აგვისტოს ომი - ტკივილი, რომელიც არასდროს მორჩება - გზაპრესი

აგვისტოს ომი - ტკივილი, რომელიც არასდროს მორჩება

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. ფართომასშტაბიან ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, დაიჭრა 1747 ადამიანი. საცხოვრებლის გარეშე დარჩა 150 000-ზე მეტი. დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი, ნაწილი კი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდა და ცხოვრება თავიდან დაიწყო...

2008 წლის ომის შედეგად, ქართული იურისდიქცია დაიკარგა 189 სოფელზე, 125 კი დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

ომის დასრულებიდან ერთ თვეში, რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა.

ყველაფერი დაიწყო ასე - 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის გახსნით უპასუხა.

ომის დღეების გახსენება უმძიმს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავად გამოიარა ის მძიმე დღეები... საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი ქვეყნის სიმბოლოდ დარჩება: მოწინააღმდეგემ ის ცხინვალის ცენტრში დააჩოქა, აწამა, საქართველოს დროშაზე ფეხებით შედგომას აიძულებდა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია... თუმცა, "გამარჯვების ყიჟინით", ვიდეო ინტერნეტში მაინც ატვირთეს.

badri-xucishvili-1691950360.jpg

გიორგის მეუღლე, მაკა ჩიქვილაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ აგვისტოს ომმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა, თუმცა ბედნიერია, რომ გიორგისგან ორი შვილი დარჩა:

- მამა არც ერთს ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ... გიორგი ვაზიანის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. ის 9 აგვისტოს დაიკარგა - მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა ცხინვალის ე.წ. შანხაის რაიონს უტევდა. შემდეგ გავრცელდა ის ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აიძულებენ მიწას აკოცოს... სამშობლოს შეეწირა. ვიცი, სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო.

მაშინ ჩვენი უფროსი ვაჟი, ლევანი ერთი წლის იყო, ანა ომის შემდეგ დაიბადა. ყველაფერი იციან მამაზე. ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს სულ ჩვენთან ერთად არის და თითქოს კი არა, ნამდვილად არის! ამ 15 წლის განმავლობაში ამას სულ ვგრძნობდით. შეიძლება იმიტომ, რომ გამუდმებით მასზე ვსაუბრობთ... აგვისტო კი ყოველთვის განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ტკივილების გაახლების, იარების გახსნის დღეებია.

ერთმანეთი ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ვნახეთ, სოფელში. 6 აგვისტო იყო და მას შემდეგ ჩემთვის დრო არ გასულა. უზომოდ უყვარდა თავისი დაბადების დღე და იმ წელსაც ემზადებოდა, მაგრამ ვერ მოესწრო... 6 აგვისტოს ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და ნაწილში უნდა გამოცხადდესო. დავურეკე: მგონი, ომი დაიწყო და გემუდარები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. თავისებურად ჩაიცინა, - ნუ გეშინიაო... ფეხმძიმედ ვიყავი და მისი წამების კადრებს დიდხანს არ მანახვებდნენ, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა მენახა? პირველი წამებიდანვე ვიცანი გიორგი, მეტის ნახვა ვერ შევძელი...

გოგოზე ოცნებობდა და ამბობდა, როცა გაჩნდება, ყველგან მე უნდა ვატაროო. გული მწყდება, რომ ანა ვერ ნახა... ძალიან მზრუნველი მამა, ქმარი და მეგობარი იყო. ცოცხალი რომ მყოლოდა, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნებოდა.

სერჟანტი, თამარ გელაშვილი მაშინ მე-3 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის სამედიცინო პუნქტში მსახურობდა. ის რუსულ ჭურვებს სასწაულებრივად გადაურჩა:

