BMHCA - სახიფათო ნივთიერება, რომელიც ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებში აღმოაჩინეს! - გზაპრესი

BMHCA - სახიფათო ნივთიერება, რომელიც ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებში აღმოაჩინეს!

ჰიგიენის საშუალებებს 21-ე საუკუნის ადამიანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პროდუქციის შესაძენად თანხა ნებისმიერი ოჯახის ბიუჯეტში მოიპოვება, რადგან მათ გარეშე არსებობა წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდის პროდუქცია შეიცავს მავნე ნივთიერებას, რომლის შესახებაც ამ ინტერვიუში გიამბობთ.

- რა ნივთიერება აღმოაჩინეს პროდუქტებში, რომელსაც საქართველოში თითქმის ყველა იყენებს?

ვახტანგ კობალაძე, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი:

- ეს არის მავნე ნივთიერება ბუტყლპჰენყლ მეტჰყლპროპიონალ (BMHCA), რომელიც ცნობილი ბრენდების ნაწარმში აღმოაჩინეს და ეს ინფორმაცია ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემით რამდენჯერმე გავრცელდა! აპრილის შემდეგ, ეს ნივთიერება რამდენიმე პოპულარული ფირმის ნაწარმში, კოსმეტიკასა და პირადი ჰიგიენის საშუალებებში აღმოაჩინეს... შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ეს ინფორმაცია ეტიკეტებზე იყო მითითებული.

- რით აიხსნება ის ფაქტი, რომ სახიფათო ნივთიერება ყველაზე ცნობილი ბრენდების პროდუქციაში აღმოჩნდა?

- საქმე ის არის, რომ ეს ნივთიერება, ანუ BMHCA, წლების განმავლობაში ფართოდ გამოიყენებოდა ჰიგიენურ და კოსმეტიკურ ნაწარმში, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ ის საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომ, 2022 წელს აკრძალეს. ევროკავშირში, აღნიშნული ნივთიერების შემცველი პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის გაყიდვა შარშან აიკრძალა და როგორც ჩანს, ძველი პარტიები ქსელში ჯერ კიდევ შემორჩა.

- რა რისკს შეიცავს ამ ნივთიერების გამოყენება?

- დადგინდა, რომ BMHCA-სთან სისტემატური შეხება ყველაზე მეტად, ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს. ასევე მავნებელია ორსულებისთვის და ნაყოფისთვის. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ჰიგიენის საშუალებებს და კოსმეტიკას ყიდულობთ, ყურადღებით დააკვირდით მის შემადგენლობას - ჩამონათვალში არ უნდა იყოს ნივთიერება BMHCA!

- ცნობილია, რომ ასეთი პროდუქცია ქსელში პირველად იტალიელებმა აღმოაჩინეს, მათ საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეს?

- დიახ, იტალიაში არაერთი პირადი ჰიგიენის საშუალება და კოსმეტიკური პროდუქტი გამოავლინეს, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნე იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა კვლევა - ეს გახლდათ ბაზრის მონიტორინგი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები სისტემატურად ატარებენ: იქ მონიტორინგი მიმდინარეობს არა მხოლოდ საზღვარზე, არამედ სავაჭრო ქსელშიც. ევროპელები ეტიკეტების შემოწმებას და ლაბორატორიული კვლევებს ინტენსიურად ატარებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ეტიკეტების შემოწმებით აღმოაჩინეს, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით იყიდებოდა პროდუქცია, რომელიც სახიფათო ნივთიერებას შეიცავდა. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჩვენც მაშინვე ვაცნობეთ საქართველოს მოსახლეობას: ჩვენი ორგანიზაციის ვებგვერდზეც დავწერეთ და "ფეისბუკის" გვერდზეც. ეს ბუნებრივია, რადგან ჩამონათვალში ისეთი ბრენდების ნაწარმი აღმოვაჩინეთ, რომელიც საქართველოში ძალზე პოპულარულია. ზოგიერთი ამ ბრენდის პროდუქციას მეც ვყიდულობ, მაგრამ ერთი პირობით: ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ ეტიკეტს. რამდენჯერაც ვნახე, მათ შემადგენლობაში butylphenyl methylpropional არ იყო, ამიტომ ჩვეულებრივად ვაგრძელებ შეჩვეული პროდუქციის გამოყენებას. როგორც ჩანს, საშიში ნივთიერება ყველა პარტიაში არ არის. ისიც უცნობია, საქონლის პარტიები, რომლებშიც სახიფათო ნივთიერება გამოვლინდა, საქართველოში შემოვიდა თუ არა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყურადღებით უნდა წავიკითხოთ ეტიკეტი და თუ ამ ნივთიერებას აღმოვაჩენთ, აღარ ვიყიდოთ.

- თუმცა, ეტიკეტები მეტისმეტად წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი და მათი წაკითხვა თითქმის შეუძლებელია.

- ეს პრობლემა ყველაზე იოლად მოსაგვარებელია: ეტიკეტს ფოტო უნდა გადავუღოთ, მერე გავადიდოთ და ამ გზით დავადგინოთ, რა შემადგენლობა აქვს კოსმეტიკურ ნაწარმს. ბევრისგან გამიგონია, სად მაქვს იმის დრო, მაღაზიაში დავდგე და ეტიკეტები ვიკითხოო, მაგრამ ჩვენ ხომ ერთსა და იმავე პროდუქტს ვყიდულობთ? ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება სახლში მაინც ნახო ეტიკეტი და შეძენილი ნივთი მაღაზიას უკან დაუბრუნო ან სხვა დროს აღარ იყიდო? ცხადია, უმჯობესია რასაც ვიყენებთ, ყველაფერი მცენარეული და ნატურალური იყოს, მაგრამ ამის მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაა საჭირო მეტი დაკვირვება. მოწინავე ქვეყნებში მსგავს საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურები ზრუნავენ და როცა დარღვევას აღმოაჩენენ, მეწარმეს ევალება, საეჭვო ხარისხის ნაწარმი ქსელიდან ამოიღოს. ზოგჯერ მომხმარებლისგანაც იბრუნებენ საეჭვო პროდუქციას, გააჩნია, რა დონის საფრთხეს შეიცავს ის. ჩვენთან რისკის შემცველი ნაწარმი ვინ უნდა მოძებნოს? - არ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამ ბაზარს გააკონტროლებს. ამიტომ, მარტო იმის იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბიზნესი იქნება ფხიზლად და საფრთხის შემცველი ნიმუშების გავრცელებას არ დაუშვებს.

- თუმცა, მხოლოდ ბიზნესის კეთილსინდისიერების იმედად ვერ ვიქნებით...

- გეთანხმებით, რადგან მეწარმის მთავარი მიზანი მოგებაა, მხოლოდ ეტიკეტის მეშვეობითაც ვერ შევძლებთ უამრავი მავნე ნივთიერების აღმოჩენას და შემოწმებას, რომელსაც შეიძლება სამომხმარებლო პროდუქცია შეიცავდეს. რატომ? - ეტიკეტის შეცვლა და გაყალბება ადვილია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველოშიც დაწესდეს სახელმწიფო კონტროლი სამომხმარებლო პროდუქციაზე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. ამის გარეშე საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა ვერ იქნება დაცული. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ასეთი კონტროლი აუცილებელია, მსგავსი დარღვევები სახელმწიფო უწყებამ უნდა გამოავლინოს.

4444-topaz-enhance-4x-1693206495.jpg

- თქვენი ორგანიზაცია თუ გრძნობს სახელმწიფოს თანადგომას და მხარდაჭერას?

- რა ხელშეწყობაზეა ლაპარაკი? - ცოტა ხნის წინ აგენტებად გვაცხადებდნენ, რადგან დასავლეთი გვაფინანსებს. იცით, რა მიკვირს? - მგონი, არ არსებობს სახელმწიფო უწყება, რომელსაც ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნების დახმარება არ მიუღია, ამიტომ, როცა ამტკიცებენ, არასამთავრობო სექტორს დასავლეთი აფინანსებსო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. პირდაპირ ვიტყვი: დასავლეთის დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა და იმის მეასედსაც ვერ შევძლებდით, რაც აქამდე გაგვიკეთებია. ჩვენს სახელმწიფოს რაც შეეხება - ხელშეწყობას არ ვითხოვთ, უბრალოდ, ხელს ნუ შეგვიშლიან. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო სამომხმარებლო ბაზარს არ აკონტროლებს, ამიტომ, ისევ მომხმარებელი უნდა იყოს ფხიზლად: ეტიკეტს გაეცნოს და თუ პროდუქტს საეჭვო კონსისტენცია, სპეციფიკური სუნი, გაურკვეველი ფერი ან შემადგენლობა აქვს, აღარ შეიძინოს... ძალიან კარგი იქნება, თუ თვალს მიადევნებთ ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემის ვებგვერდს, სადაც ახალი ინფორმაცია სისტემატურად იბეჭდება. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ზუსტად იგივე პროდუქცია შემოვა, მაგრამ ადამიანს შეუძლია გარკვეული ინფორმაცია მიიღოს და ფრთხილად იყოს. დიახ, ქართულ ბაზარზე ჰიგიენის საშუალებებს და პარფიუმერიას სახელმწიფო არ აკონტროლებს, მიუხედავად იმისა, რომ რისკებისგან სახელგანთქმული ფირმების სახელიც ვერ გვიცავს - მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანიების პროდუქციაც კი შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

- კი მაგრამ, ფასიც არაფერს ნიშნავს?

- სამწუხაროდ ის, რომ პროდუქტი ძვირად ღირებულია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის უსაფრთხოა. ამის დასტურად "ქინდერის" სკანდალს გავიხსენებ, რომლის შოკოლადშიც შარშან სალმონელა აღმოაჩინეს - ამას ხომ არავინ იფიქრებდა? ამიტომ, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სამომხმარებლო ბაზარს სახელმწიფო აკონტროლებს, იქ მეწარმეებმაც იციან, რომ მათი პროდუქცია შესაძლოა ნებისმიერ დროს შეამოწმონ და უფრო ფრთხილად არიან. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ამ სფეროში სრული უკონტროლობაა და საქართველოს მოსახლეობა ბედის ანაბარად არის მიტოვებული! ჩვენ რაც უნდა მოვინდომოთ, სახელმწიფოს ფუნქციებს ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ ჩაანაცვლებს.

ხათუნა ჩიგოგიძე