ცხოვრება "ქვის ხანაში", უსასტიკესი კანონებით
მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანი" დაბრუნდა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები კატასტროფულად გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქალები, რომლებიც ამერიკის მიერ მხარდაჭერილი მმართველობის დროს აქტიურობდნენ, ცდილობდნენ განათლების მიღებას, მუშაობის უფლების მოპოვებას, თანასწორობის დამკვიდრებას, რაც აღიზიანებდათ რადიკალურ ძალებს და როგორც კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, მათზე ანგარიშსწორებას შეუდგნენ.
2021 წლის აგვისტოში, ავღანეთში აშშ-ის შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ "თალიბანის" ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.
როგორც ავღანელი ქალი, როსა ჰაბე ამბობს, "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, ქვეყნიდან გაქცევა "თალიბანის" ყველა კრიტიკოსმა და მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო და რადიკალურ დაჯგუფებას რამდენიმე ათეული ათასი ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბევრი მათგანი პირველ დღეებში იარაღით დახოცეს, უამრავს ექიმთან მისვლა ჰქონდა აკრძალული, რამდენიმე ასეული ქალი გაყიდეს - მათ მძიმე პირობებს, შიმშილს, სიცივეს, ცემას, მონურ ცხოვრებას ვერ გაუძლეს და დაიღუპნენ.
როსა ერთ-ერთია იმ უამრავ ქალს შორის, ვინც ქვეყნის დატოვება სასწაულებრივად, "თალიბანის" მოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 13 წლის ქალიშვილთან ერთად შეძლო. მას ყანდაარის პროვინციის დატოვებაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადგილობრივი ქალები დაეხმარნენ.
- ყანდაარის პროვინციის სკოლაში ინგლისურსა და დარის ენას ვასწავლიდი. ყველა ასაკის მოსწავლე მყავდა, მათ შორის ისეთებიც, ვინც თავისი წლოვანება არ იცოდა, მაგრამ დაახლოებით 40 წლის ან მეტის იქნებოდა. ამ ადამიანებს სკოლაში არასდროს უვლიათ, დედებმა შინ გააჩინეს, ექიმბაშის ან სულაც, გამოცდილი ბებიაქალის დახმარებით. ზოგი მათგანი ამბობდა, რომ ექიმთან არასდროს იყო ნამყოფი და გაცივებას, მაღალ სიცხეს, სეზონურ დაავადებებს საშინაო რეცეპტებით მკურნალობდნენ. ეს პროვინცია მდიდარია ყაყაჩოს მოსავლით და ზაფხულში, როდესაც მისი მოყვანა-აღების პერიოდად ითვლება, სკოლები ფაქტობრივად ცარიელია. მშობლებს შვილები მუშახელად სჭირდებოდათ. შემხვედრია ქალი, რომელმაც ჯინსის შარვლის ტარების გამო, ჩემზე ფიზიკური ძალადობა სცადა, მაგრამ ასევე შემხვედრია მამაკაცი, რომელიც თავის 14 წლის ქალიშვილს, "კალაშნიკოვით" შეიარაღებული დაჰყვებოდა სკოლაში, სწავლის გამო გოგონა არავის რომ არ მოეკლა. ასევე შემხვედრია გმირი ქალები, რომლებიც ქმრებს არ უშინდებოდნენ, თავადაც სწავლობდნენ და შვილებსაც ასწავლიდნენ. მათ შინ არ უშვებდნენ, არც მამის ოჯახი იღებდა, როგორც ტრადიციების მოღალატეს და შვილებთან ერთად, სკოლაში გამოყოფილ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ. "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, ბევრი მათგანი სკოლის შენობიდან გამოიყვანეს და პირდაპირ ქუჩაში დახოცეს. დასავლურმა მედიამ ბევრი რამ გააშუქა, მაგრამ ყველაფერი ვერ შეძლო. უმძიმესი ფაქტები გაუხმაურებელი დარჩა. ამის ჩამდენები თანამდებობებზე დარჩნენ, დღეს გადაწყვეტილებებს იღებენ. თუმცა, მას მერე, რაც ჩემს ქვეყანაში მინახავს და მომისმენია, რამ უნდა გამაკვირვოს?!
- რა ხდება ახლა ავღანეთში, როგორ ცხოვრობენ იქ დარჩენილი ქალები?
