კიდევ ერთხელ ისტორიული მესხეთის შესახებ... - გზაპრესი

კიდევ ერთხელ ისტორიული მესხეთის შესახებ...

საქართველოს ბედუკუღმართობით თურქეთის შემადგენლობაში მოქცეული ქართული მიწები ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი იარაა. ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი მომზადდა პროექტის ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელია თსუ-ის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი, მონაწილენი კი მეცნიერები: დავით სართანია, დარეჯან კირთაძე, მანანა კვეტენაძე.

იმის თაობაზე, თუ რა სიახლეებია ახალ წიგნში, მის ერთ-ერთ თანაავტორს, თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ალმანახ "ჯავახიანის" რედაქტორს, ისტორიკოს ავთანდილ უჯმაჯურიძეს ვესაუბრეთ.

- სამწუხაროდ, საბჭოურ ხანაში მესხეთის შესახებ საუბარი გარკვეულწილად ტაბუდადებული იყო. ბოლო ათწლეულებში შეზღუდვები თითქმის მოიხსნა, გაადვილდა მიმოსვლაც, სახელმწიფოც ხელს უწყობს ამ საკითხებით დაინტერესებულ მკვლევრებს. შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ამ მიმართულებით არაერთი პროექტი დააფინანსა. სწორედ მან მოგვცა საშუალება მოგვეწყო ექსპედიციები "თურქეთის საქართველოში", აგრეთვე - აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში შედიოდა ოსმალთა იმპერიაში, გვესაუბრა "ჭოროხსიქითა" ქართველებთან, გავცნობოდით მათ ყოფა-ცხოვრებას. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ წიგნს საკმაოდ ვრცელი რეზიუმე ახლავს ინგლისურ ენაზე, რაც არაქართულენოვან მკითხველს საშუალებას აძლევს, გაეცნოს ისტორიულ მესხეთს.

- საინტერესოა, თქვენამდე შეხებია თუ არა ვინმე ამ საკითხებს?

- როგორ არა, ამ თემით ბევრი ქართველი მოღვაწე იყო დაინტერესებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია აკადემიკოს სერგი ჯიქიას ღვაწლი ამ მამულიშვილურ საქმეში და სამართლიანად ითვლება თურქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. მაგრამ ჩვენი ნაშრომი მკვეთრად განსხვავდება წინამორბედი წიგნებისგან.

- შეგიძლიათ კონკრეტულად გვიამბოთ, რა იგულისხმება ამ განსხვავებაში?

- განსხვავება მართლაც შთამბეჭდავია. წიგნი, რომელიც 1 400-ზე მეტი გვერდისგან შედგება, მდიდარია ფოტოებით, სადაც ასახულია თურქეთელ ქართველთა, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ყოველდღიური საქმიანობა, მათი ყოფა-ცხოვრება, სამეურნეო ინვენტარი. მეტი თვალსაჩინოებისთვის წიგნი მდიდარია ცხრილებით, დიაგრამებით, სადაც მკითხველს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება იმაზე, თუ რამდენი ხორბალი, ქერი, ფეტვი, ჭვავი მოჰყავდათ ამა თუ იმ სოფელში, ნაჰიეში, ლივაში და სხვა. რამდენი იყო მათი ხვედრითი წილი მიწათმოქმედებაში ან საერთო გადასახადებში. ასევე ცალკე არის დაანგარიშებული მეცხოველეობაზე, მებოსტნეობასა და სხვა დარგებზე გაწერილი გადასახადები. ჩანს, თუ როგორ ებრძოდნენ ქრისტიანულ რელიგიას, ქართულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ასე რომ, ჩვენი წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მეცნიერებს მესხეთის ეკონომიკის, რელიგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, ანთროპოლოგიის, ტოპონიმიკის და სხვა საინტერესო სფეროების შესწავლის საქმეში. ექსპედიციის დროს კლარჯეთში, სოფელ ნიგიაში მივაკვლიეთ საქართველოში თითქმის გადაშენებული ქართული ვაზის სახეობას - ჭიჭიბენას, რომლის ჩამოტანა და გამრავლება განზრახულია "ჭოროხსაქეთა" საქართველოში. წიგნში აღწერილია უამრავი სოფელი, ციხესიმაგრე, სათესველი, ვენახი, ბაღი, საყანე, ჩაირი, რომელიც მოექცა ოსმალთა უღელქვეშ. დამპყრობლებმა დავთრებში აღწერეს და გადასახადები დაადეს ყველაფერს, რაც ადამიანის საქმიანობასთანაა დაკავშირებული: მარცვლეული, ცხოველები, ბოსტნეული, ხელოსნობის სხვადასხვა დარგი, ვაჭრობა. გადასახადები დაადეს არა მხოლოდ შინაურ ცხოველებზე, არამედ გარეულზეც: მაგალითად, უნდა ენადირათ ფოცხვერზე და ტყავი ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის. გარდა ამისა, გადასახადები შეწერილი იყო გარეულ ფრინველებზე: შევარდენზე, მიმინოზე, არწივზე და სხვა. ქართველი მოსახლეობის გათურქება-გამაჰმადიანებისთვის მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის - ეკონომიკურ ზეწოლას. ასეთი შემთხვევა დავთრებში ძალიან ბევრია. მაგალითად, სოფელ აბში მიწა თუ ქართველებს ეკუთვნოდათ, თანდათან ჩამოურთმევიათ და ოსმალო მოხელეებისთვის გადაუციათ. მსგავსი სურათია სხვა სოფლებშიც. ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკა აიძულებდა მოსახლეობას, ოსმალთა პირობები მიეღო, გადასულიყვნენ ისლამზე და დამორჩილებოდნენ მათ წეს-კანონებს. დავთრებში არაერთია ისეთი ცნობაც, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ისლამმიღებულ ქართველობას ზოგჯერ კერძო საკუთრებას უნარჩუნებდნენ. მაგალითად, დავთრების მიხედვით ვიგებთ, რომ ფერთეგრექის ნაჰიეს სოფელ ფერთეგრექში ერთი ვენახი ეკუთვნის "რუბენ გურჯის". დავთრიდან არ ჩანს, რომ ეს ნაკვეთი ადრე სხვას ეკუთვნოდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ამ ვენახს ადრევე ფლობდა და ისლამის მიღების შემდეგ მასვე დაუტოვეს.

- საინტერესოა, როგორი იყო ქრისტიანების მდგომარეობა მაჰმადიანურ იმპერიაში?

- ამის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ოსმალური დავთრები, კერძოდ - რამდენიმე სახის გადასახადი; მათ შორის - მურახასიე, რომელიც გადაიხდებოდა სოფელში ეკლესიისა და მღვდლის შესანარჩუნებლად. იყო აგრეთვე, სპეციალური გადასახადი - ისფენჯი - მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი ქრისტიანი იყო. გადასახადებს ახდევინებდნენ აგრეთვე ღორების ყოლისთვისაც. მიუხედავად ამისა, დავთრების მიხედვით ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც თითოეულ კომლს 30-ზე მეტი ღორი ჰყავდა. ვინაიდან მეღორეობა ეწინააღმდეგებოდა მაჰმადიანური ცხოვრების წესს, ამის გამო ხელისუფლება ქრისტიანებს უზრდიდა გადასახადს. იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ღორების ყოლის გამო. გადასახადები დაწესებული იყო ვენახზეც - ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობა ისლამისთვის მიუღებელი დარგი გახლდათ. ვაზის ფართოდ გავრცელებაზე მეტყველებს ის ფაქტები, რომ გადასახადები ვენახზე ხან ცალკეა გაწერილი და ხანაც - სხვადასხვა კულტურასთან შეწყვილებული. თურქეთში ჩვენი ყოფნის დროს ვნახეთ უამრავი ქვევრი, რომელიც ამ კუთხეში მევენახეობა-მეღვინეობის არსებობის დადასტურებაა. ამის შესახებ ხშირად გვიყვებოდნენ იქაური ქართველებიც.

- ჟურნალ "გზის" მკითხველისათვის საინტერესო იქნება, რამდენად არის შემორჩენილი თურქეთში ქართული ტოპონიმები, ანთროპონიმები. რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით?

- ჩვენი წიგნი ამ კუთხითაც არის საინტერესო, რადგანაც მოვახერხეთ რამდენიმე ტერიტორიული ერთეულის (ვილაიეთის, ლივის, ნაჰიეს) ლოკალიზება და იდენტიფიცირება. დავთრებში გვხვდება ისეთი ტოპონიმებიც, რომელთა ამოკითხვა, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება და ალბათ ეს მომავალი კვლევების საქმეა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ტოპონიმების ცვლილებები შედარებით ნაკლებად შეეხო მიკროტოპონიმებს, სადაც შემორჩენილია ძველი ქართული სახელწოდებები. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით ანთროპონიმებზე. ოსმალთა დაპყრობების ადრეულ ეტაპზე თითქმის ყველა ანთროპონიმი ქართული/ქრისტიანული იყო, მაგალითად - გიორგი, გაბრიელი, ლევანი, ვარძელა, მახარობელი. შემდეგ თანდათან გვხვდება შემთხვევები, როცა მამის სახელები ქართული/ქრისტიანულია, მაგრამ შვილები უკვე მოლების მონათლულები არიან და მათი სახელებიც მაჰმადიანობას უკავშირდება: მუჰამედ ძე გოგიასი, იუსუფ ძე მახარობელის და სხვა. სამწუხაროდ, შემდგომ ეტაპზე, ისლამის მძლავრობის შედეგად, თითქმის მთლიანად თურქულ-მაჰმადიანური სახელები გვხვდება. დავთრებში აგრეთვე ხშირად გვხვდება ტერმინი "მღვდელი", ხან როგორც სოციალური ფენის აღმნიშვნელი, ხანაც - როგორც ადამიანის სახელი. გვხვდება ეკლესიები, ქართული სოციალური ფენის აღმნიშვნელი ტერმინები, მაგალითად - აზნაური და სხვა.

- თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ, რომ "ჭოროხსიქითა საქართველოში" ჯერ კიდევ მბჟუტავი ქართული სული არ ჩაკვდეს?

- საინტერესო კითხვაა. ამ მხრივ სახელმწიფოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, მონდომების შემთხვევაში დიდ სირთულეს არ წარმოადგენდეს ჩვენს მოძმეებთან ქართული, განსაკუთრებით ფოლკლორული ანსამბლების გაგზავნა და კონცერტების გამართვა. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად ექნება დადებითი ეფექტი (თუნდაც ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა" გავიხსენოთ - რა სასწაული მოახდინა ქართულმა სიმღერამ). გარდა ამისა, უნდა მივაწოდოთ მათთვის გასაგებ, თურქულ ენაზე დაწერილი წიგნები, განსაკუთრებით იმ თემებზე, თუ როგორ მოხვდნენ ჩვენი თანამოძმეები "გაღმა ნაპირზე". მათგან ბევრს შეუძლია ქართულად ლაპარაკი, მაგრამ არ იციან ქართული წერა-კითხვა. 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკაში ჩვენი ჯგუფის ყოფნისას გამოვიდა იქაური ქართველის, ქალაქ ბორჩხის ლიცეუმის პედაგოგის, სოფელ ქლასკურის მკვიდრის, რიდვან ათანის (რიდვან კოსტანაშვილი) მიერ ქართულიდან თურქულად თარგმნილი, გიორგი ყაზბეგის "სამი თვე თურქეთის საქართველოში". გიორგი ყაზბეგმა XIX საუკუნეში, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის წინა პერიოდში (1874 წ.) იმოგზაურა თურქეთში და აღწერა ქართველთა ყოფა. წიგნმა დიდი ინტერესი გამოიწვია იქაურ ქართველობაში. ამ კუთხით იქნებ ამ სტატიამაც უბიძგოს ვინმეს ამ მამულიშვილური საქმის გაკეთებისკენ. ზედმეტი არ იქნება, თუ გავგზავნით ისტორიული საქართველოს რუკებსაც.

