მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, განსხვავებული სამყაროს ეგზოტიკა და სირთულე - გზაპრესი

მოგზაურობა ამაზონის ჯუნგლებში, განსხვავებული სამყაროს ეგზოტიკა და სირთულე

ზურა დააშაშვილი ინგლისური ენის თარჯიმანია. მისი ჰობია ფოტოგრაფია, ახლახან ამაზონის ჯუნგლებში იმოგზაურა. მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავუკავშირდი და ვთხოვე, ის ემოცია და შთაბეჭდილება გაეზიარებინა, რომელიც განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობისას ჰქონდა.

- ამაზონის ჯუნგლებში პირველად არ ჩავსულვარ, ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო. იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა, კულტურა მაინტერესებს. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამსახურიდან და ოჯახიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებ. ამაზონის ჯუნგლებში უცხოელმა მეგობარმა დამპატიჟა. როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, მისი თარჯიმანი ვიყავი. იქ გავიჩინე სხვა მეგობრები, მათ გავაცანი ჩემი ქვეყანა, გავიცანი მათი კულტურა და ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით. ყოველთვის ვიკვლევ, ვეძებ სხვა კულტურებს, ეს მათაც შენიშნეს და სულ მელოდებიან.

- ეს მოგზაურობა ერთდროულად ბევრნაირი ემოციით იქნებოდა დატვირთული, ხიფათიც არ მოგაკლდებოდათ, არა?

- ჯუნგლებში მოგზაურობას ხიფათი ახლავს. იქ გადაადგილება მარტივი არ არის, ავტომობილი საერთოდ არ არსებობს, გემით ან პატარა კატერით გადაადგილდებიან. სოფლიდან სოფელში ან ტყიდან ტყეში გადასვლისას, შეიძლება ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს. უამრავი შხამიანი მწერია, ბინადრობს იაგუარი, ალიგატორი, ანაკონდა, პითონი... კულტურას რაც შეეხება, განსაცვიფრებელი იყო მათი სითბო, გულღიაობა, სტუმრის პატივისცემა... ამაზონის ჯუნგლებში ბავშვურად მიამიტი ადამიანები ცხოვრობენ.

- პატივისცემის გამოხატვის ფორმა, როგორია?

- ბევრი არაფერი აქვთ, ღარიბულად ცხოვრობენ, მაგრამ ალალად გთავაზობენ ყველაფერს, რაც აქვთ და სულ გიღიმიან, გესაუბრებიან. ტექნოლოგია, მედიცინა, ხარისხიანი საკვები და სასმელი წყალი პრობლემაა. ამაზონზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის, დიდ სოფლებში შეიძლება მხოლოდ მოტოციკლი შეგხვდეს. ფერად სახლებში ცხოვრობენ, რომლებიც ბოძებზე დგას. სექტემბერ-ოქტომბერში იქ ძალიან ძლიერი წვიმა იცის, რომელიც 2 თვე გრძელდება და ამ დროს ამაზონი ძალიან დიდდება, სოფლები წყალში დგას. თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ნავი, რომლითაც გადაადგილდებიან. როგორც ყველგან, იქაც არსებობს ღარიბი და ნაკლებად ღარიბი ოჯახები.

- რადგან კლასიკური მედიცინა არ არსებობს, სავარაუდოდ, წამლობის თავისებური ფორმები ეცოდინებათ.

- რა თქმა უნდა, იქ ისეთი მედიკამენტები, რომლებიც აქ ყველას გვაქვს ოჯახში, ფუფუნებაა. პერიოდულად ჩადის ქველმოქმედი ხალხი, ჩააქვთ მედიკამენტები, ჩადიან ექიმები, მოსახლეობას სინჯავენ, დანიშნულებას აძლევენ. მთავრობა ამ ყველაფერზე ნაკლებად ზრუნავს.

- იქ მცხოვრები ადამიანები სულ ჯუნგლებში არიან? ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირი არ აქვთ?

- შემოგარენში ერთმანეთს სტუმრობენ. ამაზონის შტატის დედაქალაქი არის მანაუსი. ამაზონი სამ ქვეყანას მოიცავს (პერუ, კოლუმბია და ბრაზილია). ბრაზილიაში თუ ჩადიხარ, უნდა ჩაფრინდე მანაუსში და იქიდან კატერით იწყებ ჯუნგლებისკენ გადაადგილებას. ეს ტერიტორია უზარმაზარია. იქ მცხოვრებთ, სადმე წასვლის სურვილი არ აქვთ. მაგალითად, ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა თუ არის, გემით და კატერით დიდ ქალაქში გადაჰყავთ. იშვიათად ხდება, მაგრამ ზოგიერთი ოჯახი საცხოვრებელს იცვლის და ქალაქში გადადის, ამ შემთხვევაში ინდიელებს არ ვგულისხმობ, ბრაზილიელები უფრო გადადიან.

