"თითოეული ჩვენგანი თავისი საქმიანობით მოსავს სამშობლოს" - გზაპრესი

"თითოეული ჩვენგანი თავისი საქმიანობით მოსავს სამშობლოს"

"ქართველი სამშობლოს გარეშე არსად დადის...", - მითხრა ფესტივალის - "სამოსი სამშობლოს" დამაარსებელმა, ჟურნალისტმა ლელა ნინუამ. ღონისძიება პირველად 2021 წელს ჩატარდა, წელს კი გრანდიოზული სახე მიიღო. მასში 35-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა. პროექტის დირექტორი გახლავთ თამარა მოსიძე. ღონისძიება მიჰყავდა წარმატებულ ქართველებს: ცნობილ მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილსა და ქართველ ემიგრანტ გიორგი ნიკოლაიშვილს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ამერიკაში მყოფ ქართველებს ძალიან ეიმედებათ, არის ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ ტოიოტას ცენტრის შესასვლელში უფროსობას დააწერინა სიტყვა ქართულად - "მობრძანდით"...

359400047-266038522830876-6889341097903381228-n-1691997173.jpg

ლელა ნინუა:

- სახელწოდებაში "სამოსი სამშობლო" ქართულ ღირებულებებზეა აქცენტი. ჩვენი სამოსი სამშობლოა, მის გარეშე თითქოს შიშვლები ვართ და რასაც ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ხომ ჩვენს სამშობლოზე გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს. ეს იდეა, რომლის ირგვლივაც მაშინ ათეულობით ქართველი გაერთიანდა, ფილადელფიაში განვახორციელეთ. ვფიქრობ, სხვა ერებისგან განსხვავებით, ქართველი სამშობლოს გარეშე არსად დადის, ყველგან თან დააქვს ქვეყნის სახელი. სამშობლოს ჩვენ ვმოსავთ ჩვენი პროფესიებით, მიღწეული წარმატებებით, გაზრდილი შვილებით, რომლებიც აუცილებლად, საქართველოს უნდა გამოადგნენ... ღონისძიების ფარგლებში სიმბოლური პოდიუმი შედგა, დიზაინერებისა და ასაკის გარეშე. მაგალითად, უხუცესი 85 წლის მხატვარი, პოეტი, პუბლიცისტი, ქალბატონი ლეილა მჭედლიშვილი დღემდე აქტიურადაა ჩართული ჩვენს პროექტში. ის ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა საქართველოდან, სადაც მისი წიგნის პრეზენტაცია შედგა და ახლა მესამე წიგნზე მუშაობს. ეს ქალბატონი იყო ამ ღონისძიებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო და სახე ჩვენი ერის.

363779648-715262587311184-5192334561832344818-n-1692108274.jpg

მიხარია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად ფეხმძიმე ემიგრანტებიც მოვიდნენ. გვყავდა მონაწილე, რომელიც მეცხრე თვეშია, მეორე - მეოთხე თვეში გახლავთ. ისინი ქართველი დედები არიან და მიხარია, როცა ქართველები მრავლდებიან, როცა ბავშვები უცხო ქვეყანაშიც კი ქართული სულისკვეთებით იზრდებიან. სხვათა შორის, სიმბოლური გამარჯვება მივაკუთვნეთ სამოსს, რომელიც საკუთარი ხელით შეუკერა შვილს ქართველმა დედამ, რომელიც გათხოვილია ალბანელზე. გოგონას "შემოცმული" ჰქონდა ქართული დროშა, უკან დიდი შლეიფით, რომელზეც მოთავსებული იყო ნაქარგი რუკა, სადაც დედამისს საკუთარი ხელით, ყველა კუთხე ამოუქარგავს. ამ ქალბატონს სურს, შვილი "ქართულად" აღზარდოს და დაჰყავს ქართული ცეკვის წრეზე, ქართული ენაც ასწავლა და გოგონა კარგად მეტყველებდა. მისი დანახვა აქ, ამ მიწაზე ძალზე სასიამოვნო იყო...

363817554-245897098285139-205804422473311794-n-1691997186.jpg

- როგორც ვიცი, ეს არ არის კომერციული პროექტი, მაგრამ როგორღაც მაინც მოხერხდა და რამდენიმე ადამიანი დაასაჩუქრეს...

- დიახ, ასე მოხდა... იცით, ეს არ არის პროექტი, სადაც ვიღაცას შენი გამორჩეულად კარგი სამოსით უნდა შეეჯიბრო. შეიძლება სულაც არ ჩაიცვა ქართული სამოსი, მაგრამ მინიშნება უნდა გააკეთო, რომ რაღაც საქმიანობით, შენ შენს სამშობლოს მოსავ. მაგალითად, ქალბატონი დალი ხოხობაშვილი ძალიან მაღალი დონის, ლიცენზირებული ბუღალტერია. ჰოდა, გამოვიდა ისე, როგორც ბუღალტერს შეეფერება: სათვალითა და მკაცრი კლასიკური სამოსით. თუმცა, ეცვა წითელი შარვალი და თეთრი პერანგი, მხრებზე კი საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული. მოკლედ, ჩანაფიქრი რომ უნდა "ამოიკითხო", ასეთი ჩაცმულობები იყო.

364196822-973887437061934-4590562697335286990-n-1691997199.jpg

- ჟიურიც გყავდათ, არა?

- კი და ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ამერიკელი ვიქტორ სირელსონი, რომელმაც 28 წლის წინ იმოგზაურა ევროპაში მატარებლით, სადაც პირველად გაიგონა ქართული მრავალხმიანი ჰანგები რომელიღაც ვაგონიდან და იმ დღიდან მოიწამლა ჩვენი კულტურით. ჰოდა, 28 წლის წინ მან ნიუ-იორკში პირველი ქართული კულტურის ცენტრიც დააარსა.

364223145-1532650910600820-2293576089287441856-n-1-1691997227.jpg

- ღონისძიების ჩატარებამდე ძალიან აქტიურობდა მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილი. გარდა წამყვანობისა, მას რა მისია დააკისრე?

- ლაშა სპეციალური სტუმრის სტატუსით გახლდათ მოწვეული. სხვათა შორის, როცა მან ღონისძიებაზე იცეკვა, თავისი საშემსრულებლო მანერით ყველა გააოგნა. აღფრთოვანებულმა სირელსონმა მასზე თქვა, - კი არ ცეკვავს, არწივივით დაფრინავსო. მეორე დღეს რამდენიმემ დამირეკა კიდეც, - შეიძლება, რომ ბავშვები ლაშასთან მივიყვანოთ ცეკვაზეო? მისი გამოსვლა ნამდვილად, შოკის მომგვრელი აღმოჩნდა და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მხარში ამომიდგა, ისევე როგორც პროექტის წამყვანი გიორგი ნიკოლაიშვილი - ამ ადამიანს ემიგრანტები კარგად იცნობენ, ის უანგაროდ ეხმარება ქართველებს, როცა აქაური მკაცრი კანონების გამო რაიმე პრობლემა აქვთ...

მინდა გითხრა, რომ არანაირი სპონსორი არ გვყავს. პროექტს ჰყავს დირექტორი, წარმდგენი და ეს არის 23 წელი ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალბატონი, ბიზნესმენი, დასაქმების კომპანიის უფროსი, საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი (თავის დასთან - შორენასთან ერთად) თამარ მოსიძე, რომლის მხარდაჭერითა და წაქეზებით, - შენ ეს გამოგივაო, უკან აღარ დავიხიე და იდეის განხორციელება დავიწყე...

364227014-1114417662851451-273178046229177942-n-1691997241.jpg

- როგორც ვიცი, ვიღაცები დაასაჩუქრეთ კიდეც...

- იცით, ერთმა ძალიან მაგარმა ქართველმა, უჩა ხუბერიშვილმა საქართველოდან თავისი კუთხე "წამოიღო" და ბრუკლინში დააარსა რესტორანი "მცხეთა" - აი, ეს არის "სამოსი სამშობლო", თან რომ დაატარებ შენს ღირებულებებს. ამ ადამიანმა ღონისძიებაზე ერთ-ერთ პრიზად დააწესა ორკაციანი საგზური მაიამიში და გადასცა 21 წლის გოგონას, რომელიც 4 თვის ორსულია. ამ გოგონასაც თავისი გულისამაჩუყებელი ამბავი აქვს: რამდენიმეწლიანი სიყვარულის ხათრით, გარისკა და სრულიად მარტომ, მექსიკის გზა გამოიარა აშშ-ში შემოსასვლელად. ჰოდა, ახლა ცოლ-ქმარი მაიამიში დაისვენებს...

ამერიკაში არის "კაფე ჯი", რომელიც ეკუთვნის მაია წულაიას. ის პროფესიით ბანკირია. მან აქ ძალიან პატარა, ლამაზი კაფე მოაწყო, რომელსაც ქართული წარწერები, ფრაზები ამშენებს ქართული ფილმებიდან, ასევე გამოფენილია ფოტოები კინოფილმიდან "მიმინო". არ ეზარება და ყველა სტუმარს ასწავლის, როგორ უნდა ჭამონ ხინკალი ჩანგლის გარეშე, ხელით. ყველას ეგებება ქართული მასპინძლობის ეტიკეტის დაცვით და სიტყვებით: კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ჩვენს კაფეშიო. აი, ესეც "სამოსი სამშობლოა", როცა მუდამ ცდილობ გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თამარ მოსიძეს, ამ პროექტის წარმდგენს და ჟიურის წევრს, რომელმაც ბრინჯაოს პრიზები დააწესა მონაწილეებისთვის... მოქანდაკე მეირ შავიტიმ დაგვიმზადა "ქართლის დედა", რომელიც გადაეცა გამარჯვებულ კონკურსანტს - იონიდა ქურუშს, ნიუ-ჯერსიში არსებული შოთა რუსთაველის ცენტრის მოსწავლეს. მეორე ადგილზე გავიდა ნანა მალანია, მესამეზე - ლეილა მჭედლიშვილი და მეოთხეზე - მარიამ ტარუღაშვილი...

