22 სექტემბრის საბედისწერო გაფრენას გადარჩენილი ადამიანის ამბავი - გზაპრესი

22 სექტემბრის საბედისწერო გაფრენას გადარჩენილი ადამიანის ამბავი

მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომის დასრულება, სოხუმის დაცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო, 22 სექტემბერს, სოხუმის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავს ახალდაბელი სამხედრო ექთანი, ქეთევან მჭედლიძეც გაჰყვა მეგობრებთან ერთად. საბედისწერო გაფრენას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავს ჭურვი ესროლეს, მაგრამ პილოტმა როგორღაც დაჯდომა მოახერხა და 14 ადამიანი სასწაულებრივად გადარჩა. ერთ-ერთ მათგანი, ქეთევან მჭედლიძე იმ უმძიმესი დღისა და მისი ოჯახის მიერ გამოვლილი ორკვირიანი ტყვეობის ჯოჯოხეთზე საუბრობს.

- წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში ვცხოვრობდით. თავდაცვის სამინისტროს ჰაერსაწინააღმდეგო ძალებში ვმსახურობდი და სამედიცინო პუნქტის უფროსი ექთანი ვიყავი. იმ პერიოდში, როდესაც 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის საფუძველზე, აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების პროცესი დაიწყო, თბილისში ვიყავი, მაგრამ აფხაზეთში, სამსახურში დასაბრუნებლად ვემზადებოდი. აფხაზურმა მხარემ "სოჭის სამშვიდობო შეთანხმება" დაარღვია და ჩემს სოფელზე იერიში მიიტანა...

თუმცა, საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ. ომამდე, პეტერბურგში ვსწავლობდი, სადაც საექთანო სასწავლებელი, შემდეგ კი სამედიცინო კიბერნეტიკა დავამთავრე. 1993 წელს აფხაზეთში მეგობრებთან ერთად, შვებულებით ვიყავი ჩასული, მაგრამ 14 აგვისტოს იქ პირველი ტყვია გავარდა, რასაც ომი მოჰყვა. მეგობრები გავაცილე, მაგრამ წასვლაზე არც მიფიქრია. დედაჩემი აფხაზურ დასახლება აძიუბჟის სამედიცინო პუნქტში ექიმ-ლაბორანტად მუშაობდა. ომის დაწყების პირველსავე დღეს გამოაცხადა, - არავინ მითხრას, პაციენტები ეთნიკური ნიშნით დაყავი, ყველას ერთნაირად მივიღებო. მართლაც ასე იქცეოდა. როდესაც გუდაუთაში გადასასვლელი გზები ჩაკეტილი იყო, დაჭრილ აფხაზებს, როგორც ფიზიკურად, ასევე მედიკამენტებით ეხმარებოდა, ჰპატრონობდა ფეხმძიმეებსაც. ამიტომაც ყველა პატივს სცემდა...

ომი საშინელებაა, შიმშილიც იყო, მედიკამენტების, სპეციალისტების, ყველაფრის დეფიციტი, მაგრამ ორივე მხრიდან გახლდათ ადამიანური გამოვლინებები - დათმობის, გადარჩენის, პატიების. შესაძლოა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, - აფხაზს დღესაც შემიძლია ყველაფერი ვაპატიო, დედაჩემის ტყვეობაც, ჩემი ძმის ჭრილობაც, ჩემი დანგრეული ფსიქიკაც და ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ჩამოვარდნის შედეგად მოშლილი ჯანმრთელობაც, მაგრამ არაერთ სომეხს, რომელიც პირში გვიღიმოდა და აფხაზებზე უარეს საშინელებას სჩადიოდა, ვერასდროს ვაპატიებ, ისევე, როგორც რუსს, ჩეჩენსა და სხვა ჩრდილოკავკასიელს. ქართველებმა და აფხაზებმა ტყვია ვესროლეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს გზასაცდენილი ოჯახის წევრების ჩხუბს ჰგავდა და ხვალ-ზეგ მაინც შევრიგდებით.

qetean-mchedlidze-1-1691494609.jpg

- რა ხდებოდა თქვენ თვალწინ იმ დროის განმავლობაში?

