"ჰყვებიან, რომ თურმე IX-X საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები, თან რუსებმა გაგვაქრისტიანეს" - გზაპრესი

"ჰყვებიან, რომ თურმე IX-X საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები, თან რუსებმა გაგვაქრისტიანეს"

ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა სუბიექტებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ტურებს გეგმავენ და ვიზიტორებს შესაბამის მომსახურებას სთავაზობენ. გიდები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში მომუშავე უცხოელი ტუროპერატორების 99% რუსეთის მოქალაქეა და მოითხოვენ, ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

ქართველი გიდები ასევე მოითხოვენ, რომ ყველა ფიზიკურმა პირმა, ვისაც ტუროპერატორობა უნდა, შეისწავლოს ქართული ენა, საქართველოს ისტორია, მიიღოს სამუშაო ნებართვა, დარეგისტრირდეს და ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადი შეიტანოს. ამ დარგში რომ სრული განუკითხაობაა, ამის შესახებ საუბრობს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ქვეყანაში რუსი გიდების რაოდენობაც საგანგაშოა და მათი მოქმედებებიც, თუმცა, პრობლემა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. "მხოლოდ რუსები კი არა, ამ ქვეყანაში ყველა თავის ნებაზეა მიშვებული. ირანელი გიდები თანამემამულეებს უყვებიან, რომ "სინამდვილეში, საქართველო ირანია; არაბები უყვებიან, რომ ეს ისტორიული არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო; რუსები საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ თურმე IX-X საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები, თან რუსებმა გაგვაქრისტიანეს", - ამბობს ელისაშვილი და სვამს კითხვას: - სად არის აქ სახელმწიფო? ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მეტს ინტერვიუში შეიტყობთ.

- კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, უცხოელი გიდების მხრიდან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აღვირახსნილი მავნებლობა ხორციელდება, მეორე მხრივ კი, ქართველ გიდებს შემოსავლის წყაროს აკარგვინებენ. მარტივი სქემა მოქმედებს, ვინაიდან საქართველოში ჩვენ არ გვაქვს არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა ზოგადად უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ისინი ხსნიან სოციალურ გვერდს "ფეისბუკზე", "ინსტაგრამზე" და რამდენიმე ონლაინ პლატფორმაზე ყიდიან ტურებს, მარტივად იზიდავენ მოქალაქეებს... ქსენოფობიის გაღვივება არ მინდა, მაგრამ... ჩამოდიან აქ რუსები, ირანელები, არაბები, რომლებმაც არც საქართველოს ისტორია იციან, არც ქართული ენა და არც საქართველოს მოქალაქეები არიან, ზოგიერთ მათგანს არც ბინადრობის მოწმობა აქვს და გიდებად საქმდებიან. ამ ადამიანებმა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მშობლიური ენა იციან. შესაბამისად, მათთვის გაცილებით მარტივია საქართველოში ჩამოსულ საკუთარ თანამემამულეებთან კომუნიკაცია. ბევრჯერ შევსწრებივარ უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდები როგორ უყვებიან ტურისტებს იმას, რაც თვითონ აწყობთ. მაგალითად, ირანელი გიდები საკუთარ თანამემამულეებს უყვებიან, რომ სინამდვილეში საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო და ბოლო 200 წელია რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს, თორემ ადრე თუ გვიან, ისევ დავბრუნდებით და გავხდებით ირანის ნაწილი... არაბები ჰყვებიან, რომ სaqarTvelo ისტორიული არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო. შევესწარი თბილისში სომეხი გიდი როგორ ჰყვებოდა, რომ თავისუფლების მოედანს თურმე, ერევნის მოედანი იმიტომ ერქვა, რომ ეს სომხური ქალაქი გახლდათ. რუსები ხომ საერთოდ, რაღაც სიგიჟეებს უყვებიან, რომ თურმე, IX-X საუკუნეში გავხდით ქრისტიანები და ისიც რუსებმა გაგვაქრისტიანეს. გიდების პროფესია არ არის ხელწამოსაკრავი, კარგ გიდს სჭირდება მულტიდისციპლინური განათლება, უნდა ფლობდეს ხელოვნებას, ისტორიას, გეოგრაფიას, არქიტექტურას, ამასთან ჰქონდეს გამოცდილება და კარგი უნარები. ჩვენი გიდები უამრავ დროს ხარჯავენ, პროფესიას ეუფლებიან და ამ დროს შემოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არანაირი ცოდნა არ აქვთ და ტურისტებს იმას უყვებიან, რაც აწყობთ. ერთია, რომ ეს ადამიანები შემოსავლის წყაროს აკარგვინებენ საქართველოს მოქალაქე გიდებს და მეორე, ეს არის მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან ვიქეცით ტერიტორიად, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა და ამას ყველა ისე ასაღებს, როგორც უნდა.

- ასეთ დროს წესით, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს?

- სახელმწიფომ, პირველმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეები ჩააყენოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, საქართველოს მოქალაქე გიდების უფლებები უნდა დაიცვას! ტურიზმის შესახებ კანონპროექტში სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ეს უნდა გამკაცრდეს. სერტიფიცირება უნდა იყოს სავალდებულო, გიდის პროფესიის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, ეს პროფესია მეტად უნდა დაფასდეს სახელმწიფოსგან. ნახეთ, რა ხდება, ამ ქვეყანაში ისედაც ამდენი უმუშევარია, შრომისუნარიანი ადამიანების დიდი ნაწილი უცხოეთში მიდის, ბევრი უკან აღარ ბრუნდება. თითებზე ჩამოსათვლელია ის დარგები, სადაც ადამიანს საარსებო მინიმუმის გამომუშავება შეუძლია და იმასაც უცხოელებს ვუთმობთ?! მართლა ქართველების გარეშე უნდათ ამ ქვეყნის დატოვება?!

elisa-1691390223.jpg

- როგორც ვიცი, საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული გიდების საკვალიფიკაციო მოთხოვნები დარეგულირდება.

- დიახ, კანონპროექტზე მუშაობა შემოდგომიდან განახლდება. პირადად მე, ვადასტურებ მზაობას, ჩავერთო ამ განხილვაში. მაქსიმალურად ვეცდები, საქართველოს მოქალაქე გიდების უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ისინი იყვნენ პრივილეგირებულნი.

- ძალიან კარგი იქნება ევროკავშირის წვერი ქვეყნების მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ.

- იტალიაში აუცილებელია, რომ ან ბინადრობის მოწმობა გქონდეს, ან იტალიის მოქალაქე იყო და აუცილებელია აიღო ლიცენზია, რისთვისაც უნდა ჩააბარო გამოცდები იტალიურ ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში. საფრანგეთშიც ანალოგიური რაm მოeთხოვებაT, ხოლო ჩეხეთში სრული ქაოსი იყო, პირველ რიგში, სწორედ რუსი გიდების გამო. ამიტომ, 2021 წელს მიიღეს სპეციალური კანონი და ლიცენზირება სავალდებულო გახდა.

ხათუნა ბახტურიძე