"მტრის შვილიც მიყვარს,ყველა ბავშვი საყვარელია" - გზაპრესი

"მტრის შვილიც მიყვარს,ყველა ბავშვი საყვარელია"

"ნამზეური, დასვენება, ფასები, ზღვა, მთა, შვებულება, რემონტი, ონლაინსესხი, იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბანკი, ვალი, დიეტა, სიცხე, რუსი ტურისტები..." - ეს იმ სიტყვების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ალბათ თბილისის (და არა მხოლოდ) ყველა სკვერსა და პარკში შეკრებილი ახალგაზრდა დედების, გოგონების შეკრებებზე გაიგონებთ... ცალი თვალით იქვე მოთამაშე შვილებს უყურებენ, ცალით - ტელეფონში იჭყიტებიან, თან მეგობრებს ეჭორავებიან. ერთმანეთში ცვლიან თბილისსა და მის შემოგარენში ღია აუზების, საუნების, საზაფხულო ბაღების შესახებ ინფორმაციას, გამოცდილებას უზიარებენ ძიძებსა და დამხმარეებზე.

27 წლის ნათია ჟურნალთან "გზა" ჰყვება, რომ მასა და ქმარს მოვალეობები გაყოფილი აქვთ:

- უფროსი შვილი მეუღლემ წაიყვანა ზღვაზე, ნათესავებთან ერთად. მე ჯერ შვებულება არ მაქვს, ბავშვს დღის განმავლობაში ძიძას ვუტოვებ, შემდეგ სკვერში გამყავს, ჰაერი რომ ჩაყლაპოს და ღია სივრცეში იყოს. მინდოდა, საზაფხულო ბაღში ევლო, მაგრამ ახლომახლო, სადაც გავიკითხე, ადგილი არსად ჰქონდათ. თან ყველა კერძოა და ისეთი ფასები აქვთ, ვერც გავწვდები და ისევ ძიძა ავიყვანე. შაბათ-კვირას ვასვენებ და ცოტა შეღავათი გვაქვს: 11-დან 6 საათამდეა ჩვენთან და 500 ლარს ვუხდი. სხვები მეუბნებიან, ძალიან გაგმართლებიაო. მეუღლე იქიდან მუშაობს. სახლის იპოთეკას ვიხდით და ვალდებულებები განაწილებული გვაქვს. ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად, იმ ადამიანების მშურს, ვისაც საბანკო სესხი არა აქვს. ეს რომ არ მქონდეს, ალბათ მსოფლიოს შემოვივლიდით. მე და ჩემი მეუღლე ვამბობთ, სანამ ახალგაზრდები ვართ, ბანკის ვალი უნდა ვიხადოთ და მერე, ასაკში რად მინდა ევროპა და ამერიკა?.. თუმცა, ამისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ, უამრავი წყვილი ათობით წელი ქირით ცხოვრობს.

ანიკო, 37 წლის:

- ერთ-ერთ კერძო აუზში მინდოდა ბავშვები მეტარებინა, მაგრამ რუსებით გადაჭედილი დამხვდა. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ყველგან რომ იყვნენ. თავისუფალი დრო მხოლოდ დილის 9 საათზე აქვთ, ისიც შუა კვირაში... აგვისტოს ბოლოს, ორი კვირით მინდოდა ზღვაზე წავსულიყავით, მაგრამ ჩემი და მეუბნება, აჭარის ზღვისპირეთში ისეთი ფასებია, გავიყიდეთო... მთაში ისეთი ახლობელი არავინ მყავს, რომ ორი კვირით შევაწუხო. მეუღლეს აქვს სახლი რაჭაში, ნიკორწმინდასთან ახლოს, მაგრამ რემონტი სჭირდება - სახურავი და კიბე არ უვარგა. წელს დავიფიცეთ, როგორმე თანხა შევაგროვოთ, გვიან გაზაფხულზე ავიდეთ და მოვაწესრიგოთ. რაც მთავარია, იქამდე მისასვლელი გზა გაკეთებულია...

