"კონტუზია მიიღო, თითქმის 4 დღე კომაში იყო..." - გზაპრესი

"კონტუზია მიიღო, თითქმის 4 დღე კომაში იყო..."

ომის ვეტერანის - ვეფხვია პარკაიას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ეს ადამიანი სოხუმში ბრძოლისას დაჭრეს, თანამებრძოლებმა ძლივს, ხოხვა-ხოხვით გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას და სიკვდილს გამოhგლიჯეს ხელიდან... თბილისში გადმოიყვანეს თვითმფრინავით, სადაც ფეხმძიმე მეუღლე და შვილი ელოდნენ... როცა ფეხზე დადგომა შეძლო, ისევ გაუწია გულმა საომრად, მაგრამ ვინაიდან "ორმოსაც ვეღარ გადაახტა", თანამებრძოლებმა უკან გაბრუნება სთხოვეს...

მას მერე წლები გავიდა. ვეფხვიამ, ოჯახი რომ ერჩინა, ვერ გაითვალისწინა მკურნალი ექიმის რჩევა: თავს მიხედე, თორემ "წაიქცევიო" და მართლაც, რამდენიმე წლის შემდეგ მეორედ გამოსტაცეს სიკვდილს ხელიდან, დღეს კი დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია და საუბარიც უჭირს... საქართველოში ექიმები ვეღარ შველიან და ერთადერთი იმედი იმისა, რომ ფეხზე დადგეს, თავის დამოუკიდებლად მოვლა შეძლოს და რაც მთავარია, ტკივილებს გაუმკლავდეს, მისი საზღვარგარეთ, კერძოდ კი გერმანიაში გადაყვანაა.

ჩვენ მის მეუღლეს, ქალბატონ ლელას ვესაუბრეთ:

- ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ბინაც კი იპოთეკით დავტვირთეთ, რომ სრულფასოვნად ემკურნალა, მაგრამ ჩემი მეუღლის მდგომარეობა მაინც ვერ გაუმჯობესდა და ახლა დავალიანებასაც ვეღარ ვიხდით, შეიძლება ბინაც დავკარგოთ... თუმცა მთავარი მაინც ჩემი მეუღლის სიცოცხლეა. მეშინია, რამე არ დაემართოს (ტირის)...

სოხუმში ვცხოვრობდით, სადაც ვეფხოს თავისი ბიზნესი ჰქონდა. ომი რომ დაიწყო, ჩვენ უკვე დაქორწინებულები ვიყავით და შვილიც გვყავდა. მერე პირველი ტყვია გავარდა და ვინაიდან ფეხმძიმედ ვიყავი, მე სამშვიდობოს გამომიშვა, თვითონ კი საომრად დარჩა...

- რაიმე გამოცდილება ჰქონდა?

- ჯარის გარდა, არანაირი, მაგრამ მითხრა, - მე თუ არ დავიცავ სოხუმს, სხვა ვინ დაიცავსო?! 300-კაციანი ბატალიონის (ყარყარაშვილის ბატალიონში იყო, "თეთრ არწივში" გაწევრდა)მეთაურობა ანდვეს. ძალიან შეაყვარა თანამებრძოლებს თავი და როცა დაიჭრა, ცოცხალ-მკვდარის გამოსაყვანად მაქსიმუმი გააკეთეს. მერე ის სნაიპერიც "ჩამოხსნეს", შური იძიეს. ჩეჩენი ქალი აღმოჩნდა...

იმ პერიოდში მეც ვიმშობიარე და საავადმყოფოში, დაჭრილს თვითონ "მიაკითხა" პატარამ. ფეხზე, თავსა და მკლავზე ჰქონდა ჭრილობები. კონტუზია მიიღო, თითქმის 4 დღე კომაში იყო. მერე გავიგეთ, რომ ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც დაჭრილი ვეფხოს გამოყვანას ცდილობდა, მას "დააკლეს" და ამასაც ძალიან განიცდიდა...

ავცდებოდით ამ უბედურებას, რომ არა სომეხი კაცი, რომელმაც თურმე ვეფხო და ბიჭები მოატყუა: ის სოფელი, რომლის გასათავისუფლებლადაც მიდიხართ, ისედაც თავისუფალია, იქ არავინ არისო. სინამდვილეში, მტრის სნაიპერები ჩასაფრებული ყოფილან...

- მაშინ მკურნალობამ კარგად ჩაიარა, არა?

- კი, თითქოს კარგად გახდა და მაშინვე სოხუმში დაბრუნდა, მაგრამ ბრძოლა ვეღარ შეძლო და ბიჭებმა უკან მოაბრუნეს. მერე, დროთა განმავლობაში დამძიმდა მდგომარეობა და დღეს უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც არ შეუძლია, ვერ გაიგებთ რის თქმას ცდილობს.

- დაახლოებით რამდენი ლარი თუ დოლარია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ქმარი ფეხზე წამოაყენონ?

