ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე! - გზაპრესი

ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე!

მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს უამრავი ქართველისთვის საყვარელ კურორტ შოვში დიდი უბედურება დატრიალდა. შოვი დღეს უკვე აღარ არსებობს, მაგრამ მთავარი ადამიანების, პატარა ბავშვების სიცოცხლეა, რომლებიც სტიქიას შეეწირნენ. შოვში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზად ბევრ რამეს ასახელებენ: კლიმატის ცვლილებას, არასწორ მშენებლობას, გაჩეხილ ტყეებსა და ბუნებისადმი უდიერ მოპყრობას, რასაც ასეთ სავალალო შედეგამდე მივყავართ. შოვის ტრაგედია რაღაცით ძალიან ჰგავს 2015 წელს, ვერეს ხეობაში დატრიალებულ უბედურებას, რომლისგანაც ვერაფერი ვისწავლეთ - ამაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ცენტრის დირექტორთან, თეა გოდოლაძესთან საუბარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

- "მდინარის ჭალაში ბუდეს ჩიტიც კი არ იკეთებს", - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს... ჩვენს გეოლოგებსაც ბევრჯერ უთქვამთ, რომ მდინარის კალაპოტში სახლის აშენება დაუშვებელია და თქვენი აზრით, რატომ არ ითვალისწინებენ საქართველოში წარსულის მწარე გამოცდილებას?

- მეც ეს შეკითხვა მაწუხებს: რატომ?! რატომ არ უყვართ საქართველოში ბუნებრივი საფრთხეების წინასწარ გათვალისწინება და რატომ ექცევიან დედაბუნებას ასე დაუფიქრებლად?! სავარაუდოდ, ამის ახსნა რამდენიმე მიზეზით შეიძლება: პირველ ყოვლისა, განათლების დეფიციტით, მეორე და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ფულის შოვნა ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დგას - აი, სად არის პრობლემის სათავე, სად არის ძაღლის თავი დამარხული! აბა, რით უნდა ავხსნათ, რომ 8 წლის წინ, ვერეს ხეობაში ანალოგიური უბედურება დატრიალდა, მაგრამ ამ ხეობაში სამშენებლო ნებართვებს ისევ გასცემენ და საცხოვრებელი კორპუსები ისევ შენდება?! ნუთუ ზოგიერთი ადამიანის მეხსიერება ასე ხანმოკლეა?! ეს ხდება ვერეს ხეობაში, რომელზეც ათასობით დასკვნა დევს - მსოფლიო დონის ექსპერტებმა იმუშავეს და დარწმუნდნენ, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, მაინც აშენებენ! გამუდმებით ვაფრთხილებთ, ვემუდარებით, ყველა ხერხს ვიყენებთ, რომ გადავარწმუნოთ, მაგრამ დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ.

- როგორ ფიქრობთ, შოვის ტრაგედიის მთავარი მიზეზიც ეს იყო?

- სამწუხაროდ, ასეა: კოტეჯები, რომელიც მოვარდნილმა მეწყერმა ერთიანად წალეკა, მდინარის ჭალაში იყო ჩადგმული, რაც არ შეიძლებოდა: იქ, სადაც ღვარცოფული და მყინვარული მდინარის შენაკადებია, კოტეჯები, სახლები და კორპუსები არ უნდა აშენდეს - ეს მარტივი ჭეშმარიტებაა! რატომ? - იქ მდინარეს თავისი ადგილი უკვე მონიშნული აქვს. არასპეციალისტებმა, უბრალო ადამიანებმა ხომ არ იციან, რამხელა საფრთხეში იგდებენ თავს? ამიტომ, მუნიციპალიტეტებში უნდა არსებობდეს სპეციალური სამსახურები, სადაც კვალიფიციური თანამშრომლები იქნებიან და ამ განუკითხაობას წინ აღუდგებიან. ასეთ საკითხებს მერები და გუბერნატორები კი არ უნდა წყვეტდნენ, არამედ პროფესიონალი გეოლოგები. იმის გამო, რომ მე დღეს ფულის შოვნა გადავწყვიტე, სადაც მომინდება, ყველგან კორპუსი და კოტეჯი უნდა ჩავდგა? - ეს ხომ დაუშვებელია?! მით უმეტეს, ისეთ ადგილებში, რომელიც სიცოცხლისთვის სარისკოა - ამას გამუდმებით ვიმეორებთ, მაგრამ სპეციალისტების აზრს არავინ ითვალისწინებს.

აი, ბოლო წლებში უკვე მერამდენე ასეთი ფაქტი მოხდა, რამდენჯერ ჩამოწვა მეწყერი, რამდენი მდინარე ადიდდა და სტიქიას რამდენი მსხვერპლი მოჰყვა! ბუნება ათასჯერ რომ გაგვაფრთხილებს, ჭკუა ათასმეერთედ მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ? ჩამოთვლაც მიჭირს, ბოლო წლებში რამდენი მეწყერი და ღვარცოფი დაგვატყდა თავს: 2017 წლის ზაფხულში - მესტიაში, 2018 წელს - ჭუბერის ხეობაში, 2019-ში ისევ მესტიაში, სადაც 20-ტონიანმა ლოდებმა ჰესის მილები დაჭყლიტა. უფრო ადრე, 2014 წელსაც დატრიალდა ტრაგედია, 2015 წლის ვერეს წყალდიდობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ახლაც, 3 აგვისტოს, ჩვენ თვალწინ ადიდდა ბუბას მყინვარული მდინარე, რომელმაც რაჭის მშვენება - შოვი შეიწირა. ამგვარი მოვლენები არც უნდა გვიკვირდეს, რადგან გლობალური დათბობაა და კლიმატი ყველგან იცვლება. ამ სიტუაციაში, ღვარცოფულ და მეწყერსაშიშ ადგილებს ყველაზე მეტად უნდა მოვერიდოთ და სისტემატურად დავაკვირდეთ.

- ამის პასუხად, ოპონენტებმა შესაძლოა გითხრან - შოვში კოტეჯები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან იყოო...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს? - დაახლოებით იმ პერიოდში - 1927 წელს დაარსდა თბილისის ზოოპარკი, მაგრამ სტიქია წლების შემდეგ დაატყდა თავს. მეცნიერება განვითარდა, ყველაფერი ვითარდება. დავუშვათ, მაშინ მშენებლებმა ბევრი რამ არ იცოდნენ, მაგრამ ახლა ხომ იციან? - 21-ე საუკუნეა და როცა რამეს ვაშენებთ, სპეციალისტებს არ უნდა დავუჯეროთ? ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ბევრი მყინვარული მდინარეა და როცა მყინვარი დნება, მათი ადიდება ჩვეულებრივი ამბავია. მყინვარული მდინარეა ბუბაც, რომელიც 3 აგვისტოს ადიდდა და მთელი შოვი წალეკა - ასეთი მოულოდნელი აბობოქრება მთის პატარა მდინარეებს ახასიათებს.

- ახლა ყველას გვაწუხებს ერთი კითხვა: გარემოს მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემა რომ გვქონოდა, ადამიანებს გადავარჩენდით?

- რომ გვქონოდა, მაგრამ ფაქტია, არ გვაქვს! მე კარგად ვიცი, 2015 წლის თბილისის მოვლენების შემდეგ, დონორებმა საქართველოს 70-მილიონიანი გრანტი მისცეს მონიტორინგის სისტემების მოსაწყობად. 20 მილიონია დახარჯული რიონზე მონიტორინგის სისტემის მოწყობისთვის. ცხადია, მკითხველსაც გაუჩნდება კითხვა - სად არის ეს სისტემები და ეს ფული? ამ ტრაგედიის წინასწარ გათვალისწინება შეიძლებოდა, რადგან თანამედროვე მეცნიერება იყენებს სატელიტურ სურათებს, მოქმედებს ერთიანი მსოფლიო ქსელი, რომლის დახმარებითაც, ამინდის პროგნოზს ადგენენ. ყველამ ვიცით, გლობალური დათბობა მდინარეების ადიდებას და ღვარცოფებს იწვევს... ეს ერთიანი, გამართული სისტემაა, რომლის დახმარებით, მეწყრისა და წყალდიდობის პროგნოზირება შეიძლება: შეგიძლიათ ამის შესახებ სიგნალები მიიღოთ და პროცესი შეაფასოთ. წინასწარ ნავარაუდევი სტიქია დაიწყება თუ არა, ეს უკვე ალბათობაა, მაგრამ დაზღვევისა და პრევენციის უკეთესი გზა თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს. ეს მიწისძვრის პროგნოზირებაა რთული, თორემ მეწყერსაშიში ადგილის იდენტიფიცირება 21-ე საუკუნეში, რა თქმა უნდა, შეიძლება.

