ნიკოს და სალომეს წყვილის გამოცდა - გზაპრესი

ნიკოს და სალომეს წყვილის გამოცდა

ახლახან ნიკოლოზ ქართველმა სალომე უშხვანს ხელი საჯაროდ სთხოვა. წყვილს ერთმანეთი რეალითი შოუში მონაწილეობისას შეუყვარდა. მათ ურთიერთობას თან ახლდა სკანდალები... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ნიკო და სალომე ერთმანეთს რამდენად კარგად იცნობენ. მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

ნიკოლოზ ქართველი:

- მინიმუმ, 70%-ით მაინც უნდა დაემთხვეს.

სალომე უშხვანი:

- 50%-ით.

- ხელის თხოვნის შესახებ, სალომემ წინასწარ იცოდა თუ არა?

ნიკო:

- არა, წარმოდგენა არ ჰქონდა! ჩემი მეგობრის კარაოკეში, სადაც ვმუშაობ, ვთხოვე ხელი. ძალიან ვღელავდი, რადგან მანამდე ოფიციალურად ხელი არავისთვის მითხოვია (იცინის). ცოლი მყავდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ დაოჯახება ერთად გადავწყვიტეთ.

სალომე:

- ეჭვადაც არ მქონია, რომ ხელს მთხოვდა. კარაოკეში ჩვეულებრივად მივედი. უბრალოდ, ის სიმღერა ჩართო, რომელიც მე დამიწერა. გამიკვირდა. ვიფიქრე, არაფხიზელ მდგომარეობაშია და "მოაწვა"-მეთქი...

- რამდენჯერ იყო ის ოფიციალურად დაქორწინებული? შენ?

ნიკო:

- სალომე ჩემამდე ოფიციალურად დაქორწინებული ერთხელ იყო. მეც ერთხელ ვიყავი.

სალომე:

- როგორც ვიცი, ოფიციალურად ერთხელ იყო დაქორწინებული. მეც ერთხელ ვიყავი.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

ნიკო:

- ის სულ "ნიკოთი" მომმართავს. თავად "კვატს" ვეძახი (იცინის).

სალომე:

- ის "კვატით" მომმართავს, მე "პატარას" ვეძახი ხოლმე.

- ეჭვიანია? თავად თუ ხარ ეჭვიანი?

ნიკო:

- სალომე ცოტათი ეჭვიანია და ცოტათი ფეთქებადი ხასიათიც აქვს. ზოგჯერ ჰგონია, რომ ყურადღებას არ ვაქცევ (იცინის)... თავად ეჭვიანი საერთოდ არ ვარ, რადგან ვფიქრობ, ეჭვიანობა ურთიერთობას ვნებს.

სალომე:

- ნიკო ეჭვიანი საერთოდ არ არის, მე - კი. იშვიათად ხდება, რომ ერთმანეთის გარეშე სადმე წავიდეთ, მაგრამ თუ წავიდა, გონებაში ძალიან "ისეთი" ფიქრები მიტრიალებს... განა ნიკოს არ ვენდობი და მის ერთგულებაში ეჭვი მეპარება? უბრალოდ, ჩემს ხასიათს ვერაფერს ვუხერხებ.

- როდის აქვს მას დაბადების დღე? შენ?

ნიკო:

- მას პირველ ნოემბერს, მე - 26 იანვარს.

სალომე:

- მას - 26 იანვარს, მე - პირველ ნოემბერს.

- რომელია მისი საყვარელი კერძი? შენი?

ნიკო:

- მისი - შემწვარი კარტოფილი, ჩემი - აჭარული ხაჭაპური.

სალომე:

- მისი აჭარული ხაჭაპური და მწვადი, ჩემი - აჯაფსანდალი და თევზი (მოხარშულის გარდა, ყველანაირად მომზადებული თევზი მიყვარს).

- სად უყვარს ზაფხულში დასვენება ყველაზე მეტად? თავად სად გიყვარს ზაფხულობით დასვენება?

ნიკო:

- მას ეგვიპტეში, მე კი იტალიის აბსოლუტურად ყველა ტერიტორია ძალიან მიყვარს.

სალომე:

- ნიკოს ბათუმში დასვენება უყვარს, მე კახეთის რომელიმე სასტუმროში.

- როგორ ფიქრობ, ხალხს რომელი თქვენგანი უყვარს უფრო მეტად?

ნიკო:

- სალომე. იმიტომ, რომ მეც მიყვარს (იცინის)! მართლა ვგრძნობ, რომ სალომე უფრო მეტად უყვართ, რადგან ის ბევრად საყვარელია, ვიდრე მე.

სალომე:

- მე (იცინის), ალბათ - იმ ცნობილი სკანდალის გამო, თუმცა მიუხედავად ამისა, ნიკოს ხალხის სიყვარული არ აკლია. უბრალოდ, მართლა მგონია, რომ ხალხს მე უფრო ვუყვარვარ.

- რამდენ კილოგრამს იწონის? თავად რამდენს იწონი?

ნიკო:

- მართლა არ ვიცი, რამდენს იწონის, ვერ დავასახელებ. სწორ პასუხს ძალიან რომ ავცდე, მაგრად მეწყინება... თავად 72 კილო ვარ.

სალომე:

- ჩემი წონაც არ მახსოვს... 60 კილომდე ვიწონი, ნიკო კი ალბათ, 80-მდე.

- დაასახელე მისი ფეხის ზომა. შენი?

ნიკო:

- ჩემი 42, სალომესი - 38.

სალომე:

- ნიკოსი 42, ჩემი - 38.

- რომელია მისი საყვარელი პერსონაჟი სერიალებიდან ან ფილმებიდან? შენი?

ნიკო:

- მისი საყვარელი პერსონაჟია დეიმონი "ვამპირის დღიურებიდან", 100%-ით ვიცი. ჩემი - ალ პაჩინოს პერსონაჟი - მაიკლი "ნათლიადან".

სალომე:

- ნიკოს საყვარელი პერსონაჟია ნათლია "ნათლიადან". მე დეიმონი მომწონს "ვამპირის დღიურებიდან".

- ყველაზე ხშირად, რაზე კამათობთ?

ნიკო:

- ვერ იტანს, რომ "ფლეისთეიშენს" ვთამაშობ (იცინის). სხვა არაფერზე ვკამათობთ.

სალომე:

- იმის გამო, რომ "ფლეისთეიშენს" ძალიან ხშირად თამაშობს და ასევე, ტელეფონი ხშირად უჭირავს ხელში.

- რომელია მისი საყვარელი ფერი? შენი?

ნიკო:

- სალომეს საყვარელი ფერია შავი. ჩემიც.

სალომე:

- მისი - შავი და თეთრი, ჩემი - შავი, თეთრი და კრემისფერი.

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდა? შენ რომელზე ოცნებობდი?

ნიკო:

- მას არქეოლოგობა უნდოდა, მე კი ფეხბურთელობა.

სალომე:

- მე ჟურნალისტობასა და პროკურორობაზე ვოცნებობდი, ნიკო კი ალბათ, ფეხბურთელობაზე, რადგან სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარს. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ "ფლეისთეიშენს" ასე გამწარებული თამაშობს, ალბათ, ფეხბურთელობა უნდოდა (იცინის).

- რა უარყოფითი და დადებითი თვისებები აქვს მას? შენ?

ნიკო:

- ვფიქრობ, სალომეს უარყოფითი თვისებები ან ჩვევები არ აქვს. დადებითს რაც შეეხება, უზომოდ გულთბილი და ყურადღებიანია. ჩემს უარყოფით თვისებად თუ მივიჩნევთ, "ფლეისთეიშენის" თამაში ძალიან მიყვარს (იცინის). ბევრი მეგობარი მყავს. ალბათ, ჩემი დადებითი მხარე ეს არის.

სალომე:

- ნიკო ძალიან კეთილი, დამყოლი, დამთმობია - ეს გვაბალანსებს, რადგან თავად ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. წონასწორობას მალე ვკარგავ და ცოტათი მაზოხისტური რაღაცები მახასიათებს - მომწონს, როცა გულს ვტკენ (იცინის). წყენის გულში ჩადება არ ვიცი. ტკბილი სიტყვით მარტივად შემიძლია, "შემოვბრუნდე". ბოროტი არც მე ვარ... ნიკოს უარყოფით თვისებებს რაც შეეხება, როცა სვამს, ბევრს ლაპარაკობს და ზედმეტად გულთბილია.

