ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით შექმნილი რუკების სერია და... - გზაპრესი

ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით შექმნილი რუკების სერია და...

"ივანე ჯავახიშვილი თავისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღვაწლით ახალი საქართველოს კარიბჭესთან დგას. იგი არა მარტო ქართველოლოგიურ მეცნიერებაში მანამდე არსებული ხარვეზების ამოვსებას ცდილობდა, არამედ უფრო დიდ მიზანს ესწრაფოდა, რომელიც, პირველ რიგში, ზოგადად ქართულ მეცნიერებას დაუდებდა სათავეს და ამით ქართველი ერის აღორძინება დაიწყებოდა. ამიტომ ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობა მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც მის სამეცნიერო მუშაობას, ისე საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. თითოეულ სფეროში მას თავისი წონადი სიტყვა აქვს ნათქვამი. მათგან კარტოგრაფიული მოღვაწეობაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია", - ვკითხულობთ გამოფენის ცნობარში "ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა.

- ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილი მრავალმხრივი მეცნიერი იყო, მაგრამ წვლილი თუ ჰქონდა მას ქართულ კარტოგრაფიაში, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. გვიამბეთ ამის შესახებ.

დავით სართანია, თსუ-ის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ივანე ჯავახიშვილის ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი:

- მართლაც ასეა. არათუ ფართო საზოგადოება, თავად დარგის სპეციალისტებისთვისაც უცნობი იყო, თუ რა რუკების შექმნაში მონაწილეობდა მეცნიერი. მართალია, ის არ ყოფილა კარტოგრაფი, ანუ თავისი ხელით არ ქმნიდა რუკებს, მაგრამ ამზადებდა მასალებს ამა თუ იმ რუკის შესაქმნელად, სახავდა ამოცანებს, რომლებსაც შემდეგ პროფესიონალი კარტოგრაფები ხორცს ასხამდნენ. ეს არ იყო მხოლოდ ზოგადი მითითებების ან ზედამხედველობის გაწევა, არამედ მეტად შრომატევად სამუშაოს წარმოადგენდა. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია მეფის რუსეთის დროინდელი რუკები, ე.წ. ვერსტოვკები, რომლებზეც ივანე ჯავახიშვილის ხელითაა მონიშნული უამრავი გეოგრაფიული ობიექტი, ზოგიერთ ფურცელზე გავლებულია საზღვრის ხაზი და აქვს მინაწერებიც. ამით ის მტკიცდება, რომ მეცნიერი თავად ამუშავებდა საკითხს და მერე ამ მასალას გადასცემდა კარტოგრაფს, რომელსაც "ვერსტოვკებზე" მონიშნული ობიექტები უნდა გადაეტანა ქაღალდზე და შეექმნა ახალი რუკა. თუმცა არსებობს ერთი რუკა, რომელზეც ჯავახიშვილის მიერ დატანილია გეოგრაფიული ობიექტები, ხოლო საფუძვლად გამოყენებულია სტამბურად გამოცემული კონტურული რუკა. ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და კარტოგრაფების ენთუზიასტთა ჯგუფმა, სხვადასხვა არქივში მოვიძიეთ ივანე ჯავახიშვილის მონაწილეობით შექმნილი რუკები, შევისწავლეთ და თსუ-ში მეცნიერის 140 წლის საიუბილეოდ გამოფენაც მოვაწყვეთ, რომლის ამსახველი მასალები დაიბეჭდა სათაურით "ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა".

- 2026 წლის 23 აპრილს შესრულდება 150 წელი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან. ალბათ აქედანვე იგეგმება ღონისძიებები ამ ღირსშესანიშნავი თარიღის ღირსეულად აღსანიშნავად.

- ივანე ჯავახიშვილი პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დამაარსებელი, დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომლის სახელს არაერთი სამამულიშვილო საქმე უკავშირდება. ამ დიდი ქართველის ყველაზე მასშტაბური იუბილე მისი 100 წლისთავის აღსანიშნავად, 1976 წელს გადაიხადეს, როცა დაფუძნდა მისი სახლ-მუზეუმი სოფელ ხოვლეში და დაიწყო თხზულებათა 12-ტომეულის გამოცემა. უპრიანია, დამოუკიდებლობის წლებში ქართველმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა გამოავლინოს, ამთავითვე დაიჭიროს თადარიგი და ჯეროვნად აღნიშნოს დიდი მამულიშვილის 150 წლის იუბილე. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი უკვე გადაიდგა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-მა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს და გამოიცეს მეცნიერის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული... დღეს, რადგანაც თქვენ საუბარი კარტოგრაფიით დაიწყეთ, მინდა მხოლოდ ერთ საკითხს შევეხო - ივანე ჯავახიშვილის ხელდასხმით შექმნილ რუკებს, რომლებიც დღემდე სათანადოდ არ არის შეფასებული და გააზრებული: დაგეგმილია ატლასის სახით მისი გამოცემა.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ეს რუკები და როდის არის გამოცემული?

- ჩვენ მიერ გამოკვლეულია 7 რუკა. იქნებ მეტიც არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ჩვენთვის უცნობია. ისინი სხვადასხვა დანიშნულების და მასშტაბისაა. ეს რუკებია: 1. საქართველოს რესპუბლიკის რუკა (1922 წ.). - ზოგადგეოგრაფიული რუკა, რომელზეც ასახულია საქართველოს რესპუბლიკის ძველი და ახალი საზღვრები; ამ რუკის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია; 2. საქართველოს ბოტანიკურ-აგრონომიული არეების რუკა ძველი წყაროების მიხედვით (1930 წ.) მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ავტორმა მისი შედგენისთვის გამოიყენა ძველი წყაროები; განსაკუთრებული ადგილი მათ შორის უკავია ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებას. ეს რუკა დართული აქვს კაპიტალურ გამოკვლევას "საქართველოს ეკონომიური ისტორია". 3. საქართველოს საისტორიო რუკა (VII-XII სს.) ასევე ძველი წყაროების მიხედვითაა შედგენილი 1913 წელს; ხელნაწერი რუკაა, ივანე ჯავახიშვილს იგი პეტერბურგში ყოფნისას შეუდგენია; დართული აქვს 1913-1914 წლებში გამოსულ "ქართველი ერის ისტორიის" პირველ ტომს; 4. საქართველოს ისტორიული რუკა (1923 წ.) საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილი რუკაა, მის შესახებ არაერთხელ დაიწერა; 1990-იან წლებში მისი რეპრინტიც გამოვიდა; 5. 1919 წელს გამოცემულია 3 რუკა, მათ შორის 1 ქართულენოვანია, ხოლო 2 - ფრანგულენოვანი; ამ რუკით იყო შეიარაღებული საქართველოს დელეგაცია პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

- ცხადია, ივანე ჯავახიშვილი თვითონ ვერ შეადგენდა რუკებს. თუ არის ცნობილი, ვინ ასრულებდა ამას?

- რა თქმა უნდა, ცნობილია. ევსევი ბარამიძე იყო წმინდა გიორგის ჯვრის კავალერი, შტაბსკაპიტანი. მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ტოპოგრაფიულ განყოფილებაში. საბჭოთა წლებში, მრავალი წლის განმავლობაში ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებდა: იყო სახალხო კომისართა საბჭოში საქართველოს დარაიონების სექტორის გამგე, შემდგომ მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში. მან მრავალი სამეცნიერო თუ სასწავლო დანიშნულების რუკა შეადგინა. ხსენებულ რუკებთან დაკავშირებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევსევი ბარამიძე ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?.. ივანე ჯავახიშვილი 1930 წლის რუკასთან დაკავშირებით წერდა, - თავს მოვალედ ვრაცხ, მადლობა მოვახსენო ტოპოგრაფ ევსევი ბარამიძეს რუკის დახატვისთვისო. როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა საჭირო მასალას კარტოგრაფს მეცნიერი აწვდიდა და ამ უკანასკნელს მხოლოდ ის დარჩენოდა, მართლაც "დაეხატა" რუკა.

- საინტერესოა, ატლასში რა დამატებითი ინფორმაციის შეტანაა დაგეგმილი?

- როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ჯგუფი შედგება ისტორიკოსების, გეოგრაფებისა და კარტოგრაფებისგან. ერთობლივი მუშაობისას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება, ჩვენმა კოლეგამ, თსუ-ის გეომორფოლოგიისა და კარტოგრაფიის კათედრის გამგემ, პროფესორმა დალი ნიკოლაიშვილმა შემოგვთავაზა ყველა რუკისთვის ერთი საძიებლის გაკეთება ცხრილის სახით. იდეა მოგვეწონა და ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ამან საკმაო დრო და ძალისხმევა მოითხოვა. ვფიქრობ, საძიებელი აღნიშნული ატლასის ყველაზე დიდი ღირსებაა.

- ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა 1919 წლის რუკები, ვინაიდან ივანე ჯავახიშვილი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დელეგატი; როგორც ცნობილია, საქართველოს მხრიდან პარიზში წარდგენილ რუკებს შორის 1919 წელს გამოცემული რუკაც გახლდათ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- დიახ, ივანე ჯავახიშვილი იყო საქართველოს დელეგაციის წევრი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ ვიზა არ მისცა. მან 2 თვე გაატარა სტამბოლში და უშედეგო ლოდინის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა... პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ: "საქართველო არ მოითხოვს იმ საზღვრების აღდგენას, რომელიც მას აყვავების ეპოქაში ჰქონდა. უარს ამბობს იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც მას 1801 წელს რუსეთთან შეერთების დროს ეკუთვნოდა და რომლებიც მეზობელი ხალხების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა... საქართველოს დელეგაცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიამ უნდა მოიცვას: თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, სოხუმის, ზაქათალის და ბათუმის ოლქები, ორი ოლქი ყარსის დასავლეთით (ოლთი და არდაგანი) და შავი ზღვისპირეთის ოლქის რამდენიმე ნაწილი, აგრეთვე ტრაპეზუნის ვილაიათი (ტრებიზონი). რუკას განმარტებებით ვთავაზობთ კონფერენციას". ამ ჩანაწერს ისტორიული ახსნა და ილუსტრირებაც ესაჭიროებოდა და ვინ, თუ არა ივანე ჯავახიშვილი, შეძლებდა ამას საუკეთესოდ?! ისტორიული და ეთნოგრაფიული საკითხების ექსპერტებად მიიჩნეოდნენ პავლე ინგოროყვა და ივანე ჯავახიშვილი. დელეგაციაში ორივეს ვერ ჩართავდნენ და ერთ-ერთზე უნდა შეეჩერებინათ არჩევანი. არსებობს საქართველოს დელეგაციის მიერ თბილისში გამოგზავნილი წერილი, რომელშიც წერია: "ინგოროყვა ვერ იზამს ჯავახიშვილობას", და ამიტომ, ეს უკანასკნელი უნდა წავიდეს პარიზშიო. როგორც გითხარით, მას ვიზა არ მისცეს. სამივე რუკას ერთი კარტოგრაფიული საფუძველი აქვს, თუმცა განსხვავებულია პოლიტიკური საზღვრები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მრავალფეროვანია ქართულენოვანი რუკა, რომელზეც საქართველოს მიერ მოთხოვნილი საზღვრების გარდა, ასახულია სომხების მიერ მოთხოვნილიც.

367569263-1944707262565989-4477170613747337517-n-copy-1693808680.jpg

- ცნობილია, რომ ივანე ჯავახიშვილს ეკუთვნის საგანგებო ნაშრომი საქართველოს საზღვრების შესახებ. ხომ არ იძლევა იგი რაიმე მნიშვნელოვან რჩევას, რეკომენდაციას, რომლის გათვალისწინებაც თანამედროვე პერიოდშიც შეიძლება?

- ივანე ჯავახიშვილის ამ ნაშრომს ეწოდება: "საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული". იგი სწორედ სტამბოლში, ვიზის მოლოდინში დაწერა. იქვე გადაწერეს და ეს გადაწერილი პირი პარიზში წაიღეს. შემდეგ ფრანგულ ენაზეც თარგმნეს და უნდა გამოეცათ. არსებობს ვარაუდი, რომ დაისტამბა, მაგრამ ავტორის გვარის მიუთითებლად, ეს აძნელებს მის მოძებნას. ნაშრომის სათაური თავისთავად გვეუბნება მის პრაქტიკულ დანიშნულებას: ესაა 2 ასპექტი - "ისტორიული" და "თანამედროვე თვალსაზრისის". მართლაც, საქართველოს საზღვრები განხილულია, ერთი მხრივ, ისტორიულად, ანუ როგორ იცვლებოდა დროთა ვითარებაში სასაზღვრო ხაზი ამა თუ იმ მონაკვეთზე და, მეორე მხრივ, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით - სად უნდა გაივლოს მეზობელ ქვეყნებთან გამმიჯნავი სასაზღვრო ხაზი. ამ ნაშრომში ავტორი დეტალურად აღწერს საქართველოს საზღვრების მთელ პერიმეტრს მისი ცალკეული მონაკვეთების სახით, განიხილავს მათ ცვლილებებს ისტორიულ ჭრილში, აფასებს საზღვრების დაძლევის სირთულეებს ფიზიკურ-გეოგრაფიული კუთხით და მრავალ სხვა საინტერესო საკითხს, რომელიც გასათვალისწინებელია დელიმიტაცია-დემარკაციისას. სწორედ ამ ნაშრომში წერს ივანე ჯავახიშვილი, რომ კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარება-განმტკიცებისთვის "ქართველობას შეუძლია უარი სთქვას თავის უფლებაზე იქ, სადაც საქართველოს თავდაცვის საშუალებას ეს დათმობა ზიანს არ მიაყენებს". თუმცა ამასთანავე დასძენს, რომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა, თავისი რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი საზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად უდგესო. სწორედ ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა: საქართველოს ხელისუფლება უნდა ცდილობდეს დაიცვას თითოეული გოჯი ქართველების სისხლით მორწყული მიწისა.

შორენა მერკვილაძე