როგორ დავიცვათ თავი "ზაფხულის ალერგიისგან" - გზაპრესი

როგორ დავიცვათ თავი "ზაფხულის ალერგიისგან"

რა სახის ალერგიებია გავრცელებული ამ სეზონზე - ამის შესახებ გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ნათია ჭანტურიძე:

- ქალბატონო ნათია, რა იგულისხმება ტერმინში "ზაფხულის ალერგია"?

- ეს არის პირობითი სახელწოდება, რომელიც ზაფხულში გავრცელებულ სხვადასხვა ალერგიას აერთიანებს. ესენია: სეზონური ალერგია, რომელიც დაკავშირებულია მცენარეთა ყვავილობასთან, კონტაქტური დერმატიტი, „მზის ალერგია“ და ალერგია მწერის ნაკბენზე - ყველა ეს ალერგია ზაფხულის სეზონზე გვხვდება. ვიდრე მათზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვით უნდა შევეხო ზოგადად ალერგიას: ეს არის იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობა გარემოში არსებული ნივთიერებების მიმართ, რომელიც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის უვნებელია. იმ ნივთიერებებს, რომლებიც ზოგიერთ ადამიანში ალერგიულ რეაქციას იწვევს, ალერგენებს უწოდებენ. ალერგიული დაავადებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და მათ მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში არ წყდება.

- ალერგიული რეაქცია ბავშვებში უფრო რთულად მიმდინარეობს თუ მოზრდილებში?

- ალერგია ბავშვებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, მაგრამ პატარები და მათი მშობლები ამ დაავადებას განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამენ. ალერგია ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აქვეითებს. როდესაც გვგონია, რომ გაზაფხული გავიდა და მცენარეთა მტვერი ჰაერში ნაკლებადაა, ზაფხული სულ სხვა პრობლემებს გვთავაზობს: ალერგიული ჩივილები ძლიერდება. ამ პერიოდში ყვავილობას იწყებს ბალახოვანი მცენარეები და მარცვლოვანები, როგორიცაა მაგალითად ტიმოთელა და ინგლისური კოინდარი, ასევე - სარეველა მცენარეები: ნაცარქათამა, ავშანი, ამბროზია და სხვა... ისინი სეზონური ალერგიის მქონე ადამიანებში სხვადასხვა კლინიკურ ჩივილებს იწვევს: ალერგიული რინიტის შემთხვევაში ეს არის პაროქსიზმული ცემინება, რინორეა ანუ გამონადენი ცხვირიდან, ქავილი, ხველა, ზოგჯერ გამოხატულია სასის და შუა ყურის ქავილი, რასაც ხშირად თან ერთვის ალერგიული კონიუნქტივიტი, თვალებიდან ცრემლდენა, სიწითლე და ქავილი. ვლინდება ასევე ასთმური ჩივილები: ხველა, ამოსუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი მსტვინავი სუნთქვა, გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება და ა.შ. მცენარეული ალერგიის მკურნალობა სასურველია დაიწყოს სეზონის დადგომამდე ორი კვირით ადრე, მკურნალი ექიმის რეკომენდაციით: ანტიალერგიული მედიკამენტებით, ცხვირის სპრეებით, თვალის წვეთებით, საჭიროების შემთხვევაში, აეროზოლით. მცენარეული ალერგიის მკურნალობის კარგი საშუალებაა ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომელიც ალერგიის გამომწვევ მცენარესთან შეგუების უნარს აჩენს.

კარგია, თუ ზღვაზე ან რომელიმე ზღვის კურორტზე დაისვენებთ, რადგან იქ მცენარეული ალერგენი ნაკლებია. თუ მცენარეთა მტვერზე ალერგია გაქვთ, სასურველია, ქუჩიდან შემოსვლისთანავე გაიხადოთ ტანსაცმელი და შხაპი გადაივლოთ. ავტომობილით თუ მოძრაობთ, აუცილებელია, მანქანის ფანჯრები დახუროთ, რადგან ამ დროს ავტომანქანის კაბინაში ნაკლები მცენარეული ალერგენი შემოვა. გარდა ამისა, ზაფხულობით, არანაკლებ საყურადღებოა ალერგიული კონტაქტური დერმატიტებიც.

- ალერგიის ეს სახეობა როგორ უჩნდებათ?

- ის მცენარეებთან და ბალახებთან შეხების შედეგად ყალიბდება და ვლინდება კანზე გამონაყარის, სიწითლის, ქავილის სახით. ამ დროს იდეალური გამოსავალია ალერგენისგან თავის არიდება, თუმცა, ამის შესრულება რთულია. საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ანტიალერგიული კრემების გამოყენება.

- რას გვეტყვით "მზის ალერგიაზე", რომელიც არანაკლებ შემაწუხებელია?

- "მზის ალერგიის" დროს ყალიბდება გამონაყარი, რომელიც სხვადასხვა ფორმისაა, ამავე დროს, პაციენტს უჩნდება სიწითლე, შეშუპება და პატარა ბუშტუკები, ჭინჭრის ციების სახით. გამონაყარი ძირითადად, სხეულის იმ ნაწილებში გვხვდება, რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული. ადამიანები, რომლებსაც "მზის ალერგია" აქვთ, მაქსიმალურად უნდა ერიდონ ულტრაიისფერ სხივებს, რაც ყველაზე მავნებელია დილის 10-დან საღამოს 4-5 საათამდე. მზის ალერგიის დროს ბავშვმაც და მოზრდილმაც უნდა წაისვას ჰიპოალერგიული, მზისგან დამცავი კრემი მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, რომელშიც მზის ფილტრაცია საკმაოდ მაღალი იქნება: სასურველია SPF50+ და ზევით. მნიშვნელოვანია, მზის სათვალის, ქუდის და დამცავი ტანსაცმლის გამოყენება, რომელიც კანს მზის სხივებისგან დაიცავს.

