უნდა იჩქარონ თუ არა გლეხებმა თხილის გაყიდვა? - გზაპრესი

უნდა იჩქარონ თუ არა გლეხებმა თხილის გაყიდვა?

დასავლეთი საქართველოს მოსახლეობა მოუთმენლად ელის თხილის მოსავლის აღების დასრულებას და ფასის დარეგულირებას. თხილის ასოციაცია პრემიუმ, ანუ საუკეთესო ხარისხის თხილის ფასად 6-7 ლარს ასახელებს, რასაც ადგილობრივთა უმეტესობა "პიარს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს ფასი მხოლოდ ფერმერებისთვის იქნება.

მათი თქმით, წელს თხილის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ბევრად ცოტაა და შესაბამისად, ფასიც მაღალი უნდა იყოს. "თხილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის - გიორგი თოდუას განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მოსავლის აღება ჯერაც არ დასრულებულა და ბარაქიანობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ 1 კგ დაბალი ხარისხის თხილის ღირებულება 3-4 ლარი იქნება.

"მსოფლიო მასშტაბით თხილის ბაზრის 70-75% თურქეთიდან მარაგდება. შესაბამისად, ეს ქვეყანა თხილის ფასის განმსაზღვრელია. აღსანიშნავია, რომ თურქეთში წელს თხილის ნორმალურ მოსავალს ელიან... დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფერმერებს, რომლებმაც წამლობა ჩაატარეს, კარგი მოსავალი აქვთ და მათ დაჟინებით ვურჩევ, სწრაფად აიღონ თხილი და მალე გააშრონ, რათა როგორმე არ გაუფუჭდეთ. ვისაც ხარისხიანი მოსავალი აქვს, აჯობებს, თხილი ახლა არ გაყიდოს. ხარისხიანი მოსავლის რეალიზაციისთვის ყველაზე კარგი დრო აგვისტოს ბოლო, სექტემბრის პირველი რიცხვებია... თუ თურქეთში თხილის საშუალო მოსავლიანობა 50%-ია, საქართველოში კარგი სეზონის პირობებში ის 40%-ს შეადგენს. ამიტომ განსხვავება თურქულსა და ქართულ ფასს შორის დაახლოებით ლარი ან ლარნახევარი იქნება. არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოს წელს თხილის მოსავალი შედარებით მცირეა. საქართველოში თხილის აღება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შემოსავალი ნახევარზე მეტს არ დაუთვლია და საიდან იციან, რომ შარშანდელთა შედარებით ცოტაა?.. 2022 წელს საქართველოში თხილის საერთო რაოდენობა 40 000 ტონამდე იყო და მისი უდიდესი ნაწილი - 80% დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა. წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილს ველოდებით და ვფიქრობ, მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის იქნება... ყველას ვთხოვ, გამოიყენონ საშრობები, რათა საბოლოოდ მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია", - ამბობს ის.

გიორგი თოდუას თქმით, მოსახლეობა, ძირითადად გლეხები, ქუჩაში გახსნილ მიმღებ პუნქტებზე აკეთებენ აქცენტს, რომლებიც თავის მხრივ დაბალ ფასს სთავაზობენ:

"სულ ვამბობ, არ გირჩევთ მათთან ურთიერთობას-მეთქი. აბა, ქარხნებში მაღალი ხარისხის თხილი უნდათ და ჩვენ ვერ მოგვყავსო... ფერმერები წლებია სწავლობენ სწორად მოვლას, შეწამვლას, შემდეგ მოგროვებასა და გაშრობას, რათა კარგ ფასად ჩააბარონ და ვერ გავიგე, რა უნდათ, მათ და ფერმერებმა ერთ ფასში გაყიდონ?.. სწორად გაშრობაზეც უარს ამბობენ, ამდენი დრო არ გვაქვსო და ტენიან თხილს 6-7 ლარად ვინ ჩაიბარებს ამხელა კონკურენციის პირობებში?.. გარდა ამისა, ე.წ. პუნქტები დაბალ ფასში იბარებენ, რადგან არ იციან შრობის შემდეგ რა იქნება და თავს იზღვევენ. თავიდან თითქოს კარგია თხილი, მაგრამ შრობის მერე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ ვარგა. მიმართონ საშრობებს და პირდაპირ ქარხნებს. ქუჩაში კაცი რომ დგას, ბუნებრივია, ის მაქსიმალურ მოგებაზეა ორიენტირებული..."

მას შემდეგ, რაც დასავლეთ საქართველოში თხილი მოთხოვნადი გახდა, მოსახლეობაში ახალი პროფესიები გაჩნდა - "თხილის შემგროვებელი", "ბრიგადის ხელმძღვანელი", "მბერტყავი", "შემგროვებლების მძღოლი-დამტარებელი", "თხილის დასარჩევი ტრაქტორის მძღოლი". ზოგიერთი მათგანი, განსაკუთებით ტრაქტორის მეპატრონეები, სეზონზე 10-15 ათას ლარს გამოიმუშავებენ...

ანაკლიის მკვიდრის, ირაკლი პერტაიას თქმით, ჯერჯერობით საუკეთესი ხარისხის თხილის ფასი 4 ლარია:

- მეწარმე ამოწმებს, ანუ ამტვრევს და თუ ათი თხილიდან ექვსს საღი გული აღმოაჩნდა, საშუალოდ, 3.60 ლარს იხდის, მაგრამ ყოველ ჯერზე სხვადასხვა შედეგი მოგვცა, ამიტომ 3.50 გადამიხადა. ფერმერებისთვის სხვა ფასია, 1 კგ თხილის გულს 45 ლარად იბარებენ, ოღონდ შემოწმების სხვა კრიტერიუმები აქვთ - ყველა საღი უნდა იყოს, სწორად გამშრალი, ობის სუნი არ ჰქონდეს, ნაჭუჭი არ მიჰყვებოდეს... ფერმერები პრობლემების თავიდან ასარიდებლად, დარჩეულ თხილს საშრობში აშრობენ. მისი გამოყენება უფასოა, მაგრამ რაოდენობა შეზღუდულია.

გარდა ამისა, კი ამბობენ, უფასოაო, მაგრამ როგორც გაირკვა, ვიღაცებს პროცენტები დააკისრეს და საბოლოოდ, თხილის იქვე ჩაბარება ურჩიეს, მათთვის მისაღებ ფასად. ასე რომ, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

დასავლეთის ნესტიან კლიმატს თუ გავითვალისწინებთ, ყველა ცდილობს, მოსავალი მაშინვე მოიშოროს, თორემ ობდება და ისედაც დაბალი ფასი განახევრდება.

ამიტომ ასეთი გამოსავალი გვაქვს - ვისაც ღია, გაშლილი სივრცე აქვს, თავად აშრობს და ყოველდღე უნდა "მოვურიოთ" სასურველი ფასის ლოდინში. მქონია შემთხვევა, რომ თუ ვერ ვატევდი, ნაწილს მაშინვე ვაბარებდი.

ზუგდიდელი ლანა ქარჩავა ამბობს, რომ მუშახელის ფასი იმდენად ძვირდება, 6-7 ლარად გაყიდვის შემთხვევაშიც კი, მხოლოდ ხარჯს დაფარავს და მოგება შეიძლება არც დარჩეს:

- ორი წლის წინ თხილის შემგროვებლებს 30-35 ლარს ვუხდიდით, შემდეგ 40 გახდა, წელს 60-65 ლარია. ზოგ ბრიგადას თავისი მძღოლი ჰყავს, რომელსაც დილით მოჰყავს და საღამოს მიჰყავს ეს ხალხი და ისიც ცალკე თანხას იღებს. ყველა ბრიგადას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ადგენს მუშაობის რეჟიმს, დილით რომელზე მოვიდნენ, რამდენ ხანს ისვენებენ, კვება როდის აქვთ და საღამოს რომელზე მიდიან. 6 საათს არ გადააცილებენ, - რა ვქნათ, დასვენება გვინდაო. არის შემთხვევები, როდესაც მწკრივის დასრულებამდე რამდენიმე მეტრია დარჩენილი, მაგრამ ბოლომდე არ გავლენ - ერთი საათის სამუშაოც რომ იყოს, მეორე დღემდე გადადებენ... სეზონური სამუშაოა და ჩემი პრობლემები მაქვსო, - წუწუნებენ. დღეში სამჯერადი კვება, დილით ხაჭაპურით და ლობიანით, ტკბილეულით; სადილზე აუცილებლად ხორციანი კერძი, საღამოს შედარებით მსუბუქი საკვები: კიტრისა და პომიდვრის სალათი, შემწვარი კარტოფილი, ყველი, პური. ამას ემატება სამხარი, 12 საათის შემდეგ ცივი ყავა, ნაყინი, წვენი, ხილი, შოკოლადი... არიან ისეთებიც, ვინც კვების გარეშე ითხოვს სამუშაოს და ამ შემთხვევაში კაცზე 70-75 ლარია გადასახდელი. მთელი დღე მუშაობენ და კიტრს, პომიდორს, თონის პურს და ორლარიან ძეხვს ჭამენ. გული არ გვითმენს, რაიმე კერძი არ მივაწოდოთ...

სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ფერმერი, რაც ნიშნავს, რომ ინსტრუქციის მიხედვით უვლიან თხილს, ანუ გვალვის დროს რწყავენ, ხშირი წვიმების დროს არხებს უკეთებენ, მკურნალობენ... მათ ხარისხიანი თხილი მოჰყავთ და უღირთ შემგროვებელს დღიურად 80 ლარიც გადაუხადონ. ჩვენ კი, ყველა ხარჯის დაფარვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ 530 ლარი დაგვრჩა... ამ დროს დასარჩევი ტრაქტორების დეფიციტიცაა, რადგან ყველა მოსწრებაზეა; იციან, მოსავალი შეიძლება დაობდეს.

txili2-copy-1693208914.jpg

რატომ არის აჭარასა და გურიაში განსხვავებული ფასები?

გურულების თქმით, 1 კგ თხილის ფასი ორი ლარია. "როდესაც მიღება დაიწყეს, კარგი ჯიშის თხილი, მეგრულს რომ უწოდებენ, 2.80 ლარი ღირდა, შედარებით დაბალი ხარისხის - 2.60, ახლა კი ორ ლარზე ნაკლებს იხდიან. ტყუილია რომ ამბობენ, - დაბალი ხარისხის თხილი 4-5 ლარი ეღირებაო, ეს ფასი ჩვენზე არ ვრცელდება. არადა, აჭარაში, ჩვენს მეზობლად 4 ლარი ღირს თხილი. სამეგრელოში წაღება ძვირი ჯდება, თორემ იქ უფრო მაღალი ფასებია. ოზურგეთში ფაქტობრივად, თეთრები ღირს. წლებია, წარმატებით მუშაობს "თხილის მაფია" - დიდი "თხილის სატეხებია" გახსნილი, ჩვენს მიტანილს იწუნებენ, არ ვარგაო და ვითომ სამადლოდ გვაძლევენ იმ 2-3 ლარს, სინამდვილეში კი 14-15 დოლარად ყიდიან. არადა, მოსახლეობას ერთ დოლარიც არ გამოსდის. ახლა, ამ პერიოდში სპეციალურად დააგდებენ ფასს: არ ვარგა, ნესტიანია, ობის გემო აქვს, შავები ურევიაო, - უამრავ მიზეზს ამბობენ და გლეხმა რა იცის, სინამდვილეში რა ხდება. რასაც სთავაზობენ, იმას იღებს თავის ნაწვალებში..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ოზურგეთელი ვერიკო გაბუნია.

