"ჩემი პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ყურში ჩამესმის, - ღმერთო, არ მინდა სიკვდილიო..." - გზაპრესი

"ჩემი პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ყურში ჩამესმის, - ღმერთო, არ მინდა სიკვდილიო..."

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ალბათ ვერასოდეს დაივიწყებენ ის ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს მართლა ჩახედეს თვალებში და სასწაულებრივად გადარჩნენ. თითოეული მათგანის მოთხრობილი ამბავი სულისშემძვრელია. უსმენ ამ ადამიანებს და ყელში ბურთი გეჩხირება; ხვდები, რა უმძიმესი გზა გამოიარეს. ჯელაძეების ოჯახი მთელმა ქვეყანამ გაიცნო. მეწყერს გადარჩენილმა დავით ჯელაძემ არაერთ არხზე ისაუბრა, თუ როგორ გადაარჩინა სასწაულებრივად თავისი დისშვილი - 6 წლის მაშო გალუაშვილი, როგორ გაიყვანა ის სამშვიდობოს ბევრი ბრძოლის შემდეგ და მერე როგორ იპოვა თავისი დაკარგული ოჯახი... თავდაპირველად საზოგადოებამ დავითი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი გაიცნო, ამ ამაღელვებელმა კადრმა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოჰყავს მეწყრიდან მცირეწლოვანი დისშვილი, 3 წლის დათუჩა ზურგით, ყველა მედიასაშუალება მოიარა - იმ პერიოდში მას მაშო უკვე გამოყვანილი ჰყავდა...

კიდევ ერთი მრავლისმეტყველი, მძიმე კადრი გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც ტალახში მოსვრილი გოგონა ხელგაშლილი დგას და ისიც დათო ჯელაძის დისშვილია, 11 წლის ტასი ქიმერიძე. ოჯახის წევრებმა დიდი ძალისხმევის შედეგად დააღწიეს თავი მოვარდნილ მეწყერს და უფროსები კლინიკაშიც მოხვდნენ - მათ ძირითადად ფეხები აქვთ დაზიანებული და სათანადო მკურნალობა დასჭირდათ. ჩვენ დათოს დას, ლანა ჯელაძეს დავუკავშირდით, რომელიც კლინიკიდან უკვე გამოწერეს.

