როგორ შეაფასა ასმათ ტყაბლაძე გამოცდაზე აკაკი ხორავამ და რას ნიშნავს "დუხოი-დრახაი"...
- "ვეფხისტყაოსნის" გმირი ასმათი მომწონს, სუფთა და მეგობრული ადამიანია, მინდა ეს სახელი ერქვასო. მსახიობი ამბობს, რომ ზუსტად ისეთი მეგობრობა იცის, როგორც ასმათმა, სახელმა ეს თვისება დამანათლაო. ასმათ ტყაბლაძე თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებს.
პატარა მხედარი
- ბავშვობაში ძალიან ცუდი მჭამელი ვიყავი. ჩემი ჯანმრთელობის გამო ნერვიულობდნენ. ექიმს უთქვამს, ჰაერი გამოუცვალეთო. პაპაჩემმა ჩემი ბარისახოში წაყვანა გადაწყვიტა, ხევსურეთზე უკეთესი ჰაერი სად არის, თან რუსიკოც იქ ცხოვრობსო. რუსიკო მისი ძმისშვილიშვილი იყო, ბებიაჩემის გაზრდილი. ბარისახოში მედდად მუშაობდა. და აი, პაპაჩემი, ბებიაჩემი და მე არაგვს მივადექით. მდინარესთან რუსიკო გველოდა, წყალდიდობამ ხიდი წაიღო და ცხენი დაგვახვედრა. რადგან პატარა ვიყავი, ცხენზე ჯერ ბარგი დაამაგრეს, შემდეგ მე შემსვეს. ადიდებულ არაგვში რომ შევედით, ცხენს გუნება შეეცვალა. გაგიჟდა, ჩემს გადაგდებას ლამობდა. არ შევუშინდი, ხელი ფაფარში ჩავავლე და ჩავუწექი. ცხენიც ნელ-ნელა დამშვიდდა. ასე მივაღწიეთ ცხენის პატრონის სახლამდე. უკან პაპა და ბებია შეშფოთებული მოდიოდნენ, გზადაგზა მეძებდნენ, ცხენმა ხომ არსად ჩამოაგდოო. ბებია მომეფერა: გენაცვალოს ბებო, ჭკვიანი რომ ხარ, აქაც გამოჩნდაო. მეორე დღეს ეზოში ვთამაშობდი. უეცრად ცხენი, რომელიც წინადღეს ჩამოსაგდებლად მიმეტებდა, მომიახლოვდა და მომეფერა.
გიჟი ეს არის...
- 6-7 წლის ვიქნებოდი, როცა ოჯახმა უჭმელობის გამო ჩემი საავადმყოფოში მკურნალობა გადაწყვიტა, ვიტამინებს გავუკეთებთ, ცოტა მოვაძლიერებთო. სასტიკ უარზე ვიყავი, აქ არ დავრჩები-მეთქი. გიულიმ, ჩემმა დეიდაშვილმა მთხოვა, ჩემი ხათრით, ცოტა ხანს დარჩი, მადა მოგემატება და უფრო ჯანმრთელი იქნებიო. დედას მივუბრუნდი და ვუთხარი, იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ გიული კორიდორში იცეკვებს-მეთქი. გიულიმ დაუფიქრებლად გაშალა ხელი და კორიდორის ერთი ბოლოდან მეორემდე ცეკვა-ცეკვით წავიდა. მთელი პაციენტები და სამედიცინო პერსონალი გარეთ გამოეფინნენ. დედამ განაცხადა, არ იფიქროთ, რომ გიჟია, არა! გიჟი ეს არისო და ჩემზე მიუთითა.
"დუხოი და დრახაი"
- დუშეთში როცა ვინმე გარდაიცვლებოდა, გასვენებისთვის სამხედრო ორკესტრს ქირაობდნენ, რომელსაც "დუხავოი" ორკესტრს ეძახდნენ. ერთხელ, იმ დროს ალბათ, 5 წლის ვიქნებოდი, დედასთან ბანკში მივვარდი (იქ მუშაობდა) და ვუთხარი: დედა, "დუხოი და დრახაი" მოვიდა და საშა პაპას მიასვენებენ-მეთქი. ამის შემდეგ რამდენჯერაც ბანკში მივიდოდი, დუხოი-დრახაი მოვიდაო, დედას ეუბნებოდნენ. ისე მომწონდა "დუხავოი" ორკესტრი, რომ დაკრძალვაზე მათ მოსასმენად მივრბოდი ხოლმე. 1963 წელს, პაპა - ივანე ჯარიაშვილი რომ გარდამეცვალა, ეს მუსიკა მოდაში აღარ იყო. ხევსურეთიდან მისი ნათესავები ჩამოვიდნენ და ხევსურული ზარით დაიტირეს. ერთი ტექსტს მოთქმით ამბობდა, დანარჩენები გუგუნით ზარს ეუბნებოდნენ, მღეროდნენ. თბილისიდან ჩამოსულ ნათესავებს დიდხანს ახსოვდათ ეს საოცარი სანახაობა.
რატომ მსახიობი?
- თეატრი ბავშვობიდან მიყვარდა, იმ პერიოდში დუშეთში ხშირად ჩამოდიოდნენ რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, ამდენად თეატრი მცირე ასაკიდან შევიყვარე. მახსოვს, მარჯანიშვილის თეატრი გვესტუმრა სპექტაკლით "ხეები ზეზეურად კვდებიან", რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა. პატარა ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი, რომ სცენაზე საოცრება ხდებოდა და იქ დიდი მსახიობი იდგა. დედაჩემს ვუთხარი, აი, ასეთი მსახიობი მინდა გამოვიდე-მეთქი. უბანში ბევრი ბავშვი ვიყავით და სახლობანას ვთამაშობდით. ცოტა რომ წამოვიზარდე, ჩემი ინიციატივით სპექტაკლებს ვდგამდით. რადგან ომის დამთავრების შემდეგ დავიბადე, სპექტაკლებიც ომის თემაზე იყო. მაყურებლად მხოლოდ მშობლებს ვეპატიჟებოდით. ერთ-ერთმა დედაჩემს უთხრა, ასმათი აუცილებლად მსახიობი გამოვაო.
ალბათ, ეს ლტოლვა დედაჩემისგან გამომყვა. დედა სკოლის ასაკში სახალხო თეატრის წევრი იყო. მეც ლექსს კარგად ვკითხულობდი, ვცეკვავდი, გადმოცემისა და იმიტაციის კარგი უნარი მქონდა. თეატრალურში მისაღებ გამოცდებზე ყველაზე კარგი ქულები მივიღე და სიაში პირველი ვეწერე. კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხორავა იყო. წავიკითხე ლადო ასათიანის "კრწანისის ყაყაჩოები" და გავიგონე, აკაკი ხორავამ რომ თქვა: რა არაჩვეულებრივი თეატრალური ხმა აქვსო. შესანიშნავი პედაგოგისა და ადამიანის, ალექსანდრე მიქელაძის ჯგუფში ვსწავლობდით გია ფერაძე, ამირან ბუაძე, ელისო გუდიაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, დავით დვალიშვილი, თემურ ხუნაშვილი... ერთხელ ჟანრი ლოლაშვილმა გვითხრა, ასეთი შეკრული და მეგობრული ჯგუფი იშვიათად მინახავსო. მართლაც ასეა.
როგორ გავხდი ინაურის დისშვილი
- მახსოვს, საგზურით ლიკანში მივდიოდით სესილია და მე. სესილია შვილიშვილთან ერთად ერთი კვირით ადრე წავიდა. ერთ კვირაში მეც ჩავედი. სანატორიუმის დირექტორი რატომღაც მხოლოდ "ნომენკლატურულ დამსვენებლებს" იღებდა პატივით, დანარჩენებს მაინცდამაინც არ სწყალობდა. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც, სად მაქვს შენი ადგილიო? - მითხრა და საგზურიანად უკან გამომისტუმრა. გამოვედი და სესილიას შევჩივლე, ასე და ასეა ჩემი საქმე-მეთქი. აქ დამელოდეო, მითხრა და დირექტორთან შევიდა. ცოტა ხანში მდივანი გოგონა მორბის: მობრძანდით, მობრძანდითო. შევედი დირექტორთან და საყვედურის ტონით მეუბნება, რატომ ადრე არ მითხარი ვინც იყავიო? მერე "ლუქსი" შემომთავაზა... გავოცდი, ვერ გავიგე, რა უთხრა დირექტორს სესილიამ, რომ ასეთი პატივი დამდეს. ბოლოს გამომიტყდა, რომ უთქვამს, ალექსი ინაურის დისშვილიაო, მაშინდელი „კგბ“-ს ხელმძღვანელის. ამ ამბის შემდეგ სასტუმროს დირექტორი, როგორც ინაურის დისშვილს, ყველა პურ-მარილზე პირველს მე მიწვევდა. წამოსვლისას გაცილების სუფრაც კი გამიმართა და იქ გავაცხადეთ სიმართლე... სინამდვილეში, ინაურს და საერთოდ არ ჰყოლია.
"ხულიგანი"
- სპექტაკლი "მილიარდერის ვიზიტი" მიხეილ თუმანიშვილმა დადგა. სოფიკო ჭიაურელი მილიარდერს თამაშობდა. მის ყოფილ შეყვარებულს თენგიზ არჩვაძე, თენგიზის შვილებს - მე და შოთა მშვენიერაძე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ადრე გარდაიცვალა. სცენარის მიხედვით ვიგებთ, რომ მილიარდერი ჩამოდის და გვიხარია. მე უნდა ჩავსულიყავი პარტერში, ავსულიყავი იარუსზე, კარზე უნდა დამებრახუნებინა და მეყვირა, ჩამოვიდა-მეთქი! მერე ისევ სცენაზე ვბრუნდებოდი. პრემიერაზე დარბაზში ბევრი ხალხი იყო და ამ მოძრაობის დროს გზას ტექნიკური ჯგუფი მითავისუფლებდა. დანარჩენ სპექტაკლებზე დახმარება არ მჭირდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს კარიდან იარუსს გავხედე, ცოტა ხალხი იჯდა. ვიღაც ფორმიანი შევნიშნე, არ ვიცი მილიციონერი იყო თუ სამხედრო. ერთი მაგრად დავაბრახუნე და ვიყვირე, - ჩამოვიდა, ჩამოვიდა-მეთქი. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, მწვდა კისერში, შენ რას ხულიგნობო და კიბეზე სირბილით ჩამომიყვანა. სიცილს ვერ ვიკავებ და ვეღარ ვსუნთქავ, რომ ვუთხრა, ეს სცენაა, ასეა საჭირო-მეთქი. ჩემს სიცილზე უფრო გაბრაზდა, - ამას უყურე, კიდეც იცინისო! როგორც იქნა, მოვახერხე მეთქვა, მსახიობი ვარ, სცენაზე უნდა ავიდე-მეთქი. ამ დროს ტექნიკური რეჟისორიც გამოჩნდა, იმანაც იგივე რომ უთხრა, კაცი შეცბა, - ვაიმე, ეს რა დამემართა, ბოდიშიო და სცენამდე გამომყვა.
ერთგული მეგობარი
- სოფიკო ჭიაურელი ჩემთვის იყო ერთგული მეგობრის მაგალითი. ის იყო ჩემი ნავსაყუდელი, ღუზა... მისი არსებობა ჩემთვის იყო იმედი. დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ის გახლდათ ჩემი მეგობარი და თეატრში მის გვერდით ვიყავი. 2007 წლის მარტში ერთად წავედით პარიზში. მაშინ უკვე ცუდად იყო. სოფიკოს ყველა იცნობდა, უყვარდათ. ჩემი ფრანგი მასპინძლები აღფრთოვანებულები იყვნენ, - როგორ, თქვენ სოფიკო ჭიაურელის მეგობარი ხართო? მე და ჩემმა ქალიშვილმა ესპანეთში, ბარსელონაში, მაღაზიაში გავიცანით ერთი რუსი გოგონა. ის მიხვდა, ქართველები რომ ვიყავით, გამოგველაპარაკა, გაიგო, რომ მსახიობი ვარ. სოფიკო ჭიაურელს იცნობთო? - მკითხა. ვიცნობ კი არა, მეგობრები ვართ, ამჟამად პარიზშია-მეთქი. ეს უცნობი გოგონა აღტაცებული იყო მისი ხელოვნებით, არ დაიშურა უამრავი ქათინაური. ბედნიერი ვიყავი, რომ სადღაც უცხოეთში, სოფიკო ჭიაურელით მოხიბლული და აღფრთოვანებული მაყურებელი ქედს იხრიდა მისი არაჩვეულებრივი ხელოვნების წინაშე. როდესაც ეს ამბავი სოფიკოს მოვუყევი, სიცილით მითხრა: ახლა ხომ გაიგე, რომ კარგი "პადრუგა" გყავსო?!.
ვერიკოს ამერიკელი დეიდაშვილი
- ვერიკო ანჯაფარიძის დეიდაშვილი წავიდა ამერიკაში იმ დროს, როცა ვერიკო 20 წლის იყო. მას მერე 60 წელი გავიდა... ერთ მშვენიერ დღეს ეს ამერიკელი ბატონი საქართველოში დაბრუნდა. ვერიკოსთან სახლში მივიდა და უთხრეს, თეატრშიაო. წამოვიდა თეატრში. კითხულობს, ვერიკო ანჯაფარიძის ნახვა სად შეიძლებაო? - ახლავე მოვაო, - უთხრეს. ამ დროს შემთხვევით გამოვედი თეატრიდან, დამინახა ამ კაცმა და მეუბნება: ვერიკო, ძვირფასო... - არა ვარ ვერიკო, ის მალე მოვა-მეთქი. ვერიკომ რომ ეს გაიგო, გაგიჟდა და უთხრა: როგორ ფიქრობ, 60 წლის მერე, ისევ 20 წლისა ვიქნებოდიო?..
ნანული ზოტიკიშვილი