- გაიცა ბრძანება და შუადღის 3 საათისთვის კოლონა დაიძრა. გვიან საღამოს ჩვენი საარტილერიო ბატალიონი სოფელ დიცთან შეჩერდა. უკვე სროლები ისმოდა. საპასუხოდ, ჩვენებმაც გაისროლეს... მოგვიანებით, ადგილი შეგვაცვლევინეს. როგორც გაირკვა, მტერმა ჩვენი ადგილმდებარეობა დაადგინა და ერთი-ორი ჭურვი ჩამოაგდო, მაგრამ გამოსვლა მოვასწარით. ძალიან შემეშინდა. სიკვდილს თვალებში ვუყურებდით, იქაურობა ზანზარებდა და ნამსხვრევებად იყო ქცეული... შემდეგ ჩვენი ბატალიონიდან ორი ექთანი, ნაღმმტყორცნელთა ასეულთან ერთად ცხინვალისკენ წავედით, მაგრამ მალევე უკან დახევის ბრძანება გაიცა. სიბრაზე ყელში გვიჭერდა და უმწეობის განცდა გვახრჩობდა, როგორ უნდა შერჩენოდა ეს აგრესორს? მაგრამ ჯერჯერობით შერჩა... არსებობს ასეთი გამოთქმა, - არტილერიაში ან ყველა იღუპება, ან არავინ. ანუ ქვემეხებს ისეთი განლაგება აქვს, ახლომახლო ერთი ჭურვის ჩამოვარდნაც საკმარისია, ყველაფერი ჰაერში აიწიოს. ამიტომ უკან დახევა ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იყო... ჩვენს ბრიგადას ძალიან კარგი ბატალიონის მეთაური ჰყავდა, კაპანაძე და მან უკან დახევა ძალიან მობილიზებულად, პანიკის გარეშე განახორციელა. მოგვიანებით, თბილისის ზღვასთან დავბანაკდით და იცით ალბათ ის ამბები, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რუსები თბილისისკენ მოდიანო - ნაწილში, ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, პანიკა დაიწყო - ყველას ერთნაირი ფსიქოლოგია არ აქვს და რამდენიმემ ბატალიონი დატოვა. თავიდან მედდები ლისზე ავედით, მაგრამ შემდეგ ბრიგადის მეთაურის გადაწყვეტილებით, ისევ დაგვაბრუნეს... ის იყო უმძიმესი ხუთი დღე, უმძიმესი შედეგებით, რომელიც ქართველ საზოგადოებას არასდროს დაავიწყდება.

9 აგვისტოს, რუსეთის ავიაციამ გორის ცენტრი და იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. იმ დღეს ვერ გადაურჩა სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაც.

თემურ თანიაშვილი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ჟურნალთან "გზა" საუბრისას იხსენებს, რომ დილის 11-ის ნახევარზე ცაში რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. ვერხვების დასახლებაში სამი ჭურვი ჩამოაგდეს: ერთი სასწრაფოს ოფისთან გასკდა, რა დროსაც ერთი ექთანი დაიღუპა და რამდენიმე თანამშრომელი. მიუხედავად ამისა, ექიმები ქალაქში დარჩნენ და მუშაობა გააგრძელეს:

shindisis-gmirebi-1691950342.jpg

- იმ უბედურებას ჩვენი თანამშრომელი, სასწრაფო დახმარების მძღოლი ამირან მესროფაშვილიც ვერ გადაურჩა... დაბომბვამდე ერთი დღით ადრე, მას სტუმრად ქალიშვილი, მაკა მესროფაშვილი და სიძე, ზვიად რაზმაძე ეწვივნენ. ცოტა ხანში იქაურობა დაბომბვის ხმამ შეაზანზარა. ამირანი ცდილობდა, შვილს ან სიძეს დაკავშირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ... გორში ჩამოსულმა კორპუსთან ჯერ დაღუპული სიძე იპოვა, მოგვიანებით კი შვილს ჰოსპიტალში მიაგნო, რომელიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა... ფოტომ, რომელზეც ასახულია, თუ როგორ დასტირის ზვიად რაზმაძეს ძმა, ზაზა, მსოფლიო მოიარა და რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ იქცა... ამირანს ნუგეშად, მათი შვილი დარჩა. ეს არის ომი, ერთ წამში დასრულებული მშვიდობა, ასობით მომსპარი ადამიანის სიცოცხლე, დანგრეული მომავალი, შენობები. თითქოს ყველანი ერთ დღეში დავბერდით. იმედია, ის ჯოჯოხეთური დღეები აღარასდროს განმეორდება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგრესიის სიმბოლოდ იქცნენ შინდისის გმირები, რომელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მემორიალი გაიხსნება... 15 წლის წინ, ამ დღეს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი სადგურში მდებარე შენობებს აფარებდნენ თავს. რუსული ასეული მათ თითქმის ყველა სახის იარაღიდან ესროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ალყაში მოქცეულმა ქართველმა ჯარისკაცებმა მტერს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწიეს.

შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე... მოგვიანებით, გულის უკმარისობით დაიღუპა იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩენილი, კაპრალი ოთარ კალმახელიძე, რომელიც წლების განმავლობაში ომის დროს მიღებულ ჭრილობებს მკურნალობდა...

შინდისის ბრძოლის ცოცხალ გმირად არის მიჩნეული ადგილობრივი ბადრი ხუციშვილი, იგივე, "ახმეტა", რომელიც ბრძოლის ველზე იპარებოდა და დაჭრილები გამოჰყავდა, საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა, უვლიდა. ომზე საუბარი მისთვისაც მძიმეა...

- დაჭრილებს საბანში ვახვევდით და აქვე არხში გავდიოდით, რომ რუსებს არ დავენახეთ. გარშემო იდგნენ ჯავშანტრანსპორტიორებით. სამსახურის მანქანით გავედით, ღამით, ფარები გამორთული მქონდა, რუსებს რომ არ შეემჩნიათ. დაჭრილები საკუთარი სახლის სარდაფში ჩამყავდა. ერთ-ერთი ჩვენგანი წითელ ჯვარს დაუკავშირდა. იმას ვაკეთებდით, რასაც ექიმები გვკარნახობდნენ. სამწუხაროდ, ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმეს სიცოცხლე გადავარჩინეთ... სოფლისკენ სავალი გზები, სულ რუსის სამხედროებითა და ტექნიკით იყო სავსე... ყოველ ხუთ წუთში შემოდიოდნენ და პატრულირებდნენ.

ჩემი სახლი რკინიგზის ძველი სადგურიდან რამდენიმე მეტრშია. სამსახური მქონდა ისეთი, აქაურობის დატოვება არ შემეძლო. სოფელში, ჩემთან ერთად, 25-მდე მამაკაცი და რამდენიმე ქალი დარჩა. ჩემი სახლის სარდაფს ვაფარებდით თავს...

ახლაც მიკვირს, მაშინ რომ არ დავიხოცეთ შიშისგან, ისეთი ხმები იყო... როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, გარეთ გამოვიხედეთ, იქაურობა ცეცხლის ალში იყო გახვეული. მანქანებს ცეცხლი ეკიდა... გარშემო, ადამიანების სხეულის ნაწილები ეყარა, მაგრამ შიშისა და ნერვიულობის დრო არ იყო, უნდა გვემოქმედა.

იმ ადგილიდან პირველი ჩიტიძე გამოვიყვანეთ. რადგან რუსები მუდმივად პატრულირებდნენ, დანარჩენებთან დაღამებამდე ვერ მივედით, მაგრამ როგორც კი შესაძლებლობა გვქონდა, ვიპარებოდით. ყველანი ჩემი სახლის სარდაფში ჩავიყვანე, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინეთ, შემდეგ კი, რუსებს ეჭვი რომ არ აეღოთ, სხვის სახლებში გადავანაწილეთ... მახსოვს, ჭრილობის ადგილას ქაფურის სპირტს ვასხამდი და ნამსხვრევები "პლოსკოთი" ამომქონდა... ჩვენთან ერთად რამდენიმე ქალიც იყო, მათ შორის, ჩემი მეუღლე, ასევე მეზობელი ჯუნა, რომელმაც ერთი დაჭრილი ჯარისკაცი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იხსნა. როდესაც ვინმეს გმირობაზე საუბრობენ, ის ქალი სხვებზე არანაკლები გმირია. თუმცა, ასეთი საუბრები ჩვენზე გადაჭარბებული მგონია, რადგან ის გავაკეთეთ, რასაც იმ სიტუაციაში ყველა ადამიანი გააკეთებდა.