- სამწუხაროდ, საამისო ტექნოლოგიები არ გვაქვს.

- როგორ თუ არ გვაქვს? - ტექნოლოგიებიც ჩამოიტანეს, ბევრი რამ გვაქვს, მაგრამ კაციშვილი არაფერს აკეთებს - ჩვენ საკმაო რაოდენობით კადრებიც კი არ გვყავს, რომ ასეთ სერიოზულ საკითხებზე ვიმუშაოთ. ჩემი აზრით, ქვეყანა ბოლომდე უნდა იყოს აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიით და შესაბამისი კადრებით, რომლებიც ამ სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის მყისიერ დამუშავებას და შესწავლას შეძლებენ. უკლებლივ ყველა მყინვარის მონიტორინგი აუცილებელია, რადგან სწორედ მყინვარის დნობაა ღვარცოფული მდინარეების ადიდების მთავარი მიზეზი.

- ყველაზე მთავარი, რის გამოც, 3-4 აგვისტოს მთავრობას აკრიტიკებდნენ, სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენების არქონაა. ნუთუ ასე მნიშვნელოვანია ასეთი ვერტმფრენების არსებობა საქართველოსთვის?

- ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენები რადიკალურად განსხვავდება იმ ვერტმფრენებისგან, რომელიც შოვის სტიქიის დღეებში გამოიყენეს. ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემაა: 21-ე საუკუნის სამაშველო ვერტმფრენს აქვს სითბური კამერები, რადარები, ათასგვარი თანამედროვე აპარატურა და სულ სხვაგვარად მუშაობს. სამძებრო სამუშაოების დროს ყველაზე ეფექტიანი ღამის ხედვის სამაშველო ვერტმფრენებია, რადგან მისი გამოყენება ღამის საათებშიც შეიძლება.

godoladze-copy-1691995103.jpg

- შოვში დაკარგული ადამიანები დრონებითაც იპოვეს. ასეთ დროს დრონების გამოყენებაც კარგია?

- ასეთ სიტუაციაში ყველა უახლესი ტექნოლოგიის ჩარევა კარგია: დრონები, სატელიტური სურათები, სითბური კამერები და ა.შ. სატელიტური სურათების დახმარებით შეიძლება მეწყრულ-ღვარცოფული პროცესის წინასწარ დანახვა - სწორედ ეს არის მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი! წინასწარი შეტყობინების და განგაშის სიგნალის გამოყენება პრევენციის და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის საუკეთესო გზაა! ამიტომაა აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მონიტორინგის სისტემების დახმარება - ამ მეთოდებით შეიძლება შევაფასოთ მოსალოდნელი საფრთხეც და რისკებიც... მართალია, წინასწარ შეფასებას ხშირად ახლავს ცდომილება - ასე ხდება ამინდის პროგნოზის დროს და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ვარაუდია. ერთი რამ ცხადია: მთაში და რთულ კლიმატურ პირობებში მონიტორინგი აუცილებელია! ასევე აუცილებელია სპეციალური სამაშველო სამსახურის მზადყოფნა სტიქიასთან საბრძოლველად. შოვში მეწყერი წამოვიდა და რამდენიმე ადამიანი ვერ იპოვეს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, მიწისძვრა რომ მომხდარიყო!

- დაბოლოს, როგორია თქვენი რჩევები მოსახლეობის მიმართ?

- აბა, რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს? - ამდენი წელია ვლაპარაკობ და არავის ესმის! რა ვურჩიო თანამემამულეებს? - სპეციალისტებს დაუჯერონ, საცხოვრებელ ბინას სახიფათო ადგილებში ნუ იყიდიან და სახლს საშიშ ზონაში ნუ აიშენებენ... რაც შეეხება ხელისუფლებას: პრევენციისა და მონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმიც რომ გვქონდეს აწყობილი, სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენების შეძენა მაინც აუცილებელია, მით უმეტეს, ჩვენისთანა მთაგორიანი, რთული რელიეფის მქონე ქვეყნისთვის.

ხათუნა ჩიგოგიძე