რიხტერი თბილისში, ეპიზოდი პეტრე პირველზე და მოგონებები ქეთევან მაღალაშვილზე, შალვა ნუცუბიძეზე... - გზაპრესი

რიხტერი თბილისში, ეპიზოდი პეტრე პირველზე და მოგონებები ქეთევან მაღალაშვილზე, შალვა ნუცუბიძეზე...

ამ ქალბატონს ბევრი ცნობილი ადამიანი ბავშვობიდან ახსოვს, ისინი მათ სახლში ხშირად მოდიოდნენ სტუმრად. მისი დედის ძმა იყო თეატრალური მხატვარი და სცენოგრაფი სოლიკო ვირსალაძე, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი... ქალბატონი მანანა ხიდაშელი რამდენიმე გამორჩეულ პიროვნებას და მათთან დაკავშირებულ ამბებს იხსენებს.

ketevan-magalashvili-1691395490.jpg

კონცერტებზე ქეთევან მაღალაშვილთან ერთად

- ქეთევან მაღალაშვილი ძალიან მიყვარდა, მას და ვირსალაძეებს დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. სულ პატარა ვიყავი, როცა სოლიკომ პირველად წამიყვანა ქეთევანთან, მერე - სკოლის ასაკში, დეიდაჩემ თინასთან ერთად დავდიოდი, შემდეგ უკვე მარტო ვესტუმრებოდი ხოლმე. ჩვენ ერთად დავდიოდით კონცერტებზე. ქეთევანი არაჩვეულებრივი პიროვნება და ხელოვანი იყო. საქართველოს სახალხო მხატვარმა თავის ფერწერულ ტილოებში უკვდავყო ქართველი ინტელიგენცია (ეგნატე ფიფია, ალექსი მაჭავარიანი, იაკობ ნიკოლაძე, მანანა დოიჯაშვილი, ნატო ვაჩნაძე...) და არა მარტო. შესანიშნავია მის მიერ შესრულებული სვიატოსლავ რიხტერის ნახატი. როცა რიხტერი თბილისში ჩამოვიდა, დეიდა ქეთოს სახლის მისამართი გაიგო და მოულოდნელად მოვიდა. ზარი რომ დარეკა, კარი გავაღე და გავგიჟდი... „ქეთო, რიხტერია!“ - წამოვიძახე. ქეთო დეიდა და მე წინადღეს მის კონცერტზე ვიყავით.

ერთ დღესაც მითხრა (23-24 წლისა ვიქნებოდი), - ხვალ ჩემთან მოდი, რამე მუქი ფერისა ან შავი ჩაიცვი, ოღონდ გულღია არ იყოსო. თინას გაუკვირდა, რატომ დახურული გულითო? ასეა საჭიროო. ვიცოდი, ჩემს დახატვას აპირებდა. მეც მივედი შავი ყელიანი კაბით. წითელი შარფის მსგავსი ნაჭერი ხელზე თვითონ გადამკიდა. სულ ხუთი სეანსი გვქონდა. გავაფუჭებ, მეტი არ მინდაო, - თქვა. მართლაც, ძალიან კარგი პორტრეტია. ეს სურათი და მისი სხვა ნამუშევრები გამოფინეს მოსკოვში საკავშირო გამოფენაზე. დეიდა ქეთო ჩამოვიდა მოსკოვიდან და ვეკითხები: როგორ ჩაიარა გამოფენამ-მეთქი? ვერ წარმოიდგენ რამდენი დამთვალიერებელი იდგა შენს პორტრეტთან, მაგრამ საოცარი წარწერა ამშვენებდაო, - „კომკავშირელ ხიდაშელის პორტრეტი“. ამაზე გაეცინა, - ყველას ჰგავხარ, კომკავშირელის გარდაო.

თავდაჭერილი ქალი იყო, ბევრს არ საუბრობდა, თუმცა სითბოს გამოხატვა შეეძლო. ერთხელ მკითხა: დიტო შევარდნაძის სახელი გაგიგიაო? - არა-მეთქი. - მოვა დრო და გაიგებ, მაგრამ იცოდე, რომ დიტო იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ძალიან დიდი სიყვარულიო. ისიც მიამბო, რომ დიტო შევარდნაძემ დააარსა ეროვნული სამხატვრო გალერეა. როცა სამუზეუმო ექსპონატების რიცხვი გაიზარდა, მათ მეტეხის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ბერიამ 1937 წელს გადაწყვიტა მეტეხის ტაძარი დაენგრია და მის ადგილზე რუსთაველის ძეგლი დაედგა, რასაც შეეწინააღმდეგა დიტო შევარდნაძე და აღშფოთებულმა უთხრა: ამის გაკეთება როგორ შეიძლება? ლავრენტი, შენ ნორმალური ხარო?.. ტაძარი გადარჩა, დიმიტრი შევარდნაძე კი დაიჭირეს და დახვრიტეს.

geronti-kikoze-1691395509.jpg

პირველი მაისი და 7 ნოემბერი

- შეიძლება გაგიკვირდეთ, 1-ლ მაისს და 7 ნოემბერს ოჯახში ყოველთვის გვქონდა შემწვარი გოჭი, ტორტი... და იშლებოდა სუფრა, რომელსაც ამშვენებდნენ: გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, იოსებ გრიშაშვილი, თამარ ციციშვილი, გერონტი ქიქოძე, შალვა ნუცუბიძე... თამადა ძირითადად გოგლა იყო, ზოგჯერ შალვა ნუცუბიძე, ორივე არაჩვეულებრივად უძღვებოდა სუფრას. ამ დღეებში აუცილებლად ტარდებოდა საზეიმო მსვლელობა. თბილისის რაიონები მთავრობის ტრიბუნის წინ ჩაივლიდნენ. საპატიო ხალხი გარკვეულ ადგილზე იდგა და სანამ დემონსტრაცია არ დამთავრდებოდა, იმ ტერიტორიის დატოვება არ შეიძლებოდა. დემონსტრაციის შემდეგ კი, ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები ჩვენს სახლში იკრიბებოდნენ, მაშინ ძერჟინსკის 10 ნომერში ვცხოვრობდით. პატარა ვიყავი, ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ ერთი ეპიზოდი ჩამრჩა. საუბარი ჩამოვარდა იმაზე, თუ როგორ გადაურჩა სისხლიან რეპრესიებს გერონტი ქიქოძე. იცით, რა თქვა გერონტიმ? სტალინი ძალიან მწყალობდაო... სოსო ჯუღაშვილს უზომოდ უყვარდა პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. კუბო რომ ჩაუშვეს საფლავში, თურმე სოსო შიგ ჩახტა. ყველა დაიბნა და გერონტის გარდა ვერავინ მოიფიქრა მისი ამოყვანა. მაშინ უთქვამს სტალინს, - მე დღეიდან, ფოლადი გავხდებიო.

shalva-nucubize-1691395528.jpg

მეგობრის მამის ნაამბობი

- ბევრი მეგობარი მყავდა მოსკოვში, მაგრამ უახლოესი იყო ჟუჟუნა ართმელაძის მშობლების ოჯახი. დეიდა თამარი (ნინო რამიშვილის და) და ძია ილიუშა, რომელიც გახლდათ საქართველოს წარმომადგენელი რუსეთში, ცხოვრობდნენ სერაფიმოვიჩის ორ ნომერში. ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ერთმანეთი. ერთ-ერთი ჩასვლისას ძია ილიუშა უკვე ცუდად იყო... დილიდან მუზეუმებში ან ფონდებში ვმუშაობდი, მერე მათთან მივდიოდი და დეიდა თამარს ვეუბნებოდი, რომ ცოტა დაესვენა, გარეთ გაესეირნა. ეტყობოდა, რომ ძალიან გადაიღალა. მე და ძია ილიუშა მარტო ვრჩებოდით და ის მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე საინტერესო ამბებს. სამწუხაროდ, არაფერს ვიწერდი და მხოლოდ ერთი მომენტი დამამახსოვრდა: „მე თურქეთში დავიბადე, მაგრამ რა თქმა უნდა, ანკეტაში ამას არ ვწერ, ბათუმი მიწერია. მამაჩემი დავით ართმელაძე სამხედრო პირი იყო. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი, მერე გენერალ-მაიორი გახდა. ის იყო კაცი, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, მე კიდევ კომუნისტი ვარ“, - ეს თქვა და გაიცინა. მე ვუთხარი: რა კომუნისტი, რაც თქვენ სიკეთე გიკეთებიათ, იმას ვინ ჩამოთვლის-მეთქი. მართლა ასე ფიქრობო? - დიახ, - გავუმეორე. - დიდი მადლობაო! როგორც ვიცი, დავით ართმელაძე მონაწილეობდა ქართული არმიის ფორმირებაში. სხვათა შორის, დღეს მისი ძეგლი აჭარაში დგას.

ketevan-magalashvili-da-dimitri-shevardnaze-1691395540.jpg

ეპიზოდი პეტრე პირველზე

- ძალიან ვუყვარდი შალვა ნუცუბიძეს - განათლებულ, გონებამახვილ, საოცარი იუმორით სავსე პიროვნებას. კითხვა მიყვარდა და ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. ერთხელ შალვა ჩვენთან ზის და მეკითხება: მანანიკო, შვილო, რას კითხულობო? ალექსეი ტოლსტოის „პეტრე პირველს“-მეთქი. უცბად გამოაცხადა, - ბატონებო, თქვენ იცით, რომ პეტრე პირველი ქართველი იყოო? ყველამ გაკვირვებით შეხედა. ნუცუბიძე მეგობრობდა ალექსეი ტოლსტოისთან, რომელსაც შალვასთვის ასეთი რამ მოუყოლია: „სტალინმა დამიბარა და პეტრე დიდზე რომანის დაწერა დამავალა. ისეთ არქივებსა და სპეციალურ საცავებში შემიშვეს, სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდებოდა. იქ კარგა ხანს ვიმუშავე. საბუთებში ვნახე, რომ პეტრეს მამა მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი მძიმედ იყო დაავადებული და ფიზიკურად დაუძლურებული, როცა მეორედ დაქორწინდა... აღმოვაჩინე ერთი წერილიც, სადაც პეტრეს დედა ნატალია ნარიშკინა სწერს თავის შეყვარებულს, გვირგვინოსან უფლისწულს, ულამაზეს ერეკლე პირველს (რუსეთში ეძახდნენ ნიკოლოზს), თუ როგორი ცელქი იზრდება მათი პეტრუშა... სტალინმა მიბრძანა, რომ პეტრეს მამის ვინაობა საიდუმლოდ შემენახა“. აი, ეს ამბავი გვამცნო შალვა ნუცუბიძემ. პეტრე პირველი ქართველებს სწყალობდა...

ნანული ზოტიკიშვილი