ლანჩხუთელი სერგი ჩხაიძის თქმით, თხილის ასოციაციის ძალისხმევით, მათთან საშრობი მოეწყო, მაგრამ ხალხს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მის გაშრობას დაელოდოს:

- იმათ, ვინც მოგვიწოდებს, ჯერ გააშრეთ და მერე გაყიდეთო, ეტყობა არ იციან, ხალხი რა მდგომარეობაშია, როგორ ცხოვრობს. თხილის გაშრობა კი არა, როგორც აგროვებენ, ისე მიარბენინებენ ბაზარში, რომ შაქარი და ფქვილი იყიდონ ან სკოლისთვის ბავშვებს ერთი ხელი ტანსაცმელი გაუმზადონ. ეს ფუფუნება ფერმერებისთვისაა, იმათ არ ეჩქარებათ, ყიდულობენ ჩვენს ნაწვალებს თეთრებში და მერე ბიზნესს ატრიალებენ. ორი-სამი თვე კი არა, ზოგი მარტამდეც ინახავს მოსავალს და მერე 15 ლარად ყიდის ერთ კილოგრამს.

ახლა ჩვენთან მოუვლელი და შეუწამლავი 1 კგ თხილი 2.50-დან 3 ლარამდე ღირს; კარგი ხარისხის მოსავლის ფასი 4-დან 5 ლარამდე მერყეობს. პრემიუმს რას ეძახიან, არ ვიცი, მაგრამ წლებია, 5 ლარზე მეტი თხილში აქ არავის აუღია...

გალში თხილის სეზონზე ტაჯიკი და უზბეკი მუშახელი გამოჩნდა

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, გალის რაიონში შრომითი მიგრანტების რიცხვი გაიზარდა. "ძირითადად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები შემოიყვანეს. ჯგუფ-ჯგუფად დადიან და რუსულად გვეკითხებიან, - რამე სამუშაო ხომ არ გაქვთო? როგორც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი, რუსტამ ლატიპოვი ამბობს, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან მხოლოდ მუშაობა და გასამრჯელოს აღება სურთ, მაგრამ როგორ გინდა ესენი სახლში შემოუშვა? სად დაიძინებთ-მეთქი? - რომ ვკითხე, სადაც გვეტყვით, თუნდაც სარდაფში, შეჩვეული ვართო...", - ამბობს გალის მკვიდრი. თურმე, ტაჯიკები და უზბეკები გალში ხუთკაციან სამუშაო ჯგუფებად ჩადიან, ზოგს ადგილობრივი მაცხოვრებელი ხელმძღვანელობს, რომელიც სამუშაოსაც პოულობს და წილსაც იღებს.

"ზოგი ამბობს, რომ თხილის სეზონის დასრულების შემდეგ, შეუძლია სიმინდის მოსავლის აღებაში მიიღოს მონაწილეობა ან საქონელს, ყანას მოუაროს... ისინი ე.წ. ხელმძღვანელობამ შემოიყვანა და რაღაცნაირად უნდა დავასაქმოთ, თორემ არავინ იცის, რა შარს მოგვდებენ. ქართველი მუშახელი რომ გადმოდის, არ მოსწონთ. თქვენებური გირჩევნიათო, - წამოგვაძახეს რამდენჯერმე. სრულიად შესაძლებელია, ქართველი სპეცსამსახურების ჯაშუშობა ან რამე პროვოკაციის მოწყობა დაგვაბრალონ ან "იარაღი გვიპოვონ". რა ვქნათ, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვიბათ და ესენი ვამუშაოთ. ეს ხალხი გალში ე.წ. სუსის მიერ გაცემული ინდივიდუალური ან კოლექტიური საშვით შემოვიყვანეთ და გამოიყენეთო, - ასე გვითხრეს", - ამბობს გალის მკვიდრი.

როგორც ამბობენ, მოქალაქეებზე, რომლებიც გალში მუშაობას გეგმავენ და არა საცხოვრებლად დარჩენას, საშვები ერთ წლამდე ვადით გაიცემა.

ლალი პაპასკირი