"მთელი ცხოვრება გამყვება მათი ამაგი, ლამის გული ამოიღეს და მოგვცეს" - გზაპრესი

"მთელი ცხოვრება გამყვება მათი ამაგი, ლამის გული ამოიღეს და მოგვცეს"

სტიქიას გადარჩენილთა შორის მარიამ ბერიანიძეცაა მეუღლესთან, შოთა ჯაბაურთან და 4 წლის შვილთან, კოტიკოსთან ერთად. დასასვენებლად წასულებს ასეთი განსაცდელი თუ დაატყდებოდათ, როგორ წარმოიდგენდნენ...… მოგვიანებით მარიამმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთია იმ 16 ადამიანიდან, ვინც მეწყერში მოყვა და გადარჩა: „გადავრჩით მთელი ოჯახი - მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი. მინდა მადლობა გავუხადო რაჭველ უმაგრეს ბიჭებს. ვიცი მხოლოდ ერთის სახელი - ლაშა, რომელიც ჰალკივით დაკუნთულია და ჩვენთვის იმედის ნაპერწკალი იყო. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში. უცებ, ვხედავთ, ამ ლაშას და კიდევ მათ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც შოვის ტყიდან გადმოვიდნენ და დანგრეული კოტეჯების ფიცრებით ბილიკი გაგვიკეთეს. სიხარულისგან ვბღაოდით. ერთ-ერთმა ჩემი შვილი მთელი გზა ხელით ატარა. არ ვიცი, აქ ხართ თუ არა ბიჭებო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ხართ. მადლობა უდიდესი, უღრმესი. თქვენი ამაგი მთელი სიცოცხლე გაგვყვება“.

მარიამს ვთხოვეთ, მომხდარის შესახებ მოეყოლა.

- პირველ აგვისტოს წავედით შოვში, სასტუმროში „სანსეტ შოვი“. 3 აგვისტოს, შუადღეს, სასტუმროდან დაახლოებით 200-300 მეტრში გავედით ტყეში. მწვადის შესაწვავად ფიჩხის შეგროვება დავიწყეთ და ამ დროს საშინელი ხმა გავიგონეთ. თავიდან ვიფიქრეთ, ვერტმფრენი ვარდებოდა, ძალიან ახლოდან ისმოდა ეს ხმა. უცებ ჩემმა ქმარმა დაინახა, რომ რამდენიმე ხე წაიქცა, ბავშვი ხელში აიყვანა და სამივე გავიქეცით. რაღაც ღობეზე გადავძვერით და ჩავედით კალცის ხიდზე. ალბათ სწორედ ამან გადაგვარჩინა, რადგან ღვარცოფის პირველი, ყველაზე ძლიერი ტალღა აგვცდა. ვიფიქრეთ, მეორე ტალღას ხიდი ვეღარ გაუძლებდა და ადგილი შევიცვალეთ. მართლებიც აღმოვჩნდით, მეორე ტალღამ ხიდიც წაიღო, იქაურობა მიწასთან გაასწორა და ზედ გადაგვიარა. ახლაც არ ვიცი, იმ ტალახიდან როგორ ამოვედით. ძალიან ვჩქარობდით, მაგრამ ტალღებს შორის შუალედი ალბათ წამები იყო. მეორე ტალღამ რომ წაგვიღო, მივხვდით, უნდა მოგვესწრო და სასწრაფოდ იმ ადგილსაც გავცლოდით, შემაღლებული ადგილისკენ დავიწყეთ ხოხვა. ფეხები სულ დასერილი გვაქვს ყველას, ვინც იქ ვიყავით. კიდევ ერთი ტალღაც რომ წამოსულიყო ჩვენ მხარეს, ალბათ ვერავინ გადავრჩებოდით. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა...

364815524-308913411594524-7037361701661735746-n-copy-1691994576.jpg

- როგორც ჩანს, თქვენთან ერთად კიდევ ბევრი ადამიანი იყო.

- კალცის ხიდზე კიდევ 2 ოჯახს შევხვდით, 16 ადამიანი ვიყავით სულ. გავიჭედეთ ერთ ადგილას და ვეღარსად მივდიოდით - ვერც წინ, ვერც უკან. სადაც უნდა გაგეხედა, ყველგან ტალახი იყო და ვიძირებოდით ამ მასაში. შემაღლებულ ადგილას კი ავძვერით, მაგრამ ასე სანახევროდ ჩაფლულები დაახლოებით ორ საათ-ნახევარი ველოდით შველას. პირველებმა ჩვენამდე რაჭველმა ბიჭებმა მოაღწიეს, მთებიდან გადმოვიდნენ, დანგრეული სახლის ფიცრებით ბილიკი გააკეთეს და გამოგვიყვანეს, შემდეგ კი სამაშველო ბრიგადამ ვერტმფრენით გადაგვიყვანა სამშვიდობო ადგილას, იქიდან უკვე ონის საავადმყოფოში მოვხვდით. იქ დაგვიმუშავეს ჭრილობები, სამედიცინო პერსონალი გაგვიმასპინძლდა კიდეც, ტანსაცმელიც მოგვიტანეს, ყველა მოდიოდა და დახმარებას გვთავაზობდა. მართლაც თავს გვევლებოდნენ, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ... მადლობა მინდა გადავუხადო მეგობრებსაც, ვინც რაჭაში ჩამოგვაკითხა თბილისში წამოსაყვანად და რაც მთავარია, მადლობა უშიშარ რაჭველ ბიჭებს, ვისი ვინაობაც დღემდე არ ვიცით. მთელი ცხოვრება გამყვება მათი ამაგი, ლამის გული ამოიღეს და მოგვცეს. ამდენი ადამიანის გვერდში დგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

- ხვიჩა კვარაცხელიამაც დაურეკა თქვენს შვილს გასამხნევებლად და ალბათ, ძალიანაც გაახარა.

- ხვიჩას ზარმა ისე გააბედნიერა კოტიკო, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ დაიმორცხვა და ერთი სიტყვის გარდა ვერაფერი უთხრა. კოტიკოს ფეხბურთი ძალიან უყვარს. იძახის, ხვიჩა კვარაცხელია უნდა გამოვიდეო...

ნინო ჯავახიშვილი