- ინდიელები ჯუნგლებს არ ტოვებენ?

- არა, ისინი ძალიან ტრადიციულები არიან.

- სულ რამდენი სოფელი მოიარეთ?

- ზუსტად ვერ გეტყვი, სათვალავი ამერია, ძალიან ბევრ სოფელში ვიყავი და უმრავლესობის სახელიც არ მახსოვს. ამ ორი მოგზაურობის დროს რამდენიმე ტომთან მქონდა შეხვედრა, მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

- ჯუნგლებში მცხოვრები ბრაზილიელები და ინდიელები ხასიათით, ცხოვრების წესით ერთმანეთისგან განსხვავდებიან?

- დიახ, იქ მცხოვრები ბრაზილიელების უმრავლესობის წინაპარი ქალაქიდან არის ჩასული, ზოგიერთს პლანტაციები ჰქონდა, მეურნეობა ან სხვა ბიზნესი, ზოგს უბრალოდ, ტყეში ცხოვრება უნდოდა. ინდიელები კი ძირძველი მცხოვრებლები არიან, იქ საუკუნეები აქვთ გატარებული. მთავრობა მათ გადაადგილებაში ხელს არ უშლის, მაგრამ არც სურს ცივილიზაცია დანერგოს. სხვათა შორის, ეს თავად ინდიელებსაც არ უნდათ. იმ გარემოში, იმ პირობებშიც ბედნიერები არიან. მთავრობა ეგზოტიკას ინარჩუნებს.

- ტურისტები დადიან?

- ნაკლებად.

- სოციალურ ქსელში ვნახე თქვენი ვიდეოები. კისერზე ანაკონდის შემოხვევა როგორ გაბედეთ? ცნობილია, რომ ქვეწარმავლის ეს სახეობა ადამიანს ძვლებშიც კი ამტვრევს.

- 8-9 წლის ვიქნებოდი, როცა ყვარლის რაიონში, სოფელში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ჩემს საწოლში გველი იყო და ძალიან შემეშინდა. ქვეწარმავლების ზიზღი და ფობია დამემართა. როდესაც იქ ბებიასa და პაპასთან ჩავდიოდი და ბოსტნეულის მოყვანაში ვეხმარებოდი, მაშინაც არაერთხელ შემხვედრია და შეშინებულს, თავდაცვის მიზნით, მომიკლავს კიდეც. 2017 წელს, როდესაც ბრაზილიაში პირველად ჩავედი, გადაწყვეტილი მქონდა, ეს შიში დამეძლია. ანაკონდა შხამიანი არ არის, თუმცა მახრჩობელაა. სხვა დროსაც მჭერია. ის სულ ცდილობს, მჭიდროდ შემოგეხვიოს, მაგრამ ვიცი, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე. ანაკონდა, რომელიც ვიდეოში ნახეთ, ადგილობრივებმა მდინარეში დაიჭირეს.

- ჯუნგლებში მოგზაურობის დროს, კიდევ რა საფრთხეს შეიძლება გადაეყაროT?

- სიკვდილისთვის თვალებში არ ჩამიხედავს, ასეთი საფრთხის წინაშე არ დავმდგარვარ (ან მე არ აღმიქვამს, როგორც ძლიერი საფრთხე), მაგრამ შხამიანი ობობები, ბაყაყი არაერთხელ შემხვედრია. იქ მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ ადგილობრივებისგან მოწოდებული საკვები არ მიმეღო, დიდი იყო ალბათობა, ტიფი დამმართოდა.

- საკვებს სუფთად ვერ ამზადებენ?

- ვერა, მაგრამ ძალიან გამირისკავს და იმ ოჯახის პატივისცემის ნიშნად მიმირთმევია. გადავრჩი. ტყეში რომ მოძრაობ, გველები სულ გხვდება, ნიანგებიც, მით უმეტეს, ჭაობებში, მაგრამ არ უშინდები. ნიადაგის საფარი ისეთია, ფეხს რომ ადგამ, შეიძლება ვერც დაინახო და ქვეწარმავალი უეცრად შემოგეხვეს. ჯუნგლებში მოგზაურობისას ათასი თვალი და ათასი ყურია საჭირო მაშინაც კი, როდესაც ხესთან ახლოს მიდიხარ.

- ამ შემთხვევაში, რა საფრთხე შეიძლება დაგემუქროT?

- შეიძლება ხეზე გველი იყოს. იქ უამრავი სახეობის ქვეწარმავალია.

- ჯუნგლებში რამდენი დღე გაატარეთ?

- პირველად 2 თვით ვიყავი და ახლაც დაახლოებით ასე...

- რით იკვებებოდით?

- თევზის 300-მდე სახეობა ბინადრობს. ჩემი საყვარელი სახეობაა პიარუკუ. უამრავი სახეობის ხილი და ხორცი აქვთ.

- რისი ხორცი აქვთ?

- ალიგატორის ხორცი იქ ისეა, როგორც ჩვენთან ქათმის. ძროხის ხორციც იყო, ზოგიერთ სოფელში ღორი და ქათამიც ჰყავთ, მაგრამ შინაური ცხოველების მოვლა რთულია, რადგან მტაცებელები ანადგურებენ, მათ შორის - ძაღლებსაც. ისინი ნიანგის, იაგუარის და ანაკონდის მსხვერპლნი ხშირად არიან. ზოგიერთ სოფელში გემით შემოდის დისტრიბუცია. ჩამოტვირთავენ ჰიგიენურ ნივთებს, ბრინჯს, ლობიოს, მაკარონს... ხილი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ანანასი, ქოქოსის წვენი და პაპაია. იქ ბევრნაირი ხილია, სახელები არც მახსოვს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი ჩვენს ბაზარზე არ იყიდება.

- როგორია თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც ამბობთ, რომ ამაზონის ჯუნგლებში 2 თვით უნდა წახვიდეთ? ალბათ ნერვიულობენ.

- ნერვიულობენ, მაგრამ მაინც ხელს მიწყობენ. იციან, რომ თავს გავუფრთხილდები.

- იქ ინტერნეტი არ არის. ოჯახთან კონტაქტს როგორ ახერხებდით?

- სატელიტური ტელეფონით. ცოტათი განვითარებულ სოფელში თუ მოხვდები, სადაც ვაიფაია, ადგილობრივებს რომ სთხოვო, პაროლზე უარს არ გეტყვიან, მაგრამ ასეთი სოფლები დიდი იშვიათობაა.

- ეს სოფლები დიდი დასახლებებია?

- ზოგიერთში შეიძლება 20-30 ადამიანი ცხოვრობდეს, სხვაგან - 300-400. საინტერესო იცით, რა არის? პატარა სოფლებში საწოლები არ აქვთ, შემოღობავენ ხოლმე ფაცხის მსგავს ნაგებობას და ჰამაკში იძინებენ. ჯუნგლებში ისეთი სიგრილე არ არის, რომ შეგცივდეს. ზამთარი საერთოდ არ არსებობს, მხოლოდ 2 სეზონია - ცხელი და უფრო ცხელი (ასე თავად დავარქვი). აგვისტოდან შედარებით ცხელი სეზონი იწყება. ჩემი იქ ყოფნის დროს რამდენიმე გრილი დღე იყო და ამბობდნენ, ასეთი სიცივე არ გვახსოვსო. ჩემთვის ჩვეულებრივი ზაფხულის დღე იყო მათი "სიცივე", ისინი ხომ სულ მაღალ ტემპერატურას არიან მიჩვეულები.

- როგორია მათი ჩაცმულობა?

- ქალებს ბიუსტჰალტერი არ აცვიათ, მკერდი თავიანთი დამზადებული სამკაულებით აქვთ დაფარული. ერთ-ერთ ტომში სრულიად შიშველი ქალები შემხვდნენ, წელს ქვემოთ მცენარეებისგან დამზადებული კაბასავით საფარი "ეცვათ". ასე ცხოვრობენ მამაკაცებიც. როდესაც ჯუნგლებში პირველად მივდიოდი, ვიცოდი, რომ იქ თითქმის შიშველ ადამიანებს ვნახავდი. ერთ-ერთი ტომის ბელადს და შამანს საჩუქრად სვანური ქუდი ჩავუტანე. ქუდს ვერ დაიფარებენ, ეს არის საჩუქარი, რომელიც მიიღეს, დააფასეს, რომელსაც მოუფრთხილდებიან და სულ ეცოდინებათ, რომ სადღაც, რამდენიმე ათასი კილომეტრის იქით, ვიღაცამ იცის მათ შესახებ.

- თავად რა გაჩუქეს?

- თავიანთი ხელით დამზადებული ხის სამკაული, ხის ჯიშს ასაი ჰქვია. საჩუქრის გადმოცემის დროს რაღაც რიტუალიც ჩაატარეს, ეს იყო კურთხევა და დალოცვა; მიმიღეს, როგორც კარგი სტუმარი.

2-1691995420.jpg

- მათი ერთი დღე როგორია?