მამაკაცები აქტიურად განიხილავენ მსოფლიო და ქართულ ფეხბურთს, კამათობენ "დინამოს", ეროვნული ნაკრების, 21 წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრების შესაძლებლობებზე, "ნაპოლის" ახალ სეზონზე, ხელახალ შანსებზე...

საღამოობით სკვერში გამოსული ბიჭები ბავშვების შეთხელებას ელოდებიან, ვარჯიში რომ დაიწყონ. თუმცა, ზოგი მათგანი არსადაც არ მიდის და მოთმინებით ელოდება, როდის დაიწყებენ ბიჭები აზიდვებს, შემდეგ კითხვები რომ დააყარონ - ყველაზე მეტი რამდენი გაუკეთებია, რამდენი წელია ვარჯიშობს, დიეტას თუ იცავს, წყალს თუ სვამს, ბეტმენს თუ დაამარცხებს, სუპერმენს თუ აჯობებს, "აირონმენს" თუ შეეჯიბრება, სპაიდერმენს თუ გაასწრებს?..

28 წლის გოგა მიყვება, რომ ხანგრძლივი დროით დასასვენებლად წასვლა არ უყვარს. მისთვის დასვენება შინ, ძაღლთან ერთად მარტო დარჩენაა. როდესაც ოჯახის წევრები სოფელში მიდიან, ის სახლში თავს ბედნიერად გრძნობს:

- სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ძაღლს ვასეირნებ და დავრბივარ. ამასობაში კი სკვერში ხალხი შეთხელებულია და ვარჯიშს ვიწყებ, თუმცა, მოზარდები მაინც დამეხვევიან ხოლმე და უამრავ შეკითხვას მისვამენ. მიხარია, სპორტით რომ ინტერესდებიან და ვცდილობ, ყველაფერი ავუხსნა, მაგრამ კვალიფიციური არ ვარ. ის, რაც ჩემთვის შეიძლება, შესაძლოა, სხვისთვის საშიში იყოს, ამიტომ, თავს ვიკავებ... მოკლედ, ეს სეზონი ჩემთვის ბედნიერებაა. ზოგჯერ შინ მეგობრები მომყავს, ლუდს ვსვამთ, სპორტულ გადაცემებს ვუყურებთ. თუ მინდა, კლუბშიც წავალ და ბარშიც. ასე რომ, ძვირად ღირებული კურორტები საჩემო არაა. აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. სულ ვამბობ, იაფი შესანახი ვარ-მეთქი, მაგრამ გოგოები მაინც არ მეკარებიან (იცინის). ისე, ხმაური და დილამდე ცეკვა ან დილიდან საღამომდე სანაპიროზე ყოფნა არაა ჩემი საქმე. ჩემი მეგობრები 100 ლარით მიდიან და 2 ათასი ლარი ვალი ჩამოაქვთ, არ გვეყოო. ყოველ წელს ასეა და რით ვერ ისწავლეს ჭკუა, არ ვიცი...

რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე, როგორც ქალაქის ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებშიც შეინიშნება. ისინი ცდილობენ, ისეთ დროს ჩამოვიდნენ, როდესაც შედარებით სიხალვათეა. უფროსებისგან განსხვავებით, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ უჭირთ ბავშვებს, მათ არც ენობრივი ბარიერი აქვთ და არც პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა აწუხებთ.

28 წლის გალია ამბობს, რომ თბილისსა და მის შემოგარენში, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებული აზროვნების ადამიანები ცხოვრობენ: ერთი ნაწილი ამრეზით, ზოგჯერ აგრესიით უყურებს, სხვები კი ლოიალურად ექცევიან და უღიმიან:

- რამდენიმე დღის წინ, მაღაზიაში გოგონები რუსულად არ დამელაპარაკნენ და მოლარე გოგონასაც უთხრეს, ჩვენთვის პასუხი არ გაეცა. არ ვიცი, მან რა უპასუხა. ამათ ჩემი სურსათით სავსე გორგოლაჭებიანი ჩანთა გვერდზე გასწიეს და ინგლისურად მითხრეს, რომ ოკუპანტი ვარ, ამიტომ მათ შემდეგ ვიქნებოდი. მივხვდი, ჩემს პროვოცირებას ცდილობდნენ. ამას უკვე შევეჩვიე საქართველოში. პირველი შემთხვევა არ არის, ასე რომ მექცევიან. ჩემი მეგობარი ოჯახი ჩამოვიდა ადრიან გაზაფხულზე და ვკითხე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსების მიმართ? ძალიან მეგობრულიო, - მითხრა და დავუჯერე. შემდეგ გავარკვიე, რომ ბინის მეპატრონეს გვერდიგვერდ ორი ბინა ჰქონდა და მის ინტერესებში იყო, რუსი მეზობელი ჰყოლოდა. ფასშიც მოვრიგდებითო, უთქვამს, ანუ მასაც დაუკლო... ორი თვე ვიცხოვრეთ იქ, შემდეგ უბნის ბიჭებმა გაიგეს, რომ რუსები ვიყავით და გვითხრეს, იცოდეთ, ჩვენს გარემოცვაში ვერ გაიხარებთო. რამდენჯერმე ლიფტში წარწერა დაგვხვდა, - "რუსო ოკუპანტებო, გაეთრიეთ აქედან!.." დარჩენა არ ღირდა. ამ უბანში ჯერჯერობით სიმშვიდეა, თუმცა, ამრეზით გვიყურებენ. რას ვიზამთ, უნდა ავიტანოთ... ზაფხულის ბოლომდე აქ ვაპირებთ დარჩენას, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ბათუმში წავალთ. ჩემი მოსკოველი ახლობლები საოჯახო სასტუმროს ხსნიან. დასვენების შემდეგ გადავწყვეტთ - წავალთ სხვა ქვეყანაში თუ საქართველოში დავრჩებით. რუსეთში დაბრუნება, გამორიცხულია... გვეუბნებიან, რომ ეს ანტირუსული ისტერია თანდათან გადაივლის და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვეცემა. ორი შვილი მყავს, მათთვის უკვე ვეძებ რუსულენოვან ქართულის მასწავლებელს... საქართველოსა და სომხეთს შორის გვქონდა არჩევანი, მაგრამ მე და დედას აქაური ბუნება, კულტურა, სამზარეულო ძალიან გვიყვარს. ახალგაზრდობაში დედა თბილისში მუშაობდა, ისნის ქარხანაში... შეიძლება ბიზნესის დაწყებაზეც ვიფიქროთ, დედა კარგი მასაჟისტია, მე - გამოცდილი კოსმეტოლოგი...

მასთან ერთად მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა თქვეს, რომ ახლა თავიანთი ქონების რუსეთში დარჩენილი ახლობლებისთვის გადაფორმებით არიან დაკავებული, ეს კი სახლაფორთო საქმეა.

"უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ჩვენი "მიბარებული" ქონება გაყიდეს. გვეუბნებიან, თქვენ კი წახვედით აქედან, მაგრამ არც ჩვენ ვართ უსაფრთხოდ. სტუდენტებს, ახალგაზრდა ექიმებს სექტემბრისთვის მობილიზაცია ემუქრებათ და წასასვლელ გზებს ვეძებთო...", - ამბობენ.

მათი სასაუბრო თემაც ფასებია. ამბობენ, რომ ზოგი რამ ევროპაზე ძვირია, საზღვაო კურორტზე კი, ეგვიპტეზე მაღალი ფასებია... ნაწილს ძალიან მოსწონს თბილისის ზღვა და ტბები. ისურვებდნენ მეტ კლუბსა და ღია ბარს, ასევე, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რადგან თურმე, გადაადგილება უჭირთ.

364220898-6472883352748168-8750302876405020463-n-1691390373.jpg

"ამას წინათ, ავტობუსში ვიღაც ქალი მომვარდა, თქვენი ბრალია ტრანსპორტში ასეთი მდგომარეობა რომ არის, ათი მგზავრიდან 7 რუსიაო... ეტყობა, უკრაინელი, პოლონელი, ბელორუსი, ყველა რუსი ეგონა და გასაქირავებელი ბინებიც არა აქვს, თორემ ასეთი აგრესიული არ იქნებოდა..." - მითხრა ერთ-ერთმა.

