საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან უბილეთო მგზავრობისთვის კონტროლიორი მგზავრს ვეღარ ჩაიყვანს (?!) - გზაპრესი

საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან უბილეთო მგზავრობისთვის კონტროლიორი მგზავრს ვეღარ ჩაიყვანს (?!)

ალბათ გინახავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში როგორ აჯარიმებს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი უბილეთო მგზავრს, თავად მგზავრი კი უმტკიცებს, რომ მგზავრობის დასრულების დროს გადაიხდიდა თანხას და ეს საკითხი წარმოშობს პრობლემას. ბევრჯერ ტრანსპორტის გადაადგილებაც ფერხდება, რადგან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს ტრანსპორტიდან უბილეთო მგზავრი ვერ ჩაhყავს, ტრანსპორტი კი ცხადია, არ მიდის მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. მოგეხსენებათ, უბილეთო მგზავრობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თუკი დაჯარიმებული პირი ჯარიმით გათვალისწინებულ თანხას ერთი თვის ვადაში არ გადაიხდის, მას დაეკისრება საურავი და ჯამში 60 ლარის გადახდა მოუწევს. თუ მგზავრი თვლის, რომ მისი დაჯარიმება არასწორად მოხდა და მისი უფლებები დაირღვა, შეუძლია საჯარიმო ქვითრის ოქმი გაასაჩივროს. უბილეთო მგზავრის დაჯარიმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ხდება, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, ჩაბარების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის თანდართულ წესს განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.

როგორ რეგულირდება ეს ყველაფერი კანონით, რა შეიცვალა 1-ლი აგვისტოდან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- რომელი ტრანსპორტით მგზავრობისას შეიძლება დავჯარიმდეთ, თუ ბილეთს არ შევიძენთ?

- თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს დააჯარიმოს ავტობუსებით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით "უნივერსიტეტი-ბაგები" მოსარგებლე უბილეთო მგზავრი, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წამყვანი. მონიტორინგის თანამშრომელს არ აქვს უფლება დააჯარიმოს არასრულწლოვანი, რომელიც მგზავრობს უბილეთოდ.

- როდის მივიჩნევით უბილეთო მგზავრად, მგზავრობის დაწყების მომენტიდან თუ მგზავრობის დასრულების შემდეგ?

- ხალხს ხშირად უჩნდება უსამართლობის განცდა, როდესაც მონიტორინგის თანამშრომელი მოსთხოვს მგზავრობის ბილეთის წარდგენას მგზავრობისას და მიაჩნიათ, რომ მგზავრობის დასრულებამდე არ ითვლებიან უბილეთოებად. თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის. ის ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის თანხა, შეინახოს ბილეთი მგზავრობის დამთავრებამდე და თანამშრომელს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთოდ მიიჩნევა. თუ მგზავრს ახლავს 10-დან 16 წლამდე ბავშვი ან ბავშვები, იგი ვალდებულია თითოეულს შეუძინოს ბილეთი და შეინახოს მგზავრობის დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ბავშვ(ებ)ის უბილეთოდ წამყვანად მიიჩნევა და თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მის მიმართ ცალ-ცალკე შედგება საჯარიმო ქვითარი და დაჯარიმდება იმდენი 20 ლარით, რამდენი უბილეთო ბავშვიც ახლავს.

- შეუძლია თუ არა მონიტორინგის თანამშრომელს უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩაყვანა?

- მონიტორინგის თანამშრომელი უფლებამოსილია მგზავრს სამგზავრო ბილეთის ან ელექტრონული გადახდის საშუალების წარდგენა მოსთხოვოს ავტობუსში, ან მგზავრის ავტობუსიდან ჩამოსვლისას, რაც შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს მგზავრს. საკრებულოს დადგენილებაში წერია, რომ თანამშრომელი ასევე უფლებამოსილია პირის იდენტიფიცირების მიზნით ჩაიყვანოს უბილეთო მგზავრი ავტობუსიდან, მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შეადგინოს ოქმი, დააჯარიმოს პირი. ვინაიდან პირი უბილეთოდ ითვლება მგზავრობის პერიოდშიც და არა მხოლოდ მისი დასრულების შემდგომ, მონიტორინგის თანამშრომელს უფლება აქვს დააჯარიმოს იგი, რისთვისაც მას სჭირდება საჯარიმო ქვითრის ოქმის შედგენა და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩაყვანა (ახლა ეს წესი შეიცვალა). ასევე აღსანიშნავია გარემოება, რომ მონიტორინგის თანამშრომელს არ აქვს უფლება ჩაიყვანოს უბილეთო მგზავრი, რომელიც არის 16-დან 18 წლამდე.

1-ლი აგვისტოდან გაუქმდა ოქმის შედგენის და უბილეთო მგზავრის ჩაყვანის წესიც, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ უბილეთო მგზავრი არ დაჯარიმდება, მისი დაჯარიმება კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით განხორციელდება.

რაც შეეხება უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანის წესს, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს დღეის მდგომარეობით, 1-ლი აგვისტოდან უკვე აღარ აქვს უფლება უბილეთო მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანის, მაგრამ ავტობუსიდან ჩასული უბილეთო მგზავრის დაჯარიმება შეუძლია.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულების გადახდას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვითაც მგზავრმა ღირებულება უნდა გადაიხადოს მგზავრობის დაწყებისთანავე და არა დასრულებისას, ამდენად აღნიშნული წესიც არ უქმდება და მგზავრს კვლავ რჩება ვალდებულება, მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს მგზავრობის ბილეთი.

- აქვს თუ არა მონიტორინგის თანამშრომელს საპატრულო პოლიციის გამოძახების უფლება?

- მონიტორინგის თანამშრომელს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესადგენად უბილეთო მგზავრს მოსთხოვოს საჭირო ინფორმაციის მოწოდება, რაც გულისხმობს მგზავრის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, სახელს, გვარს და პირად ნომერს. თუკი მგზავრს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი და არც მოწმეები არიან, ვინც მის ვინაობას დაადასტურებს, ასეთ შემთხვევაში თანამშრომელი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირი მიიყვანოს პოლიციაში მისი ვინაობის დადგენის მიზნით. კონკრეტულად პოლიციის გამოძახებას ადგილზე აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, რამდენად შეძლებს ადგილზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომელი პირის ვინაობის დადგენას.

- როგორ შეიძლება გავასაჩივროთ საჯარიმო ქვითრის ოქმი?

- საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულi სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ვალდებულია, დაჯარიმებულს განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, რომლებიც გაწერილია საჯარიმო ქვითრის ოქმშიც და რომელიც გულისხმობს როგორც ჯარიმის თანხის გადახდის, ასევე ოქმის გასაჩივრების წესსა და ვადებს. საჯარიმო ქვითარს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა პირმა უნდა გადაიხადოს 30 დღის ვადაში, ხოლო თუ ოქმის გასაჩივრება სურს, ამ შემთხვევაში 10 დღის ვადაში უნდა გაასაჩივროს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" (მისამართი: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი #2) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, #6). ოქმის გასაჩივრება აჩერებს ჯარიმის თანხის გადახდის ვადებს.

თეა ხურცილავა