- დილა რომ თენდება, ყველას თავისი საქმე აქვს, ზოგი მოიპოვებს თევზს, ხილს, მცენარეებს, ზოგი სანადიროდ მიდის, ზოგიერთი კი შემგროვებლობას იწყებს. მერე ერთად სხდებიან, საუბრობენ, თამაშობენ, საღამოობით კოცონის გარშემო ცეკვავენ. სხვათა შორის, ძალიან მხიარულად ცხოვრობენ.

- ოჯახებში ბევრი შვილი ჰყავთ?

- დიახ, შემხვდა ქალი, რომელმაც მითხრა, რომ 17 შვილის დედა იყო და საერთოდ არ ეტყობოდა. ისინი გენეტიკურად ამტანები არიან. სამშობიაროები არ არსებობს, ამ საკითხს ბებიაქალები აგვარებენ, ნათესაობაც იციან.

- გთხოვთ გაიხსენოთ ამბავი, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ.

- სრულიად განსხვავებულ კულტურასთან შეხება იყო აღმაფრთოვანებელი. იქ ყოველდღე, როგორ უჭირთ ადამიანებს, ამის გათავისებამ და გაცნობიერებამ ისეთი კვალი დატოვა, რომ.... ჩვენ საწუწუნო არაფერი გვაქვს. მინდოდა ეს ყველაფერი მათთან ერთად გამეზიარებინა. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, ამაზონის ჯუნგლებში ისევ გავემგზავრები. პირველად სხვა ადგილები მოვინახულე, ახლა - სხვა. ამაზონი ძალიან დიდია, ამატარი და პატაუა ჩემი საყვარელი სოფლებია.

- რით მოახდინეს შთაბეჭდილება?

- ამატარი ბრაზილიელებითაა დასახლებული. ამაზონის მდინარეს ამ სოფლიდან 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადაჰყურებ. თავად ხალხმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ბავშვები ძალიან მიყვარს. იქ ისეთი თბილები არიან, სულ მოდიან, გეხუტებიან, ცდილობენ გასიამოვნონ. სტუმარს ხშირად ვერ ნახულობენ. ურთიერთობას მონატრებულები არიან.

- თუმცა ცნობილია, რომ ისეთი დასახლებებიც არსებობს, სადაც უცხო ადამიანს არ იღებენ.

- ამაზონის სიღრმეში არის ასეთი დასახლებები, მათთან მიახლოებაც კი საშიშია. იყო ასეთი შემთხვევები და ადამიანები მოკლეს... მათ რომ მიუახლოვდე, ბრძოლაში უნდა ჩაერთო.

- ენის ბარიერი პრობლემას არ გიქმნიდათ?

- მეგობრები მეხმარებოდნენ, მათი უმრავლესობა პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობს, თუმცა იციან და არ ივიწყებენ საკუთარ ენასაც.

5-1691995408.jpg

- ელექტროენერგია აქვთ?

- არა, ეს ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. შედარებით განვითარებულ სოფლებში დიდი გენერატორები აქვთ. საკვებს ცეცხლზე ამზადებენ და არ ხდება ჰიგიენის დაცვა, ამიტომ არის საშიში. მინახავს, ხორცს შიშველ ფეხებთან როგორ ჭრიან, მათ ორგანიზმს ამაზე რეაქცია არ აქვს, მაგრამ სხვებისთვის ეს შეიძლება ტრაგიკულიც აღმოჩნდეს.

- მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა როგორია?

- ინდიელები საშუალოდ 53 წელი ცოცხლობენ. იქ არ არის მედიცინა და ეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს. გადაუდებელი მდგომარეობა თუ არის, მაგალითად იყო შემთხვევა, ადამიანი იაგუარმა დაგლიჯა, დიდ ქალაქში ჯერ კატერით, მერე გემით გადაიყვანეს. არასდროს დამავიწყდება ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც პირანიამ თითზე უკბინა. ის 10-12 წლის იქნებოდა. ძალიან განვიცადე, როდესაც აცრემლებული დავინახე, მაგრამ ველურ ბუნებაში რომ იზრდება, სხვაგვარად მებრძოლია, ვაჟკაცობა და სიმამაცე აქვს. მისმა აცრემლებულმა თვალებმა მაინც ამაფორიაქა.

- ადამიანის გარდაცვალების დროს როგორ იქცევიან?

- არ ვიცი, ასეთ ფაქტს არ შევსწრებივარ. შემდეგი მოგზაურობის დროს გავიკითხავ და სურვილი თუ გექნებათ, შთაბეჭდილებებს ისევ გაგიზიარებთ.

თამუნა კვინიკაძე