„მერაბს ეს ქალი არანორმალურად უყვარდა“ - გზაპრესი

„მერაბს ეს ქალი არანორმალურად უყვარდა“

რუსუდან ბერიძე საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას მეუღლე გახლდათ. მას ტრაგიკულად დაეღუპა ერთადერთი შვილი - პოეტი ირაკლი კოსტავა. მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან ბერიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, ხოლო 90-იან წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. იგი წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების წინ დაწერა მოგონებები თავისი ცხოვრების შესახებ. გთავაზობთ ეპიზოდებს მისი ჩანაწერებიდან, რომელიც ქალბატონი რუსუდანის ნათესავმა, ნუგზარ ბუაჩიძემ მოგვაწოდა და წერილის დასაწყისში, სწორედ ბატონი ნუგზარი გაიხსენებს მას.

- მერაბ კოსტავას დედა ოლიკო დემურია და დედაჩემი ცაცა ჩხიკვიშვილი მკვიდრი დეიდაშვილები იყვნენ, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მიყვარდა მათ სახლში ყოფნა ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე (დღეს მიხეილ ზანდუკელის ქუჩაა). ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდნენ და სულ იქ ვიყავი. ირაკლის ტრაგედია ამ სახლში მოხდა... რუსუდანი იმ დილით ჩამოვიდა ოზურგეთიდან, დედის სანახავად იყო წასული. მას ვაგზალზე დავხვდი, მაგრამ ერთმანეთს ავცდით, ამიტომ სახლში მივაკითხე და მანქანით წამოვიყვანე ჯავახიშვილზე. გზაში მთხოვა, - შენს ორ შვილს გაფიცებ, მითხარი რა მოხდაო. - ირაკლიმ დალია, ცუდად გახდა და სახლში არ არის-მეთქი. ვიცოდი, რომ ექსპერტიზაზე ჰყავდათ წაყვანილი (ირაკლიმ თავი ჩამოიხრჩო). რუსუდანი გადმოვიდა მანქანიდან და მივაძახე: მაგარი ქალი ხარ, აბა, შენ იცი-მეთქი. შევიდა თუ არა სახლში, ოლიკომ იკივლა, ის ხმა არ მავიწყდება.

ამ ქალბატონს ჩემზე დიდი ამაგი ჰქონდა. უმაღლესში რომ უნდა ჩამებარებინა, იმ წელს მათემატიკაში მოსამზადებლად მასთან ვერ მივედი, გაშორებული იყო მერაბთან (მერე შერიგდნენ). მამაჩემმა სხვასთან მიმიყვანა. ეს რომ გაიგო, ჩვენთან მოვიდა და მამას უთხრა: არ გრცხვენია? მე მოვამზადებო! და იმ წუთში გადამიყვანა თავის ჯგუფში. არაჩვეულებრივი მათემატიკოსი იყო. ცოტა უხერხულად კი ვგრძნობდი თავს, როცა მასთან მივდიოდი, მაინც პატარა ვიყავი და მერიდებოდა. სხვათა შორის, მერაბის ნათესავებს ძალიან პატრონობდა. მე და რუსუდანს კარგად გვესმოდა ერთმანეთის და ვმეგობრობდით. ჩვენ ბოლომდე გვქონდა თბილი ურთიერთობა. ჯერ მარტო იმიტომ მიყვარდა, რომ მერაბს უყვარდა ეს ქალი არანორმალურად. მათემატიკის გარდა, ქართულ ენასაც ისე კარგად ფლობდა, რომ ამაშიც მეხმარებოდა. რუსუდანი უნივერსიტეტში ალგებრის კურსს კითხულობდა. დისერტაცია დაიცვა ცნობილი მათემატიკოსის, გიორგი ლომაძის ხელმძღვანელობით და ძალიან უყვარდა ეს კაცი. რუსუდანისთვის ერთ-ერთი გამორჩეული პოეტი იყო ნიკო სამადაშვილი. პოეზია და ლიტერატურა ხომ შესანიშნავად იცოდა. ერთხელ თავად მიამბო, რომ ლექციაზე სტუდენტებმა ცოტა აურიეს და დაიწყო ნიკო სამადაშვილის ლექსის კითხვა. თურმე, ყველა გაისუსა. - ასე დავაწყნარე და მოვაჯადოვე (ამ სიტყვას ამბობდა) ბავშვებიო, - უხაროდა, როცა ამას იხსენებდა.

რუსუდანი და მერაბი რამდენჯერმე დაშორდნენ ოფიციალურად, მერე კვლავ რიგდებოდნენ. მერაბს კი ჰქონდა ურთიერთობა სხვა ქალებთან, მაგრამ ცოლის როლში მხოლოდ რუსუდანი წარმოედგინა. ერთს გავიხსენებ. მე-7 თუ მე-8 კლასში ვარ, ოლიკო მოდის ჩვენთან და დედაჩემს ეუბნება, ახლა უნდა წავიდეთ ჩემს ბინაში (თავისი სახლი სოლოლაკში ჰქონდა). მეზობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მერაბს ვიღაც ქალი მოჰყავს ხოლმეო. თან, ბინის გასაღებიც გაქრაო. წავიდნენ და სანამ მოვიდოდნენ, ძალიან ვინერვიულე. მინდოდა მერაბი გამეფრთხილებინა, მაგრამ მობილურები ჯერ არ იყო და იმ ბინის ქალაქის ტელეფონი არ ვიცოდი. ვერც ვმეცადინეობ, დავდივარ წინ და უკან. კარგა ხნის მერე მოვიდნენ და ვატყობ, არ არიან ცუდ ხასიათზე. რა იყო-მეთქი? გაეცინათ. ვინ გამოვიდა სახლიდან? რუსუდანი... დაშორებების მიუხედავად, მთელი ცხოვრება უყვარდათ ერთმანეთი. თუნდაც, ციმბირში როცა ჩადიოდა მერაბთან, რა გზას გადიოდა, იცით? მგზავრობდა ჯერ თვითმფრინავით, მერე მატარებლით, ავტობუსით და ფეხითაც უწევდა სიარული. ამას ყველა არ გააკეთებდა.

მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ირაკლი ახალი დაღუპული იყო და რუსუდანი სახლიდან არ გამოდიოდა. ღამის 12 საათზე ვიღაც აკაკუნებს კარზე, გავაღეთ და შემოდის რუსუდანი. არასოდეს დამავიწყდება, მოკლედ მითხრა: ხომ იცი, შენი მშობლები როგორ მიყვარდაო? და ფულით სავსე კონვერტი გადმოგვცა. იმ თანხით მამაჩემი დავასაფლავე და ორმოციც გადავუხადე...

მინდა, ესეც იცოდეთ - ოლიკო ძალიან ცუდად იყო და რეანიმაციაში იწვა, მალე გარდაიცვალა კიდეც. მკურნალობის მთელი თანხა რუსუდანმა გადაიხადა. ამაზე თავად არასოდეს საუბრობდა და არც არავინ დაინტერესებულა ამით. ძალიან ვაჟკაცური ქალი იყო, საოცარი თანადგომა იცოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტიც: იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეუღლის ბებია-ბაბუასთან (ოლიკოს მშობლებთან), რომ შვილი მათ გვერდით დაასაფლავა და თვითონაც იქვე დავასაფლავეთ. რუსუდანი 20 აგვისტოს 85 წლისა გახდებოდა...

გთავაზობთ ამონარიდს რუსუდან ბერიძის მოგონებებიდან:

patara-irakli-mshoblebtan-copy-1692599756.jpg

ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება

"მამა (ივანე ვლადიმერის ძე) არ მინახავს, ისე მიიბარა ციმბირის მიწამ, ჩემი არსებობაც არ გაუგია. ბავშვობიდან ყველაზე მეტად, მამის ერთი სურათი მიყვარდა: სუზდალის ციხის წინ დგას, ჩექმები აცვია, თავზე მუზარადივით ქუდი ახურავს. სურათი ჩემი ძმისთვის არის გამოგზავნილი. მეორე მხარეს მამია გურიელის ლექსია მიწერილი: „ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად, სამშობლო შენი მარად გახსოვდეს, თუკი გსურს გახდე ადამიანად“. ეს ალბათ, მისი ანდერძი იყო. ჩემმა ძმამ მხოლოდ ცხრა წელი იცოცხლა, ვერ მოასწრო მამის დანაბარების შესრულება... როცა მეკითხებოდნენ, ვინ არის შენი მამაო? ვპასუხობდი, რომ მამა დაპატიმრებულია და სასწრაფოდ ვამატებდი - „პოლიტიკურზეა“ დაპატიმრებული.

მთელი ბავშვობა ისე გავატარე, არც ერთი სათამაშო არ მქონია. მაგრამ მქონდა დიდი ოცნება: მამაჩემს ათავისუფლებენ, მამა ჩამოდის და ხელში შავი პატარა ჩემოდანი უჭირავს. იმ ჩემოდანს მაგიდაზე დგამს, აღებს და იქიდან ულამაზეს თოჯინას იღებს. ეს თოჯინა თვალებს ახელს და ხუჭავს... ამ ჩემოდანს და თოჯინას ვხედავდი ყოველდღე. ასეთი ჩემოდანი სახლში არ გვქონდა, არც სხვასთან მინახავს. გავიდა წლები და ეკრანზე გამოვიდა რუსული ფილმი „1953 წლის ცივი ზაფხული“. ეს ფილმი იმ კოშმარზე გვიყვება, რომელიც საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა და მთავრდება 1953 წელს იმათი გათავისუფლებით, ვინც ბანაკის საშინელებას გადაურჩა. ყოფილი „ზეკები“ ერთმანეთს ხვდებიან და სცნობენ ერთნაირი შავი ჩემოდნებით, რომლებიც ხელში უჭირავთ. ეს იყო ჩემი ბავშვობის შავი ჩემოდანი, ზუსტად ისეთი, როგორიც მამაჩემს ჩემს ოცნებაში ეჭირა ხელში და რომლიდანაც ჩემს საოცნებო თოჯინას ამოიღებდა ხოლმე".

წიგნების სამყაროში

"დედაჩემს, ნინო გოგუაძეს ჩემთვის არც ზღაპრების მოსაყოლად ეცალა და არც ლექსების სასწავლებლად. დღე მუშაობდა სააფთიაქო სამმართველოში მთავარ ბუღალტრად, მერე კი ღამის სკოლაში გერმანულ და რუსულ ენებს ასწავლიდა. ხანდახან, ძალიან რომ შევეხვეწებოდი, „განდეგილის“ დასაწყისს მიკითხავდა, რომელიც საოცრად მომწონდა. 1945 წლის სექტემბერში დედამ მახარაძის (ოზურგეთის) ქალთა პირველ საშუალო სკოლაში შემიყვანა. სწავლა ძალიან მომეწონა, წერა-კითხვა სწრაფად ვისწავლე და კითხვა დავიწყე. ჩემი პირველი სერიოზული ნაწარმოები ყაზბეგის „მამის მკვლელი“ იყო. ვკითხულობდი და ვტიროდი. მეორე დილით თანაკლასელმა გამომიარა, სკოლაში ერთად დავდიოდით ხოლმე. მომინდა შთაბეჭდილების გაზიარება და საუკეთესო ადგილების ხმამაღლა კითხვა დავიწყე. ისევ ცრემლები მომერია და ტირილით გავაგრძელე კითხვა. ჩემი მეგობარი გაოგნებული მიყურებდა, მერე მითხრა: „რუსუდან, შენ მგონი გადაირიე“. თითქოს ცივი წყალი გადამავლეს, ვერ გავაგებინე ჩემი განცდები და ვერ გადავეცი წიგნის მშვენიერება. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი მეგობარი ნორმალური 7 წლის გოგონა იყო. „მამის მკვლელის“ წაკითხვა ჩემთვისაც ადრე იყო და მისთვისაც.

ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. ღამე, დედა რომ დაიძინებდა, შუქს ავანთებდი და კითხვას ვაგრძელებდი. მეორე კლასში დედამ „ტრისტან და იზოლდა“ რომ დაინახა ჩემს ხელში, მაგრად მცემა. შედეგი ნულოვანი იყო. უბრალოდ, ვისწავლე გამოცნობა, რა უნდა დამემალა და რა - არა. წიგნის მაღაზიის დირექტორი დედაჩემს იცნობდა. რამდენჯერმე დამინახა, მაღაზიაში რომ ვიდექი და წიგნის წაკითხვას იქვე ვცდილობდი. წიგნის საყიდელი ფული, ცხადია, არ მქონდა. დირექტორმა მითხრა: „მაღაზიის დაკეტვის დროს მოდი, რომელი წიგნიც გინდა, გათხოვებ, წაიკითხე და დამიბრუნე“. ახლა, ყველა ახალი წიგნი ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა".

შეხვედრა მერაბთან...

"1958 წელს საგაზაფხულო სესია დამთავრდა და მე და დედა ოზურგეთში ჩავედით. მთელი ზაფხული იქ გავატარეთ. გოგი ბერიძეც (ჩემი მეგობარი და მოგვარე) ოზურგეთში იყო და თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან. ერთ დღეს სახლში ვიჯექი და ვკითხულობდი. კარზე დააკაკუნეს და გოგი შემოვიდა. შემოჰყვა უცნობი ბიჭი - მაღალი იყო, გრუზა შავი თმა ჰქონდა. ადრეული ჭაღარა სიმებად აჩნდა თმაში. დიდი, სევდიანი შავი თვალები ჰქონდა და კუშტად გამოიყურებოდა. შევხედე და გავიფიქრე: „ეს ბედისწერაა“. მერე გავიგე, რომ მერაბმაც ზუსტად იგივე გაიფიქრა. „გაიცანი, რუსიკო, ეს ჩემი მეგობარი მერაბ კოსტავა არის“, - მითხრა გოგიმ. ხელი გავუწოდეთ ერთმანეთს და გავუღიმეთ. როცა გაიღიმა, მერაბს რბილი, ბავშვური და მიამიტი სახე გაუხდა. უცებ პატარა ბიჭს დაემსგავსა. დავიწყეთ საუბარი. მერაბმა კონსერვატორიაში იმ ზაფხულს ჩააბარა გამოცდები ფორტეპიანოს განხრით. ქუთაისში ბიძასთან, გრიგოლ კოსტავასთან იყო სტუმრად, იქიდან გოგისთან გამოიარა და საღამოს ბათუმში უნდა წასულიყო.

რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით მხოლოდ მე და მერაბი. ორივენი ვაღმერთებდით გალაკტიონს, თან ერთი და იგივე ლექსები გვიყვარდა. დავიწყეთ გალაკტიონის ლექსების დეკლამირება. მერაბი ჩემზე კარგად კითხულობდა, მე მეტი ლექსი ვიცოდი ზეპირად. მერე მერაბი ფორტეპიანოსთან მივიდა და დაკვრა დაიწყო. სახე ერთხელ კიდევ შეეცვალა, ახლა მთლიანად მუსიკის სამყაროში იყო. ეს მარტო ჩემი შთაბეჭდილება არ არის. მერაბი კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე რომ უკრავდა, ისეთი შთაგონებული სახე ჰქონდა, მაშინდელმა რექტორმა იონა ტუსკიამ გამოცდაზე მისი პორტრეტი დახატა. საათები ელვის სისწრაფით გავიდა. მერაბის წასვლის დრო იყო. ეტყობოდა, წასვლა ძალიან უჭირდა, მეც გული დამწყდა, როცა ავტობუსში დაჯდა და ხელი დაგვიქნია. გოგი მიხვდა, რომ მერაბთან შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა".

merabi-da-irakli-copy-1692599771.jpg

ირაკლი კოსტავა

"ირაკლის გარდაცვალებიდან ათი დღეც არ იყო გასული, მისი ლექსების გამოცემაზე დავიწყე ფიქრი. დახმარება ვთხოვე მშვენიერ ფილოლოგს, ჩემს მეგობარ მანანა ქარქაშაძეს. ერთად მოვამზადეთ ირაკლის ლექსების პატარა კრებული. ჩემი ფაკულტეტის მდივანმა, აწ განსვენებულმა ლამარა გობეჩიამ წიგნის ფორმით კომპიუტერზე აკრიბა ლექსები. ყველას ეშინოდა მერაბ კოსტავას შვილის ლექსების დაბეჭდვა. ბოლოს ვიპოვე ერთი გაბედული ადამიანი, სიტყვა მივეცი, რომ არასოდეს, არსად ვახსენებდი მის სახელს. მან დამიბეჭდა და ყდაში ჩამისვა პატარა კრებული 500 ცალად. დავურიგე ახლობლებს, მეგობრებს. წიგნი ფართოდ გავრცელდა ახალგაზრდებში, ბევრი ხელით იწერდა, ბევრი თავად აკეთებდა ქსეროასლს. ეს კრებული მერაბსაც გავუგზავნე ბანაკში. რამდენიმე წლის შემდეგ ოფიციალურად დაუშვეს წიგნის საკუთარი ხარჯით გამოცემა. საქართველოში ჯერ კიდევ ეშინოდათ ამ უფლების გამოყენება. ჯანსუღ ჩარკვიანთან მივედი. მან გურამ გვერდწითელს სთხოვა და „მერანში“ დასაბეჭდად ჩავუშვით ირაკლის ლექსების კრებული, რომელიც გამოვიდა 1989 წლის აგვისტოს ბოლოს, 5000-იანი ტირაჟით. 4000 მე წამოვიღე და გასაყიდად 1000 ცალი გაიცა, რომელიც 2-3 საათში გაიყიდა. გამომცემლობამ ტირაჟი ერთ თვეში გაიმეორა და ახლა უკვე მთელი ტირაჟი გაიყიდა, ისიც ძალიან სწრაფად.

1991 წლის 24 მაისს ირაკლის პოეზიის საღამო ჩატარდა. საღამოს იდეა დიდი ქართველი პოეტის, ნიკო სამადაშვილის ქალიშვილს, მზიას და მერაბის ნათესავ ნუგზარ ბუაჩიძეს ეკუთვნოდათ. მათ მიმართეს საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ბუხნიკაშვილს და მან ითავა საღამოს მოწყობა. ლიტერატურული ნაწილი მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. მონაწილეობდნენ მუსიკოსები: მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია, როდამ ჯანდიერი, გორის გოგონათა ჯგუფი შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით. ძალიან შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა, რომელიც გაიმართა ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში. ბევრი ხალხი დაესწრო. დავპატიჟეთ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, თუმცა არავინ მოვიდა. ნიშანდობლივია, რომ მერაბ კოსტავას შვილის საღამოს, ძირითადად, ოპოზიციური ინტელიგენცია ესწრებოდა".

rusudan-berize-da-merab-kostava-copy-1692599797.jpg

მერაბი და მედეა ჯაფარიძე

"მერაბი ქსნის ტუბზონაში გადმოიყვანეს. ეს უკვე თითქმის თავისუფლებას ნიშნავდა. რაც მთავარია, უკვე საქართველოში იყო. მე ბოლომდე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, ყოველ კვირას დავდიოდი და ამანათი მიმქონდა. ქსანში უკვე ყველა აკითხავდა - მეგობრები და ახლობლები. ქალბატონი მედეა ჯაფარიძე მივიდა ცეკას მაშინდელ პირველ მდივანთან, ჯუმბერ პატიაშვილთან და მერაბის გათავისუფლება სთხოვა. ნიადაგი ამისთვის მომზადებული იყო პოლიტიკური სიტუაციით და პატიაშვილი დაჰპირდა, რომ მერაბს გაათავისუფლებდნენ. ქალბატონი მედეა რომ ღვთაებრივად ლამაზი იყო, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ უმშვენიერესი სულის პატრონი, კეთილი, თბილი, ყველას ტკივილის გამზიარებელი და მშველელიც იყო.

მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე მსახიობი გრიგოლ კოსტავა, მერაბის ბიძა იყო. მერაბი დაიბადა და იზრდებოდა მედეას თვალწინ, ამიტომ განსაკუთრებულად უყვარდა იგი. მერაბის მთელი პატიმრობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ საშიში იყო მისთვის და მისი ოჯახისთვის, ქალბატონი მედეა ხშირად მიდიოდა ოლიკოსთან (მერაბის დედა), ირაკლი კი მეგობრობდა და ხშირად დადიოდა მედეას ვაჟთან - ლაშა თაბუკაშვილთან. ირაკლის გარდაცვალება მთელმა ოჯახმა განიცადა. როცა ძალიან მიჭირდა სულიერად, ხშირად მივდიოდი ქალბატონ მედეასთან, ის ცდილობდა გავემხნევებინე. მერე თვითონ მას გაუჭირდა, ბატონი რეზო მძიმე სენით დაავადდა და მაშინ მე ვცდილობდი, თანაგრძნობა გამომეხატა... 1987 წლის 1-ლ მაისს მერაბი გაათავისუფლეს. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ჩაკითხვა და წამოყვანა ვერ მოვასწარით, ის თვითონ ჩამოვიდა თბილისში..."

ნანული ზოტიკიშვილი