"ანსამბლის ხელმძღვანელობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა" - გზაპრესი

"ანსამბლის ხელმძღვანელობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა"

სოფიო დალაქიშვილი ანსამბლის - "ნაიადა" ხელმძღვანელია. სიმღერის ნიჭი და სმენა ბავშვობიდან გამოავლინა. ჯერ სკოლაში გახსნილ გალობის წრეზე საგალობლები შეისწავლა, შემდეგ ხალხური სიმღერით დაინტერესდა და ფოლკლორული ანსამბლის - "მერმისი" წევრი გახდა. მართალია, პროფესიული არჩევანი სულ სხვა მიმართულებით გააკეთა, მაგრამ სიმღერის გარეშე დიდხანს მაინც ვერ გაძლო და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც მომავალ ლოტბარებს ზრდიან...

- ანსამბლი "ნაიადა" დაახლოებით ერთი წელია არსებობს. ის 2022 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სამი გოგონათი დავიწყე. ვფიქრობდი, როცა ტრიო არსებობს, იქ ანსამბლის ჩამოყალიბების პოტენციალიც არის. საერთოდ, სანამ ნაბიჯს გადავდგამ, მანამდე ბევრი ფიქრი მახასიათებს; ზოგჯერ იმდენად ბევრი, რომ შეიძლება გადაწყვეტილებამ ფასიც დაკარგოს. საბედნიეროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ანსამბლის ჩამოყალიბებისკენ მიბიძგა. საერთოდ, მგონია, ცურვა რომ ისწავლო, ვიღაცამ ხელი უნდა გკრას. შეიძლება ცურვა ვერ ისწავლო, მაგრამ წყალში შეხვალ და ეს ცდად მაინც ღირს.

- ანსამბლის ჩამოყალიბება არ არის მარტივი საქმე და ალბათ, ამ გადაწყვეტილების მიღებას მართლა სჭირდება დრო...

- დიახ, ასეა... ახლა უკვე თეატრალურ უნივერსიტეტში ქართული ხალხური და საეკლესიო დირიჟორის მიმართულებაზე, მეოთხე კურსზე გადავედი. სწავლის ბოლო და ძალიან საპასუხისმგებლო წელი მაქვს, რომლის შემდეგ ლოტბარისა და რეგენტის, ანუ მგალობელთა გუნდის ლოტბარის წოდება მექნება, მაგრამ მაშინ, როცა ანსამბლის ჩამოყალიბება გადავწყვიტე, მეორე კურსზე ვიყავი. გააზრებული მქონდა, რომ სამომავლოდ ლოტბარი უნდა ვყოფილიყავი და ანსამბლი შემექმნა, მაგრამ მეცოტავებოდა ის ცოდნა, რაც იმ დროისთვის მქონდა. საბედნიეროდ, იმ დროს ჩემ გვერდით აღმოჩნდა ჩემი ლექტორი დათო ცინცაძე. მან მითხრა: "სოფო, აი, კარი, აი, სახლი და იმედი". ამ უკანასკნელში ალბათ, საკუთარი თავი იგულისხმება, რადგან ერთ-ერთ კონცერტზე ვთქვი კიდეც, რომ დიდი ფუფუნებაა, როდესაც მხარში დათოსნაირი პროფესიონალი გიდგას. როცა ანსამბლის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მივიღე, ის ჩემი ერთ-ერთი პირველი იმედი იყო. თავდაპირველად თბილისის გოგონათა ახალგაზრდული ანსამბლის სახელით წარვდექით და გვინდოდა, სახელის არჩევაში გულშემატკივარი დაგვხმარებოდა. ბევრი ვერსია გვქონდა, დაახლოებით ათამდე და სოციალურ სივრცეში გამოკითხვა ჩავატარეთ. ხმათა უმრავლესობა "ნაიადამ" მიიღო, რომლის იდეა ანსამბლის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ნაიადები, იგივე ნიმფები ხელოვნების სხვადასხვა დარგთან იყვნენ დაკავშირებული და მათ შორის ერთ-ერთი იყო სიმღერა. სხვადასხვა სახელწოდებას შორის, ეს სახელი ძალიან მოგვწონდა. ჩვენი და გულშემატკივრის აზრი ერთმანეთს რომ დაემთხვა, ამ ფაქტმა გაგვახარა და ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ანსამბლს "ნაიადა" დავარქვით. დღესდღებით ის 13 წევრისგან შედგება, თუმცა, ეს საბოლოო სახე არ არის. გოგონების მიღებას ვაგრძელებთ.

- ანსამბლის წევრები მუსიკოსები არიან თუ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები?

- თავიდან სამმა დავიწყეთ: მე, ჩემმა დამ და ჩვენმა საერთო ნაცნობმა. ჩემი და 23 წლისაა, ბიზნესადმინისტრირება შეისწავლა. ახლა ის ინგლისშია, მაგრამ თავიდან ჩემ გვერდით იყო და ეს ფაქტი მოტივაციას მიორმაგებდა. ახლა, როცა უფრო გავფართოვდით, ჩვენი ანსამბლი ძირითადად სტუდენტებისგან შედგება, რამდენიმეს კი სწავლა უკვე დასრულებული აქვს, ზოგს ოჯახი ჰყავს, მაგრამ მაინც გამონახავენ ხოლმე დროს რეპეტიციაზე მოსასვლელად.

2-copy-1692597739.jpg

- სოფო, მახსოვს ქიმიკოსობას აპირებდით და ამ მიმართულებით უნივერსიტეტშიც სწავლობდით...

- ხალხური სიმღერა ჩემი დიდი სიყვარულია. მეგონა, ჩემს ცხოვრებაში სულ იქნებოდა, მაგრამ ეს პროფესია ასე ღრმად თუ მომიცავდა და ასე თუ დამაინტერესებდა, ნამდვილად არ მეგონა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ხალხურ სიმღერას იმდენად დიდ დროს ვუთმობდი, ქიმიკოსობისკენ ყურადღება მოვადუნე. ნახევრად გაკეთებულ საქმეს, მირჩევნია, ერთს მივყვე და სრულად დავეუფლო, ამიტომ უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლა შევწყვიტე და გადავწყვიტე, მთელი დრო სიმღერისთვის დამეთმო.

- ანსამბლის ხელმძღვანელობა მარტივი საქმე არ არის, რა სირთულეებს აწყდებით?..

- იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ზოგჯერ ანსამბლის მართვა ჩამოყალიბებულ პროფესიონალსაც კი უჭირს, მე კი გამოუცდელმა და შეუმდგარმა დავიწყე. თან, დაახლოებით ერთი ასაკის გოგონები ვართ და არ მსიამოვნებს იმაზე საუბარი, რომ ხელმძღვანელი გახლავართ, ამიტომ ასე ვამბობ, რომ ვარ ლიდერი, რომელიც დაინტერესებულია თავისი ასაკის გოგონებს გაუზიაროს იდეები, რათა ერთად გავაკეთოთ საქმე.

- აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დისციპლინა აუცილებელია და ლიდერს, ხელმძღვანელს გარკვეული სიმკაცრე სჭირდება...

- რასაკვირველია, ამის გარეშე ალბათ ანსამბლი მოდუნდება. ვცდილობ, გოგონებისთვის მუხტის მიმცემი ვიყო. ფაქტობრივად, ყველაფერს თანდათან ვსწავლობ. ეს სულ სხვა გამოცდილებაა, ვიდრე ის ცოდნა, რასაც მანამდე უნივერსიტეტში თეორიულად ვიღებდი. ნელ-ნელა ვვითარდები და ვნახოთ, რა იქნება.

- ქალი ლოტბარებით განებივრებული არ ვართ, უფრო მეტი ანსამბლია, ვისაც კაცი ხელმძღვანელობს. გოგონათა სხვა ანსამბლებთან თუ გაქვთ შეხება, თანამშრომლობა, თუ ჯერ უშუალოდ საკუთარ თავზე და გამოცდილების მიღებაზე მუშაობთ?

- ვინაიდან ჯერ მხოლოდ 1 წლის ანსამბლი ვართ, უფრო მეტად დახვეწასა და ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ვიფიქრებთ სხვების გაცნობაზე, სხვა ანსამბლებთან კონტაქტებზე. გამოცდილება კონცერტებთან და გადაღებებთან ერთად მოდის და ალბათ, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება. თუმცა, გაცნობასა და კონტაქტების თვალსაზრისით, გეტყვით, რომ წელს მაისში მონაწილეობა მივიღეთ ქართველ ქალთა ტრადიციული მუსიკის პირველი ფესტივალში "ნანინა". მასზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა "ნანა" (ქართული ხალხური სააკვნე სიმღერა. - ავტ.). ჩვენ კახური ვარიანტი შევასრულეთ. ვფიქრობ, იმ დროს დაგვინახეს და გაგვიცნეს, როგორც ახალი ანსამბლი და ეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო.

- გადაცემებშიც მიგიწვიეს და სულ ახლახან გადაცემაში "ნატალია და დათუნა", "ვა გიორქო მა" შეასრულეთ...

- დიახ, ამ სიმღერის შესასრულებლად მთელი გულით ვემზადებოდით.

- როგორც ვიცი, მეგრული სიმღერა განსაკუთრებით გიყვართ...

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ კახელი ვარ, მეგრული სიმღერაც ძალიან მიყვარს. ალბათ, სიის ჩამოწერა რომ მთხოვოთ, პირველ რიგში, კახურ სიმღერებს დავწერ და მეორე - აუცილებლად მეგრული იქნება (იღიმის).

- მკითხველს ის ცნობილი ვიდეოც შევახსენოთ, რომელიც გასულ წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა. იმ დროს შენს მეგობრების წრეში ნამღერ ინოლა გურგულიას "ძეგლად გადმომეფარეს", "ფეისბუკზე" უამრავი მნახველი ჰყავდა. შემდეგში მუსიკალურ წრეებში თუ ამოგიცნეს იმ ვიდეოთი და დღეს თუ გახსენებენ?

- არა, სხვათა შორის, არავის უთქვამს, ეს ის გოგოა, იმ ვიდეოში რომ მღეროდაო. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ორი განსხვავებული ჟანრია და ვერ მაკავშირებენ.

- სექტემბრიდან რა გეგმები აქვს თქვენს ანსამბლს?

- მუშაობას აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ. სცენაზე დგომისას, როცა უშუალო შეხება გაქვს მსმენელთან, სულ სხვა მუხტი მოდის და კონცერტს დიდი გამოცდილება მოაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ კონცერტების მხრივ მეტ გამოცდილებას შევიძენთ. ერთ-ერთ ანსამბლთან ერთად თურქეთში კონცერტს ვგეგმავდით, მაგრამ იქ მომხდარი მიწისძვრის გამო ეს ვერ განვახორციელეთ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს იდეა ისევ განახლდება და საზღვარგარეთ გასტროლზეც წავალთ.

ანა კალანდაძე