ჯუნა ბერუაშვილი:

- ომის დროს მეუღლე რეზერვში იყო გამოძახებული. როდესაც ჩვენმა არმიამ უკან დაიხია, ისიც სახლში დაბრუნდა. არც გვიცდია იქაურობის დატოვება. უბრალოდ, შვილები გავგზავნეთ თბილისში, ახლობლებთან... 11 აგვისტოს ღამეს, როდესაც დაჭრილების ჩუმად გამოყვანა დაიწყეს, მეც ვეხმარებოდი. 12 აგვისტოს კიდევ ერთი დაჭრილი ჯარისკაცი, მირზა მალაზონია გამოიყვანეს. ეს ბიჭი ბადრის ეზოში, გულაღმა დავაწვინეთ და ჭრილობების დამუშავება დავიწყეთ. ეტყობა, ჭრილობები თავად გადაიხვია და მას შემდეგ რამდენიმე დღე იყო გასული. სახვევები ისე ჰქონდა მიკრული ჭრილობებზე, ვერ გაარჩევდი, რა ფერი იყო. სისხლიანი ტანსაცმელიც ზედ ჰქონდა შემხმარი. ბადრიმ შემოაჭრა და ნაწილ-ნაწილ მოვაცილეთ სხეულიდან... ამ დროს რუსული ავიამოიერიშე წამოვიდა. ეტყობა, პირველად დაზვერვაზე იყვნენ, მალევე მოტრიალდნენ და ჩვენთან ახლოს, ეზოში მდგარი კაკლის ხის თავზე შეყოვდნენ... ისე დაბლა იყო, რომ პილოტებიც დავინახე და ჩვენკენ დამიზნებული იარაღიც. ძარღვებში სისხლი გამეყინა. მირზამ, დაჭრილმა დაგვიყვირა, - წადით, დამტოვეთ, თქვენ მაინც გაერიდეთ აქაურობასო... სად წავიდოდი, როგორ დავტოვებდი ბიჭს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის იბრძოდა და სისხლისგან იცლებოდა?! მერე როგორ, რა ნამუსით მეცხოვრა?!

მუხლებში იყო დაჭრილი და ვერ გადაადგილდებოდა... ჩვენმა კაცებმაც დამიყვირეს, ხის ქვეშ შეეფარეო, მაგრამ იმ ბიჭს სამხედრო შარვლის ტოტები აკეცილი ჰქონდა სისხლიანი მუხლები უჩანდა და შემეშინდა, მიხვდებიან, რომ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცია და ჩაცხრილავენ-მეთქი... სხვა ვერაფერი მივიფიქრე, - ჩემდა ბედად, განიერი, ჭრელი და ფრიალა კაბა მეცვა და მისი კალთა გადავაფარე. ვიფიქრე, შეიძლება ჩვეულებრივი ადგილობრივი ეგონოთ-მეთქი... არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია, ალბათ ყველა ქალი და დედა ასე მოიქცეოდა... არ მახსოვს, რამდენ ხანს გუგუნებდა ჩვენს თავზე რუსული ავიამოიერიშე. გული მიკანკალებდა. რამდენჯერმე ავხედე ჩვენკენ მომართულ იარაღს, სამხედრომ თავი გამოსწია და კარგად დაგვაკვირდა. როგორც გითხარით, ისე ახლოს იყვნენ, პილოტის სახის გარჩევაც კი შეგვეძლო. არადა, ცუდი მხედველობა მაქვს... შემდეგ გაფრინდნენ... მახსოვს, მირზას დაკარგული ხმა, - რატომ გააკეთე ეს, რატომ გარისკეო?..

შემეშინდა, მაგრამ იმის უფრო შემეშინდა, ეს საცოდავად გადარჩენილი ბიჭი არ მოგვიკლან-მეთქი. ჩემი შვილი გამახსენდა, რომელიც მაშინ 12 წლის იყო, მაგრამ ამ დღეში რომ ჩავარდეს, ვინმემ მის გადასარჩენად არაფერი რომ არ მოიმოქმედოს-მეთქი? - ეს გავიფიქრე... დედობრივმა ინსტინქტმა არ მომცა უფლება გამეწირა... ვერ მივატოვე. არ ვიცი, რუს სამხედროებს მირზა მართლაც აქაური მცხოვრები ეგონათ თუ ადამიანურმა მომენტმა სძლიათ, მაგრამ არ გვესროლეს. შესაძლოა იმიტომ, რომ სამოქალაქოებისთვის სროლის ბრძანება არ ჰქონდათ.