- ისინი უბრალოდ არსებობენ. "თალიბანის" ახალი წესების მიხედვით, ქალებს თანმხლები ნათესავი კაცის გარეშე, შორ მანძილზე მოგზაურობისას, ტრანსპორტით სარგებლობის უფლება არა აქვთ. იქ ახალი უწყება შექმნეს - "სათნოებისა და ცოდვის სამინისტრო", რომელმაც მგონი ჯანდაცვის სამინისტრო ჩაანაცვლა. ტრანსპორტის მფლობელებს მოუწოდეს, უარი ეთქვათ იმ ქალების წაყვანაზე, რომლებიც თავსაბურავს არ ატარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასჯიან, გაროზგავენ ან სულაც, მოკლავენ. ამასთან, "თალიბანის" ახალი მითითებებით, ტრანსპორტში მუსიკის მოსმენაც აკრძალეს, რადგან ადამიანებს თურმე, ცოდვაში აგდებენ...
ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. აეკრძალათ კინოგადაღებებსა და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა. არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რითაც ვითომ იმიჯის შენარჩუნებას ცდილობენ და ქალ ჟურნალისტებს, ტელეწამყვანებს თავსაბურის ტარებას სთხოვენ, - ჩვენი წესები დაიცავით და აქტიურობას არავინ გიშლითო. ამ სიტუაციაში ყველაზე გამაღიზიანებელი სასულიერო პირების მოწოდება იყო, ვითომ სინანულში გვაგდებდნენ, - ისევ თქვენი სულებისთვის სჯობს ასეო... ასეთ დროს სურვილი მქონდა, რასაც ვფიქრობდი, მათთვის პირში მიმეხალა, მაგრამ ვიცოდი, ამის გამო ქუჩაში გამიყვანდნენ და ყველას თვალწინ ჩამქოლავდნენ. ისედაც აგრესიულად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი - დასავლურ იდეებს ავრცელებო. ვძულდით და ძალიან უნდოდათ, ბავშვებთან, მოზარდებთან ან ადგილობრივებთან ურთიერთობაში რამე შემშლოდა, რომ ამით ესარგებლათ... ჩემს შვილს აუტიზმის სპექტრის მსუბუქი ფორმა აქვს. იქ ამ დაავადების შესახებ არც კი იცოდნენ, ამიტომ უამრავი მთხოვნელი ჰყავდა. იქ ხომ წყვილი შეუღლებამდე არც საუბრობს. ქალებს დიდად არც მერე ელაპარაკებიან, რადგან მხოლოდ გამრავლების საშუალებაა და არა პიროვნება.
სწორედ ჩემი შვილის ექიმების დახმარებით დავტოვე იქაურობა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები. რომ არა შვილი, ვერც გავრისკავდი წამოსვლას, მაგრამ ვიცოდი, მას შემდეგ, რაც მე მომკლავდნენ, ჩემს ავადმყოფ შვილს ვიღაცის მონობა მოუწევდა. იქ ხომ 12 წლის გოგონებს უკვე სექსუალურ მომსახურებას აიძულებენ...
შემდეგ გავიგე, რომ ჩვენს დასაპატიმრებლად სკოლაში სპეციალური ჯგუფი გამოუშვეს, რომლებმაც იქაურობა გადაწვეს. ამბობენ, სარდაფში დარჩენილი იყვნენ ქალები და არასრულწლოვანი გოგონები, რომლებმაც გამოსვლა ვეღარ შეძლესო...
- განათლების მიღებაზე გარკვეული შეღავათები აქვთ, არა?
- რაც შეეხება განათლებას: სკოლაში სწავლა მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვისაა დაშვებული. იმ ქალების ნაწილს, ვისაც უკვე სკოლა აქვს დამთავრებული, "თალიბანი" უნივერსიტეტში სწავლის უფლებას აძლევდა, თუმცა, ესეც მოჩვენებითი იყო - ავღანეთის განათლების სამინისტროს თქმით, ისლამური საამირო არ ეწინააღმდეგება ქალთა განათლებას, თუმცა ქალისა და კაცის ერთად სწავლის მოწინააღმდეგეა, ასე რომ, აკრძალულია ლექციებზე კაცებთან ერთად დასწრება. არადა, ადგილობრივი უნივერსიტეტების უმეტესობას არა აქვს რესურსი, ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე დანიშნოს მეცადინეობა, რაც ნიშნავს, რომ ქალები სწავლას ვეღარ გააგრძელებენ. თქვეს, რომ ისლამური გარემოს შექმნას ცდილობენ, სადაც ქალები შეძლებენ სწავლას, მაგრამ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდესო, ანუ ვერასდროს გააკეთებენ.
რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ძალებს გამოიყენებენ იმისთვის, რათა ქალები არ მივიდნენ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იქ ქალებს ამ გაუსაძლის სიცხეებში, ჩაი და ტკბილეული მიჰქონდათ, თავსაბურავს იხსნიდნენ და განტვირთვას ცდილობდნენ. ანუ იქ კაცებიც იყვნენ და ამ მდგომარეობაში ქალების ხილვა თურმე, მათ ღირსებასა და თავმოყვარეობაზე ცუდად აისახება. ეს უკვე "კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს" ინიციატივაა. ის ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, მაგრამ თალიბებს საგარეო ურთიერთობები არ სჭირდებათ, ისინი მხოლოდ რუსეთს ემეგობრებიან, ის კი, იარაღით ამარაგებს, რომელსაც საკუთარი ხალხის დასახოცად იყენებენ.
ამ უწყების მტკიცებით, ასეთი ადგილების მონახულება ქალებისთვის არ წარმოადგენს აუცილებლობას. სამინისტროს დაეხმარებიან უსაფრთხოების ძალები, სასულიერო პირები და უხუცესები, რომლებიც პირადად გააკონტროლებენ, რომ ქალი პარკში არ შევიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ასობით ადამიანი, ქალი და ბავშვი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილით, სიცივითა და უწამლობით კვდება, ჯგუფურად მცხოვრებ ადამიანებში უწყლობის გამო გაჩენილი ვირუსები უამრავი სახეობის დაავადების კერად იქცა, ქალებს პარკში არ უშვებენ, რადგან თურმე, ეს ზნეობისა და მანკიერების ნორმებს ეწინააღმდეგება. ქაბულში, რომელიც ასე თუ ისე, დიდი სისხლის ფასად, მაგრამ მაინც უმკლავდებოდა "თალიბანის" შეზღუდვებს, სილამაზის სალონები აკრძალეს.
- რაც ქალებმა გააპროტესტეს, არა?
- დიახ, ოღონდ ეს ვერაფერს ცვლის - აქციაში სულ 50 ქალი მონაწილეობდა და ისინი წყლის ჭავლით დაშალეს... არადა, მათთვის მხოლოდ გასაპრანჭი ადგილი კი არა, შემოსავლის წყარო იყო. გარდა ამისა, ყველაფერი აკრძალული აქვთ და მხოლოდ იქ იკრიბებოდნენ. თუმცა, "თალიბანში" აცხადებენ, პარიკის ტარება და წარბების მოვლა ისლამურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და მშობლები ტყუილად ხარჯავენ ფულს, როდესაც მათი ქალიშვილი თხოვდება. ჩვენთან ასეთი ტრადიცია იყო - როდესაც გოგონა თხოვდებოდა, შეძლებული ოჯახი თუ ჰყავდა, მას წარბებსა და მაკიაჟს სალონში უკეთებდნენ, სურვილისამებრ, მრავალფეროვნებისთვის პარიკსაც არჩევდნენ. სილამაზის სალონების დახურვის შედეგად, 60 000 ადამიანი უმუშევარი დარჩება.
"თალიბანის" მმართველობამ ქალაქის ტანსაცმლის მაღაზიებს მანეკენებისთვის ჰიჯაბის გაკეთება აიძულა... ასეთი ბრიყვული, უკიდურესად დამამცირებელი შეზღუდვების ჩამონათვალი შეიძლება არასდროს დასრულდეს.
- რას ემსახურება მანეკენებისთვის თავსაბურავის გაკეთება?
- ერთი მარტივი გამართლება აქვთ - ეს ალაჰის ნებას ეწინააღმდეგება და მორჩა!.. ვინც იკითხავს ან ახსნას მოითხოვს, - რატომ? მაშინვე ალაჰის მტრად გამოჰყავთ და სიკვდილით სჯიან. ეს ყველაფერი სასულიერო პირების მონაწილეობით ხდება. მათაც აწყობთ ბნელი, გაუნათლებელი საზოგადოება, რადგან ადვილი სამართავია - ასე გავლენებს ინარჩუნებენ.
თავდაპირველად მაღაზიებში მანეკენების უთავოდ დადგმას ითხოვდნენ. ვინც შეეწინააღმდეგა, მაღაზიების შუშები ჩაულეწეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ მაღაზიებს ისევ მათ შორის მყოფი თალიბი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ და წილებსაც იღებდნენ, ამიტომაც მაღაზიების დახურვა არ აწყობდათ და შეღავათი დაუშვეს.
ამის შემდეგ, სამინისტროს განკარგულებას ზოგიერთი საცალო მოვაჭრე დაემორჩილა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ამიტომ თალიბებმა თავიანთი ბრძანება შეცვალეს და მაღაზიების მფლობელებს მანეკენისთვის თავის მოჭრის ნაცვლად, მისი დაფარვის უფლება მისცეს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგაც მაღაზიის მფლობელებს უნდა დაეცვათ ბალანსი თალიბებისადმი მორჩილებასა და მომხმარებლების მოზიდვას შორის.
იქ ჩემი ახლობლები დარჩნენ, რომლებიც 2021 წლის შემდეგ იმედს არ კარგავენ, რომ იქაურობას თავს დააღწევენ. მათი თქმით, ყველაფერი ჩაბნელდა. დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში შინ უნდა დარჩნენ იმის მოლოდინში, თუ როდის დააკაკუნებს ვინმე კარზე და ცოლობას სთხოვს. ცოლობა კი ავღანეთში, მონობას ნიშნავს. დასავლური მმართველობის დროსაც ამას ნიშნავდა. შინ დაბრუნებულ ქალს მაშინაც კლავდნენ, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქმარი მოკლავდა თუ მამის ოჯახის წევრები, ბიძები და ნათესავები გამოიყვანდნენ და ქუჩაში ჩაქოლავდნენ. თუმცა, განსხვავება ის გახლდათ, რომ ქალს გარეთ გამოსვლის, მუშაობის, მეგობრების გაჩენისა და თავის გარემოცვაში განათლებული, პროგრესული კაცის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა, რომლისთვისაც ქალზე ძალადობა მიუღებელი იყო.
მამაჩემი სულ ამბობდა, რომ დედამისს, რომელსაც განათლება არ ჰქონდა, ქმარი მუდმივად ამცირებდა. ის ამას წლების მანძილზე უყურებდა და არ სურდა, მის ქალიშვილს ბებიის ბედი გაეზიარებინა. ამიტომ, ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის განათლება მოეცა.
- მეუღლეს ჰქონდა განათლება?
- დიახ, ჩემი მეუღლე სამხედრო ექიმი იყო, ამერიკელების ბაზაზე მუშაობდა. ის ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაიღუპა. "თალიბანის" მოსვლის შემდეგ, მაშინვე რომ დამეტოვებინა ავღანეთი, იქიდან გამოსაღწევად, შვილთან ერთად ბეწვის ხიდზე გავლა აღარ მომიწევდა.
"თალიბანის" მტკიცებით, მთავარი მიზანი ისლამის სამსახურში ყოფნაა. შესაბამისად, სავალდებულოა, რომ სათნოებისა და ცოდვის სამინისტრო არსებობდეს. თუმცა, თავად ძალიან ცდილობენ კომფორტული ცხოვრების პირობები შეიქმნან. როდესაც პროამერიკული ხელისუფლება გააგდეს, დასავლური სტილით აგებულ შენობებში თავპირისმტვრევით შეცვივდნენ და ძვირად ღირებული ნივთები, მათ შორის ელექტროტექნიკა დაიტაცეს. ხალხისთვის თვალის ასახვევად, რამდენიმე ნივთი ფანჯრიდან გადმოყარეს და დაამსხვრიეს, სინამდვილეში დღემდე აქვთ ტელევიზორები, კომპიუტერები და სხვა ნივთები.
როგორც მამასგან ვიცი, სათნოებისა და ცოდვის აღმოფხვრის სამინისტრო "თალიბანის" პირველად მოსვლამდეც არსებობდა. 1996-2001 წლებში კი, მათი უფლებამოსილება გაფართოვდა. ის ე.წ. მორალის პოლიციის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, რათა ისლამური რელიგიური კანონების, შარიათის მკაცრი ინტერპრეტაციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ყოფილიყო. წესების დარღვევა მკაცრად ისჯებოდა, როგორიცაა: გაროზგვა, ცემა, კიდურების ამპუტაცია, საჯაროდ სიკვდილით დასჯა. "თალიბანი" ახლა ამ აკრძალვებს აბრუნებს. გარეთ 21-ე საუკუნეა, მაგრამ ჩვენ "ქვის ხანაში" ვცხოვრობთ, უსასტიკესი კანონებით.
ლალი პაპასკირი