ქართველი დიზაინერი, რომელიც ნიუ-იორკში საქორწინო კაბებს ქმნის - გზაპრესი

ქართველი დიზაინერი, რომელიც ნიუ-იორკში საქორწინო კაბებს ქმნის

მიხეილ ბაჩუკაშვილი ქალაქ გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის პარალელურად კარატეს, ჭიდაობას, ცეკვას, ხატვას სწავლობდა... საბოლოოდ ხატვის ნიჭს მიანიჭა უპირატესობა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დაბრკოლება გადალახა, ამერიკული ოცნებაც აიხდინა და დღეს ამერიკაში საქორწინო კაბებს ქმნის, ბევრი ქალის ოცნებას ასრულებს...

მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, მიხეილ ბაჩუკაშვილმა ჟურნალის "გზა" მკითხველისთვის ვრცლად და გულახდილად ისაუბრა...

- მიხეილ, ითვლება, რომ ხელოვნების ცენტრი დღეს ნიუ-იორკშია. როცა იქ უცხო ქვეყნიდან ჩასული თავს იმკვიდრებს, ეს განსაკუთრებულად დიდი მიღწევაა...

- რა თქმა უნდა, ურთულესი იყო აქამდე მოსვლა. კიდევ უფრო რთულია ნიუ-იორკში ცვლილებები და ახლა სწორედ რადიკალური ცვლილებების პროცესში ვარ...

grace-1690876986.jpg

- საინტერესოა, როგორ გარემოში აღიზარდეთ?

- ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა... ამ გადასახედიდან, ურთულესი წლები იყო: უშუქობა, უგაზობა, მოკლედ - უყველაფრობა... თბილისში რაც იყო, საყოველთაოდ არის ცნობილი, მაგრამ კიდევ უფრო რთული ვითარება რეგიონებში გახლდათ, მაგალითად - გურჯაანში, სადაც გავიზარდე.

- დიზაინერობა როდის გადაწყვიტეთ?

- გულწრფელად გითხრათ, მგონია, რომ არც გადამიწყვეტია და თავიდანვე რაღაც კოდი იყო ჩადებული... სკოლაში უმაღლეს კლასში გობელენის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობდი - ფარდაგებს, ხალიჩებს ვქმნიდი, დაკავებული ვიყავი ხატწერით, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით - მუყაოზე, მყარ ქაღალდზე ლამაზ გოგოებს ვხატავდი, ნახატს სამოსის სხვადასხვა ვარიანტს ვამაგრებდი...

როდესაც სკოლას ამთავრებ, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ და ჩემთან თავისთავად მოვიდა ეს გადაწყვეტილება, დიზაინერის ფაკულტეტი ამერჩია და არა, ვთქვათ, საეკლესიო მხატვრობა...

- საქართველოს რეგიონებში დღესაც არ არის ამ მხრივ ხელშეწყობა, ალბათ თქვენი თანატოლი ბიჭებისგანაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო...

- დიახ... როგორც მოგახსენეთ, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ ვთქვათ, გობელენიც უფრო მეტად გოგოს სამუშაოდ ითვლებოდა. არადა, მსოფლიოში გამორჩეული გობელენი გივი ყანდარელის, ანუ მამრობითი სქესის წარმომადგენლის შექმნილი იყო.

საზოგადოების მხრიდან სირთულეებს ნამდვილად წავაწყდი და როცა არჩევანი ტანსაცმლის დიზაინზე შევაჩერე, საქმე კიდევ უფრო გართულდა. შეიძლება ეს არ შეიმჩნიო, მაგრამ ქვეცნობიერად, მენტალურად მაინც მოქმედებს... ამ საკითხზე ბევრს არ ვისაუბრებ, არ მგონია, მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

6m7a0651-1690877011.jpg

- თბილისში როგორი პირობები გქონდათ საიმისოდ, რომ ის ყველაფერი შეგექმნათ, რისი მოწოდებაც გქონდათ?

- თბილისში გადასვლის პერიოდი, დასაწყისი ურთულესი იყო გურჯაანიდან ჩასული ბავშვისთვის. ერთადერთი შეღავათი ის გახლდათ, რომ უნივერსიტეტში, პირველი კურსიდანვე სტიპენდიატი ვიყავი. ფინანსური თვალსაზრისით ეს ჩემთვის და ოჯახისთვისაც დიდი შეღავათი იყო.

