"დედის გასვენებას ვერ დავესწარი - ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს?"
ქალბატონი ნატალია აბდუშელიშვილი 7 წლის წინ იძულებული გახდა, ობლობაში გაზრდილი 7 შვილი დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. მის გარეშე ჩაირა დედის დაკრძალვამ, შვილების ქორწინებამ, ბევრმა საინტერესო ამბავმა და თითოეული ასეთი სატკივარი თუ სიხარული ძლიერ ემოციებს იწვევდა ქალბატონში, რომელიც წლების წინ, შვილების საუკეთესო მომავლისთვის გაძლიერდა და ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა...
- 7 შვილის დედა გახლავართ. ამჟამად ემიგრაციაში ვარ, იტალიაში. ვიდრე აქ ჩამოვიდოდი, არაერთ ადგილას ვიმუშავე, რათა შვილების გვერდით ვყოფილიყავი და მათ უმამაობა არ ეგრძნოთ. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ნაადრევად გარდაიცვალა და ამხელა ოჯახის პატრონობამ ჩემს მხრებზე გადაიარა...
- როგორ ახერხებდით, თან გემუშავათ და თან შვილებზე გეზრუნათ? თუ გეხმარებოდათ ვინმე?
- შვილები ყველანი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, სახლის საქმეებიც გადანაწილებული ჰქონდათ, განრიგი - შედგენილი. იცოდნენ, რომ ერთმანეთზე უნდა ეზრუნათ, როცა დედა შინ არ იყო. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი ყოფით დავზარდე შვილები და დღეს ორი გოგონასი და ხუთი ვაჟის ბედნიერი დედა ვარ, რომელთაგან ორი სამხედრო სამსახურშია, ემსახურებიან სამშობლოს. უმცროსი ბიჭი ფეხბურთელია. ძალიან მინდა, კარგი მომავალი ჰქონდეს. მისი სურვილია იყოს წარმატებული და მალე დამაბრუნოს სახლში...
- ემიგრაციაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?
- ეს ნაბიჯი ჩემი შვილებისთვის გადავდგი. მინდოდა ყველას შეძლებისდაგვარად კარგი განათლება მიეღო. ცხადია, ამის წინააღმდეგები იყვნენ, არ უნდოდათ ემიგრაციაში წავსულიყავი, მაგრამ სხვა გზა არ იყო... მარტო დავტოვე შვილები, ერთმანეთის იმედად. ვიცოდი, ერთურთს გაუფრთხილდებოდნენ... ჩემს აქ ყოფნაში სამი შვილი დამიოჯახდა და უკვე ხუთი შვილიშვილის, ხუთი ანგელოზის ბებია ვარ...
- რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ და რატომ მაინცდამაინც იტალია?
- მეშვიდე წელია. აქ ჩამოსვლაში დამ და დისშვილმა შემიწყვეს ხელი, დამეხმარნენ სამსახურის შოვნაში. მას მერე ბევრი სამუშაო ადგილი გამოვიარე, ჯოჯოხეთები მაქვს გამოვლილი. იმ ყველაფერთან შედარებით, ახლა სამოთხეში ვარ, რა შედარებაა...
- შვილიშვილებს ვირტუალურად რომ იცნობთ, შვილების ბედნიერებამ თქვენ გარეშე რომ ჩაიარა, ეს ყველაფერი რა ემოციებთან არის დაკავშირებული?
- ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს შეჩერდები, გახედავ განვლილ გზას და იტყვი, ო, ღმერთო, როგორი ძლიერი ვყოფილვარ, რა სიძნელეები გამოვიარე, როგორ მტკიოდა, როგორ ვიბრძოდი ყოველდღე, რომ აქამდე მოვსულიყავი-მეთქი. საკუთარ თავს ვეუბნები, შენ გმირი ხარ, ჩემო თავო, გმირი... ემიგრანტს გამზრდელი დედა ისე გარდამეცვალა, მის გვერდით არ ვიყავი და ვერც გასვენებას დავესწარი - ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა იყოს?
შვილიs ქორწილსაც ტელეფონით "დავესწარი" და მერე სიმწრისგან მთელი დღე ვტიროდი... როგორ გადმოვცე სიტყვებით ეს ემოცია?
- მას მერე, რაც იტალიაში გაემგზავრეთ, სამშობლოში არ ჩამოსულხართ?
- როგორ არა! წელს საბუთი ავიღე და მოვახერხე სამშობლოში ჩასვლა, შვილებისა და შვილიშვილების ჩახუტება. ეს საოცარი დღეები იყო...
- ემიგრანტი ქართველები თუ იკრიბებით ხოლმე დასვენების დღეებში და როგორ ახერხებთ განტვირთვას ან ამ დროს თქვენი ძირითადი სასაუბრო თემა რა არის ხოლმე?
- ვიკრიბებით კვირაში ერთი დღე და ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა სამშობლოა! ასევე, ვალების დროულად მოცილება, გაუსაძლისი ყოფა ოჯახიდან შორს... მას მერე, რაც წამოვედი - 7 წელი თითქოს დრო გაჩერებულია და არც გაზაფხული, არც ზამთარი არსებობს ჩემთვის, ყველა დრო ერთნაირია...
- იტალიელებს, ვისთანაც მუშაობთ, როგორი განწყობა აქვთ ქართველების მიმართ? თუ გთხოვენ მაგალითად, რაიმე ქართული კერძის მომზადებას?
- ბევრმა იტალიელმა სწორედ დამხმარე ემიგრანტების გამო შეიყვარეს საქართველო და სურვილი აქვთ, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას. ბევრ მათგანს უყვარს ხაჭაპური, ხინკალი (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, შინ დაბრუნებას როდის შეძლებთ?
- დაბრუნებაზე ვფიქრობ ყოველდღე, მაგრამ ვალის გამო კიდევ ცოტასაც უნდა გავუძლო. ჩემს თავზე მეტად ის ახალგაზრდები მადარდებს, რომლებიც ჩამოდიან ევროპაში და საქმეს ეძებენ. აქ ფული ხეზე ნამდვილად არ ასხია. უცხო ქვეყანაში ცხოვრება დიდi ფსიქოლოგიურi წნეხია. 24 საათი მოხუცთან ერთად რომ ხარ გამოკეტილი, დროთა განმავლობაში ეს შენზე მოქმედებს. არადა, ყველა ცდილობს თავი გადაირჩინოს ამ ყველაფერთან შეგუებით და საბოლოოდ ასეც ხდება, დროთა განმავლობაში ასეთ ყოფასაც ეჩვევი ადამიანი...
აქვე მინდა დავძინო, რომ როცა გვიჭირდა და სამუშაოს საძებნელად წავედით, მიგვიღო იტალიამ და იტალიელებმა, გამოგვიწoდეს დახმარების ხელი. აქ საათივით აწყობილი აქვთ ყველაფერი და ჩემისთანა დედების, ბებიების თუ ახალგაზრდა ადამიანების დახმარებისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ისინი ფაქტობრივად, ჩიხიდან გამოსვლაში დაგვეხმარნენ თითოეულს...
- როგორც პირად საუბარში მითხარით, ლექსებს წერთ... ესეც ემიგრაციამ მოიტანა?
- არა, ლექსების წერა ბავშვობაშივე დავიწყე და "ნორჩ ლენინელში" გამოქვეყნებული ლექსი დღესაც ჩემი ხუთი თითივით მახსოვს და რომელიც დღევანდელ ცხოვრებას ისე ასახავს, მეც გაოცებული ვარ...
"იწყება ვაზთა ტირილი, იწყება ქროლვა ქარისა,/ იწყება უსამართლობა, იწყება გლოვა ზარისა,/ გული მწყდება და ვტირივარ, თმებს შემრევია ჭაღარა,/ ვაზის ცრემლებით ვიბან პირს, დავბერებულვარ რა ჩქარა./ გარეთ გოდებენ ზარები ისევ, თითქოს ბუნებამ ფერი იცვალა,/ ვფიქრობ და ვდარდობ ყოველ წამიერ,/ ო, საქართველოვ, შენ რამ შეგცვალა?/ ვეღარ ვიცანი ქართველი ხალხი, სიბერეს ასე სცოდნია თურმე?/ არც საქართველო და აღარც მიწა,/ რა გუნებაზე ვიქნები კიდევ?.."
და თქვენი ნებართვით, დედისთვის მიძღვნილ ლექსსაც წაგიკითხავთ:
"წუხელ დამესიზმრე დედა,/ ისევ შემაშველე ხელი,/ ისევ ჩამიკარი ნაზად,/ ისევ შემისწორე თმები./ იცი, მომენატრა ის დრო,/ რომ დავდიოდით ერთად/ და დიდ სიყვარულს გულში,/ ვიზიარებდით ერთად./ შენი ხმა მომენატრა,/ შენი ალერსი, სითბო,/ რას არ გავიღებ ახლა,/ რომ დამიბრუნდეს ის დრო./ ვერ მოვასწარი მეთქვა,/ როგორ უყვარდი ამ გულს,/ შორს, მაგრამ შენთან ახლოს,/ მარად ჩემს გულში სახლობ./ ღია სარკმლიდან მიცქერს,/ შენი თვალების სითბო,/ გულში ჩაღვრილი სევდა,/ მარგალიტები ბევრი./ ვუახლოვდები მწვერვალს,/ მზესაც შევეხე ხელით,/ მე მიმოვფანტე ცაზე,/ ეს ვარსკვლავები, ბევრი,/ სულ სათითაოდ დავკრეფდი,/ ოღონდ შენ მყოლოდი, დედი".
ლიკა ქაჯაია