რუსი ტურისტების ვოიაჟები, სტრატეგიული პარტნიორის ზურგს უკან დაფარული საფრთხეები და სახიფათო ზღვარი, რომელსაც მივუახლოვდით - გზაპრესი

რუსი ტურისტების ვოიაჟები, სტრატეგიული პარტნიორის ზურგს უკან დაფარული საფრთხეები და სახიფათო ზღვარი, რომელსაც მივუახლოვდით

ცოტა ხნის წინ ბათუმში განვითარებული მოვლენები მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ, პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებად შეაფასეს. "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი თანამიმდევრულები არიან პოლიტიკაში, რაც ნიშნავს, რომ მიესალმებიან საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.

მათი შეფასებით, ოპოზიციური ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ახერხებენ, ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით ხელი შეუშალონ არა მარტო ტურიზმის განვითარებას, არამედ საერთოდ, სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პირდაპირ უშლის ეს ხელს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ამდენად, მთლიანად არის მიმართული ქვეყნის მოსახლეობის და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. "ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან... ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს დესტრუქციულ პოლიტიკას, ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ გარემოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმს აქვს..." - ეს განცხადება ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს ეკუთვნის.

რამდენად უწყობს ხელს რუსეთის მოქალაქეების მასობრივი ჩამოსვლა საქართველოში ტურიზმის განვითარებას, ვინ ახორციელებს სინამდვილეში დესტრუქციას და რა უნდათ მშვიდობიან ტურისტებს ქვეყანაში, რომელშიც მათ საპროტესტო აქციებითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხდებიან? - ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- ტყუილია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ბათუმში გამართული საპროტესტო აქცია დესტრუქციაა და ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას. სინამდვილეში პირიქითაა და აი, რატომ: როდესაც ევროპელი პოტენციური ტურისტი ხედავს ქართველი ხალხის რუსებისადმი დამოკიდებულებას, მას უჩნდება საქართველოში მოგზაურობის დამატებითი სტიმული და გარკვეული სოლიდარობის გრძნობა. ისინი კი მეტსაც ხარჯავენ და არც უტიფრად და თავხედურად იქცევიან. ანუ, დღევანდელ არაორდინარულ ვითარებაში საქმე გვაქვს უფასო საინფორმაციო რეკლამასთან, რაშიც ქვეყნები უზარმაზარ თანხას ხარჯავენ...

- ბატონო გია, მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს, აქ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი გადამოწმებული იყო...

- დიახ, მაგრამ მოუსმინეთ ამ საკრუიზო ლაინერზე მყოფი რუსი ტურისტების საუბარს? ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენებებია! ძალიან უცნაურია, როდესაც ხელისუფლება თავს იმართლებს და ხალხს აქეთ ამუნათებს, ამ ხალხს კანონი არ დაურღვევია და რა უფლება გვქონდა, არ შემოგვეშვაო?! რა კანონი არ დაურღვევიათ?! დღისით, მზისით, ყველას გასაგონად ამბობენ, რომ სოხუმში იმოგზაურეს, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ მიიჩნევენ; აქეთ გვდებენ ოკუპაციაში ბრალს!.. თქვენც ხომ მოისმინეთ, როგორ ამბობდა ერთ-ერთი მათგანი, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთო!.. ამაზე მეტი რა მტკიცებულება უნდათ?! რუსების თავხედობაზე თვალის დახუჭვა, მათთან ენის მოჩლექით საუბარი და დასავლელი პარტნიორებისა და უკრაინელების ლანძღვა-გინება კოლაბორაციონიზმია. კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

- ხელისუფლების პოზიციას ბოლო დრომდე საზოგადოების ნაწილიც იზიარებდა და მიიჩნევდა, რომ რუსი ტურისტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და მათ მიერ დახარჯული ფული ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე აისახება. ის ფაქტი, რომ დღეს რუსები საქართველოში ბინებს, მიწებს ყიდულობენ, ტურისტულ კომპანიებს არეგისტრირებენ და უკვე თავად მასპინძლობენ ტურისტებს, ხომ არ ცვლის საზოგადოებრივ განწყობებს?

- ეს მოსალოდნელიც იყო, ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ შარშან. რუსებმა უკვე თავად დაიწყეს საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირება და ქართველებთან შედიან კონკურენციაში. მათ გამო ხვალ რამდენიმე ქართული ბიზნესი დაიხურება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ქვეყნის ეკონომიკას თავისი საზღვრები აქვს. შესაბამისად, ყოველი ახალი ბიზნესის დაბადება ძველის სიკვდილს ნიშნავს. ნელ-ნელა გვავიწროებენ, საინფორმაციო და ეკონომიკური სივრცე თითქმის დაკავებული აქვთ, მალე კულტურულ სივრცესაც დაიკავებენ. ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე უკვე რუსები დომინირებენ. მათ სულ რამდენიმე თვეში მოახერხეს და 15 000 ბინა იყიდეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე უძრავი ქონების ბაზარზე რუსები დააწესებენ თამაშის წესებს.

- თქვენი კოლეგები გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ ჩინეთთან ახლახან დაწყებულ სტრატეგიულ პარტნიორობაშიც, თუმცა მეორე ნაწილი, პირიქით, ახალ შესაძლებლობად აფასებს. რას იტყვით თქვენ ამის თაობაზე?

- ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ძალიან კარგია, თუ ურთიერთობები იწყება თანაბარ, პარიტეტულ საწყისებზე ან გყავს ძლიერი პარტნიორი დასავლეთის სახით, რომელიც დაგიცავს და დააბალანსებს ამ ქვეყნის პოტენციურ ექსპანსიას. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ჩავდგეთ იმ აფრიკული ქვეყნების რიგში, მდიდარი ჩინოვნიკებითა და გაღატაკებული მოსახლეობით, რომლებშიც ეს უკვე განხორციელდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა გარკვეულ რისკებს შეიცავს. ეს იგივეა, რაც მეგობრობა კურდღელსა და ლომს შორის. არის პრეცედენტები, როდესაც კურდღელი და ლომი თანამშრომლობენ და ეს კარგია, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ლომს მოშივდეს, სხვა ვერაფერი ნახოს და კურდღელი შეჭამოს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ამ ქვეყნის ეკონომიკასთან შედარებით, 0,000 პროცენტია. ჩინეთის სურვილისა და ჩვენი არასწორი მიდგომების შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ გადაგვყლაპოს და ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. მესმის, რომ წინასწარ ვაი-ვიშის ატეხა და თავზე ნაცრის წაყრა არაა სწორი, მაგრამ არც ის არის სწორი, ზოგიერთები ისტორიულ მოვლენად რომ აფასებენ. ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ სარგებელი ვნახოთ ამ თანამშრომლობით, მაგრამ არც სხვა რამ არის გამორიცხული. მაგალითად, შეიძლება, ჩინეთმა საქართველო პლაცდარმად გამოიყენოს.

- რის პლაცდარმად შეიძლება გამოიყენოს ჩინეთმა საქართველო?

- მაგალითად, ჩინეთს დღეს ასეთი პრობლემა აქვს - ამერიკა ლუპით აკვირდება, თუ როგორ პოზიციონირებს რუსეთის ბაზარზე. საერთოდ, არ არის გამორიცხული, რომ ჩინეთმა და რუსეთმა საქართველო ლოჯისტიკურ ცენტრად გამოიყენონ, რაც ჩვენთვის კატასტროფა იქნება. გარდა ამისა, ჩინეთს შეუძლია გახდეს დომინანტი საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაორმაგოთ, მაგრამ ისეთ სპეციფიკურ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორიც ჩინეთი და ასევე, რუსეთია, მეტი სიფრთხილე გვმართებს. რუსეთის ეკონომიკა უკვე გვყვლეფს... საგარეო ეკონომიკის დივერსიფიცირება, ანუ მრავალვექტორიანობა, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტურია. არ შეიძლება, ერთ თუნდაც ძალიან მეგობარ ქვეყანაზე სავაჭრო ურთიერთობებზე ჩამოკიდება. ქვეყნის დაპყრობა-გაკონტროლებისთვის ამ საუკუნეში უკვე იშვიათად მიმართავენ სამხედრო აგრესიას, ეს უმეტესად ეკონომიკური ექსპანსიით ხდება. ჩინეთს საამისოდ ყველა საშუალება აქვს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ, ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება არ გვაქვს. იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩინური კომპანიები მუშაობენ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. გაიხსენეთ რიკოთის გვირაბი! ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელსაც ჩინელები ახორციელებენ. ყველამ ვიცით, რამხელა პრობლემებია იქ, ჩამოიშალა გზები... იმედია, ეს ყველაფერი გამოსწორდება...

- ერთი მხრივ გაზრდილი რუსული გავლენა, მეორე მხრივ - სტრატეგიული პარტნიორობა კომუნისტურ ჩინეთთან... რა გავლენას იქონიებს ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციაზე?

- დასავლელი პარტნიორები საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე ჯერჯერობით უარყოფით დამოკიდებულებას არ გამოხატავენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ურთიერთობას დიდი სიფრთხილით დააკვირდებიან.

a19b633c1bd78dcc7-1691390093.jpg

- თუმცა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამ ამბავს ასე გამოეხმაურა: "მაშინ, როცა ყველა ცდილობს, ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის".

- კი, ნამდვილად ასეა. ჩინეთს, როგორც მზარდი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ყველა უფრთხის, ვინაიდან მას აქვს იმის რესურსი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზრები დაიკავოს ამა თუ იმ ქვეყანაში, რაც ქვეყნის კონტროლს ნიშნავს. ჩინური ექსპორტი და იმპორტი ევროპაში კვოტირებულია სწორედ იმის შიშით, რომ ეკონომიკური ექსპანსია არ განახორციელოს.

- არსებობს ვერსია, რომ პრემიერ ღარიბაშვილს პირადად აქვს ჩინურ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება.

- დიახ, მეც ვიცი ამის შესახებ, თუმცა, არა მგონია, ამ საქმეში ღარიბაშვილის კავშირები რამეს წყვეტდეს. ნეტავ ასე იყოს!.. მე გაცილებით რთულად მგონია საქმე: ჩემი ვერსიით, ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია.

- რას გულისხმობთ?

- არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთი იდგეს. "ქართული ოცნებისგან" გამორიცხული არაფერია. ვშიშობ, რომ რუსეთი და ჩინეთი საქართველოს ტრანზიტად ან რეექსპორტისთვის გამოიყენებენ. ჩინეთს შეუძლია, საქართველო ფარად აიფაროს და ისე დაეხმაროს რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში.

- ეს ვერსიები დასავლელ პარტნიორებს სავარაუდოდ, უკვე განხილული ექნებათ.

- რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით ხმამაღლა არავინ არაფერს იტყვის და ყველა მოვლენების განვითარებას დააკვირდება.

- და ალბათ, სანქციების ჯერიც შეიძლება დადგეს?

- კი, ნამდვილად, არ არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთს საქართველოს დაკარგვა არ უნდა, ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის - დასავლეთის მოთმინებასაც. ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ ამ ზღვართან.

ხათუნა ბახტურიძე