ნივთები, რომელსაც ნოსტალგიური განწყობა სდევს
ქსოვილები, რომლითაც პროდუქცია იქმნება, შეიძლება ითქვას, უკვე ანტიკვარია. ზოგს მზითევში ატანდნენ, ზოგსაც ოჯახისთვის თავად ყიდულობდა. არაერთმა ეს ქსოვილები თუ მისგან შექმნილი სხვადასხვა პრაქტიკული თუ დეკორატიული დანიშნულების ნივთი სკივრებსა თუ ჩემოდნებში "გამოკეტა", ანდა კარადის რომელიღაც თაროზე გაურკვეველი დროით შემოდო. ბევრისთვის ისინი წინაპრების სახსოვარია, ერთგვარი რელიკვია და დღემდე დიდი სიყვარულით უფრთხილდება...
საბჭოთა პერიოდში წარმოებული სხვადასხვა ნივთი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახში ინახებოდა, დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს და თანამედროვეობაში სულ სხვა იერით წარმოჩინდება. უფრო მეტი სიცხადისთვის გეტყვით, საქმე რაშია: თუ ერთ დროს ხელსახოცად მოიაზრეს ან ჩაის ტილოდ ჩაიფიქრეს, დღეს ჩანთად ან წინსაფრად აქცევენ; ლეიბის პირმაც იპოვა "მეგობარი", როცა მისი ცხოვრება ფერად სუფრას დაუკავშირდა და ასე შეიქმნა მცირე ზომის ჩანთა, რომელშიც მსურველი კოსმეტიკას მოათავსებს.
თითოეულ აქსესუარზე მუშაობა ინდივიდუალურად ხდება, იქმნება თითო და ამ ეკომეგობრულ ნივთებს არასდროს გააჩნია ზუსტი ანალოგი.
ბრენდის დაარსების იდეა და-ძმას ეკუთვნის, რომლებმაც გადაწყვიტეს დედისთვის მიენდოთ ის საქმე, რომელიც ხელნაკეთი ნივთების დამზადებას გულისხმობს. ცოტა ხანში შინ მოწყობილ სამკერვალო სალონში, კერვის პროცესში დეიდაც ჩაერთო, ბებიამაც მიიღო მონაწილეობა და ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებულ ვინტაჟურ პროდუქციას ეტაპობრივად სხვადასხვა ნივთი შეემატა. რეალიზება ინტერნეტის მეშვეობით ხდება ან იმ მაღაზიებში, სადაც ეკომეგობრული პროდუქციით ინტერესდებიან.
ეკა ბუგიანიშვილი:
- ორ წელზე მეტია, რაც მე და ჩემმა ძმამ დავაფუძნეთ ბრენდი. ირაკლი მხატვარია და ბრენდინგში გვეხმარება, მე კი დიზაინზე ვმუშაობ. რამდენიმე პროფესია მაქვს, თუმცა ხელოვნებასთან კავშირი სულ მქონდა. ჩემი ძმის პროფესიიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ფერების სამყაროში ვიზრდებოდი, შეხება მქონდა მუსიკასთანაც. მშობლებსაც უამრავი წიგნი ჰქონდათ ხელოვნებაზე, რომლებიც ყოველთვის ძალიან მიყვარდა და თავდაპირველად ხელოვნებათმცოდნე გავხდი, შემდეგ გერმანიაში ვცხოვრობდი და იქ მაგისტრატურა სივრცით დაგეგმარებაში გავაკეთე, მერე თბილისში გარკვეული პერიოდი ქალაქგეგმარებაში ვმუშაობდი. რაც შეეხება იმ საქმეს, რომელსაც ოჯახის წევრები ვაკეთებთ, დიდი სიამოვნების მომტანია. საოჯახო საქმიანობაში ჩართული ვართ ყველა: მე, ჩემი ძმა, დედაჩემი თამრიკო ფეიქრიშვილი და დეიდა ნინო. ჩვენ გვყავს 100 წელს გადაცილებული ბებია ანტისა ყარაულაშვილი, რომელიც პერიოდულად, რამდენადაც შეუძლია, გვეხმარება. ერთხელ გვიყურა, გვიყურა და თქვა, - თქვენ სად იყავით, როცა ჩემი მოსასხამიდან ჩანთა შევკერეო. ცოტა ხანში ოთახიდან გამოგვიტანა თავისი ნახელავი და გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ ბებოც კერავდა. საუბარში გავარკვიეთ, რომ თავის დროზე მისი დედაც კარგ მკერავად ითვლებოდა.
- როგორც ჩანს, ეს ნიჭი მემკვიდრეობით გადმოგეცათ...
- პირადად მე არ ვკერავ, არც იმას ვიბრალებთ, რომ პროფესიონალი მკერავები ვართ, მაგრამ ვისაც დედას და დეიდას ნახელავი უნახავს, ყველა აღნიშნავს, რომ სუფთა და ძალიან დახვეწილი ნამუშევრებია. დედისა და დეიდისთვის კერვა ახალგაზრდობის ჰობი იყო. დეიდა ბიოლოგია და ინგლისური ენის სპეციალისტი, ხოლო დედა ქიმიკოსია. მოგეხსენებათ, წარსულში ტანისამოსის ისეთი ფართო არჩევანი არ იყო, როგორიც დღეს არის. მათ ახალგაზრდობაში ბევრი სამოსს თავად იკერავდა და გარეგნობას განსხვავებულ იერსაც სძენდა. ეს ფაქტორი ჩემთვის დღესაც ძალზე მნიშვნელოვანია და ამ მიდგომით ვქმნით ჩვენს ნივთებსაც, ისინი ერთადერთი და განუმეორებელია. მგონია, ადამიანი, ვინც მათ შეიძენს, ამას კარგად ხვდება და ამ თვისების გამო, მათთვისაც გამორჩეულად საყვარელი ნივთი ხდება.
