ლექსო ციხელაშვილი - ქციის ხეობის დაუსახლებელი ნაწილის ერთადერთი მკვიდრი - გზაპრესი

ლექსო ციხელაშვილი - ქციის ხეობის დაუსახლებელი ნაწილის ერთადერთი მკვიდრი

"ადამიანი, რომელსაც არა აქვს ცხოვრების მიზანი, სულიერ სიმშვიდეს ვერ პოვებს. სრულყოფილ სულიერ სიმშვიდეს კი მხოლოდ თავისუფლებაში იგრძნობ. თავისუფლება მე აქ შევიგრძენი. გარდა მატერიალური ინტერესისა, საკუთარი თავი აღმოვაჩინე - ის ვიგრძენი, რაც მთელი ცხოვრება მჭირდებოდა" - ეს სიტყვები ქციის ხეობის ყველაზე მიუვალ, უკაცრიელ ადგილას აშენებული ერთადერთი სახლის ერთადერთმა მკვიდრმა, ლექსო ციხელაშვილმა მითხრა, რომელიც თბილისიდან აქ ცხრა წლის წინ გადასახლდა და ახლა უკვე წასვლას აღარსად აპირებს.

ამ ადგილიდან დასახლებული, ხრამჰეს 2-ის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ შორ მანძილზეა. ხეობა ზღვის დონიდან მხოლოდ 700 მეტრზე მდებარეობს და ყველა სახის ხეხილი ხარობს აქ. ირგვლივ კაკლის ხეობა და ნაყოფიერი ტყეა. აქ ნახავთ ყველა ხეს, გარდა წაბლისა. შესაბამისად, განსაკუთრებულია ჰაერი. ეს ტერიტორია თამარ მეფის დროინდელი ნაქალაქარია. თამარის ეპოქაში ის მჭიდროდ იყო დასახლებული. ამ ადგილის მკვიდრნი აქტიურად ეწეოდნენ მეღვინეობას. აქ ახლაც ნახავთ უძველეს ქვევრებს. აქვეა აღმოჩენილი ვაზის უძველესი ქართული ჯიშები (მიწაში ორი ქვევრი ბატონი ლექსოს სახლის გვერდითაც შევნიშნეთ). ხეობა მდინარე ქციას მიუყვება. უნიკალური წყალი მდიდარია თევზით. აქ ბინადრობს ხრამული, მურწა, ღორჯო, კალმახი.

- ბატონო ლექსო, საცხოვრებლად ამ ადგილას გადმოსვლას რაიმე წინა პირობა თუ უძღოდა?

- თბილისში ვცხოვრობდი, ჩემი საკუთარი ბიზნესი, ბეტონის მწარმოებელი კომპანია მქონდა. გადავწყვიტე დამხმარე მეურნეობა შემექმნა. აქ სახლი შევიძინე და დამხმარე მეურნეობაც მოვაწყვე. ვცდილობდი არც ბიზნესი მიმეტოვებინა და მეურნეობისთვისაც მიმეხედა, მაგრამ ასე არაფერი გამომივიდა. იმის გამო, რომ ადგილზე მუდმივად ვერ ვახერხებდი ყოფნას, დიდი რაოდენობით ღორი და საქონელი დავკარგე. იძულებული გავხდი, საცხოვრებლადაც აქეთ გადმოვსულიყავი. ქალაქში ყველაფერი გავყიდე და აგერ უკვე ცხრა წელია აქ ვცხოვრობ.

- ქალაქიდან ამ ადგილას გადმოსვლა, სადაც სრულიად მარტო ცხოვრობთ, არ გაგიჭირდათ?

- ეს ადგილი თავიდანვე მიყვარდა, მომწონდა, აქ თავს კარგად ვგრძნობდი. ბუნებაც მდიდარია და თავად გთავაზობს ხელშემწყობ პირობებს. სოფელში დაბადებულსა და გაზრდილს აქ ცხოვრება არ გამჭირვებია. დანარჩენი კი - ცოდნა შევიძინე დაკვირვებითა და ანალიზის უნარით.

- ზამთარი აქ მკაცრია?

- არ არის მკაცრი. მესაქონლეობისთვის იდეალური გარემოა. თუკი სხვა ადგილას ერთ სულ პირუტყვზე 80 პრესია გათვლილი, მე, დაახლოებით, 15 მჭირდება. საქონელი ზამთარშიც გარეთ იკვებება.

- თქვენი საცხოვრებელი სახლისა და ამ ადგილის ტურისტულად განვითარებაზე თუ გიფიქრიათ?

- თავდაპირველად აქ ჩამოსვლის მიზანი სწორედ ტურისტული მეურნეობის მოწყობა იყო. ათეულობით ძროხა მყავდა, მაგრამ გვერდით მდგომი ვერ ვიპოვე, მარტომ კი მათი მოვლა-პატრონობა ვერ შევძელი. გადავწყვიტე, ამ ეტაპზე მხოლოდ ღორებისთვის მეპატრონა. ქათმებიც მყავს და ფუტკარიც. ფინანსური პრობლემები შემექმნა და აი უკვე მომავალი წლიდან ვაპირებ ზრუნვა ტურისტული მიმართულებითაც დავიწყო. გარდა ამისა, ველოდები გზების მოწესრიგებას. გზები თუ არ გაიმართა, ტურისტი ნაკლები იქნება. ჩემს სახლში ხუთი კარგი ოთახის მოწყობაა შესაძლებელი. ერთდროულად თავისუფლად მივიღებ 12 სტუმარს. აქ ყველაფერია, რითაც ტურისტის დაინტერესებას შევძლებთ - ნატურალური პროდუქტი, უნიკალური ბუნება, გასეირნება ცხენით, ჯომარდობა.

- ტურისტები ხშირად ხვდებიან ამ ადგილას?

- საკმაოდ ხშირად. საეკლესიო რუკას მიუყვებიან ხოლმე და ამ ტერიტორიის გავლა უხდებათ. მასპინძლობა გამიწევია იტალიელების, ფრანგებისა და გერმანელებისთვის.

dscn5227-1691389844.jpg

- აქედან წასვლას აპირებთ?

- არასოდეს. აქაურობას ვეღარაფრით შეველევი.

- ეს ადგილი იმდენად მიუვალია, სტუმარი ხშირად ვერ გეყოლებათ...

- ცდებით. სტუმარი ყოველი კვირის ბოლოს მყავს. სახლი მაქვს, პირუტყვი მყავს, გარემო მდიდარია. აქ ყველაფერია. მდინარის პირას მეგობრებთან ერთად მოლხენა ერთ რამედ ღირს. ვისაც მართლა ვუყვარვარ, ხშირად მსტუმრობს და ჩემ გვერდითაა. ჩემი მთავარი როლი მასპინძლობაა. აქაურობა საშუალებას მაძლევს, მისით ვისაზრდოო. მეც ბუნებითა და ამ ბუნების სილამაზით ვსაზრდოობ.

შორენა ლაბაძე