- ზუსტი თანხა ჯერ არ ვიცით, სამწუხაროდ... მეუბნებიან, რომ თავის ტვინში დაზიანებული აქვს უჯრედი, რამაც ლაპარაკისა და სიარულის უნარი შეუზღუდა. ექიმები იძლევიან იმედს, რომ თუ გერმანიაში წავიყვანთ, სირბილს - ვერა, მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილებას მაინც შეძლებს. ვინაიდან საამისო თანხა არ გვაქვს, ვაპირებდი, რაც არის, არის, წავიყვან როგორმე და დევნილად ჩავბარდები-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, იქ რომ დახმარებაზე უარი მითხრან, რა გავაკეთო, უკან როგორ წამოვიყვან?!.

- სახელმწიფო რით გეხმარებათ?

- რით მეხმარება? მხოლოდ ლტოლვილების დახმარებას ვიღებთ და პენსიას. წარმოიდგინეთ, ჩვენთვის ბინაც არ მოუციათ...

- რა მიზეზით?

- რა ვიცი, მიზეზი არ ილევა... იცით, სანამ ასე ძალიან არ გაგვიჭირდა, სახელმწიფო არ შეგვიწუხებია. ჩემი ქმარი სულ იმას ამბობდა, მთავრობას რატომ მოვთხოვო რამე, როცა ჯერ კიდევ შემიძლია სიარული და ოჯახის რჩენაო. მერწმუნეთ, პატრიოტი კაცია. მაგრამ აი, როცა ძალიან გაგვიჭირდა, ვთხოვე, იქნებ როგორც ომის ინვალიდს, პენსია მაინც დაგინიშნონ-მეთქი. დამთანხმდა. აღიარეს მეორე ჯგუფის ინვალიდად, მაგრამ შემდეგ წელს კომისიაზე რომ გავიდა, უთხრეს, - ასეთი ჭრილობებით არ გეკუთვნის მეორე ჯგუფიო და მესამე "მისცეს", არადა, კაცი ვერ დადიოდა, თავის თავს ვერ უვლიდა. პირველი ჯგუფი ზოგ ისეთ ადამიანს აქვს მინიჭებული, ვისაც სიარული, მუშაობა შეუძლია და ვეფხო თურმე, მესამე ჯგუფის ინვალიდი იყო. გავიდა დრო და მერე ვეტერანებმა მონახეს, ისინი დაგვეხმარნენ, რომ რეალურად რაც ეკუთვნოდა, ისეთი პენსია ჰქონოდა - პირველი ჯგუფის ინვალიდია (ტირის). ნეტავ კარგად იყოს და სულ არ გვინდა მისი პენსია, ჯანმრთელობის მდგომარეობას ამისთვის ხომ არ დაიმძიმებდა?..

- თქვენ თუ მუშაობთ?

- სხვა რა გზა მაქვს? ვცდილობ ვიმუშაო, ხომ უნდა ვარჩინო და მიწევს მისი დატოვება. ერთი სული მაქვს ხოლმე, შინ როდის დავბრუნდები, რომ მივხედო... არ შეიძლება მისი მარტო ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მის მოვლას ბევრი თანხა სჭირდება...

364542400-1006449137167082-8845178489328457391-n-1691393664.jpg

- თავის დროზე მისი სხეულიდან ყველა ტყვიის ამოღება მოხერხდა?

- ერთი ჰქონდა ჩარჩენილი, ბარძაყში. ექიმმა, - არ მოძრაობს და არ გავაწვალოთ, იყოს, არაფერს დაუშავებსო, მაგრამ მერე მაგნიტორეზონანსული კვლევის გაკეთება რომ დასჭირდა, სხვა გზა არ იყო და ამოიღეს.

- დაზღვევით არ სარგებლობთ?

- დაზღვევა გვაქვს, მაგრამ... ბოლოს საავადმყოფოშიც არ დააწვინეს. მივიყვანე, რადგან ფეხები საშინელ მდგომარეობაში, სულ გაშავებული აქვს და შემეშინდა, განგრენა არ იყოს-მეთქი. მითხრეს, - სახლში წაიყვანეთ. მძიმე ავადმყოფია და სჯობს შინ მოუაროთ, აქ ბევრს ვერაფერს გავუკეთებთო. მართლა ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, ფეხზე ჭრილობები გახსნილია და რაღაც მალამოებით ვმკურნალობ, რომ არ დაუჩირქდეს. კიდურებში სისხლი არ მოძრაობს, ვენების უკმარისობა დაემართა. საშინელი ტკივილები აქვს. ძალიან მეცოდება... ახლა ჩვენ გვაქვს სულიერი, ფსიქოლოგიური, ფინანსური - ყველა პრობლემა ერთად და ვეღარ ვუმკლავდებით, ამან გამაბედვინა, რომ საზოგადოებას ვთხოვო დახმარება. ვეღარ ვუძლებ ვეფხოს ტანჯვის ყურებას...

P.S. თუ ამ ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ლელა ანაკიძის სახელზე "თიბისი" ბანკში გახსნილ ანგარიშის ნომერზე: GE34TB7527245064300034. წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია