"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საშიშროება იმალება, რაჭა გვიყვარს და ვერ ველევით" - გზაპრესი

"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საშიშროება იმალება, რაჭა გვიყვარს და ვერ ველევით"

ტელეწამყვანი, შოუმენი და პრომოუტერი - ზაალ წულუკიძე (ვინი) რაჭველი გახლავთ (სოფელ კაჩაეთიდან). ბავშვობიდან დღემდე, წელიწადი ისე არ გავა, რაჭაში არ ჩავიდეს. ვინის ამ რეგიონთან დაკავშირებული მოგონებების მკითხველებისთვის გაზიარება ვთხოვეთ... ყოველთვის ხალისიანი რესპონდენტი ამჯერად, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, თავისი უსაყვარლესი კუთხის შესახებ გაბზარული ხმით გვესაუბრა...

- საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს თავისი კუთხე უყვარს, მაგრამ თითქოს რაჭველები რაჭის მიმართ სიყვარულს განსაკუთრებულად გამოვხატავთ. როგორ სიყვარულსაც რაჭა გადმოგვცემს, ასეთი სიყვარულის გაცემა და მერე ამაზე საუბარი გვიყვარს...

მახსოვს, ბავშვობაში, როდესაც ცხინვალის რეგიონიდან რაჭისკენ მივემართებოდით და სოფელ კვაისაში გადავდიოდით, რამდენიმე კილომეტრის გავლის მერე, უკვე რაჭა იწყებოდა. იმ მხრიდან პირველი სოფელია ულამაზესი ირი - მთაში ამავალი გზებით, ჩანჩქერებით, მდინარეებით... თან თითქოს მთები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული... ხეობაში გაივლი და გგონია, რომ ცოტაც და, - 2 მთა ერთმანეთს ჩაეხუტება, ძმებივით არიან... ახლა შუალედური გზაც ხომ გააკეთეს, არა? ეს ძირითადად, ონის რაიონის მოსახლეობისთვის. ჯერჯერობით, ჩვენთვის მაინც ტყიბულიდან გადმოსვლა უფრო საინტერესოა და უფრო ახლოსაა. როცა ნაქერალას ქედზე ადიხარ და შაორს დაინახავ (11 თუ 12 მოსახვევის გავლის შემდეგ), ყველა რაჭველის თვალზე ცრემლს შენიშნავ. სულ არ აქვს მნიშვნელობა, მას 30 წელი არ უნახავს რაჭა თუ 3 დღის წინ იყო იქ, ახლა კი ბრუნდება - ერთნაირად აღიქვამენ, განსაკუთრებულ მონატრებას ერთნაირად გრძნობენ... ჩვენც ასე ვართ, როცა რაჭაში მივდივართ. როდესაც მეგობრებთან ერთად წავსულვარ, მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, - ახლა დააკვირდით და რაჭველებს მარტივად ამოიცნობთ-მეთქი: ვისაც თვალები აუწყლიანდება, ის არის რაჭველი (იღიმის)... კი, განსაკუთრებულად მიყვარს ერთი მხრივ, ბუნებისგან სილამაზით დახუნძლული და დაჯილდოებული, მეორე მხრივ კი - საკმაოდ ბევრი საშიშროებით დაფარული ჩვენი კუთხე, მაგრამ ასეა - სილამაზეც მსხვერპლს მოითხოვს, უდანაშაულო ხალხი ეწირება ხოლმე... ბუნების ძალას წინ ვერ აღუდგები. შეიძლება, საფრთხის შესახებ გაფრთხილება იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რაღაცები ხდება არა მხოლოდ რაჭაში, არამედ - მთელ მსოფლიოში. თუნდაც - ჰავაიზე, ხალხს 2-3 დღით ადრე აფრთხილებდნენ, მაგრამ მაინც იმდენი გარდაცვლილი და უგზო-უკვლოდ დაკარგულია, რომ ეტყობა, რაღაც სახადი გვაქვს, რასაც რაღაცის გამო, დედაბუნებასთან ვიხდით, სამწუხაროდ...

eto-nado-videt-sobstvennimi-glazami-1692600658.jpg

წელს მეგობარმა მომიკითხა, - რას შვრებით, როგორ ხართო? - რა ვიცი, ჩემები რაჭაში არიან, ბავშვიც იქ არის-მეთქი, - ვუპასუხე. - რა გინდათ რაჭაში?! გამოეცალეთო! - მომისმინე, ძალიან გთხოვ... თუ გინდა, შენ გამოეცალე რაჭას, ნუ ჩახვალ. ჩვენ ჩვენს ფესვებს და მიწას არ ვტოვებთ-მეთქი... ნიკორწმინდიდან 2 კილომეტრში ვცხოვრობთ, ნიკორწმინდის თემში შემავალ სოფელ კაჩაეთში. ამ სოფლის ისტორიული სახელი "ყაჩაღეთი" იყო. კომუნისტური რეჟიმის დროს სახელი ბევრ რამეს გადაარქვეს. მაგალითად, ხონს "წულუკიძე" დაარქვეს, ნიკორწმინდას - "სინათლე", ყაჩაღეთს - "კაჩაეთი" (რადგან სწორად ვერ გამოთქვამდნენ). ერქვას კაჩაეთი, პირვანდელი სახელის დაბრუნება აღარ გვინდა, არ არის პრობლემა (იღიმის). ისეთი ადგილია, რომ მართლაც დაიმალები. შეიძლება, ადრე ამ მიდამოებს ყაჩაღები აფარებდნენ თავს, ჩვენი წინაპრები კი მათ დასდევდნენ, რომ გამოეტყუებინათ... კაჩაეთი ბევრს პატარა ჰგონია, მაგრამ ადგილზე ჩასულები ამბობენ, - კაი დიდი სოფელი ყოფილაო. კი, სოფელი დიდია, მაგრამ ხალხი ცოტაა იმასთან შედარებით, რამდენიც იყო. ლამაზი სოფელია. "ჩემს პატარა ჰობიტანიას" ვეძახი, როგორც "ბეჭდების მბრძანებელშია". ტოლკინს რაჭა რომ ენახა, ბუნებას უფრო სხვაგვარად აღწერდა - ვერ "ქაჩავს" (იღიმის), მაგრამ რაღაც მსგავსებები არის: ფერდობები, მიდამოები...... საოცარი სილამაზეა, როცა ბუნება ფერს იცვლის. ეს უნდა ნახოთ - ფანტასტიკურია! ტყეში ყველა ფერია: მიდამო, რომელიც ზაფხულში მწვანედ გახსოვს, შემოდგომით იცვლება და ხედავ, რომ ამ სიმწვანეში არის ყვითლის, სტაფილოსფრის, წითლის, ვარდისფრის და შინდისფრის რამდენიმე ელფერი... მხატვარს რომ შეეძლოს, ფუნჯი აიღოს და ამ ტყეში ჩააწოს, ჩათვალე, ყველა ფერი ექნება! ეს სილამაზე შაორის ტერიტორიაზე განსაკუთრებულად აღიქმება...