- ზაფხულობით მწერების რიცხვი ერთიორად მატულობს, რამდენად საშიშია ალერგია მწერის ნაკბენზე?

- გეთანხმებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად, მწერები ალერგიულ ადამიანებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. ალერგიული რეაქცია ძირითადად, ნესტრიან მწერებზე ვითარდება, როგორიცაა კრაზანა, ფუტკარი და ბზიკი. მწერის ნაკბენი შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, მაგალითად: შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ადგილობრივი რეაქცია შეშუპების, სიწითლის და ქავილის სახით. ამ დროს კარგია ანტიალერგიული გელის გამოყენება, რომელიც ქავილს შეამცირებს, მაგრამ თუ ნაკბენ ადგილზე 10 სანტიმეტრის ან უფრო დიდი ზომის ლაქაა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ანტიალერგიულ თუ სხვა სახის მედიკამენტებს დაგინიშნავთ და მოსალოდნელი საშიშროებისგან დაზღვეული იქნებით.

- როდისაა მწერის ნაკბენი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში?

- მწერის ნაკბენზე შეიძლება განვითარდეს სისტემური რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი ეწოდება. ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც ალერგია აქვთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენზე, ექიმის მიერ, წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმა უნდა ჰქონდეთ. მაგალითად: თუ პაციენტი ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მწერების რაოდენობა მაღალია, არ უნდა გამოიყენოს სუნამოები, რადგან მძაფრი სუნი მწერს იზიდავს. ასევე არ არის სასურველი ფერადი სამოსის გამოყენება, რადგან მწერებს ესეც იზიდავს. სასურველია, ნაკბენი ადგილი საპნიანი წყლით ჩამოიბანოთ, რომ დაინფიცირების საშიშროება გამოვრიცხოთ. ფუტკარი ნაკბენ ადგილზე ნესტარს ტოვებს, რომელიც დანის წვერით ან ბასრი საგნით, ფრთხილად უნდა ამოიღოთ. რაც შეეხება კრაზანას და ბზიკს, ისინი ნესტარს არ ტოვებენ.

- როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მწერმა ბავშვს უკბინა?

- პირველ ყოვლისა, პატარა უნდა დავამშვიდოთ. თუ დავინახავთ, რომ ნაკბენის ირგვლივ მსუბუქი რეაქცია განვითარდა, უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ანტიალერგიული კრემი. კარგია, თუ ნაკბენ ადგილას ყინულს დავადებთ, მაგრამ ყინული კანს არ უნდა ეხებოდეს - ის ქსოვილში უნდა გავახვიოთ და ასე დავადოთ. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში აუცილებელია პირველადი დახმარება, რასაც ექიმები თავიანთ პაციენტებს ყოველთვის ასწავლიან. თუ თქვენი შვილი ან ახლობელი ალერგიულია, სასურველია, დექსამეტაზონი და სხვა ანტიალერგიული პრეპარატები მუდმივად თან ატაროთ?

skin-allergy-1-copy-1691480603.jpg

- ალერგიული ადამიანისთვის რამდენად საშიშია კოღოს ნაკბენი?

- კოღოები ყველგან არიან, მაგრამ მათი ნაკბენი სახიფათო ალერგიულ რეაქციას იშვიათად იწვევს. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია: სიწითლე, შეშუპება და ქავილი...

- როგორც ვიცი, ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისთვის საშიშია...

- ანაფილაქსია არის მწვავე, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება კლინიკური სიმპტომების ფართო სპექტრით და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. სიმპტომების გამოვლენა ხდება მალევე, ალერგენთან კონტაქტის დროს და პროგრესირებს. მალე ის ვლინდება კანზე: სიწითლით, ურტიკარიული ტიპის გამონაყარით, ქავილით, შეშუპებით... სასუნთქი სისტემის მხრივ: ცემინებით, ცხვირის გაჭედვით, გამონადენით, სუნთქვის გაძნელებით, ხველით... ასევე, მსტვინავი სუნთქვით და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებით: ღებინებით, მუცლის ტკივილით, ფაღარათით, ყლაპვის გაძნელებით; ახასიათებს თავბრუსხვევა, გონების კარგვით, წნევის ვარდნა და ა.შ. ანაფილაქსიის დროს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც პაციენტს სათანადო დახმარებას გაუწევს.

- დაბოლოს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ამ უსიამოვნებებისგან თავი დავიცვათ?

- ალერგია ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომ სასურველია, შეძლებისდაგვარად, თავი ავარიდოთ ალერგენებს, თუმცა ეს რთულია. ალერგიულმა ადამიანმა ბუნებაში გრძელმკლავიანი სამოსი უნდა ჩაიცვას. თუ მეფუტკრე ხართ ან მწერებთან ხშირი კონტაქტი გიწევთ, პრევენციის საუკეთესო საშუალებაა სპეციალური აღჭურვილობა. მინდორში სეირნობისას, წინდები უნდა გეცვათ და ხელთათმანები გეკეთოთ. შინ დაბრუნებისთანავე სასურველია შხაპის მიღება. პაციენტმა უნდა მიიღოს ის მედიკამენტები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა და მისი რეკომენდაციები შეასრულოს, ამ გზით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ სერიოზული საფრთხე და უსიამოვნება, რომელიც ადამიანებისთვის ალერგიას მოაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე