რა უამბო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მირიან ჭელიძემ დას - გზაპრესი

რა უამბო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მირიან ჭელიძემ დას

რაჭაში, შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის მაიორი, მირიან (მიკა) ჭელიძე გასულ კვირას უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა. მისი ცხედარი ნიკორწმინდის ეკლესიაში ესვენა, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. პოლიციელი ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით მისმა კოლეგებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა გამოასვენეს. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, რის შემდეგაც მირიანი მშობლიურ მიწას მიაბარეს. მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს.

მართლა ძალიან რთულია ემოციურად, ადამიანურად, როცა ენით აღუწერელი ტრაგედიის ეპიცენტრში, მწარე რეალობის წინ დგახარ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება გიწევს. 3 აგვისტოს მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო აატირა. ამ დრომდე სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, ტრაგედიის ადგილას ასობით მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ჯარისკაცი და ადგილობრივი დაკარგულ ადამიანებს ისევ ეძებს. როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით გრძელდება სამუშაოები. ნაპოვნია 25 გარდაცვლილი, მათ შორის, საუბედუროდ, ბავშვები არიან. ყველას უჭირს იქ არსებულ უმძიმეს ვითარებასთან თვალის გასწორება. მირიან ჭელიძე თავის კოლეგებთან ერთად შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში, პირველივე წუთებში მივიდა და მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში აქტიურად იყო ჩართული. როგორც ჩანს, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო იქ არსებულ უმძიმეს ვითარებას. თურმე რამდენიმე დაკარგულ ადამიანს პირადადაც იცნობდა და ემოციურად ამასაც ვეღარ გაუძლო. მოულოდნელად გულის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, კლინიკაში მისვლამდე გზაშივე გარდაიცვალა.

48 წლის მირიან ჭელიძე შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი გახლდათ. მას ორგანოში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა დაწერა: "ეს დღეები სულ მინდოდა დამეწერა და სამწუხაროდ, დღემდე ვერ დავწერე... მირიან ჭელიძე - სტიქიის პირველ დღეს გავიცანი, როცა შოვში ავედით. დახურულ ზონაში შევედით, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ადგილობრივმა აგვიყვანა თავისი მანქანით და იქ გავიცანი მირიანი. გვთხოვა, ლენტი არ გადაგვეკვეთა, რადგან უსაფრთხო არ იყო. სანამ ზურა მანაგაძე კადრებს იღებდა, მითხრა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მსგავსი ტკივილი არასდროს უგრძნია და ასეთი ემოციები არასდროს ჰქონია. არ ჩავყვები დეტალებს, ვისაუბრეთ იმ რთულ დღეზე, რომლითაც ყველაზე მძიმე პერიოდი დაგვეწყო ნახევარ საქართველოს. არ დამავიწყდება მისი სევდიანი თვალები და ჩუმი დარდი, რომლის დამალვასაც ცდილობდა. სტიქიის ეპიცენტრში არ გვიშვებდნენ მანქანით, ამიტომ ავტომობილი გლოლას შესასვლელში გველოდებოდა. აღმოჩნდა, რომ უკან ვეღარ ჩამოვდიოდით სტიქიის ეპიცენტრიდან, დახმარება მირიანს ვთხოვე. მთები გადადგა და უკან მაინც ჩაგვიყვანა, თან უამრავჯერ გვითხრა, რომ სწრაფად და ფრთხილად ჩავსულიყავით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ამისთვის თავად ყველაფერი გააკეთა. იმის თქმა მინდა, რომ ფორმების, თანამდებობებისა თუ მიკროფონების უკან ჯერ ადამიანები დგანან, რომლებიც შეიძლება ისე განიცდიდნენ მომხდარს, რომ საკუთარ სიცოცხლეს ასრულებდნენ..."

სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მირიანი დამ, ეკატერინე ჭელიძემ ტელევიზიით ნახა. ოჯახის წევრებს რომ არ ენერვიულათ, თურმე მათ უმალავდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას, მაგრამ დამ პირდაპირ ეთერში უყურა, როგორ ცდილობდა მისი ძმა სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ადამიანების დახმარებას და მათ ვერტმფრენში ასვლაში ეხმარებოდა. ეკას ძმის ეს საქციელი არ გაჰკვირვებია, რადგან მირიანი ყოველთვის იქ იდგა, სადაც საჭირო იყო. უჭირს მასზე წარსულში საუბარი. როცა ვთხოვეთ, მირიანზე ესაუბრა, უარი არ გვითხრა, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა ტკივილით იყო სავსე.

- ჩემი ძმა 48 წლის იყო. 1975 წლის 22 მაისს არის დაბადებული. მამამ წმინდა მეფე მირიანის სახელი შეურჩია. სამი დედმამიშვილი ვართ, კიდევ ერთი ძმა მყავს. 8 წელი ჩვენს მშობლებს შვილი არ ჰყავდათ, ამის მერე გავჩნდით ტყუპი, მერე დაიბადა მირიანი. დედას მირიანზე მძიმე მშობიარობა ჰქონდა და მამამ ისე ინერვიულა, თურმე უთხრა, მეტი შვილი აღარ გააჩინოო. ობლობაში გავიზარდეთ. 5 წლის ვიყავი, მამა რომ დაგვეღუპა, მაშინ მამაჩემი 48 წლის იყო. ის სამხედრო მფრინავი გახლდათ, თავისი საქმის პროფესიონალი. სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, უჯანმრთელესი იყო. მაშინ მამაც სხვის გარდაცვალებას შეეწირა, მანაც ინერვიულა. ჩემი ძმის, მირიანის დაბადების დღე, 22 მაისი ნიკოლოზობაა. სულ ვეუბნებოდი, ღვთის მადლი დაგყვება თან-მეთქი. ახლობლები მოფერებით მიკას ვეძახით. 18 წელი იმუშავა პოლიციაში, ძალიან უყვარდა თავისი საქმე. 2 წელი წყვეტა ჰქონდა, აღარ გვინდოდა დაბრუნებულიყო, მაგრამ უყვარდა თავისი პროფესია და ისევ დაუბრუნდა. გვიან, 35 წლის ასაკში დაქორწინდა. სამი შვილი ეყოლა: უფროსი 8 წლისაა, შუათანა 5-ის, პატარა კი 3-ის. სამწუხაროდ, ჩვენს მსგავსად, მათაც უმამოდ მოუწევთ ცხოვრება, რაც ძალიან მძიმეა. ობლობაში ისე გავიზარდეთ, დედა არაფერს გვაკლებდა, მაგრამ მამის სიყვარული და მოფერება, მისი ზრუნვა სულ გვაკლდა, გვენატრებოდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დეიდა არ გათხოვილა, ჩვენთან გადმოვიდა და დედას გვერდში ამოუდგა. ასე გაგვზარდა ორმა ქალმა. მართლა არაფერს გვაკლებდნენ, განათლება მოგვცეს, სამივე და-ძმამ უმაღლესი დავამთავრეთ. ძალიან ახლო ურთიერთობა და განსაკუთრებული დედმამიშვილობა გვქონდა. ისეთი კარგი სიძე და რძლები შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში, რომ ვხარობდით ერთად ყოფნით, ერთმანეთის სიყვარულით, ბედნიერებით, ახლა კი ეს უბედურება დაგვატყდა თავს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ტკივილს, რასაც განვიცდი. თითქოს ცა ჩამოგვექცა თავზე.

dakrzalva1-1692599971.jpg

უჯანმრთელესი ადამიანი იყო ჩემი ძმა. სულ გვეტრაბახებოდა, ექიმი არასოდეს დამჭირვებია, ერთი კბილიც კი არ მაქვს დაბჟენილიო. ის ჩემი იმედი იყო... მამის გარდაცვალების შემდეგ, 29 წლის ვიყავით ჩვენ, მირიანი კი 27-ის იყო, მოულოდნელად დედა რომ დაგვეღუპა. ისიც ახალგაზრდა გარდაიცვალა, ინფარქტით. მას მერე ერთმანეთს ვპატრონობდით, თვალებში შევციცინებდით, ერთი დიდი ტკბილი ოჯახი გვქონდა და ახლა ამხელა ტრაგედიას უნდა გავუძლოთ... ძალიან გულიანი ადამიანი, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, ვეტერანი იყო. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, პოლიცია ონიდან შევიდა უშუალოდ იქ, სადაც ბრძოლები მიდიოდა და მაშინაც ძალიან ვინერვიულეთ. ომი რომ დასრულდა, პოლიციელი ბიჭების ცხედრები იყო ჩარჩენილი. ხეობაში ონიდან ჩუმად შევიდნენ ღამით ჩემი ძმა და მისი კოლეგები მიცვალებულების გამოსაყვანად. დღე და ღამე იქ იყო, ძალიან განიცდიდა მათ დაღუპვას. ამბროლაურის პოლიციელებმა ზურგით, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს იქიდან მიცვალებულები. მიკა ამაყობდა საკუთარი თავითა და თავისი კოლეგების თავდადებით. ამბობდა, ასეთ დროს არასოდეს დავიმალებიო. მებრძოლი სულის, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო.

- დარწმუნებული ვარ, შოვის ტრაგედიას ძალიან განიცდიდა.

- ჩვენ ადგილობრივები ვართ. იქ ყველა ადგილი იცოდა. ეს საშინელი ტრაგედია რომ მოხდა, მაშინვე დავურეკე ჩემს ძმას, - მიკა, იქ ხომ არ ხარ-მეთქი? არა, არ წავსულვარო, - არ უნდოდა მენერვიულა, ამიტომ დამიმალა. ძალიან განვიცადე ეს ტრაგედია და იმ მძიმე კადრებს, რაც ტელევიზიებით გადაიცემოდა, მეც თვალს ვადევნებდი. როცა უჩვენებდნენ ვერტმფრენში როგორ აჰყავდათ გადარჩენილი ადამიანები, გასულ კადრებში აღმოვაჩინე ჩემი ძმა, რომელიც სხვებს ეხმარებოდა. ეს კადრი გადავიღე და გავუგზავნე, - ვიცი, სადაც ხარ-მეთქი. მერე პერიოდულად ვუკავშირდებოდი. საშინლად განიცდიდა ამ ამბავს. მითხრა: სასწაული ხდება. რაც აქ ტრიალებს, ეს ჯოჯოხეთია, ნაწილ-ნაწილ ამოგვყავს ხალხი, ისეთი დაფლეთილია ცხედრები, ადამიანების ამოცნობა ჭირს. მამამ საკუთარი შვილი ვერ ამოიცნო, ზოგს თავი არა აქვს, ზოგს კიდურები, უმძიმესი სურათია და ამას ძალიან განვიცდიო. ნამტირალევი იყო. ცდილობდა დამალვას, მაგრამ ვატყობდი, რომ ტიროდა. 8 წლის ბავშვი (თავისი შვილის ტოლი) ამოვიყვანეთ და ვერ ვარჩევთ, გოგოა თუ ბიჭიო. ძალიან სტრესულ სიტუაციაში იყო. ისეთი ტკივილით საუბრობდა, რომ ვხედავდი, ძალიან უჭირდა იქ ყოფნა. ვუთხარი, მეც ხომ არ წამოვიდე, იქნებ რამეში დაგეხმაროთ-მეთქი. ამაზე კატეგორიული უარი მითხრა: არა, რას ამბობ, თქვენნაირები აქ პირიქით, ხელს გვიშლიან მუშაობაში, რადგან უსაფრთხო სიტუაცია არ არის და იმის ნაცვლად, საქმე ვაკეთოთ, იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, სხვებს არაფერი მოუვიდეთო. აქ ხალხი ხელებით მიწას პორჭყნის, ტალახს პორჭყნის, რომ ისე ვიპოვოთ მიცვალებულები, მათ არაფერი დავუშავოთ. მთელი რაჭა დაწყვეტილია ნერვიულობით, ამის გაძლება ძნელიაო.

დაკარგულებს შორის იყო ნატო ჭელიძე, თავისი სამი შვილით, მას იცნობდა და ამ ოჯახის ტრაგედიაც გულთან მიიტანა. ყველას მდგომარეობას განიცდიდა. ერთი საათის გასული იყო იქიდან კოტეჯების მეპატრონე გელა გუტაშვილი, მასაც პირადად იცნობენ ჩემი ძმები, ამბობდა, აქ მას რომ ვუყურებ, გული მიკვდება, კაცი განადგურებულია, ამ ამბავს თუ გადაურჩა, ნორმალური არ დარჩება, იმხელა სტრესი მიიღოო. ძალიან განიცდიდა დაღუპულთა ოჯახის წევრების მდგომარეობას. ცხედრები პროზექტურაში რომ გადაჰყავდათ და ამოცნობა ხდებოდა, იმ პროცესებში იყო ჩართული და სამწუხაროდ, ვეღარ გაუძლო მისმა გულმა. საღ-სალამათი წავიდა და კლინიკამდე ვერ მიაღწია.

dakrzalva-1692599983.jpg

- როდის ესაუბრეთ მას ბოლოს?

- ბოლო კომუნიკაცია ძმასთან ჰქონდა. გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე დაურეკა. ჩემს ძმას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და მისთვის უკითხავს, შენ მაშინ გული როგორ გტკიოდაო? ამას უპასუხია, წვის შეგრძნება მქონდა გულის შუაშიო. მიკას მაშინ უთქვამს, მეც რაღაც ასეთი ტკივილი მაქვს ნახევარი საათია, ახლა კარდიოგრამა გადამიღეს, მაგრამ არაფერი ჩანს და ონში უნდა გადამიყვანონო. მოგაკითხავ, მეც წამოვალო, უთქვამს ჩემს ძმას, მიკას კი უპასუხია: არა, ონში მივყავართ ახლა და დაგირეკავ, თუ ცუდად ვიქნები, წამომიყვანე სახლშიო. მისი მეწყვილე, ვინც მის გვერდით იყო იმ დროს, ამბობს: ძმასთან საუბრიდან 2-3 წუთში ფაქტობრივად გაითიშაო. ჩემმა ძმამ ტელეფონი რომ გათიშა, თავის ექიმთან გადარეკა, აუხსნა რაც მიკამ უთხრა და მერე, როცა ისევ ცდილობდა ძმასთან დარეკვას, მიკამ უკვე აღარ უპასუხა...

- თუ შეძლებთ, ცოტა რამ მის მეუღლეზე, შვილებზეც გვიამბეთ...

- საოცარი მამაშვილობა ჰქონდათ. უზომოდ მზრუნველი, მოსიყვარულე მამა იყო. სახლში რომ მოვიდოდა, ეს სამი ბავშვი ჩურჩხელასავით აეკიდებოდა და მათ ესიყვარულებოდა. ძალიან უჭირთ ახლა ბავშვებს ამ ტკივილის ატანა. პატარა სამი წლის არის და ამ დღეებში ისეთ რაღაცებს ამბობდა მამაზე, ყველა, ვინც იქ იყო, ლამის დახოცა ტირილით... ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩემი რძალი, 32 წლის არის და დარჩა სამი პატარა შვილით მარტო. ჩვენ ვცხოვრობთ ამბროლაურში, ჭელიაღელეა ჩვენი სოფელი...

ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, მოდიოდნენ სამძიმარზე ადამიანები და იმდენ რამეს გვიყვებოდნენ ჩემს ძმაზე, გული გამითბა. გვიყვებოდნენ, ვის დაეხმარა და როგორ დაუდგა გვერდში. მისი თბილად გახსენება, ასეთი სიყვარული გვაძლევს ნუგეშს. ამ უმძიმეს დღეებში სხვანაირი თანაგრძნობა ვიგრძენით ხალხისგან, მადლობა მათ ამისთვის.

თეა ხურცილავა