რაც თავი მახსოვს, რაჭაც მახსოვს, რადგან არ ყოფილა წელი, იქ არ ჩავსულიყავით. სკოლაში შესვლამდე, რაჭაში ნახევარ წელზე მეტხანსაც ვყოფილვარ. იქაურობას რა სჯობს? მაშინ სოფელი სიცოცხლით სავსე იყო. მაღაზიები, კლუბები გვქონდა, კინო "ამოდიოდა", თეატრალური კოლექტივები გვსტუმრობდნენ, დადგმებს მართავდნენ... დღისით, როცა ძალიან ცხელოდა, სოფელში სიმშვიდე იყო, საღამოს კი - რია-რია იწყებოდა. ეზოში 2 ფარი გვედგა - ღამით კალათბურთს ვთამაშობდით. ისეთი კარგი განათებები იყო, რომ ღამით მაგიდის ჩოგბურთის თამაშიც არ წარმოადგენდა პრობლემას... 90-იან წლებში, მიწისძვრის შემდეგ, თითქოს ყველაფერი სხვანაირად შეიძრა. ჩვენ კი ვინარჩუნებდით ეზოში ხალისს და ჩვენთან კიდევ ბევრი ხალხი ამოდიოდა, მაგრამ რაღაც თითქოს სხვანაირი გახდა... ეს განსაკუთრებულად საშინელი ტრაგედია იყო. ბებია ჰყვებოდა: პირველი ბიძგები რომ დაიწყო, ეზოში დიდი კაკლის ხე 40 გრადუსით იხრებოდა აქეთ-იქით. მე, სიფრიფანა ქალს, ბიძგები ხან სად მიმაგდებდა, ხან - სად, ბაბუაშენი კი ტახტზე იწვა, გარეთ არც გამოსულა. მეუბნებოდა, - ნუ გეშინია, ქალო, "გადაიღებსო" (იღიმის)... სწორედ მაშინ დაინგრა ჩვენი დიდი პაპის მამის მიერ ძველი სტილით, კლდის ქვებით, ულურსმნოდ აშენებული სახლი - მიწისძვრას ვერ გაუძლო. ჩვენს ბედად, იმ დროს იქ არავინ იყო... მაშინ ბებია-ბაბუასთან რომ ჩავედი, მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები არ დამავიწყდება: ეს აკვნის რწევასავით არ ყოფილა. თითქოს ვერტიკალურად გირტყამდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქვემოდან ფეხებში რაღაცას მირტყამდნენ. ასეთი ძლიერი ბიძგები 2011, 2013 და 2016 წლებში არ იგრძნობოდა, თუმცა 2011 წელსაც ძლიერი მიწისძვრა იყო. 2013-ში დედაჩემი მიწისძვრას ბეწვზე გადაურჩა, რადგან ერთ-ერთი კედელი "წამოვიდა"... დედა პატარა ნახტომმა გადაარჩინა, რომ კედლის ქვეშ არ მოყოლილიყო... ექსტრიმიც გვიყვარს, რა (იღიმის)... ჩემი შვილი ახლაც რაჭაშია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საშიშროება იმალება, რატომ გვიყვარს და ვერ ველევით, რატომ გადავცემთ თაობებს სიყვარულს პატარა ასაკიდანვე?.. ჩემი გოგონა - ალექსანდრა-ვიქტორია 1 წლისა უკვე რაჭაში იყო, პანდემიის დროს. წელსაც უბედნიერესი გახლდათ, როცა იქ წავიყვანეთ. ჩემი ძმების ოჯახებიც რაჭაში მიდიან, როგორც კი დასვენების დრო აქვთ...

სამწუხაროა, რომ მაგალითად, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ფონდი არ არსებობს და ადამიანს ფინანსურად ვერ გეხმარებიან. არ არის შემსწავლელი კომისია, რომ სტიქიის ადგილას ამოვიდეს, ნახოს... მამაჩემმა (რომელიც რაჭაში "მთის კანონით" ცხოვრობს) ვიდეოჩანაწერებიც კი წარადგინა, მაგრამ ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იღებს: როდესაც სათანადო სტრუქტურა და კომისია შეიქმნება, ეს საკითხი მერე იქნება განხილულიო. მერე, ნახევარი რაჭა თუ დაინგრა, რაღად გვინდა?! ამ საკითხშიც მოვიკოჭლებთ და დროა, მივხედოთ, თუკი გვინდა, ხალხი მთას დაუბრუნდეს. მთაში დაბრუნება ურთულესი ამბავია. პირველ რიგში, საცხოვრებელი პირობები თუ არ გაქვს, იქ გაძლება ურთულესია. ზოგ სიტუაციაში სახელმწიფოსგან ხელშეწყობა არის, ზოგში - არა, მაგრამ მგონი, სტიქიური უბედურებების მიმართულებით, ამ რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს... ჩვენს აწ უკვე დანგრეულ სახლს მიწისძვრისთვის რომ გაეძლო, ახლა უეჭველად ისტორიულ მნიშვნელობას მივანიჭებდით - ტურისტების მოსაზიდი კარგი საშუალებაც იქნებოდა, მაგრამ 90-იან წლებში ამისთვის ვის ეცალა? განუკითხაობა იყო... ჩვენი სახლიც არაა პატარა - დაახლოებით 100 წლისაა. ბაბუაჩვენი - აბიბო 1911 წელს დაიბადა. 8 დედმამიშვილი იყვნენ. მამამისმა ალექსანდრემ ეზოში ტერიტორია გამოუყო, რადგან აბიბო მამასთან, რაჭაში დარჩა. ბაბუამ ჯერ ერთი პატარა სართული ააშენა, შემდეგ - მეორე...

dsc01994-1692600673.jpg

ამჟამად, წულუკიძეები ცოტანი დავრჩით. სულ რაღაც 2400 წულუკიძეა მსოფლიოს მასშტაბით. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ჯერ კიდევ 1451 წელს, წულუკიძეები უკვე მეფის სამსახურში იყვნენ, ხოლო მანამდე მათ წინაპრებს თავი ჰქონდათ გადადებული მეფისთვის და ბევრი დახოცილა მეფის სამსახურში. ასე მოვდივართ... ნიკორწმინდა და კაჩაეთი წულუკიძეების საძვალეა. ესაა ადგილები, სადაც ჩვენი გვარი წარმოიშვა, ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს. სხვათა შორის, ხშირად ასურეთელი, იმერელი, აჭარელი წულუკიძები რაჭაში ჩამოდიან. ნიკორწმინდის ტაძარში წულუკიძეების გვარმა კანკელი აღადგინა. მოხატულობაც ახალია - ესეც ჩვენი დაფინანსებით მოხდა. ტაძარში შესვლისას, წულუკიძეებს ყოველთვის გვიყვარს იმ ჩვენი პატარა ეკლესიის და ჩვენი წინაპრის ფრესკის ნახვაც. მე-16 საუკუნის ამ ფრესკაზე 2 თავადია გამოსახული - ჯაფარიძე და წულუკიძე. ჰოდა, მე-16 საუკუნეში ჩემი წინაპარი საყურეს ატარებდა. აი, ჯერ კიდევ როდის ვიყავით ევროპელები! ახლა რომ ამბობენ, - საყურე თუ არ გავიკეთე, ისე როგორი ევროპელები ვიქნებითო? რაჭველები გვეძახეთ და, ჩვენ და ჯაფარიძეებმა კი დავასწარით ბევრს (იცინის)...

საერთოდ, თუ რაჭველს თავისი დასასვენებელი აქვს, სხვა ადგილას წასვლა აღარ სჭირდება. შეიძლება უბრალოდ, სტუმარს დაათვალიერებინოს, წაიყვანოს და შემდეგ ისევ შინ დაბრუნდეს. შოვში ნამყოფი ვარ, რა თქმა უნდა - ულამაზესი ადგილია... ახლა იქ საშინელება მოხდა. პირადად ჩემგან და ჩემი ოჯახისგან მინდა, ყველა ოჯახს, ვინც ახლობელი დაკარგა, სამძიმარი ვუთხრა, გადარჩენილებს კი მეორედ დაბადება მივულოცო. რწმენა გააძლიერონ და იმედი არ დაკარგონ... რთული ამბავია: ასეთ ლამაზ ადგილას რომ ჩადიხარ და ასეთი ტრაგედია ხდება. რაჭველები განსაკუთრებულად განვიცდით...

საერთოდ, ჩვენთან, სოფელში რომ გაივლი და ვინმე შეგხვდება, მნიშვნელობა არ აქვს, იცნობ თუ არა, უნდა მიესალმო. ისიც მოგესალმება, - გამარჯობა, ბოშოო! მერე შეიძლება, გამოგკითხოს, - ვისი ხარ შენ, ბოშოო? რომ უპასუხებ, - ამა და ამ ადამიანისო, დაიწყებს, - ოჰ, რა კაცი! რა ქალიო!.. თუ ეტყვი, სტუმრად ვარო, გიპასუხებს, - ო, დიდებული ხალხი! რა კარგი სტუმარი ჰყოლიათ, რა კარგ ოჯახში ხარ. მოგეწონა, ხომ, რაჭუკაო? თან, ასეა: რაჭაში ერთხელ თუ მოხვდები, შენც ოდნავ გარაჭველდები. ახლა ეს სიყვარულით სავსე ხალხი შოვში მომხდარ უბედურებას პირად ტრაგედიად აღიქვამს. მამაჩემმა დამირეკა - მთელი რაჭა დადუმებულია. ერთმანეთს ჩუმად ვესაუბრებითო... იქ კონკრეტული "გლოვის დღე" არ არის - ეს ტკივილი რაჭას კიდევ კარგა ხანს გაჰყვება... შოვის ახლომახლო მცხოვრები რაჭველები მაშველებს, მოხალისეებს ეხმარებიან. სოციალურ ქსელში ინფორმაციაც გამოქვეყნდა: ასეთი რაღაც არ გვინახავს, მაღაზიაში ფულს არ გვართმევენო. რაჭველებისგან არც ეს გამკვირვებია და არც ის, რომ მაშველებისთვის ლობიანები და ხაჭაპურები მიაქვთ... უმძიმესი ტრაგედია მოხდა. ვამბობთ, ცხოვრება გრძელდებაო და საკუთარ თავსაც ამას შემოვუძახებ ხოლმე, მაგრამ ამ ტრაგედიაზე საერთოდ რომ არ იფიქრო, ასეც არ შეიძლება...

ეთო ყორღანაშვილი