სტუდენტობის პერიოდში სწავლის გარდა არაფერზე მიფიქრია. სასწავლებლად ვიყავი წასული და სხვა გზა არ იყო, უნდა მესწავლა. ოჯახის წევრების მხრიდანაც ისეთი დამოკიდებულება იყო, სკოლაშიც თუ ოთხიანს მივიღებდი, ძნელად გადაჰქონდათ. უნივერსიტეტში სწავლისას დამოუკიდებლად ცხოვრება მიწევდა, აღარავინ გამაკონტროლებდა, მაგრამ კარგად სწავლის მოთხოვნილება უკვე ჩემში იყო. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ წითელი დიპლომი ავიღე...

- პირველად თქვენი დიზაინით რა შექმენით?

- უნივერსიტეტში სადიპლომოს დაცვისას დავალება მოგვცეს, დიდი ზომის კომპოზიციები აგვეგო და ვისაც როგორი სურდა, იმ თემის სამოსი მოერგო... ზუსტად ისეთი ნამუშევარი უნდა შეგვეკერა, რაც სადიპლომოში გამოყენებული გვქონდა.

მე ძველი ქართული მოტივებით თანამედროვე სამოსი შევქმენი... კონსტრუირებას გვასწავლიდნენ, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, რომ ადრე მხოლოდ ერთი თარგი არსებობდა და კონსტრუირებაც ასე გვასწავლეს, ისიც თეორიულად, რადგან პრაქტიკულად, რეალურად არაფერი შეგვიკერია.

ვინაიდან კერვა არ ვიცოდით, ჩემმა ზოგიერთმა ჯგუფელმა სამოსის შეკერვა სხვას შეუკვეთა. მე გურჯაანიდან ჩემებს ძველი საკერავი მანქანა გამოვაგზავნინე და თავად შევკერე. ბოლოს გამოფენა მოეწყო, იმავდროულად ჩვენებაც გაიმართა და დიპლომი ასე დავიცავით. სხვათა შორის, მაშინდელი ნამუშევარი, ქვედატანი და კორსეტი დღემდე შენახული მაქვს...

როდესაც უნივერსიტეტი დავასრულეთ, სამსახურზე ზრუნვა დავიწყე... დახვეული რულონებით იმ დროისთვის ცნობილ დიზაინერებთან დავდიოდი, ჩემი ნამუშევრები მათთვის რომ გამეცნო. სამწუხაროდ, სამსახური ვერ ვიშოვე. ერთი ქალბატონის ვინაობას არ გავამხელ, მასთან სამი-ოთხი დღე ვიმუშავე, ისიც თვითონ მითხრა, დავხმარებოდი, მაგრამ რატომღაც თანამშრომლობა არ გამოგვივიდა და ის ჰონორარი, რაც უნდა ამეღო, არ მომცა და მითხრა, მეგონა, ვიღაცის მოგზავნილი იყავიო. მერე მივხვდი, უფრო ადეკვატური მიზეზი ვერ მოიფიქრა.

marseille-1-1690877024.jpg

შემდეგ მუშაობა სულ სხვა მიმართულებით, ცნობილი ტექნიკის ქსელში, კონსულტანტის თანამდებობაზე დავიწყე. დაახლოებით ერთი წელი ვიყავი იქ. იმ პერიოდში სახლში შეკვეთებსაც ვიღებდი. ერთი გოგო შეკვეთას იმდენად ხშირად მაძლევდა, ბოლოს ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ მისთვის ვქმნიდი სამოსს. სხვათა შორის, ეს ყველაფერი კარგი გამოცდილება იყო... ახლა რომ ვფიქრობ, ის გოგო ერთგვარი მუზა გახდა. ძალიან თამამი, იმ რეალობისთვის სრულიად შეუსაბამო, ძალიან წინ წასული იყო და მეტად საინტერესო, სასწაულ სამოსს ვქმნიდით... ულამაზესი აღნაგობა ჰქონდა და ისეთი მენტალობა, რომ რასაც ის იცვამდა, იმ დროს ამას სხვა ვერ გაბედავდა, მით უმეტეს, ქუჩაში ვერ გავიდოდა...

