ტკივილით სავსე დღეები და ადამიანური თანადგომის მაგალითები შოვიდან - გზაპრესი

ტკივილით სავსე დღეები და ადამიანური თანადგომის მაგალითები შოვიდან

დიმიტრი ცერცვაძე ეროვნული გვარდიის იმერეთის ტერიტორიული რეზერვის ჯარისკაცია, შოვის ტრაგედიის მეორე დღიდან ეპიცენტრში იმყოფება და სამძებრო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული. მძიმე დღეებს, ტკივილით სავსე წუთებს, მზის სხივივით ანათებს და ათბობს ადამიანური თანადგომის მაგალითები. ჩემი რესპონდენტისთვის ეს პირველი მასშტაბური სტიქია არ არის, რომელშიც ჩართულია, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია საკუთარ ოჯახზე აქვს გამოცდილი.

- დღეს (ინტერვიუ 12 აგვისტოს არის ჩაწერილი) დილის 8 საათიდან სამაშველო სამუშაოებში ვართ ჩართულები. მდინარე ჭანჭახის ხეობაში 3-4-კილომეტრიანი მონაკვეთები გვაქვს გადანაწილებული, ჯამში 40 კილომეტრი. მაშველები, ჯარისკაცები - ყველანი აქ ვართ.

- სად იყავით მაშინ, როდესაც შოვის ტრაგედიის შესახებ გაიგეთ?

- მეექვსე წელია სოფელ ნიკორწმინდაში სახლი მაქვს. 5-6 აგვისტოს გვარდიაში გამოძახება გვქონდა, კოპიტნარში გვაქვს ბაზა, სადაც გრაფიკის მიხედვით უნდა შევკრებილიყავით. ხელმძღვანელობას დავუკავშირდი და ვთხოვე, შესაძლებელი თუ არის, ამ შეკრებიდან გამათავისუფლეთ, სტიქიის ზონაში მოხალისედ წასვლა მინდა-მეთქი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჯარის ჩართვის გადაწყვეტილება იყო მიღებული. 4 რიცხვში ჯარისკაცები სოფელ გლოლაში დავბანაკდით და სამაშველო სამუშაოებშიც ჩავერთეთ.

ძალიან რთული და ემოციურად მძიმე იყო ის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით. მიწის მასა, ქვა, ხის მორები და ტოტები ერთმანეთში იყო არეული. მაშველები წელამდე ლაფში მუშაობდნენ. ადგილზე 90-მდე მძიმე ტექნიკა იყო. იქ ზოგიერთ ადგილზე მიწის მასა 3-5 მეტრამდე აღწევს, ზოგიერთ ადგილზე 6-7 მეტრიც არის. ტრაქტორები მწკრივად, ნაპირიდან მიჰყვებოდნენ და გზას მიიკვლევდნენ. მეც იქვე ვიყავი. როდესაც ტრაქტორის ოპერატორმა კოვშით მიწის მასა ამოიღო და სხვა ადგილზე უნდა გადაეტანა, შევამჩნიე ბავშვის ფეხი - მუხლიდან ქვემოთ... ეს უმძიმესი წუთები არასდროს დამავიწყდება.

- ამის მოსმენაც კი ძალიან რთულია...

- ლუკა "სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ, კოტეჯების ქვემოთ. ახალი ძალა რომ დაგვინახა მისული, მამამისი პირველ დღესვე მოვიდა ჩვენთან, რუკით ხელში და გვიჩვენებდა იმ ტერიტორიას, სადაც მისი ოჯახი იყო; მას ცოლი და 3 შვილი ჰყავდა დაკარგული.

luka-copy-1692600246.jpg

- მოგვიანებით ლუკას დედის გვამიც იპოვეს...

- დიახ. სტიქიასთან დაკავშირებით ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს, თბილისში ჩემი სახლი ვერეს ხეობაში იყო - იქ, სადაც სტიქია მოხდა. იმ ღამეს ჩემი მეზობელი ჩემ თვალწინ, თავისი სახლიანად წაიღო. საკუთარი თვალით მეორედ მსგავს რამეს თუ ვნახავდი და ამ პროცესში მომიწევდა ჩართვა, მართლა ვერ წარმომედგინა.

- იმ დროს თავად სახლში იყავით?

- ჩემი მშობლები იყვნენ, მე ცოტათი გვიან მივედი. ჩვენი სახლი შედარებით მაღლა, ფერდობზე იდგა, წყალი 1 მეტრამდე მაინც შემოვიდა, მაგრამ ჩემს დაბლა, სოხუმიდან დევნილი ქარდავების სახლი მთლიანად წაიღო.

- ახლა ჭანჭახის ხეობაში იმყოფებით, ადგილზე რა მდგომარეობაა?