ბევრმა ადამიანმა დააწესა უანგაროდ პრიზი და თითოეულის დასახელების საშუალება ახლა არ მეძლევა, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ მათი მადლიერი ვარ... სხვებთან ერთად, ჟიურის წევრები იყვნენ: მომღერალი ნუცა შანშიაშვილი; საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ჟანეტ დადეშქელიანი, რომელმაც ჩამოიტანა თავისი პრიზი; ასევე, ცნობილი საემიგრაციო ადვოკატი, რომელიც თავისი სიკეთეებით არის ცნობილი ამერიკაში მყოფ ემიგრანტებს შორის - ნონა თილი...

ასევე მინდა დავასახელო ქართველი ქალბატონი, როკის დედოფლად ცნობილი თამრიკო დავითაშვილი, რომელიც წელიწადში ერთხელ ყველას ზეიმს გვიწყობს და წარმატებულ ქართველებს ნიუ-იორკის მერიასთან ერთად აჯილდოებს...

მიხარია, რომ წელს ჩვენს პროექტზე საუბრობდნენ ცნობილი ქართველები, დაწყებული ნანი ბრეგვაძით, დამთავრებული ხვიჩა კვარაცხელიათი. უზარმაზარი არმია ჩაერთო კამპანიაში. "სამოსი სამშობლო" ხომ თითოეული ჩვენგანის განვლილი გზაა; ჩვენი თითოეული ნაბიჯით ვმოსავთ სამშობლოს.

364540285-814314606770412-1468991616810734316-n-1691997257.jpg

- ამბობენ, რომ საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას ბევრი ადამიანი დაესწრო?

- ასეა. სცენაზე ნამდვილი პროფესიონალები გავიდნენ, ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა, თუმცა, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი: ბევრს, ვინც ვთქვათ, ორი ბილეთი იყიდა, კიდევ ორი ადამიანი მოჰყვა, რადგან ეგონათ, ადგილების პრობლემა არ იქნებოდა, ადგილზე შეიძენდნენ ბილეთს, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ადამიანები დარჩნენ სკამის გარეშე, რომლებსაც ბილეთი დიდი ხნით ადრე ჰქონდათ შეძენილი. მინდა, ამ უხერხულობის გამო ყველას ბოდიში მოვუხადო და გპირდებით, მომავალი წლისთვის ყველაფერს გავითვალისწინებთ. 300-კაციანი დარბაზი არ გვეყო და აუცილებლად, ორჯერ მეტ ფართობს ავიღებთ, უფრო გრანდიოზულ ღონისძიებას გავმართავთ.

es-1691997272.jpg

- სალომე ზურაბიშვილმა წერილი მოგწერათ ემიგრანტებს, არა?

- დიახ და მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამისთვის. ის წერილით თითოეულ ემიგრანტს მიეფერა, ემიგრაციაში ყოფნის წლებიც გაიხსენა. ბოლოს, მეც სახელობითი მადლობა გადამიხადა, რომ ამ ღონისძიების მოწყობას მოვაბი თავი და ლამაზი სახელწოდების ქვეშ გავაერთიანე ემიგრანტები.

დაბოლოს, მინდა მადლობა გითხრათ თქვენც, რადგან უყურადღებოდ არასდროს ტოვებთ ემიგრანტებს და უარს არ ეუბნებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით გაიცანით. თუმცა, ხშირად კადრს მიღმა რჩებიან ემიგრანტები, რომლებიც როგორც მწიფე თავთავები, თავდახრილები არიან და სწორედ მათი გამოყვანაა სცენაზე საჭირო... სწორედ ასეთი ადამიანების წარმოჩენასაც ისახავს მიზნად ჩვენი პროექტი. მაგალითად, უნდა იცნობდეთ თამარ და რუსა მარიამიძეებს, დებს, ექიმებს. სიმბოლურად, ჩვენი პოდიუმი დახურა ქალბატონმა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი აქვს შექმნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს ეხმარება და ზოგადად, ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს უჭირს - ეს გახლავთ ერთ-ერთი დიდი კლინიკის მთავარი ექთანი, ქალბატონი მარინა ძაგნიძე, რომელსაც ეცვა ექთანის ფორმა და ფონენდოსკოპით გამოვიდა სცენაზე. ეს ადამიანიც თავისი პროფესიით, თავისი კეთილი საქმეების წყალობით მოსავს სამშობლოს... მადლობა თითოეულ ასეთ ადამიანს და მადლობა ყველას, ვინც დავასახელე ან ვერ დავასახელე გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ რომ არა ისინი, რომ არა მათი მონაწილეობა ამ საქმეში, ღონისძიება ისეთი კარგი ვერ გამოვიდოდა, როგორიც იყო... ვეცდებით, ყოველთვის ღირსეულად შევმოსოთ ჩვენი სამშობლო...

ლიკა ქაჯაია