- საინტერესოა, მეურნეობის რომელი დარგები იყო ძირითადად განვითარებული ძველ მესხეთში?

- დავთრების მიხედვით ჩანს, რომ ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მიუხედავად იმისა, რომ თურქები ძირითადად მესაქონლე ტომები იყვნენ, მათ ბოლომდე მაინც ვერ შეძლეს მოეშალათ ქართული სამიწათმოქმედო ტრადიციები. განსაკუთრებით განვითარებული იყო მემარცვლეობა, დიდი რაოდენობით მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი. მემარცვლეობის განვითარების დამადასტურებელია წისქვილების სიმრავლეც, რომელიც თითქმის ყველა სოფელში იყო, თანაც - რამდენიმე თვალი. თანამედროვე ეთნოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ საქართველო არის ხორბლეულის წარმოშობის ერთ-ერთი კერა და მათ შორის იგულისხმება ისტორიული მესხეთის ტერიტორიაც. მისდევდნენ აგრეთვე მევენახეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას, ჰქონდათ ზეთსახდელები (ე.წ. ბეზირხანეები), ეწეოდნენ მეფუტკრეობას, მონადირეობას. საკმაოდ დაწინაურებული დარგი იყო მეცხოველეობა, დიდი რაოდენობით ჰყავდათ ცხვარი, ღორი; დავთრებში იშვიათადაა მინიშნება მსხვილფეხა პირუტყვზე (ძროხა), საჭაპანო-სატრანსპორტო ცხოველებზე (ხარი, კამეჩი, ცხენი, ჯორი, ვირი). მსხვილფეხა პირუტყვის არსებობაზე ძირითადად ირიბი მინიშნებებია - მაგალითად, დიდი გადასახადები იონჯასა და თივაზე, ერბოზე, ყველზე, საქონლის საზაფხულო და საზამთრო სადგომებზე. რაც შეეხება საჭაპანო სატრანსპორტო საქონელს, დავთრებში მათი იშვიათად მოხსენიება, მეცნიერთა აზრით, აიხსნება იმ გარემოებებით, რომ ძირითადად მათ იყენებდნენ სამხედრო საჭიროებებისთვის, სამხედრო საჭურვლის, სურსათ-სანოვაგის გადასატანად, დაჭრილთა გადასაყვანად, საფორტიფიკაციო ნაგებობების სამუშაოებზე და სხვა. დავთრებში ყველა ამ საკითხზე თითქმის ამომწურავი პასუხებია. გვხვდება საბაჟო გადასახადები.

სხვათა შორის, ოსმალურიდან ნათარგმნ დავთრებში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა შეცდომა, რომლის გასწორებამაც საკმაოდ დიდი დრო და ენერგია მოითხოვა. სამწუხაროდ, ყველა ხარვეზის ბოლომდე აღმოფხვრა ვერც ჩვენ შევძელით, ამის ერთ-ერთი მიზეზი პროექტით გათვალისწინებული დროის სიმცირეც იყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, ურიგო ნაშრომი არ გამოგვივიდა.

- როგორც ჩანს, თქვენი გუნდი უზარმაზარ საქმეს შესჭიდებია. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- დიახ, როგორც იტყვიან, "სამკალი ფრიად არს". ამ საქმის გასაგრძელებლად შეტანილი გვაქვს პროექტი რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდში. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში სამეცნიერო საზოგადოება, ქართველი მკითხველი მიიღებს უფრო ვრცელ, შევსებულ ნაშრომს მესხეთის შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ სტუდენტებიც, რამაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო მათ პროფესიულ დაოსტატებას. თუ ფონდი ამის საშუალებას მოგვცემს, განზრახული გვაქვს, მეტი ახალგაზრდა მკვლევარი ჩავაბათ ამ საქმეში; გარდა ამისა, გვსურს უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვრის მიღმა დარჩენილ ქართველებთან, უზრუნველვყოფთ ისტორიულ სამშობლოში მათი ხშირად ჩამოსვლის ორგანიზებას, რაც გარკვეულწილად, წინა პროექტის ფარგლებშიც შევძელით.

შორენა მერკვილაძე