"...ხომ არაფერს აშავებენ - მაინც დანაშაულია!" - გზაპრესი

"...ხომ არაფერს აშავებენ - მაინც დანაშაულია!"

რა გზა გაიარეს შოვში მეწყრის ჩამოწოლისას ტყეს შეფარებულმა დამსვენებლებმა, რა მოხდა რეალურად და შეიძლებოდა თუ არა ამ განსაცდელის თავიდან აცილება? - თვითმხილველების მიერ აღწერილი ჯოჯოხეთი და ბუნების გამაფრთხილებელი მაგალითები, რომლებიც "გამოგვრჩა".

რესპონდენტმა ვინაობის გამხელა არ ისურვა და აღნიშნა, რომ ეს არც არის საჭირო - რადგან ამ ტრაგედიაში ყველას სათქმელი ერთია.

- ტრაგედიის დღეს გადავწყვიტეთ მდინარის პირას ოჯახური გასვლა მოგვეწყო და ბუნებაში გვევახშმა. მე იმ ადგილას მინდოდა დარჩენა, სადაც სტიქიამ ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჩემი შვილის დაჟინებით კი მდინარეს ავუყევით, გავიარეთ რკინის, იოდის, კალცის წყლები და დაბანაკება ტყის ზედა ნაწილში, მდინარე ჭანჭახის ნაპირას გადავწყვიტეთ. ზოგადად, შოვში ძალიან ახლო ტერიტორიებზეა მდინარეები და შესაბამისად, არის ბევრი ხიდი. მდინარე ჭანჭახი, სხვა მდინარეებთან შედარებით, სწრაფად მოედინება. თუმცა, ის სხვა, ერთი შეხედვით მშვიდ მდინარეებზე ბევრად უსაფრთხოა. შოვში ყოველ წვიმას მდინარის ადიდების შიში ახლავს, რადგან ეს მშვიდი მდინარეები ადიდებისას უზარმაზარ ნაკადად იქცევა ხოლმე. აქამდეც ყოფილა მეწყრის შედეგად კოტეჯების წალეკვის შემთხვევები. ამის შემდეგ მდინარის ჯებირიც გაამაგრეს, მაგრამ ეს ჯებირი მის დინებას ვერანაირად ვერ შეაჩერებდა...

მეუღლემ კოცონისთვის ფიჩხის შეგროვება დაიწყო, ჩვენ მოგვშორდა. მე ბავშვებთან ერთად მდინარის ნაპირზე დავრჩი. მოულოდნელად, შემზარავი გუგუნის ხმა გავიგონეთ. დაახლოებით ორ წუთში ქმარმა შეშფოთებული ხმით დამირეკა, მდინარე ადიდდა და ხიდები, გზა წაიღოო. დამარიგა, რომელი მიმართულებით წავსულიყავით. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ტყეში, შემაღლებული ადგილისკენ გადავადგილებულიყავით. ჩვენ გარდა იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო, სიტუაცია პანიკური გახლდათ, რადგან არ ვიცოდით, რომელი მხრიდან გველოდებოდა საშიშროება.

- იმ ადგილიდან გამოსვლის გზა არ ჩანდა?

- ვერტმფრენის გარდა ვერაფრით გადმოვიდოდით. როცა მაშველები მოვიდნენ, გვითხრეს, წყალი კვლავ გროვდება და თუ ახლავე არ გაგიყვანეთ, შესაძლოა, იგივე კვლავ განმეორდესო. ამ საუბრებში, ინფორმაციის მოძიებასა და ჩანიშვნის პროცესში დაღამდა კიდეც. ფრენები შეწყდა და ტყეში დავრჩით. გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ იყო სტიქია კვლავ დაგვტყდომოდა თავს. ყველა ერთად შევიკრიბეთ, ერთმანეთთან ახლოს კოცონები ავანთეთ.

- მხოლოდ ქართველები იყავით?