ყველაზე მეტი მხიარულება იქ არის, სადაც ბავშვები და საბავშვო ატრაქციონებია... ორი წლის წინ, დიდ დიღომში ზარ-ზეიმით გაგვიხსნეს სკვერი, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, გამწვანებით, საქანელებითა და სავარჯიშო მოედნებით. შარშანდელს შემდეგ, შადრევანი გათიშულია. როგორც ამბობენ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო მთელ ქალაქში ყველა შადრევანი გამორთეს...

ოთხფეხა მეგობრებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი. როგორც პატრონები უწოდებენ, "ძვირად ღირებულ ჯიშის ძაღლებს" გარედან ყნოსავენ, უღრენენ ან ეთამაშებიან მიუსაფარი, ყურზე ბირკიანი ძაღლები, რომელთაც აქ ბლომად შეხვდებით.

უბნის ბავშვებს, თითქმის ყველა გამორჩეული შეფერილობის ცხოველზე, უფროსების გავლენით, თავიანთი ისტორია აქვთ შეთხზული - როგორი ლამაზი იყო "ბავშვობაში", როდესაც ვიღაცამ ვიღაცას აჩუქა, შემდეგ კი მოვლა დაეზარათ და გარეთ დატოვეს...

თუმცა, აქა-იქ მაინც გაიგონებთ მშობლის კატეგორიულ გაფრთხილებას, - მოშორდი ძაღლს, (ან კატას), არ მიეკარო, არ გიკბინოს! ან, - შორს დადექი, მკბენარები ეყოლება... აქვე იმასაც აპროტესტებენ, რომ ახალი კანონის თანახმად, ძაღლების ალიკაპის გარეშე ტარება სავალდებულო იქნება, "ეს მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი მაწანწალა ძაღლია და ზოგ შემთხვევაში, ისინი ძაღლებსაც ჰკბენენ და ადამიანებსაც..."

ბავშვები უმეტეს შემთხვევაში არ უსმენენ მშობლებს და ცხოველებთან თამაშს განაგრძობენ. როგორც სკვერის უკვე სტაჟიანი "ბინადარი", როგორც ბავშვები უწოდებენ, "ბუშტების ბაბუ" ამბობს, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ის ბავშვების მხარეს არის...

მოხუცი ამბობს, რომ გვარად სვიმონიაა, აფხაზეთიდან დევნილი. ყოველ ზაფხულს რომელიმე სკვერში მიდის და წვრილმანებით ვაჭრობს, ბავშვებს კი ფერად ბუშტებს უფასოდ ურიგებს. ამიტომაც, მის გარშემო ყოველთვის დიდი რიგი დგას. მოხუცი პატარებს ღიმილით ეკითხება, რომელი ფერი მოსწონთ? მერე სპეციალური აპარატით უბერავს და ჩამოურიგებს. ზოგჯერ ბავშვები იმდენად სწრაფად ხეთქავენ, რომ რიგის თავში მდგარი, ისევ ბოლოში მოექცევა და ასეა დაუსრულებლად. ის კი მოთმინებით ასრულებს ყველა ბავშვის კაპრიზს...

"გოგონებს წითელი და ვარდისფერი მოსწონთ, ბიჭებს - ლურჯი და მწვანე, იშვიათად - ყვითელი. რატომღაც უმეტესობა მთხოვს ბუშტს ჩაქუჩის ფორმა მივცე, რათა შემდეგ ერთმანეთს თავში "ჩაარტყან". თავიდან მეშინოდა, აგრესიული თაობა ხომ არ მოდის-მეთქი, მერე ჩემმა შვილიშვილებმა მითხრეს, ინტერნეტის გავლენაა, ბაბუო... ეს არის გამართლება?.. ან მე თუ შევამჩნიე, მშობლები რატომ ვერ ამჩნევენ ამას?..