- არაერთი წელია სხვადასხვა ხელოვანთან თუ ხელნაკეთი ნივთების დამამზადებლებთან მაქვს შეხება და ის მიმართულება, რომელიც თქვენ გაქვთ, დღემდე არ შემხვედრია. ხელნაკეთი ნივთების დამზადება რომ გადაწყვიტეთ, რატომ აირჩიეთ კონკრეტულად ეს ხაზი? და აქვე გკითხავთ, ნაჭრის ჩანთები თქვენ ან რომელიმე ოჯახის წევრს გამორჩეულად გიყვარდათ?
- გულწრფელად გითხრათ, ეს საქმიანობა დედის გამო წამოვიწყეთ. მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში კრიზისული სიტუაცია გვქონდა. როგორც აღვნიშნე, დედა პროფესიით ქიმიკოსია, მაგრამ კერვა ყოველთვის უყვარდა. ვიფიქრეთ, რომ მოწყენილობის გასანეიტრალებლად ეს საუკეთესო თერაპია იქნებოდა. ჩანთას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ, პრაქტიკული დატვირთვის ნივთია და მისი შეკერვა გადავწყვიტეთ. დღეს გვაქვს კოსმეტიკის ჩანთებიც - ღილითა და ელვაშესაკრავით, ასევე თმის სამაგრები, ქუდები, წინსაფრები... ჩვენი პროდუქცია განსხვავებული რომ ყოფილიყო, რაღაცნაირად მოგვივიდა იდეა, საამისოდ ძველი, საბჭოთა ქსოვილები გამოგვეყენებინა.
ასეთი ნივთები თითქოს ბავშვობას გვახსენებს და ადამიანებში ნოსტალგიას აღძრავს.
- ვინ ზრუნავს მასალის მოძიებაზე?
- ქსოვილების არჩევაზე დედა ზრუნავს. ოჯახებიდან ყიდიან და განცხადებების საფუძველზე ვუკავშირდებით. თავიდან ახლობლებიც გვამარაგებდნენ ან ისეთ ხალხს გვაკავშირებდნენ, ვინც ასეთ ნივთებს ინახავდა. დედა ძველმანების ბაზარზე დადის და იქ ისეთ ნივთებს ნახულობს, რომლებსაც ხალხი წლების განმავლობაში ინახავდა. შინ დაბრუნების შემდეგ ასუფთავებს, ამუშავებს და შემდეგ ჩემი დრო დგება, - ამა თუ იმ ქსოვილისა და ფერების შეხამებას, დიზაინის აწყობას ვიწყებ, ანუ დიზაინის მხარე ჩემია და ტექნიკური - დედა-დეიდის. ყველაფერი გულით კეთდება. პირადად მე, სხვა სამსახურიც მაქვს, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება მალე მივუჯდე მაგიდას და დრო ჩვენი პროდუქციის ფერების შეხამებასა და დიზაინის აწყობას დავუთმო.
- არის ოჯახები, რომლებიც დღემდე ინახავენ ჩვენი წინაპრების ნაქონ ან წარსულში შეძენილ ნივთებს, მაგრამ ალბათ, ეს მარაგი იწურება და სულ უფრო ჭირს ასეთი ქსოვილების შეძენა...
- მართალი ხართ, ნელ-ნელა რთულდება. მაგალითად, თავდაპირველად, როცა საქმე დავიწყეთ, ბევრი ფერადი სუფრა გვხვდებოდა, ახლა - ნაკლებად. ვფიქრობ, ჩვენ გარემოს დაცვის კუთხითაც მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ასეთი ქსოვილების დამზადებაზე ბევრი ადამიანის შრომა, დიდი რესურსია დახარჯული და დღეს ფაქტობრივად, ნაგავსაყრელზე მიდის. დღემდე არაერთხელ გვსმენია, ნეტავ გვცოდნოდა ამ ქსოვილებს თუ იყენებდით, ახლახან გადავყარეთო. ვცდილობთ, ასეთი ნივთები გადავარჩინოთ. ასევე ვცდილობთ, ჩანთებისა და პატარა ხელჩანთების ძველი მაქმანებით გაწყობას და ასეთივე მიდგომა გვაქვს ღილებთანაც - ისინი წარსულში უნდა იყოს შექმნილი. პირადად მე, მაქვს კოსმეტიკის ჩანთა, რომელიც მეგობრის ბებიის უხმარად გადანახული ღამის პერანგისგანაა შეკერილი. მას ბაბუაჩემის, ანუ დედის მამის იმ სამოსის ღილი დავაკერეთ, რომელიც ბაბუას ომში ყოფნის დროს ეცვა. ის ჩანთა გამორჩეულად მიყვარს და ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომით, ყველა ნივთი თავისი ისტორიით, მისი მფლობელისთვის გამორჩეულად ძვირფასი ხდება.
- თქვენს პროდუქციას რაიმე ახალი, სხვა ნივთიც ხომ არ შეემატება?
- არ ვიცი, რამდენად შევძლებთ, მაგრამ მინდა ტანსაცმლის ხაზიც გავაკეთოთ. იდეაში მაქვს მოსაცმლის, ჟილეტების კერვა დავიწყოთ და იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრსაც სისრულეში მოვიყვანთ.
ანა კალანდაძე