავშირებული. ნიკო ფიროსმანაშვილი არის მირზაანელი და არა შულავერელი!

დაბოლოს, დავუბრუნდეთ ფიროსმანის გამზრდელი ანა ბეგ-ოსიპოვას განცხადებას, რომლითაც ის პენსიის დანიშვნას ითხოვდა. მხატვართა საზოგადოების გამგეობა დაეხმარა მას და აგრეთვე შუამდგომლობა აღძრა მისთვის იმ ჩამორთმეული ბინის დაბრუნების თაობაზე, სადაც მან ფიროსმანი აღზარდა. ბინის მისამართია: მეიდნის შესახვევი #3. თბილისის 1924 წლის რუკის დახმარებით დავადგინე დღევანდელი მისამართი: ძმები ზდანევიჩების ქ. #3 და 21 მაისს თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებიდან მემორიალური დაფის გაკეთება ვთხოვე, მაგრამ ჯერჯერობით მიზანს ვერ მივაღწიეთ.

მანანა გაბრიჭიძე