- ქაოსი იყო. ბევრი ადამიანი შიშველი ენთუზიაზმით წავიდა აფხაზეთში, მათ შორის პატარა, მართლაც პირტიტველა ბიჭები. ზოგი სახლიდან გამოპარული იყო. მაშინდელ თაობას სამშობლოს სიყვარული სხვანაირად გვესმოდა, ახალგაზრდებს მშობლები სახლში ვერ აკავებდნენ. საბჭოთა კავშირის ჯარგამოვლილი და გამოცდილი ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ საქართველოს იმ წლებში ჯარი არ ჰყავდა, ეს იყო ლაშქარი, რომელიც ისე იბრძოდა, როგორც შეეძლო, ხშირად - შიშველი ხელებით, მშიერი, ჩაუცმელი, - და ასევე იხოცებოდნენ... ამას ემატებოდა მეთაურობის დამოკიდებულება, პოლიტიკა და სხვა. ამიტომაც იყო, რომ ვიღებდით და ვკარგავდით პოზიციებს კინდღში, ტამიშში, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა. როგორც კი ახალდაბაზე დაიწყეს შეტევა და აიღეს, აფხაზეთის ბედიც გადაწყდა... ეს ადგილი საბედისწერო აღმოჩნდა რეგიონის მოსახლეობისთვის. როდესაც აფხაზურმა მხარემ სროლები განაახლა, ჩვენი სოფლის მცხოვრებლები 5 დღე გმირულად იბრძოდნენ პოზიციების დასაცავად. არადა, სამივე მხრიდან გვბომბავდნენ... ყოველ აგვისტოს, ყველა ჭრილობა თავიდან მტკივა, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ მწამს - სოხუმის დაცემის შემდეგ ახალდაბის გზა რომ გახსნილიყო, ხალხს ჯოჯოხეთის გავლა არ მოუწევდა...

- ვიცი, რომ სოფლის მოსახლეობის უმეტესობამ იქაურობა არ დატოვა.

- დიახ. მეტიც - მათ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, ვითომ მშვიდობა რომ უნდა დაემყარებინათ, იარაღი ჩამოართვეს. სავარაუდოდ, ვითარება შიგნიდან იცოდნენ და რაღაც ნაწილი გადამალეს, თორემ ყველას დაგვხოცავდნენ. რუსებისა და აფხაზების ორგანიზებული ძალების წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძოლეს ახალდაბელებმა და დიდი დანაკარგიც გვქონდა. ჩემი ძმაც თანასოფლელებთან ერთად იბრძოდა. ერთი სიგიჟე გააკეთეს - პირველ დღესვე შეეძლოთ, ოჯახის წევრები გაეხიზნათ, მაგრამ, - ცოლ-შვილი რომ გავიყვანოთ, შესაძლოა, აქაურობა უფრო იოლად დავთმოთ და უკან არ დავიხიოთო, - ამიტომ ბავშვები და მოხუცებიც კი არ გაუყვანიათ. სექტემბერში, როდესაც აფხაზებმა იქაურობა აიღეს, ტყვეობას ის მცირე ნაწილი გადაურჩა, ვინც გვერდით სოფელში, კინდღში საცალფეხო ბილიკებით გააღწია, დანარჩენები, დიდიან-პატარიანად, ტყვედ აიყვანეს.

- თქვენი ძმა დაიჭრა და დედაც ტყვედ ჩავარდა, ხომ?

- დიახ, მათ გადარჩენაში აფხაზები დაგვეხმარნენ... ტყვედ აყვანის შემდეგ იქიდან ყველანი, სოფელ ათარაარმიანსკაიას სკოლაში გადაიყვანეს. დედ-მამას თითქმის ორი კვირა მოუწიათ ტყვეობაში ყოფნამ... ჩემი ძმა სამხედრო პროკურორის თანაშემწე იყო, გუდაუთაში ტყვეების გასაცვლელად უნდა წასულიყო. დილიდან ემზადებოდა, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარემ შეტევა განახორციელა, ამიტომ ბრძოლაში ჩაბმამ მოუწია და დაიჭრა... მის გვერდით ჩვენი კარის მეზობელი იბრძოდა, რომელიც ასევე მძიმედ დაჭრილა. როცა გამოჰყავდათ, ჩემი ძმისთვის უთხოვია, მე შემეშვით, ცოლ-შვილი მელოდება, უჩემოდ არსად წავლენ და გადამირჩინეო... ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. სანამ ჩემი ძმა სამშვიდობოს გავიდა, ის ადგილიც დაბომბეს, სადაც იმყოფებოდა და თავად დასჭირდა დახმარება... ამის შემდეგ, აფხაზები, თავიანთ მომხრეებთან ერთად, თავისუფლად შევიდნენ ახალდაბაში. ამ დროს დედას შინ ჩემი დაჭრილი ძმაც ჰყავდა, რომელსაც ერთ-ერთი მეზობლის სახლის სარდაფში მალავდა. იქამდე თანამებრძოლებს მიუყვანიათ... აფხაზებს მთელ სოფელში, სხვადასხვა სახლის სარდაფში დამალული ადამიანები სოფლის მოედანზე შეუგროვებიათ და იქიდან წაასხეს ათარაარმიანსკაიას და ათარააფხაზსკაიას სოფლებში.

დედა მიყვებოდა, ჩეჩნები რომ შემოდიოდნენ და დაჭრილს ნახულობდნენ, ზუსტად ჭრილობებში სცემდნენ, - შე ძაღლო, ჩვენ გვებრძოდი, არაო?!. სომხების, "ბაგრამიანის" ბატალიონის წევრებიც შემოსულან, - მჟავა უნდა გადაგასხათ და დაგწვათო!.. სისასტიკით ჩეჩნებსაც კი სჯობდნენ თურმე და უამრავი ადამიანის წამებით დახოცვას აპირებდნენ, მაგრამ აძიუბჟაში მცხოვრები აფხაზი, გვარად პაპასკირი შემოსულა თავის გუნდთან ერთად და დაგვიცვესო. ჩეჩნები და სომხები ქართველების გათავისუფლების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილან. ახლობელი აფხაზი მარტო ვერაფერს გახდებოდა, გაიქცა და სხვებსაც შეატყობინა, რომ პასუხი ერთად გაეცათ, თორემ ისეთი აგრესიულები იყვნენ, ჰაერში გასროლაც კი დასჭირვებიათ გაფრთხილებისთვის... ეს ჩემი ძმის გადარჩენის მესამე შემთხვევა ყოფილა - მანამდე ვის სახლშიც იმალებოდნენ სარდაფში, იქ შეცვივნულან, მაგრამ ოჯახის დიასახლისმა ოქრო მისცა და მოისყიდა... მესამედ უკვე აღარაფერი გვქონდა შერჩენილი, მაგრამ იმ პაპასკირმა მოუსწრო, დედაჩემი უცნია და, - აქ როგორ მოხვდითო?! - უკითხავს... დედამ თქვა, - ახსნის არც დრო მქონდა, არც თავი და ვთხოვე, შვილი გადამირჩინეთო. მან, სხვებთან ერთად, რომელთა გვარის გამხელა არ მინდა, საკუთარ თავზე აიღო მათი გათავისუფლება და დედასთან ერთად მყოფი ტყვეები აფხაზებში გადაცვალეს...

ტყვეებს საშინლად ექცეოდნენ, სცემდნენ, დაჭრილებს უფრო სასტიკად უსწორდებოდნენ. ქალებს აუპატიურებდნენ, რასაც სიმართლე გითხრათ, აფხაზები ეწინააღმდეგებოდნენო. ამიტომ ვამბობ, რომ სომეხსა და ჩრდილოკავკასიელებს ვერ ვაპატიებ... ომის დროს, დედას ვეხმარებოდი დაჭრილების მოვლაში. ერთხელ, დაჭრილ ჩეჩენ ტყვეს სისხლი დასჭირდა და გადაუსხიო, მთხოვა. - არა, იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, მაინც არ შეერგება-მეთქი...

ჩემი ძმა დაჭრილი და ნაცემი გამოიყვანეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის შემდეგ, პეტერბურგში დაბრუნდა, იქ ქართველი გოგონა შეირთო და დღემდე იქ ცხოვრობენ.

qetevan-mchedidze-2-1691494623.jpg

- დანარჩენ ახალდაბელ მოხალისე მებრძოლებს რა ბედი ეწიათ?

- უმეტესობა დაიღუპა, იყვნენ დაჭრილებიც... ერთი ბიჭი ტანკსაც შეუვარდა. ბოლოს ტყვია-წამალი დაუმთავრდათ, თორემ არ დაუთმიათ. საბრძოლო მასალას ითხოვდნენ, - ცოცხალი ძალაც არ გვჭირდება, ჩვენ გავართმევთ თავსო, - მაგრამ ვერავინ დაეხმარა. იქ, მდინარე კოდორის გადაღმა, ესტონელებით დასახლებული სოფელი ესტონკაა; იქიდან 12 ესტონელი შემოსულა, არც ერთის გვარ-სახელი არ ვიცოდით, მაგრამ იმ 5 დღის განმავლობაში, თბილისი-ლესელიძის ტრასას ჩვენთან ერთად ბოლომდე იცავდნენო. გადარჩენილი მებრძოლებისგან ვიცი, ერთი ტანკი გვყავდა და 28 ჭურვი გვქონდა, მათგან 27 მოვახვედრეთ, ერთის გასროლა ვერ მოვასწარით, ტანკი აგვიფეთქესო.

- თბილისი-სოხუმის ბოლო რეისს გაჰყევით, არა?..

- დიახ. ბრძოლები რომ განახლდა, თბილისში რა გამაჩერებდა, დედა და ძმა ტყვედ იყვნენ... სოხუმის თავზე ვიყავით, როდესაც დავინახე, რომ რუსული გემიდან ჭურვი გვესროლეს, თვითმფრინავს ცხვირში მოხვდა და ცეცხლი წაეკიდა. კოდორის ხიდთან მდებარე აძიუბჟადანაც რამდენჯერმე გვესროლეს... მერე დედა მიყვებოდა, იმ ღამეს რაღაცას ზეიმობდნენ, იარაღის ბათქაბუთქმა იქაურობა გააყრუა, ერთმანეთს ულოცავდნენ - ქართველი ბოევიკებით სავსე თვითმფრინავი ჩამოვაგდეთო. ხარიც დაუკლავთ ამის აღსანიშნავად... დედამ, - გული მიგრძნობდა, რომ ჩემი გადარეული შვილიც იმ თვითმფრინავში იქნებოდა, ღრიალი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ის ერთი თუ დამეღუპა, ეს მეორეც არ მომიკლანო... უკვე გათავისუფლებულს, ოჩამჩირეში გაუგია, რომ გადავრჩი...

ერთი სიტყვით, ცეცხლის ალში გახვეული ჩვენი თვითმფრინავის უკანა ნაწილი ჰაერში იყო ჩამოკიდებული, მაგრამ პილოტმა როგორღაც აეროპორტის ბილიკამდე მიაღწია და დავარდა. აფეთქების ძალამ ჰაერში აგვაგდო, ამოგვატრიალა. გონზე რომ მოვედი, ჯერ კიდევ ტრიალებდა, სალონს ცეცხლი ეკიდა და შავი კვამლი იდგა. სადღაც პატარა ცისფერი "ნაგლეჯი" შევნიშნე. მივხვდი, იქ გასასვლელი იყო. როცა თვითმფრინავი გაჩერდა, ადგომა გადავწყვიტე, მაგრამ წელი და ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ხელი რაღაცას წავავლე, ძალა რომ მომეკრიბა. რაღაც მანძილზე ვიხოხე, ღია ადგილამდე მივაღწიე და ასაფრენ ბილიკზე დავეცი. თვითმფრინავი იწვოდა და ვერავინ ეკარებოდა. შოკისგან ტკივილის შეგრძნება დაკარგული მქონდა... ადგილობრივებმა მიპოვეს და მანქანით გულრიფშში წამიყვანეს. გზაში, ვის კალთაშიც თავი მედო, მან თქვა, მოკვდაო. არადა, ყველაფერი მესმოდა. გულრიფშის საავადმყოფოს შესასვლელში ბათქაში ერთ მხარეს ჩამონგრეულო იყო. მელოტი ექიმიც კი მახსოვს, გამსინჯა და თქვა, ამას არაფერი ეშველებაო... დერეფნებში დამატარებდნენ. მძღოლი ექიმს უყვიროდა, რამე უშველეთო!.. მერე აგუძერის საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც დედაჩემის მეგობარი ექთანი ვიცანი, დავუძახე, სახე გამიწმინდა და მეტი არაფერი მახსოვს... ტკივილებისგან ვიტანჯებოდი, მორფინს მიკეთებდნენ, მაგრამ მერე უარი ვთქვი, მეშინოდა, ტყვედ არ ამიყვანონ-მეთქი. იქაურობის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო. შემეშინდა, გათიშული მათ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. მეგობრებმა ხელყუმბარა მომცეს - თუ ვეღარ დავბრუნდით, აბა, შენ იციო... ჰოსპიტალს ბომბავდნენ. დაბომბვა რომ დაიწყებოდა, პაციენტებს ექიმები და მეგობრები პალატებიდან სარდაფში მიგვარბენინებდნენ. მათ ხელში ჩავარდნას სიკვდილი მერჩივნა. ხელყუმბარა, საბედნიეროდ, არ დამჭირდა... მერე ჩემი მეგობარი თემო შენგელია ჩამოვიდა. აეროპორტში გაუგია, რომ მე და კიდევ ერთი ბიჭი, ზურა მაისურაძე გადავრჩით... "წითელი ჯვრის" დახმარებით, უკრაინის სამხედრო გემით უნდა გავეყვანეთ. გარშემო ჯოჯოხეთი ტრიალებდა. გემის კიბეს დარჩენილი ბავშვები, ქალები, მოხუცები მოაწყდნენ. ყველას ვერ დაიტევდა, ბავშვი ადიოდა, დედა რჩებოდა...

ხელები იდაყვებამდე დამწვარი და ხერხემლის ყველა მალა დამსხვრეული მქონდა. ფოთში სამხედრო ექიმმა მითხრა, განგრენაა დაწყებული, ორივე ხელი მოსაჭრელი იქნებაო... ეტყობა, აგუძერის ჰოსპიტალში უამრავი დაჭრილის გამო, ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იყო და ინფექცია წავიდა. ჩემს მეგობრებს გაგონილი ჰქონიათ, რომ ავლაბარში ვიღაც ექიმი ცხოვრობდა, რომელიც დამწვრობის მალამოს აკეთებდა და მასთან წამიყვანეს. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სამხედრო ექიმი ყოფილა. მითხრა, - ისე მოგარჩენ, მოჭრა აღარ დაგჭირდებაო. მართლაც, ნაწიბურიც კი არ დამრჩენია, ისე მიმკურნალა... იმ საბედისწერო გაფრენიდან 14 ადამიანი გადავრჩით... ზოგი უფრო მძიმედ იყო, ერთ-ორს არაფერი სჭირდა.

- ახლობელ აფხაზებთან დღეს თუ გაქვთ ურთიერთობა?

- არა... ჩვენი სახლიც დამწვარია... დედამ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ჩანაწერები გააკეთა, მაგრამ იმდენად მძიმე წასაკითხი იყო, დავწვი... წლების შემდეგ, პეტერბურგიდან, ჩემი რუსი მეგობრები ჩავიდნენ და ჩემს ნასახლარსაც მიაკითხეს. ტიროდნენ, სახლი აღარ არსებობსო...

ჩემი უახლოესი მეგობარი აფხაზი გოგო, რომელთან ერთადაც პეტერბურგში ვსწავლობდი, ერთ ბინაში ვიყავით, სიხარულსა და პრობლემებს ვინაწილებდით, ომის დროს მეორე მხარეს აღმოჩნდა... ლათაში ვერტმფრენი ჩამოვარდა, მასში მჯდარა და დაიწვა... ასეთი რამეების გაგებისას, იმ ადამიანს ვკარგავდი, რომელსაც ომამდე ვიცნობდი, ჩემიანს, ახლობელს, რომელიც მიყვარდა და განვიცდიდი. მინდა მჯეროდეს, რომ ისინიც ასე ფიქრობდნენ.

- ომის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- ძმა პეტერბურგში ცხოვრობს. მე არ წავედი, საქართველო ვერ დავტოვე, სხვაგან ვერ ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი. დღემდე უბინაოდ ვარ... თავად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამხედრო სამსახური დავტოვე. ხელები მიკანკალებს... ძალიან კარგ ხალხთან ძიძად ვმუშაობ... მთავარ ოცნებად ისევ ბინის მიღება მრჩება, რომელიც ნამდვილად მეკუთვნის, მაგრამ იმდენი წელია, რიგში ვარ, არ ვიცი, ოდესმე მივიღებ თუ არა.

ლალი პაპასკირი