ფესტივალის - "არტ კოლხი" კულისებიდან - გზაპრესი

ფესტივალის - "არტ კოლხი" კულისებიდან

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "არტ კოლხი", რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულობით ტარდება ზუგდიდსა და ანაკლიაში, განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის - დაარსებიდან დღემდე მისი მეგობარი, მედიამხარდამჭერი და უცვლელი ჟიურის თავმჯდომარე ვარ, რაც დიდი პატივია ჩემთვის. ყველა ნაბიჯი, ყველაფერი, თუკი რამ კეთდებოდა და კეთდება წლების განმავლობაში ფესტივალისთვის და ფესტივალი ზუსტად ის არის, რაც ზოგადად, ფესტივალის არსს წარმოადგენს და მართლაც დღესასწაულია. 2015 წელს დაარსებული "არტ კოლხი" უკვე მეშვიდედ მოეწყო და გამოირჩეოდა კიდეც წინა ფესტივალებისგან - გაიზარდა მონაწილე ქვეყნების არეალი, დაემატა საკონკურსო ნომინაციები, ჟიურიც პირველად იყო ინტერნაციონალური: ყაზახეთიდან ნურბოლატ სეიტმურატოვი, სომხეთიდან რუზანა ჯამბაზიანი, საქართველოდან მანუჩარ სამუშია, პოლონეთიდან კაროლ პიელოკი, საქართველოდან მაია ჩიტაია და თქვენი მონა-მორჩილი ირმა ხარშილაძე.

უცვლელები იყვნენ საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რომლებმაც დიდი სიყვარულით უმასპინძლეს სტუმრებს. ფესტივალ-კონკურსის დამფუძნებელი და დირექტორია ნინო მამფორია, სამხატვრო ხელმძღვანელი კი რომეო ბულია. მათთან ერთად მუდამ არის შესანიშნავი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მეშვიდე წელიწადია, ერთგულად უძღვება საფესტივალო მარათონს.

რაც მთავარია, ფესტივალი ყოველწლიურად ამართლებს მიზანს - კულტურის, ხელოვნების საშუალებით დაამეგობროს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ადამიანები, დაამეგობროს ქვეყნები და ქალაქები, რასაკვირველია, თავისი კუთხე - სამეგრელო და ქალაქი ზუგდიდი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანასთან, ასევე, სრულიად საქართველო და მისი კულტურა, ყოფა-ცხოვრება საუკეთესოდ გააცნოს ჩამოსულ სტუმრებს. კონცერტების უცვლელი წამყვანია ზუგდიდელი მიშიკო ბუაძე, თუმცა დახურვის დღეს მას გვერდი ულამაზესმა ნინი შამუგიამ დაუმშვენა.

ფესტივალი წელსაც ტრადიციულად, ზუგდიდის ცენტრში, კოსტიუმირებული აღლუმით დაიწყო და მასში ყველა კონკურსანტი ეროვნული სამოსითა და დროშებით მონაწილეობდა. ტრადიციულია ფესტივალის დახურვაც - ასეთივე აღლუმით, ოღონდ - ანაკლიაში, რადგან დასკვნითი კონცერტი ყოველთვის ზღვის პირას, აფხაზეთთან ორ ნაბიჯში, ანაკლიის ციხესიმაგრის ნანგრევებში მოქცეულ სცენაზე ეწყობა. გახსნა-დახურვის სანახაობა მუდამ ამაღელვებელია, რადგან სხვადასხვა ასაკის ადამიანი, ბავშვებივით აღტკინებულები, შეძახილებითა და აპლოდისმენტებით გადიან გზას - გახსნისას ზუგდიდის ცენტრიდან დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მიმდებარე ღია სცენამდე, სადაც ფესტივალის პირველი კონცერტი იმართება და მაყურებელი ყველა მონაწილესთან ერთად დღესასწაულობს ფესტივალ "არტ კოლხის" დაწყებას, და დახურვისას - ანაკლიის ცენტრს ღია სცენამდე. წელს ამინდმაც ძალიან გაგვიმართლა, რადგან გვახსოვს, ერთი წლის წინ გახსნის კონცერტი ძლიერმა წვიმამ ლამის ჩაგვიშალა. სამაგიეროდ, წელს კაშკაშა მზით შევეგებეთ სტუმრებს, ფესტივალის ძველ მეგობრებს ლიეტუვადან - ანსამბლ "აიშვას", ასევე, მომღერლებს და მოცეკვავეებს სომხეთიდან, რუზანა ჯამბაზიანისა და ანა პოღოსიანის ხელმძღვანელობით, ახლებს: პოლონეთის ანსამბლ "ნა შლაკუს" კაროლ პიელოკის ხელმძღვანელობით, ფოლკლორულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს ირანიდან (დირექტორი მოჰსენ მუჰამედი და ხელმძღვანელი ჯავიდ აზიზი), შემსრულებლებს ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქიდან აკმარალ არისტანოვასა და ნურბოლატ სეიტმურატოვის ხელმძღვანელობით, ასევე შერი გენსი და ჯანა ჯეის დუეტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ეს ორი, ასაკოვანი ამერიკელი ქალბატონი - შერი გენსი და ჯანა ჯეი ფესტივალის მართლაც გამორჩეული მონაწილეები იყვნენ; წარმოიდგინეთ, რა დიდი გზა გამოიარეს ჩვენამდე და დაღლასაც ვერ შეატყობდი. მათ ინსტრუმენტული შემსრულებლების ნომინაციაში I ადგილი დაიმსახურეს. ჩვენც მოგვხიბლეს - ჟიურის წევრები, ხოლო მათ მიერ ორ ვიოლინოზე შესრულებულ "ვა გიორქო მას" ხომ მხურვალე აპლოდისმენტები და შეძახილები მოჰყვა!

რომეო ბულია, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- წლევანდელი ფესტივალი ძალიან მრავალფეროვანი იყო - ბევრი სტუმარი ეწვია ზუგდიდს, რომელიც ხელოვნების დღესასწაულის ეპიცენტრად იქცა. სხვათა შორის, აღვნიშნავ, რომ "არტ კოლხი" იყო და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც საქართველოს მასშტაბით უმასპინძლა ამდენ უცხოელ მონაწილე-სტუმარს და ცხადია, მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის ინდივიდუალური შემსრულებლები და ანსამბლები თითქმის მთელი საქართველოდან. კონკურსის მონაწილეები ჟანრების მიხედვით ფასდებიან: გვაქვს საესტრადო ვოკალური ნომრებიც და - ფოლკლორულიც, ასევე ინსტრუმენტული ნომრები და ქორეოგრაფია. წლევანდელ ფესტივალს დავამატეთ ნომინაცია - დრამატურგია, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ "მხატვრული კითხვა". სხვათა შორის, ძალიან საინტერესო გამოვიდა და მაყურებელმაც ისიამოვნა.

- უცხოელ კოლექტივებზე რას გვეტყვი?

- მაგალითად, ირანის კოლექტივი ინტერნეტით გავიცანი და მონაწილეობა რომ შევთავაზე, მათი ჩამოსვლა მაინც მეეჭვებოდა. გამიხარდა, რომ დაინტერესდნენ და გვესტუმრნენ. თავადაც ხომ დარწმუნდი, რა პროფესიულ დონეზე ასრულებდნენ თავის ფოლკლორს და რა სასიამოვნო ადამიანები იყვნენ? ცოტა ხნის წინ სამადლობელი წერილიც კი გამომიგზავნეს, ძალიან კმაყოფილები არიან. ყაზახეთის წარმომადგენლებმა კი ლაივ-ვიდეოები გაავრცელეს ინტერნეტში - ღამით თავიანთ ქალაქში, ჩვენი ფესტივალიდან ჯილდოებით დაბრუნებულ გამარჯვებულებს ფეიერვერკებითა და დროშებით რა საზეიმო დახვედრა მოუწყო ხალხმა ქუჩაში.

ასევე, აღფრთოვანებულები გამოგვემშვიდობნენ ლიეტუველებიც და სომხებიც, რომლებიც უკვე მესამედ მონაწილეობდნენ ჩვენს ფესტივალში. ერთადერთი, რაზეც დამწყდა გული და არა მარტო მე, შენც და ყველას, ჩვენი კოლუმბიელები აშკარად აკლდნენ ფესტივალს; მათი ენერგეტიკა, "ცეცხლი" დაგვაკლდა. დამპირდნენ, რომ მომავალ წელს ჩვენ გვერდით იქნებიან.

ფესტივალ "არტ კოლხის" დაარსებიდან სასიამოვნო ტრადიციად იქცა ფესტივალის ხელმძღვანელთა და მონაწილეთა წარმომადგენლების შეხვედრა მერიაში, მერის კაბინეტში.

pestivali-art-kolxi-2023-1691998311.jpg

მამუკა წოწერია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი:

- ამ ტიპის ღონისძიებები ჩვენს ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ძალიან ახალისებს და სიამოვნებით ვმასპინძლობთ ჩვენც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. დიდ მადლობას ვუხდი ფესტივალ "არტ კოლხის" ორგანიზატორებს იმ დიდი შრომისთვის, ღვაწლისთვის, რომელიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან კულტურის საშუალებით დამეგობრებას შეუწყვეს ხელი. თითოეულ მათგანს აღვუთქვამ დახმარებას, ხელშეწყობას, რომ ყოველწლიურად ფესტივალი ყოველმხრივ საინტერესოდ და წარმატებით ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნინო მამფორია და ბატონი რომეო ბულია ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაიზარდოს ფესტივალის მონაწილეთა გეოგრაფიული არეალი. მთავარია, საქართველოში, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში იყოს მშვიდობა, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების თბილ ურთიერთობებს, ხშირ შეხვედრებს და ფესტივალ "არტ კოლხის" მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.

ნურბოლატ სეიტმურატოვი, ყაზახეთი:

- პირველად ვმონაწილეობდით "არტ კოლხზე". მე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანადან ვარ, ყაზახეთის მეორე ჯგუფი კი კზლარდადან. აქ, ალბათ, ვერც მოვხვდებოდით, რომ არა მისი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გია ბენდელიანი, რომელმაც ამ ფესტივალის შესახებ შეგვატყობინა. საქართველოში პირველად ვართ, ყველაფერი მოგვწონს, ასე რომ, კეთილი იყოს ჩვენი სტუმრობა თქვენთან. ბევრი ადამიანი გავიცანით, დავუმეგობრდით.

კონკურსანტებიდან გამორჩეულად მომეწონენ ქართული ხალხური ცეკვების შემსრულებლები, მომღერლებიდან კი ქართველი ნინო ჯაიანი (გრან-პრი) და სომეხი სონა ნალბანდიანი (I ადგილი). ასევე, დამამახსოვრდნენ ასაკოვანი ქალბატონები ამერიკიდან. ჩვენთან ბევრი კარგი შემსრულებელია და კარგი იქნება, თუკი ისინიც გამოვლენ "არტ კოლხზე".

monacileebi-qazaxetidan-1691998301.jpg

კაროლ პიელოკი, პოლონეთი:

- ბატონი რომეო ბულია ბულგარეთის ფესტივალზე გავიცანი. გაგვიჩნდა იდეა, ერთმანეთთან გაცვლითი პროგრამები დაგვეწყო. მადლობელი ვარ, რომ შემიძლია აქ ვიყო, გავეცნო თქვენს ტრადიციებს. ბულგარეთშივე გაგვიჩნდა ჩვენი ქალაქების დამეგობრების იდეა. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება.

მოჰსენ მუჰამედი, ირანი:

- თქვენ ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და აქ კარგი ადამიანები ცხოვრობენ. არც ეროვნებას აქვს მნიშვნელობა და არც რელიგიას, მთავარია, სიყვარული იყოს. მინდა ომები დასრულდეს და ადამიანებმა მშვიდობიანად ვიცხოვროთ.

ირმა ხარშილაძე