- როგორ ფიქრობ, შენში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მასში?

ნიკო:

- მოსწონს ჩემი თვალები (ამის შესახებ თავად მეუბნება ხოლმე) და ალბათ, ხასიათი. მე მომწონს, რომ სალომე ყურადღებიანია. გარეგნულად ძალიან მომწონს, განსაკუთრებით - მისი თვალები.

სალომე:

- ალბათ, მას ჩემი გარეგნობა (განსაკუთრებულად - თვალები) და გულწრფელობა მოსწონს, თავად კი - ნიკოს ის დადებითი თვისებები მომწონს, რაც ჩამოვთვალე. გარეგნობითაც ძალიან მესიმპათიურება.

- კამერებს მიღმა, პირველ პაემანზე როგორ გამოიყურებოდა ის? შენ?

ნიკო:

- პირველი პაემანი ერთ-ერთ ღამის კლუბში გვქონდა. სალომეს თეთრი კაბა ეცვა, თმა შეკრული ჰქონდა. მე რა მეცვა, ნამდვილად არ მახსოვს... ძალიან კარგი დრო გავატარეთ.

სალომე:

- ალბათ, კედები, ჯინსის შარვალი და მაისური მეცვა, ნიკოს - ჯინსის შარვალი და ბოტასი... მართლა ვერ ვიხსენებ, პირველად სად შევხვდით ერთმანეთს...

img-5411-1692600507.jpg

- შენზე ნათქვამი ყველაზე გულსატკენი ფრაზა მისგან რა მოგისმენია? მას რა მოუსმენია შენგან?

ნიკო:

- "ჩინური კოსტა" მიწოდა (იცინის). იმ დროს ძალიან მაგრად მეწყინა, მაგრამ შემდეგ, მე, კოსტამ და სალომემ ამაზე ბევრი ვიცინეთ... ჩემი აზრით, ჩემგან სალომეს ყველაზე მეტად ის ეწყინა, რომ ვუთხარი, - ჩვენ შორის ყველაფერი მორჩა "ოფიშალ"-მეთქი (იღიმის).

სალომე:

- ნიკოს მიერ ნათქვამი ასეთი ფრაზის გახსენება მიჭირს, რადგან მას გულს მე უფრო ვტკენ ხოლმე... თავად გული იმ ინციდენტის გამო მეტკინა, რომ მატყუებდა. რამე ფრაზა განსაკუთრებულად არ მახსოვს, პირიქით - სულ ცდილობს, კარგ განწყობაზე დამაყენოს... ჩემ მიერ ნათქვამ გულსატკენ ფრაზას რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, - წადი, ცოტა ხანს თავი დამანებე, დამასვენე, შემეშვი-მეთქი! გაღიზიანებული ვიყავი. მელოდებოდა - შინიდან უნდა გავსულიყავით. იცის, რომ მოსამზადებლად 5 წუთი არ მყოფნის. საკმარის დროს არასოდეს მაძლევს, რომ წესიერად მოვემზადო. ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თავად უცებ ჩაიცვამს, მოემზადება და მორჩა - წავედითო!..

- 10 წლის მერე, თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

ნიკო:

- ძალიან ჰარმონიულად, შვილებთან და უკვე ალბათ, შვილიშვილთან ერთად - იმ დროს ჩემი შვილი უკვე 21 წლის იქნება...

სალომე:

- ვაიმე, ისე მცხელა, აუზიანი სახლი თუ არ მექნება, შეიძლება გავგიჟდე (იცინის)!.. სანამ ნიკოს შევხვდებოდი, ვამბობდი, - ჩემს სიბერეს სადმე ქოხში გავატარებ, შავი კატა მეყოლება-მეთქი, მაგრამ რაკი ნიკოსთან ერთად უნდა ვიცხოვრო, კი, შავი კატა მეყოლება და მფრინავი ცოცხიც თუ მექნება, ალბათ, ერთად ავმხედრდებით ხოლმე (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი