"აქ თითოეული მოქალაქე ორიენტირებულია, სხვას დაეხმაროს" - გზაპრესი

"აქ თითოეული მოქალაქე ორიენტირებულია, სხვას დაეხმაროს"

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, გიორგი ნიკოლიშვილის გადაღებულმა ემოციურმა კადრებმა სოციალური ქსელები მოიცვა. ძნელია ამ კადრებს ემოციის გარეშე შეხედო. აღბეჭდილმა ფოტომასალამ უფრო მძაფრად დაგვანახვა რაჭაში, შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის რეალური სურათი. ეს მძიმე კადრები ისტორიას დარჩება და დარწმუნებული ვარ, ამ ფოტოების ნახვა ყოველთვის ცრემლებს მოგვრის ადამიანებს, რადგან მეტყველ კადრებში ადამიანური ტკივილია გადატანილი.

გიორგი ნიკოლიშვილი წლებია, ფოტოკორესპონდენტად მუშაობს. ვინ იცის, რამდენი მოვლენა გაუშუქებია, რამდენ ცხელ წერტილში ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ რაჭაში ნანახი მძიმე რეალობის აღბეჭდვა მისთვის ემოციურად ძალიან მძიმე იყო.

- გიორგი, როგორია თქვენი თვალით დანახული შოვის ტრაგედია?

- რა თქმა უნდა, მძიმე დღეები იყო არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის. ტელეეკრანებიდან და სოცქსელებიდან დანახული ეს უმძიმესი კადრები მართლა ყველამ ნახა. ვნახეთ, ხალხი როგორ განიცდის, მაგრამ დამიჯერეთ, ეს კადრები არაფერია იმასთან შედარებით, რაც საკუთარი თვალით იქ ვნახე. როცა დგახარ და უყურებ უმძიმეს ვითარებას, სულ სხვა შეგრძნება და ემოციაა. მწარე რეალობის წინაშე დგახარ, ყველაფერს საკუთარი თვალით უყურებ და გიწევს აღბეჭდო, გადმოსცე ყველა წვრილმანი, ეს კი არ არის იოლი.

- თქვენმა გადაღებულმა კადრებმა მოიარა სოციალური ქსელები და მედიასაშუალებები. მართლა ძალიან ემოციურია თითოეული კადრი. თქვენ ხომ არ გამოყოფთ რომელიმე მათგანს?

- კადრები მართლაც ემოციურია. ასე ცალსახად გამოყოფა მიჭირს, რადგან თითოეული ფოტო ასახავს იმ საშინელ ტრაგედიას, იმ მწარე რეალობას, რაც შოვში მოხდა. ეს დღეები მართლა არ იყო ადვილი. გვიწევდა ტყეში სიარული და შემოვლითი გზების მოძიება, რადგან მედიის წარმომადგენლებს არ გვქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ამიტომ დავდიოდით ტყით, რომ იქ მიმდინარე მოვლენები აგვესახა. უმძიმესი სურათი ისე უნდა აღბეჭდო, რომ მთელი სიმძაფრე ხალხამდე მიიტანო. რაც შეეხება უშუალოდ ეპიცენტრს, იქ ცოტა ხნით შს სამინისტროს თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლები მანქანებით თვითონ შეგვიყვანეს მას შემდეგ, რაც დამაკავშირებელი ხიდი გააკეთეს. მძიმე იყო ეს ყველაფერი ემოციურად. უშუალოდ გარდაცვლილების ამოყვანის პროცესი არ მინახავს, მაგრამ ვხედავდი მათი ოჯახის წევრების ემოციებს და ასეთ დროს გარშემო მყოფებიც არ არიან უკეთეს დღეში...

366252122-665815552245111-2188415780195187555-n-1691950166.jpg

- თქვენ მიერ გადაღებულ ერთ-ერთ კადრში მამაკაცი მარტო მიდის ტალახში. ითქვა, რომ ის ეძებდა დაკარგულ ძმას. მასთან კომუნიკაცია ხომ არ გქონიათ?

- პირადად მე, როგორც ფოტოგრაფს, არ მქონია კომუნიკაცია, ეს უფრო ჟურნალისტების თემაა. თუმცა იმდენად ემოციური და დაძაბული ფონი იყო, ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებიც შეგნებულად არიდებდნენ თავს იმ ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციას, რომლებიც დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებდნენ. ეს კადრი რომ გადავიღე, მისგან საკმაოდ შორს ვიდექი და მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მერე ითქვა, რომ ის დაკარგულ ძმას ეძებდა.

- როცა რაჭაში მიდიოდით, ელოდით, რომ ასეთი მძიმე სურათი დაგხვდებოდათ?

- დიახ, ვიცოდი, რომ მძიმე ვითარების ასახვა მომიწევდა. ბევრ ცხელ წერტილში ვყოფილვარ, სტიქიებსა და მსგავს სიტუაციებში მიმუშავია... რთულია თქვა, რომელია ყველაზე მძიმე შემთხვევა, რადგან ყველა თავისებურად მძიმეა...

363363070-664987332327933-3986045884350928459-n-1691950154.jpg

- ეს ფოტოები ფაქტობრივად, ჰყვებიან ამბავს... როცა ასეთ კადრებს იღებთ, რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას?

- როდესაც მსგავს საველე პირობებში გვიწევს გადაღება, აუცილებელია აკონტროლო ოთხივე კუთხე. გონებრივად ეპიცენტრისკენ უნდა იყო ორიენტირებული და მუდამ მზად, ის ერთი წამიც რომ არ დაკარგო იმ შთამბეჭდავი კადრის დასაფიქსირებლად, რაც სამუდამოდ ისტორიას დარჩება. ასეთ დროს ყურადღება არ უნდა მოადუნო. ფოტოჟურნალისტიკა ეს მხოლოდ წამია, რომელიც უნდა დააფიქსირო და მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო, გონება გაფანტული არ უნდა გქონდეს.

- როცა მოგვიანებით გადაღებულ კადრებს ათვალიერებ, ალბათ ყოველთვის გახსენდება ამა თუ იმ ადგილას ნანახი ამბები, არა?

- ასეთ დროს მეტად უღრმავდები, უფიქრდები, აანალიზებ და განიცდი მომხდარს. ჩემთვის ძალიან ემოციურია თითოეული კადრი... როდესაც იაზრებ იმას, რა ტრაგედია დატრიალდა, უყურებ თვალცრემლიან ადამიანებს და ამ საშინელებას აფიქსირებ, როგორც ფოტოგრაფი. ძალიან ემოციურია, როდესაც ხედავ, რამდენი ადამიანია ჩართული სამძებრო სამუშაოში და როგორ თავდაუზოგავად შრომობენ. ზოგადად, ყოველთვის ტრაგედიის ამსახველი ფაქტების აღბეჭდვა, დამეთანხმებით, ძალიან რთულია.

365449205-664937068999626-1924197572092457089-n-1691950140.jpg

- იქ ამ დრომდე უამრავი მეხანძრე-მაშველი და ადგილობრივი ცდილობს დაკარგული ადამიანების ცხედრების პოვნას. ნანახი ამბების მოყოლას ხომ ვერ შეძლებთ?

- ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეთა ჯგუფები, მეხანძრე-მაშველები და თითოეული იქ მყოფი ადამიანი, რომელიც ჩართულია სამძებრო და გამწმენდ სამუშაოებში, ცალსახად საამაყო გმირები არიან. თქვენ არ იცით, რა ურთულეს ვითარებაში უწევთ მუშაობა, თუმცა თავგანწირვით, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ როგორმე მიაგნონ დაკარგულ ადამიანებს. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. სამწუხაროდ, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და ეს ემოციურადაც ძალიან მძიმეა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ეს ბიჭები ამ დრომდე, მართლა ყველა ღონეს ხმარობენ, რომ როგორმე თითოეულ დაკარგულს მიაგნონ. დამძიმდა ზოგადი ფსიქოემოციური ფონი, რადგან იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი. გადაღებული კადრები მართლაც უმძიმესია, მაგრამ ეს კადრები კიდევ ვერ ასახავს იმ ემოციურ მდგომარეობას, რაც იქ არის. ვცდილობ, ავსახო ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად. დამეწყრილ ზონაში, პრაქტიკულად, ყველაფერი განადგურებულია, დაახლოებით 4 მეტრია მეწყრის შედეგად დაგროვილი მასა. ახლა უმთავრესი გარდაცვლილი ადამიანების პოვნაა. ყველას უჭირს, უმძიმს, დათრგუნვილია, ემოციების პიკია, მაგრამ მიუხედავად ამხელა მწუხარებისა, სტიქიის ზონაში მყოფი თითოეული მოქალაქე ორიენტირებულია სხვას დაეხმაროს.

თეა ხურცილავა