dato-jeladze-da-dati-1691994452.jpg

- 3 აგვისტოს მთელი ოჯახი წავედით შოვის დასათვალიერებლად. სულ ათნი ვიყავით: მე, ჩემი დები, ძმა, დედაჩემი, ჩემი დისშვილები და სიძე. წავედით 2 მანქანით. შოვში რომ ავედით, იმ ადგილას გავჩერდით, სადაც წელს ფესტივალი ჩატარდა. ფოტოები გადავიღეთ, ვითამაშეთ, ვიცეკვეთ და სადღაც 2 საათში გამოვბრუნდით სახლისკენ, გვინდოდა სხვა ადგილებიც დაგვეთვალიერებინა. მინერალური წყლის თავზე ხიდი იყო და მასზე რომ შევედით მანქანებით, სწორედ იქიდან იწყება ჩვენი ბრძოლა გადარჩენისთვის. მე ჩემი სიძის, ნოდოს მანქანაში ვიყავი. მან დაიყვირა, უკან გაიხედეთ, რა ამბავი ხდებაო. საშინელება დავინახეთ: მოდის ნიაღვარი, მოდის მთელი მთა და მოაქვს ყველაფერი, ხეები, უზარმაზარი ლოდები. ფიქრის დრო არ იყო, მანქანიდან გადმოვედით. უკან ჩემი ძმა მოდიოდა ასევე ავტომობილით. ისინიც ყვირილით მივახვედრეთ, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და გადმოვიდნენ მანქანიდან. ვდგავართ ხიდზე, სასოწარკვეთილები. არის საშინელი პანიკა, წინ ყველაფერი წაღებულია, უკნიდან კი სასწაული შავი ფერის დამანგრეველი ტალღები მოდის, შემაძრწუნებელი ხმით. 112-ში დავრეკე და შველა ვითხოვე. ვყვიროდი, რომ დაგვხმარებოდნენ. ხიდზე ვიდექით მთელი ჩემი ოჯახი და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ამასობაში ხიდიც ამოძრავდა. ირგვლივ ხეები მოგლიჯა ნიაღვარმა და ჩვენ თვალწინ წაიღო. ამ ხიდსაც უზარმაზარი ტალღა ეჯახებოდა და მივხვდით, რომ დიდი საფრთხე გველოდა, იძულებული გავხდით ხიდს გავცლოდით. მიწის დიდი მასა მოდიოდა, საშინელი ხმა ჰქონდა. გადავწყვიტეთ, საიდანაც წამოვედით, ისევ იქით წავსულიყავით. ამასობაში უკანა გზაც ჩაგვიკეტა, ჩავიდა მინერალურ წყალშიც და ის ადგილი, სადაც რამდენიმე წუთის წინ ვიყავით, საერთოდ გაქრა, მიწამ გადაფარა ყველაფერი. წასასვლელი არსად იყო, უნდა შევვარდნილიყავით მეწყერში. მერე ვიბრძოლეთ გადარჩენისთვის! საშინელი პანიკა იყო. ჩემი პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ყურში ჩამესმის. ღმერთო, არ მინდა სიკვდილიო, - ყვიროდა ბავშვი. მივიწევით წინ ამ მოძრავ მეწყერში, მაგრამ ვერც მივდივართ და არც ვიცით, საით უნდა წავიდეთ. გამოსავალი არ ჩანდა, მაგრამ მაინც ინსტინქტურად მივიწევით წინ. ამ დროს დაიგრიალა ისევ ტალღამ და დაგვარტყა. სწორედ ამ დროს დაგვშორდა ჩემი ძმა დათო და ერთ-ერთი დისშვილი, რომელიც მას ჰყავდა ჩახუტებული. საშინელი სანახავი იყო, როგორ მიჰქონდა ნიაღვარს ისინი. სიმწრისგან ვბღაოდით ბოლო ხმაზე, მეტი არაფერი შეგვეძლო. დაჯახებულმა ტალღამ ჩვენც შორს მოგვისროლა, მაგრამ დანარჩენი ოჯახის წევრები მაინც არ დავიფანტეთ. სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რა ძალა მოგვეცა, რომ გადავიარეთ ეს შავი მასა და ისეთ ადგილას გავჩერდით, რომელიც შედარებით არ მოძრაობდა. თუმცა წელამდე კი ვეფლობოდით ამ ჭაობში. ამის შემდეგ დაიწყო გაუსაძლისი და ყველაზე ხანგრძლივი 4 საათი. გასაქცევი არსად იყო, ცუდად გავხდით, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, უნდა ვდგარიყავით. ბავშვები ტიროდნენ, ჩემს დას გული მისდიოდა და ძლივს ვასულიერებდით. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა. ეს მართლა ჯოჯოხეთური სიტუაცია იყო. ვფიქრობდით დაკარგულ ძმასა და დისშვილზე, რომლებიც ჰორიზონტზე არ ჩანდნენ. მართლა არ ვიცი, რა დრო გავიდა ამასობაში. სიკვდილს თვალებში ვუყურებდით, აღმოვჩნდით შუა მეწყერში და არ ვიცოდით, ვინმე შეძლებდა თუ არა ჩვენს შველას ან როდემდე უნდა დავრჩენილიყავით იქ, ამ დროს მირეკავს ტელეფონი და მეუბნებიან, რომ დათო, ჩემი ძმა და მაშო - დისშვილი სამშვიდობოს არიანო. ეს ამბავი რომ გავიგეთ, ყველანი ვტიროდით სიხარულისგან. ეს იყო საოცარი სიხარულის გრძნობა, საოცარი ემოცია. ცოტა ამოვისუნთქეთ, რადგან ისინი უკვე ცოცხლები გვეგულებოდნენ, მაგრამ იქ თურმე ჩემი ძმა ვერ გააჩერეს. სტიქიასთან ნაბრძოლი ჩვენკენ წამოვიდა. მართლა არ ვიცი, რა ძალამ მოიყვანა ჩვენამდე. ხოხვით მოდიოდა 2 საათის განმავლობაში, რომ რომელიმე პატარა უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. როგორც იქნა, მოაღწია ჩვენამდე, აიყვანა ბავშვი, მაგრამ უკან წასვლა ვეღარ შეძლო, ძალიან დაიღალა. მაშო გადაარჩინა და უკან მობრუნებულმა დათუჩა მოისვა ზურგზე, მაგრამ ვეღარ შეძლო სიარული, მიწაში ეფლობოდა... შემდეგ მთაზე დავინახეთ ბიჭები, რომლებიც ხელს გვიქნევდნენ. გვეგონა, ეს ადამიანებიც ჩვენს მსგავსად, გადარჩენილები იყვნენ, რომლებმაც მოასწრეს და ტყეში შესვლა შეძლეს. თურმე გლოლელი ბიჭები ყოფილან, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ. ამ შეუპოვარმა, კეთილმა და მამაცმა ადამიანებმა როგორღაც მოაღწიეს ჩვენამდე, დანგრეული სახლის ფიცრებით ბილიკები გაგვიკეთეს და სამშვიდობოს გაგვიყვანეს, მერე მაშველებიც შემოგვეგებნენ, შემდეგ თვითმფრინავით გადაგვიყვანეს კლინიკაში. უფლის წყალობით, ბავშვები კარგად არიან. დედას და დიდებსაც ფეხები გვტკივა, დაზიანებები გვაქვს და ექიმები გვიწევენ სათანადო დახმარებას... ემოციურად ძალიან მძიმედ ვართ... მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოვუცხადო. წარმოუდგენელი ტკივილია, ამ ფაქტს ვერასდროს დავივიწყებთ...

თეა ხურცილავა