როგორ დავიცვათ ჩვენი ქონება და რატომ უნდა დაიდოს წყვილებს შორის საქორწინო ხელშეკრულება - გზაპრესი

როგორ დავიცვათ ჩვენი ქონება და რატომ უნდა დაიდოს წყვილებს შორის საქორწინო ხელშეკრულება

როცა წყვილი დაქორწინებაზე გადაწყვეტილებას იღებს, ისინი იუსტიციის სახლში ახდენენ ქორწინების დაკანონებას, ასეთ დროს ოფიციალურად რეგისტრაცია ხდება, გაიცემა ქორწინების მოწმობა, რაც შემდგომ მეუღლეებს შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს. 2022 წელს ქვეყანაში ოფიციალურად 26 048 ადამიანმა იქორწინა, 2021 წელს კი დაქორწინდა - 23 155, ხოლო 2020 წელს - 16 359 პირი. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, დაქორწინებულთა თითქმის ნახევარი ვერ უგებს ერთმანეთს და საქმე განქორწინებამდე მიდის. მაგალითად, 2022 წელს 14 098 წყვილმა მიიღო განქორწინების გადაწყვეტილება, 2021-ში კი 10 654-მა, ხოლო 2020 წელს - 7 643-მა. განქორწინების შემდეგ მათ შორის სხვადასხვა სახის დავა იწყება: ზოგი ქონების გაყოფას ცდილობს, ზოგიერთი შვილისთვის ალიმენტს ითხოვს და ასეთი დავa ხშირად ინაცვლებს სასამართლოში. ალბათ ბევრმა არც იცის, თუ წყვილი არ არის რეგისტრირებულ ქორწინებაში, შეიძლება განქორწინების შემდეგ თავისი წილი ვერ მიიღოს. როგორ რეგულირდება კანონით ეს პროცედურები? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- ქორწინება გულისხმობს ქალისა და კაცის ნებაყოფლობით კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. ქორწინება შეიძლება იყოს როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული ე.წ. სამოქალაქო, ანდა ფაქტობრივი, ეს უკანასკნელი განქორწინების შემთხვევაში არ წარმოშობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებებს. ქორწინების წინაპირობად მიიჩნევა მხარეთა თანხმობა და ასევე, მხარეთა ასაკი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ხშირად ვხვდებით ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც კანონის ამ დათქმას არ იცავენ და სამწუხაროდ, მიჰყვებიან საკუთარ ადათ-წესებს, რის გამოც ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, რაც ასევე ხაზგასასმელია, ხშირ შემთხვევაში, - მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. არასრულწლოვანზე ქორწინება კანონით დასჯადია... თუ პირი გახლავთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, ამ შემთხვევაში მისი მზრუნველის წინასწარი თანხმობაა საჭირო ქორწინებისთვის. ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან; დაქორწინების მსურველ სრულწლოვან წყვილს რეგისტრაცია შეუძლია როგორც ქორწინების სახლებში, ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში.

- რა შეიძლება იქცეს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად?

- ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის ქორწინება. ხშირად მოგვმართავენ წყვილები, რომელთაგან ერთ-ერთი სხვასთან იმყოფება ქორწინებაში და იმ სხვას არ სურს გაყრა. ერთხელ მომმართა ქალბატონმა, რომელიც პირველ ქორწინებაში იყო უცხოელთან და ამ პირს მასთან დაშორების შემდეგ დაუტოვებია საქართველო, შემდეგ ეს ქალბატონი მეორედ გათხოვდა. იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში, შეეძინა შვილი, რომელსაც ავტომატურად მიენიჭა პირველი ქმრის გვარი, ვინაიდან მასთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და სწორედ ამ პრობლემის შექმნის მერე მოგვმართა განქორწინების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც მოპასუხის ადგილსამყოფელი და პირადი მონაცემები უცნობია, ამ შემთხვევაში განქორწინება რთულ და ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. მსგავსი ტიპის შემთხვევა ხშირია და არაერთხელ მქონია ასეთი ფაქტი პრაქტიკაში. კანონში ხაზგასმულია ორცოლიანობის აკრძალვა. ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას ასევე წარმოადგენს ნათესავური კავშირის არსებობა. მხარეები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის პირდაპირი, აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავები, ბიოლოგიური ან არაბიოლოგიური და და-ძმა, ასევე ნაშვილები და მშვილებელი.

- განქორწინება ხშირად პრობლემურია. როცა ერთი მხარე უარს ამბობს განქორწინებაზე, მეორემ აუცილებლად სასამართლოს უნდა მიმართოს?

- თუკი ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე, მაშინ უნდა მივიდნენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში, ხოლო თუ რომელიმე მხარე უარს ამბობს, მაშინ განქორწინების მსურველმა უნდა მიმართოს სასამართლოს. კანონი ასევე იცნობს განქორწინების დაუშვებლობას, იმ შემთხვევაში, როდესაც ცოლი ორსულადაა ან ბავშვს ჯერ არ შესრულებია ერთი წელი. ასეთ დროს ქმარს არ აქვს უფლება ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. თუკი მაინც შეიტანს სარჩელს, სასამართლო უარს ეტყვის განქორწინებაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დაუშვებლობის არსებობისას, როდესაც ქმარს ცოლის თანხმობის გარეშე მიუმართავს სასამართლოსთვის, ცოლსაც უცნია შემდგომ სარჩელი, იმ საფუძვლით, რომ ქორწინების აღდგენის პერსპექტივას ვერც ცოლი ხედავდა. კანონი ასევე იცნობს შესარიგებლად ვადის დანიშვნას, თუმცა აღნიშნული რამ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად ხდება. ერთი საქმე მახსენდება, სადაც მხარე შესარიგებლად ვადას ითხოვდა, თუმცა პროცესი ისე გაიწელა, სასამართლო სხდომა 8 თვე არ ჩანიშნულა და შესაბამისად, ეს შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილდა მოპასუხეს.

- შესაძლებელია წყვილმა საქორწინო ხელშეკრულება, საქორწინო კონტრაქტი შეადგინოს. რამდენად ხშირად მიმართავენ ამას წყვილები და ასეთ დროს რას უნდა მიექცეს ყურადღება?

- მოგეხსენებათ, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს კანონი, რომელიც ცნობს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას პირად და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, კანონი ასევე ცნობს საქორწინო ხელშეკრულების ცნებას, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად განსაზღვრონ მათი ქონებრივი უფლება-მოვალეობები, როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების შემდგომ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე გახლავთ მხარდაჭერის მიმღები, ვინაიდან, როდესაც ერთ-ერთი მხარე არის მხარდაჭერის მიმღები, კანონის დათქმაა, რომ მხარეთა შორის აუცილებლად უნდა დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მიიჩნევა ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად, რაც თავის მხრივ ქორწინების ბათილობის საფუძველს წარმოშობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების დადება პრაქტიკაში იშვიათობაა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომართვა ხდება, ძირითადად, ერთ-ერთი მეუღლე უცხოელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდე ან რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს. თუკი ხელშეკრულება დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, იგი ძალაში შევა რეგისტრაციის შემდგომ, თუკი მხარეები არ დაქორწინდნენ, ხელშეკრულება ვერ შევა ძალაში და შესაბამისად, არც რაიმე სამართლებრივ საფუძვლებს წარმოშობს. ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია იგი იყოს წერილობითი ფორმით შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული.

- რა შეიძლება იყოს საქორწინო ხელშეკრულების საგანი?

- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ქონებებზე, ასევე საერთო და იმ ქონებებზეც, რომელიც შესაძლოა მათ შეიძინონ სამომავლოდ. ხელშეკრულების ერთ-ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ მხარეებს მათი შეხედულებისამებრ შეუძლიათ შეცვალონ კანონით დადგენილი მეუღლეთა საერთო საკუთრების გაყოფის წესი. მაგალითად, თუკი კანონი გულისხმობს, რომ თანაბრად უნდა გაიყოს საერთო ქონება, საქორწინო კონტრაქტით შესაძლოა გაიყოს არა თანაბრად, არამედ პირობითად, მთლიანად ერთ მეუღლეს დარჩეს ქონების 70 %, ხოლო მეორეს - 30 %. ასევე შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ, კონკრეტულად რომელი ქონება ვის დარჩება. მაგალითად, თბილისის ბინა და წყნეთის აგარაკი დარჩეს ცოლს, ხოლო ბათუმის სახლი და მანქანა - ქმარს. ხელშეკრულებით ასევე შეიძლება განისაზღვროს შემოსავალში მონაწილეობის პირობები. ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული ვადით, ანდა რაიმე პირობის დადგომით.

- არსებობს თუ არა ისეთი საკითხები, რომელთა შეცვლაც ხელშეკრულებით არ შეიძლება?

- რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მხარეთა ინტერესები თანაბრად იყოს დაცული, კანონმა იზრუნა, რათა ხელშეკრულების რომელიმე მხარე მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და განსაზღვრა მოვალეობები, რომლების შეცვლაც დაუშვებელია. ასეთ მოვალეობას წარმოადგენს მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულება, ასევე მშობლის უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და ასევე აღნიშნულ საკითხებზე დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, რათა მოითხოვოს საქორწინო ხელშეკრულების იმ პირობის შეცვლა, რომელიც მას უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს

- როგორ შეიძლება შეწყდეს საქორწინო ხელშეკრულება?

- თუკი მხარეები თანხმდებიან, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან ნებისმიერ დროს შეწყდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. საქორწინო ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში მეუღლემ უნდა მოითხოვოს განქორწინება. აუცილებელია, ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა კარგად გაიაზრონ მათი სურვილები და ისე გაწერონ საკუთარი უფლება-მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულების დადებით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ მხარეებს განქორწინების შემთხვევაში აღარ წარმოეშვებათ დავა ქონების გაყოფის საკითხთან დაკავშირებით.

groom-putting-ring-bride-s-finger-1364eddd26-copy-1693209074.jpg

- თუ არ არის დადებული საქორწინო კონტრაქტი და ერთი მხარე იჩივლებს, სასამართლო თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას შუაზე გაყოფს?

- განქორწინება სასამართლო წესით ხდება ძირითადად იმ დროს, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე. ქონების გაყოფის საკითხზეც თუ დაობენ, სასამართლო ვალდებულია განიხილოს ეს საქმეც. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ქონება, რაც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს განქორწინების დროს არ იყოფა, მაგრამ თუ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, აუცილებლად გაიყოფა. თუ ეს პროცესი ფერხდება, ამ დროს მხარეები ხშირად აპელირებენ, - ახლა მე ამას ეს რომ გადავუფორმო, ბავშვებს არ მოახმარს, გაყიდის და მას ქუჩაში დატოვებსო. ასეთ დროს ვცდილობთ, ბავშვი დავარეგისტრიროთ ამ ქონების თანამესაკუთრედ, რომ უზრუნველყოფილი იყოს. თუკი გაყიდვის აუცილებლობა იქნება, მაშინ სასამართლოსთვის მოუწევს მიმართვა და მოსამართლე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს საკითხს.

- სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ხშირად მეორე მხარეს ვერ მიჰყავს შვილი დაწესებულ დღეებში თუნდაც სასეირნოდ. ასეთ დროს რა ხდება?

- როცა ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. ასეთ დროს ბავშვზე ხდება ზეგავლენა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს. ეშინიათ, ვაითუ მან უკან არ დააბრუნოსო. როდესაც მსგავსი შემთხვევებია, სოციალური სამსახური ერთვება და არეგულირებს ამ საკითხს. მსგავსი ტიპის შემთხვევები ახლა შედარებით ნაკლებად გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო განხილვის ეტაპზეც კი ვითხოვთ დროებითი განკარულების გამოცემას, რათა ბავშვთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. მშობლები ასე თუ ისე, ამას ეგუებიან. ვფიქრობ, მხარეებმა უნდა გაიაზრონ ის ვალდებულებები, რაც ბავშვების მიმართ აქვთ. ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ და მისი აზრი გაითვალისწინონ. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება დამოკიდებულებით მიანიშნოს და ამასაც ითვალისწინებს სასამართლო. ადვილი დასადგენია, ვის მიმართ აქვს ბავშვს მიჯაჭვულობა და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ პატარების ინტერესს.

თეა ხურცილავა