20 წელზე მეტია ქუჩაში, პარკებსა და სკვერებში ვდგავარ, ბუშტებს, ციმციმა სათამაშოებსა და ბამბის ნაყინს ვყიდი. ჩემს ხელში ალბათ ერთი თაობა გაიზარდა. მათი მშობლები მეუბნებოდნენ, - ყოჩაღ, თქვენს ნერვებსო. ომგამოვლილი ვარ, ყველაფერი ცუდი ვნახე, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა?.. მტრის შვილიც რომ იყოს, მაინც ვეთამაშები, რადგან ყველა ბავშვი საყვარელია.

მახსოვს ისეთებიც, ვინც დედებს ეტლით მოჰყავდა, შემდეგ ჩემ თვალწინ გაიარეს, შევიდნენ ბაღში, სკოლაში და ახლა უნივერსიტეტში სწავლობენ. ვგულშემატკივრობდი მისაღებ გამოცდებზე...

მშობლები მიყვებოდნენ თავიანთი შვილების წარმატებასა და იმედგაცრუებაზე. ბევრი წარმატებულია, უცხოეთში სწავლობს ან მუშაობს, მაგრამ იმათზე მწყდება გული, ვინც სწავლაში ღამეებს ათენებდა, ახლა კი ქსელურ მარკეტებში 500 ლარად მუშაობენ... რა ქნან ამ ბავშვებმა, რისთვის იწვალეს? ასე არ შეიძლება. ამის გამოა, რომ ბევრი მიდის და არ ბრუნდება. ყველას გვარ-სახელი მახსოვს. სადმე რომ ვხვდები და დაზე, ძმაზე, მეგობარზე ვეკითხები, მპასუხობენ: ის რა ხანია ისრაელშია, გერმანიაშია, პოლონეთშია ან ამერიკაში გადავიდა მექსიკითო. თან, აუცილებლად დასძენენ, - მეც მინდა წასვლაო... ამ დროს გულში შიში გამკრავს, ნეტავ საქართველოში ვინმე ქართველი დარჩება?..

- აფხაზეთში სახლი გაქვთ?

- აღარ მაქვს, დამიწვეს. ომამდე, გალის რაიონის სოფელ მუხურში ვცხოვრობდით. ბებია აფხაზი მყავდა, გვარად პაპასკირი. ულამაზესი, ორმეტრიანი ქალი იყო. ნათესავებიც ასეთი ჰყავდა. მისმა ნათესავებმა 90-იან წლებში შემოგვიტიეს, - როგორ თუ ქართველობთ? ჩვენს წინააღმდეგ გამოდიხართო!.. თავადაც ხომ გამოდიოდნენ, მაგრამ მაინც ჩვენ გვამტყუნებდნენ, ამიტომ დაწვეს ბებიის სახლი, - აქ ქართველები გაზარდაო, მაგრამ წლები რომ გავიდა, ინანეს. ამბობენ, ორივე მხარე შევცდითო. ახლა კარგი დროსია, უამრავი ახალგაზრდა დაეღუპათ, გალოთდნენ, განარკომანდნენ... მენანება. მაინც ჩემი სისხლი და ხორცია.

ყველაზე შესამჩნევი და უცვლელი, რაც თბილისის პარკებსა და სკვერებში გამოფენილ ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს აერთიანებთ, არის ნაგავი: მზესუმზირის ნაფცქვენები, ჩხირები, ნაყინის ქაღალდები, ძაღლის ფეკალიები, რომელსაც ნახავთ ნაგვის ურნებთან, სკამებთან, საქანელებთან, ატრაქციონებთან. ყველა ერთმანეთს მიუთითებს, რომ წესრიგი უნდა დაიცვან და სხვის შრომას პატივი სცენ, მაგრამ დღის ბოლოს, იქაურობა მაინც ნაგვით არის სავსე. წელში მოხრილი მეეზოვეები კი ისევ მოთმინებით იქნევენ გრძელ და რამდენიმეგან წებოვანი ლენტით გადახვეულ ცოცხებს...

ლალი პაპასკირი