- აქ ყველგან მონიტორინგი მიმდინარეობს, ყველა კუთხე კონტროლდება. მოგეხსენებათ, გვამს სპეციფიკური სუნი აქვს, რომელიც 70-80 მეტრის რადიუსში იგრძნობა. როდესაც ასეთ სუნს ვიგებთ, მივდივართ და ძროხა, ღორი ან სხვა ცხოველი გვხვდება. მთელი ხეობა გადავსებულია ხეებითა და ქვებით, მდინარე ახლაც დიდ ლოდებს მოაგორებს. მთის მდინარეს ახასიათებს, ამ ლოდებს რომ მოაგორებს, ერთ მხარეს "ამოაშენებს" და მეორე მხარეს გადადის, გარკვეულ ადგილებში მიმართულებას იცვლის. ამ მდინარეს ადგილ-ადგილ 3-ჯერ აქვს კალაპოტი შეცვლილი.

- სოციალურ ქსელში თქვენი გადაღებული ფოტო გავრცელდა, როგორ გაგიმასპინძლდათ მაშველებს რაჭველი პატარა გოგონა, ადამიანური თანადგომის მსგავს მაგალითებზეც მიამბეთ.

- ჭანჭახის ხეობაში შესვლის და შემოწმების დავალება რომ მივიღეთ, გავიყავით: მარჯვენა სანაპიროზე ერთი ჯგუფი გავედით, მარცხენაზე - მეორე. 3 კილომეტრი უნდა გაგვევლო, დაგვეთვალიერებინა. ერთ ადგილზე წყარო დაგვხვდა, 2 წუთით ჩამოვჯექით, წყალი დავლიეთ. იქვე საკუთარი სახლი ყოფილა. დავინახეთ მანქანა მოვიდა, ჭიშკართან გააჩერდა და ქალბატონმა ლალომ შინ მიგვიპატიჟა, მასთან ერთად პატარა გოგონაც იყო. უარი ვუთხარით, რადგან სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით და მადლობა გადავუხადეთ. მალე ვხედავთ, პატარა გოგონა ჩვენკენ მოდის და მოაქვს ცივი ხილი, წვენი. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

365743327-3743513709209335-1718163454577109472-n-copy-1692600259.jpg

- ამ ეპიზოდის სამახსოვრო ფოტოც შემოგრჩათ.

- დიახ, ეს ჩემი გადაღებული ფოტოა, რომელშიც ბუნებრივია, თავად არ ვარ; მეგობარმა გადაიღო ერთი კადრი, სადაც ვარ, მაგრამ იმ ფოტოს ხარისხი კარგი არ არის. რაჭველები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. ლალომ გვითხრა, რა დროც უნდა იყოს, რაც უნდა დაგჭირდეთ, დაგვირეკეთ, მე და ჩემი მეუღლე წამში თქვენ გვერდით გავჩნდებით, ყველაფერს მოგაწვდითო და ნომერი დაგვიტოვეს.

ჩვენ სახელმწიფოსგან კვებით, სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფილები ვართ, ყველაფერი საკმარისი გვაქვს, მაგრამ მოხალისეები სასწაულებს სჩადიან. ხეობაში მაშველები სადაც უნდა იყვნენ, ყველას აკითხავენ, რა მოგაწოდოთო? - ეკითხებიან. ამბობენ, რომ შემოწირულობებით იძენენ ყველაფერს, რაც საჭიროა.

- ასეთ მძიმე დღეებში თანადგომა შეგვიძლია...

- 12 ივნისს გავიხსენებ, ახალგაზრდების როგორი ჩართულობა იყო. ზოგს არ შეეძლო ნიჩბის ხელში დაჭერა და ხეობის დასუფთავება, მაგრამ უფასოდ "ტაქსაობდა", საკვებს და წყალს არიგებდა. ეს ჯაჭვური რეაქციაა. მსგავსი მაგალითები აქაც ხშირია. მაღაზიაში რაღაც ნივთის შესაძენად შევედი და თანხა არ გადამახდევინეს. ასეთ ამბებს ჰყვებიან სხვა ბიჭებიც.

- ამ დღეებიდან ემოციურად, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

- მას შემდეგ, რაც აქ ამოვედი, ორნაირი ემოცია მაქვს: არასდროს დამავიწყდება და ჩემი გონებიდან, თვალებიდან არასდროს ამოვა 7 წლის ლუკა დუდაშვილის მამა, როდესაც შვილის ამბავი გაიგო. მეორე ემოცია იყო ადამიანების სტუმართმოყვარეობა, სითბო, მასპინძლობისა და გულისხმიერების საოცარი მაგალითები. ამოდიოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და ყველა თავისებურ სითბოს ტოვებდა... ცნობილია, რომ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, რაჭაში ფესტივალი გაიმართა. ეს ტრაგედია თუ მოსახდენი იყო, კიდევ კარგი, იმ დღეებში არ მოხდა ან არ მოხდა ღამის საათებში, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.

თამუნა კვინიკაძე