დროთა განმავლობაში მატერიალურადაც გავძლიერდი. ბანკეტების სეზონზე ბაზრობებთან კონტაქტი ვცადე და დღეში ერთ ან ორ საბანკეტო კაბას ვყიდდი... გარკვეული რაოდენობის ფული რომ მოვაგროვე, მე და ჩემმა მეგობარმა ანა მეყანწიშვილმა საქორწინო კაბების მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ. თავიდან სახელოსნო გავაკეთეთ და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოდის სახლი გავხსენით, რომელიც დღესაც პოპულარულია თბილისში.

დაახლოებით სამი წელი იქ ვიმუშავე და შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ამერიკაში წამოვედი...

- ამერიკაში თქვენი შექმნილი საქორწინო კაბები, როგორც ვიცით, ძალიან მოსწონთ... ძვირად ღირებულ სამოსსაც ქმნით, არა?

- ასეა. ერთი კვირის წინ საფრანგეთში გოგოს ქორწილი ჰქონდა, რომელმაც კაბაში დაახლოებით 9 ათასი დოლარი გადაიხადა... სამოსის კოპირებას აღარ ვაკეთებ. ყველა საქორწინო კაბა საავტოროა. თუ ვინმე შეკვეთას მომცემს, მისთვის სასურველ სამოსს შევქმნი, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესო სამუშაო აღარ არის.

- როგორია თქვენი დღევანდელობა?

- სახელოსნო იქ მაქვს, სადაც ვცხოვრობ. ვთანამშრომლობ ერთ-ერთ დიდ და მაღალი მოდის მაღაზიასთან... ასე რომ, სახლის პატარძლებიც მყავს და კომპანიისაც (იღიმის).

- როგორია დღეს ნიუ-იორკში საქორწინო კაბების ტრენდი?

- პატარძლის გემოვნებას გააჩნია... შეიძლება ჩემი ნათქვამი უხეშად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოში უფრო ლამაზ პატარძლებს ნახავთ, ვიდრე აქ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენთან ვიზუალის შესაბამისი კაბა აცვიათ, ნიუ-იორკში კი ზოგჯერ კაბა ცალკეა და გოგო - ცალკე.

არის შემთხვევები, როდესაც პატარძალს შავი კაბა აცვია. ასეთი პატარძლები ქორწილს ძირითადად, ჰელოუინის პერიოდს ამთხვევენ.

მე შავი საქორწინო კაბა არასოდეს შემიქმნია, მაგრამ თუ მსურველი მოვა, სიამოვნებით შევუკერავ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი ექსპერიმენტულია... თუმცა, ვისაც რა მოსწონს, ის აცვია და არ უნდა გქონდეს ამბიცია, დღეს რომ 30 განსხვავებული მოდელი გაქვს, ყველა ერთნაირად გაიყიდება.

- მგონი, ერთადერთი ქართველი დიზაინერი ხართ, ვინც ამერიკაში საქორწინო კაბებს ქმნის. ასეა?

- არ ვიცი, ამით არასოდეს დავინტერესებულვარ, მაგრამ საკუთარ საპატარძლო კოლექციებს ვინმე აკეთებდეს, ქართული სახელი და გვარი არ შემხვედრია...

- ამერიკაში ქართველი პატარძლები გყოლიათ?

- დიახ... ბევრი არა, მაგრამ რამდენიმესთვის შემიქმნია.

- თქვენს კლიენტებს შორის ყველაზე ცნობილი ვინ იყო?

- დაახლოებით 3-4 წლის წინ ამერიკელი ჩოგბურთელის - სერენა უილიამსის სამოსზე ვიმუშავე... ქორწილის ერთ-ერთი ცერემონიისთვის კაბაშარვალი უნდა ჩაეცვა და ისრაელში ცნობილი დიზაინერის მოთხოვნით, მასთან მოსინჯვებზე მე დავდიოდი. შემდეგ ამ კაბაშარვალზე თავად ვიმუშავე...

დოკუმენტური ფილმი გადაიღეს მისი ქორწილის შესახებ, კადრებში ვნახე, ერთ-ერთ ვახშამზე ის კაბაშარვალი ეცვა და ძალიან გამიხარდა.

მანანა გაბრიჭიძე