- ორი უცხოელების ოჯახი იყო, ჩეხეთიდან და დანიიდან. ჩეხეთიდან საკუთარი მანქანით იყვნენ ჩამოსული. კარავი გვათხოვეს. გვეუბნებოდნენ, მარაგი ბევრი გვაქვს და არ შეგეშინდეთ, ყველას გვეყოფაო. ვაზიარებდით სურსათს, კარვებს, ნივთებს. ოდნავ ხმაურზეც პანიკა იწყებოდა. ძრავის ხმაზეც კი ყველა ფრთხებოდა. მოგვიანებით გაწვიმდა, დაიწყო ჭექა-ქუხილი, ძალიან შეგვეშინდა. მალე ტელეფონის საშუალებით შევიტყვეთ, რომ დრონების ინფორმაციით, იმ ეტაპზე მეწყრის განმეორების საფრთხე აღარ იყო და ცოტა დავმშვიდდით. როგორც კი გათენდა, ვერტმფრენებით ონში გადაგვიყვანეს. 15 ადამიანი გადაჰყავდათ თითო რეისით. 8-9 ასეთი რეისი შესრულდა. ონში მისულებს ხალხი გვეხვეოდა, გვაჩვენებდნენ ახლობლების ფოტოებს, ელოდებოდნენ თუნდაც ერთ სანუგეშო სიტყვას. ადგილობრივებმა წაგვიყვანეს სახლებში, დაგვაპურეს, დაგვამშვიდეს, სული ცოტა მოგვათქმევინეს. გავიგეთ, რომ ჩვენი სასტუმრო მეწყერს გადაურჩა. ნივთები ადგილზე გვქონდა და პოლიციას ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ. გადაგვიყვანეს მანქანებით, ჩავედით შოვში. ჩემ თვალწინ გამოჰყავდათ ცხედრები. დავინახეთ ქალის ცხედარი, რომელსაც სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული... ეს იყო ჯოჯოხეთი. დავაპირეთ სასტუმროში ღამის გათენება, მაგრამ წყალი არ იყო, მალე ელექტროენერგიაც გაითიშებოდა. ზოგადად, ხშირად ირთვებოდა ხოლმე ელექტროენერგია, თითქმის ყოველი წვიმის დროს და აღარ გავრისკეთ დარჩენა. მანქანა ტყეში დარჩა და ჩვენ რაჭა დავტოვეთ.

- ამბობთ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ხმა ისმოდა. კოტეჯებში ვერ გაიგებდნენ ამ ხმას? ან გარეთ მყოფები არ გააფრთხილებდნენ მათ, ვინც შინ იყო?

- ხმა რამდენიმე წუთით მართლაც ისმოდა, მაგრამ კოტეჯები რომც დაეტოვებინათ, ვერსად წავიდოდნენ, გაქცევას ვერაფრით მოასწრებდნენ. მეწყერი ორ ტოტად გაიშალა და კოტეჯები შუაში, ერთგვარ ალყაში მოექცა. როცა ხმაური ისმოდა, ვერ ვიგებდით, კონკრეტულად საიდან მოდიოდა ხმა. მერე კვლავ გამოჩნდა უზარმაზარი ტალღა და წამებში დაეშვა კოტეჯების მიმართულებით. ამ ტერიტორიაზე მინერალური წყლებია და ხალხი სულ არის. სასტუმროსთან პატარა ბაღიცაა, რომელიც სულ ბავშვებითა და ახალგაზრდებითაა სავსე. ამ ადგილიდან უფრო მოასწრეს გაქცევა ზედა მხარეს. მეწყერი ტალღებად მოდიოდა. რამდენიმემეტრიანი ტალღა რამდენჯერმე ჩამოწვა. გუგუნის ხმა კარგა ხანს ისმოდა, მერე ბუღმა, მტვერმა მოიცვა ყველაფერი. ჰაერში არაფერი ჩანდა.

- ღვარცოფის მიზეზებსა და წარმოშობაზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ადგილზე რას ამბობდნენ?

- ამბობდნენ, რომ თავად მყინვარის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც გზადაგზა მდინარის დაგუბება და ადიდება გამოიწვია. მდინარე ბუბა, რომელიც იმდენად მეჩხერია, რუკაზე არც კი ჩანს, სწორედ აქედან იღებს სათავეს, შემდეგ უერთდება მდინარე ჭანჭახს, რომელიც ადიდდა. წინა საღამოს ძლიერი წვიმა 15 წუთი გაგრძელდა. მსუბუქად კი წვიმდა ღამის მანძილზე. იმ ღამეს არც ელექტროენერგია გვქონდა. ადგილობრივებს წვიმის ძალიან ეშინიათ. აღმოჩნდა, რომ წარსულში კოტეჯებიც არაერთხელ წაუღია მეწყერს. ბუნებრივია, ამ მასშტაბის სტიქია არა, მაგრამ ერთეული შემთხვევები აქამდეც ყოფილა.

- აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო, სტიქიას გადარჩენილები ტყეში ეპოვათ. შესაძლებელია, რომ თქვენ გარდა, ვინც ვერტმფრენებმა გაგიყვანათ, ტყეში ვინმე დარჩენილიყო?

- გამორიცხულია. ტყეში ვინმე რომ ყოფილიყო, ჩვენთან ერთად იქნებოდა.

- დამსვენებლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, მეტი იყო?

- დიახ, დამსვენებელთა რაოდენობა მართლაც დიდი იყო და თუ გადარჩენა ჰქვია, გადავრჩით, რომ ეს უბედურება ღამით არ მოხდა. მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.

მარიტა გუტაშვილი ახლა სტიქიის ზონაში დაკარგულ ოჯახის ცხრა წევრს ეძებს. ეს სოციალურ ქსელში მის მიერ ორი წლის წინ გაზიარებული პოსტია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"...ვისაც გიყვართ რაჭა, გული შეგტკივათ შოვზე, მინდა ყველას გაგაგებინოთ როგორი დილა გაგვითენდა აქ. უკვე მერამდენე წელია საკუთარი ძალებით, საკუთარი ხელებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ის სამოთხე, რაც აქ გვაქვს. შევინარჩუნოთ მხოლოდ ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის. რამდენიმე წლის წინ უხვი ნალექის გამო კურორტ შოვში მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად დაზიანდა კურორტის მთავარი გზა, მდინარემ კალაპოტი გაარღვია. მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო (შედარებით უფრო მსუბუქი - მალე ვუშველეთ ჩვენივე ძალებით). მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ ონის რაიონულმა გამგეობამ ძალიან კარგად იცოდა არსებული მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა. მადლობა დიდი! ჩვენი ხელით, გელა გუტაშვილის სპეცტექნიკით გავამაგრეთ მდინარის კალაპოტი და მთლიანად გადავარჩინეთ წალეკვას შოვი. ნორმალურად შეფასებული მდგომარეობის ფონზე უნდა გაეკეთებინათ მობრძანებულ "ექსპერტებს" ჯებირები, გაემაგრებინათ კალაპოტი, მაგრამ არავინ შეწუხებულა არსებული პრობლემით. გავიდა რამდენიმე წელი... ჩვენ ისევ აქ ვართ... დღესაც იგივე ხდება, რაც მაშინ, უარესიც. მიწასთან გასწორდა მთელი კურორტი, ცარიელი ხელებით ვეღარ ვშველით. ვიცი ყველას თავის გასაჭირი აქვს და მთლიანად რაჭისთვის გათენდა ის დილა, რისიც გვეშინოდა... მაგრამ... სანამ მთელ რაჭას არ წაიღებს, მოდი, მდინარეს ჯებირები არ გავუკეთოთ და ჰესები ვაშენოთ... მარტო შოვი არა, ასეთ დღეშია გონა, ღები, ჭიორა, გლოლა, უწერა... ასეთ დღეშია ნაკიეთი და ალბათ, კიდევ ბევრი ადგილი, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცი... მოგვაქციეთ ცოტა მეტი ყურადღება... არაა საჭირო ჰესების აშენება, ისედაც "ვიხრჩობით". გვეყოფა მზიანი ამინდის ყურება, სიძნელესთან გამკლავებას ერთად შევძლებთ, თუ არ დაიმალებით. გვეყოფა ზღაპრების მოყოლა, კეთილი დასასრული მაინც არც ერთს არ აქვს და ნუ ვიწვალებთ შეთხზვით თავს... მარტო საკუთარი სახლებისთვის საძირკვლის გამაგრება არ კმარა... წყლიან საძირკველში ისევ ჩადგება წყალი... ადვილად მისახვედრი ამბავია. 2020 წ".

363846115-165479893223407-8710657977814326377-n-1691994263.jpg

გეოგრაფ ლევან ტიელიძის თქმით, შოვის სტიქია მყინვარ თბილისას მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მყინვარი მნიშვნელოვნად შემცირდა 2010-2012 წლებში. 2000-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 23%-ით შემცირდა. განსაკუთრებით მაღალი დნობა ფიქსირდება 2014 წლიდან. ფართობის შემცირების პარალელურად მცირდება კავკასიონის მყინვარების სისქე, მასა და მოცულობა. საერთო ჯამში, 2000-2019 წლებში კავკასიონის მყინვარების მასა 13 კუბური კილომეტრით შემცირდა, რაც დაახლოებით 11 მილიარდი ტონა წყლის ეკვივალენტია.

სოციალური ქსელის მომხმარებელი იხსენებს 1987 წლის აგვისტოს, როცა შოვში, მისი თქმით, იგივე მოხდა, რაც 3 აგვისტოს: "მაშინაც აგვისტო იყო, მყინვარის დნობის შედეგად ადიდდა სწორედ ეს მდინარე და სწორედ ონის ეს ხიდი წაიღო, მოსპო და გაანადგურა ყველაფერი, რაც წყალსა და მეწყერს წინ გადაეღობა." შოვში ჩავიკეტეთ. სანატორიუმში არ იყო დენი, გვიზოგავდნენ საკვებს, არ გვქონდა ტელეფონი (მობილური კავშირი არ არსებობდა). კურორტზე იყო პანიკა, ქოთქოთი. მაშინაც ვერტმფრენებს ველოდით, ყველა ერთად ვიყავით და ადგილობრივები გვამხნევებდნენ, - რაია ბოშო, პაწა გაიჭირვეთ და გოუძელით, ჩვენ სულ ამფერ დღეში ვართო. "იმ ჩაკეტილ შოვში მოწვდილი ლობიანის გემოც მახსოვს და ასანთის ბოლო ღერის სიმწარეც... მახსოვს როგორ გადმოგვიყვანეს ვერტმფრენით, სხვა დეტალებს არ გავიხსენებ... უბრალოდ გეტყვით, რომ მიუხედავად სტიქიის მასშტაბისა, არ ყოფილა მსხვერპლი; მსხვერპლი არ იყო იმიტომ, რომ მდინარის კალაპოტში არც კოტეჯებს აშენებდნენ, არც სასტუმროებსა და რესტორნებს, არც ხეტყეს ანადგურებდნენ ამ რაოდენობით; ზუსტად ვიცი, ეს დღე განმეორდება დარიალის ხეობაში, ბახმაროში, გომისმთაზე - ყველგან, სადაც ადამიანთა გაუმაძღრობასა და სიხარბეს ზღვარი აღარ აქვს..."

შოვის სტიქიის მიზეზად უწყება რამდენიმე მიზეზს ასახელებს: "მდ. ბუბასწყლის ხეობაში მყინვარების, ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში". განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით და მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც აღნიშნული შედეგი გამოიწვია.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ბოიჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნაგებობები არ იდგა შესაბამის ადგილებში. ახალი ნაგებობები, კოტეჯებიც უშუალოდ მდინარის კალაპოტში იყო განთავსებული: "შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ არის კალაპოტი, რადგან იქ წყალი არ მოდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ათი წლის მერე უცებ არ მორეცხავს წყალი იმ ადგილს".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი მეგრელიძის თქმით, პროცესების წინასწარ შეფასება შესაძლებელი იყო, თუმცა პროგნოზირება, ფაქტობრივად, გამორიცხული.

ლევან ტიელიძე კი თავის ერთ-ერთ მიმართვაში წერს: "ის თუ გვახსოვს, რომ "ბუნება მბრძანებელია", მაშინ ისიც უნდა შევიგნოთ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგები მეტად უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული. განსაკუთრებით ეს ეხება გეოგრაფიას, გეოლოგიას და გეოფიზიკას... ქვეყანა ვერასდროს იქნება განვითარებული, თუ მასში მეცნიერება არაა განვითარებული".

შორენა ლაბაძე