მირზა მალაზონია, სენაკის II ქვეითი სამხედრო ბრიგადის სერჟანტი:

- ჯარისკაცი ვალდებული ხარ, შენი ქვეყნისთვის იბრძოლო... როდესაც გამოსვლის ბრძანება მივიღეთ და წამოვედით, სოფელ შინდისთან ჩასაფრებაში მოვყევით. მანქანაში ჩვენი კაპელანი მამა იოსები მეჯდა. სადგურთან, ლიანდაგზე ამომავალი რუსული ჯავშანტექნიკა შევნიშნე. მანქანა გავაჩერე და მე და მოძღვარმა მათი მიმართულებით ცეცხლი გავხსენით, მათ კი საპასუხოდ ზედიზედ სამი ჭურვი გვესროლეს... ერთი ჩემსა და მოძღვარს შორის ჩამოვარდა, ერთიც მანქანას მოხვდა, რომლისკენაც მივდიოდი... მე ხელებსა და ფეხში დავიჭერი. მამა იოსები მსუბუქად დაიჭრა, ფეხში. აფეთქების შედეგად, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, მე წნევამ სადღაც მომისროლა. მოძღვარს ეგონა, მანქანასთან ერთად ავფეთქდი. თავადაც დაჭრილი იყო და ერთ-ერთი ქართველი ოფიცრის დახმარებით იქიდან გააღწია. მერე ყველაფერი აირია. იქაურობას როგორღაც გავეცალე და სამი დღე და ღამე გზის გადაღმა, ჯაგებს ვაფარებდი თავს... იმ ომამდე საკმაოდ კარგი მომზადება მქონდა გავლილი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, ერაყშიც ვიყავი და იქ მიღებული გამოცდილება დამეხმარა, - ჭრილობები ჩემით დავიმუშავე, რადგან ვიცოდი, სისხლდენის გამო კიდურების დამბლის განვითარების საფრთხე არსებობდა... ცოტა წყალიც მქონდა, - საჭმელი, რა თქმა უნდა, არაფერი... მეორე დილას, სანამ გავითიშებოდი, მეგობართან მოვასწარი დარეკვა და ავუხსენი, სადაც ვიყავი და რაც მოხდა. ძლიერი ფიზიკური მომზადების მიუხედავად, სისხლდენამ და უჭმელობამ თავისი გაიტანა, გონება დავკარგე. სავარაუდოდ, მესამე დღეს მოვედი გონს და მივხვდი, თუ რამეს არ მოვიფიქრებდი, ისე მოვკვდებოდი, კაციშვილი ვერ მიპოვიდა.

ძალა მოვიკრიბე და ხოხვით წამოვედი. ტყეში სიკვდილს ყველაფერი მერჩივნა. ვიფიქრე, იქნებ ვინმე ჩვენიანმა მნახოს-მეთქი. ლიანდაგებს წვალებით გადავაღწიე და იქვე მდგარ, ნახევრად დანგრეულ შენობას შევაფარე თავი... არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიყავი იქ, მაგრამ ვგრძნობდი, ძალა მელეოდა. საბედნიეროდ, მალევე შევნიშნე ერთი ადგილობრივი, ბადრი ხუციშვილი, რომელსაც ყველა ახმეტათი იცნობს. ჩემ შესახებ იცოდა ჩემი მეგობრისგან. ასე აღმოვჩნდი იმ მადლიან ადამიანებთან, რომელთა დახმარებითაც სიკვდილს მეორედაც გადავურჩი... ყველა მათგანთან ვმეგობრობ. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი ადამიანები არიან. იმ ქალბატონმა, ფაქტობრივად, გმირობა ჩაიდინა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადამარჩინა.

ლალი პაპასკირი