ოთხი შვილის დედის ხელით შექმნილი ტყავის ნივთები - გზაპრესი

ოთხი შვილის დედის ხელით შექმნილი ტყავის ნივთები

ტყავის მასალისგან შექმნილი ნივთები მრავალფეროვანია: თმის სამაგრები, ჰალსტუხები, ჩანთები, საფულეები, ქამრები... ნახელავს თავადაც ხშირად ატარებს, ოჯახის წევრებიც და ახლობლებიც. ერთი საფულე განსაკუთრებით ძვირფასია, მისთვის ერთგვარ თილისმად იქცა, წარმატების მომტანი გამოდგა საქმიანობის დასაწყისში და პატრონს დღემდე ერთგულად ემსახურება. ლუბა დონაძის პროდუქცია ინტერნეტის საშუალებით რეალიზდება ან იმ ქუჩის მარკეტებიდან, რომელიც სისტემატურად იმართება ჩვენს დედაქალაქში. ამ ხნის განმავლობაში ერთგული მომხმარებელიც გაიჩინა, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ.

„ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ: დილიდან სახლის საქმე, ოჯახი, დაახლოებით 2 საათისთვის კი სახელოსნოში გავდივარ, სადაც გვიანობამდე ვრჩები, ზოგჯერ შეიძლება დილის 3-4 საათამდეც ვიმუშაო“, - ამბობს 4 შვილის დედა ლუბა დონაძე, რომელიც მეოთხე წელია, ტყავის მასალისგან სხვადასხვა აქსესუარს ქმნის.

6-copy-1694413132.jpg

- აფხაზეთიდან ვარ. 20 წლის ვიყავი, როცა იქიდან წამოვედით. აფხაზეთში ჟურნალისტიკას ვსწავლობდი, მაგრამ თბილისში გადმოსვლისას, ისეთი სიტუაცია იყო, რომ სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ მომეცა: ხან რუსეთში ვიყავი, ხან საქართველოში, ვმუშაობდი, მერე გავთხოვდი და 4 შვილი - 2 გოგონა და 2 ბიჭი შემეძინა. ახლა უფროსი გოგონასგან უკვე შვილიშვილიც მყავს. დღესდღეობით გლდანში ვცხოვრობ და აქვე ვმუშაობ. ოჯახში რთული სიტუაცია რომ გვქონდა და ძალიან გამიჭირდა, 6 წელი ემიგრაციაში ვიყავი. საქართველოში დაახლოებით 6 წლის წინ დავბრუნდი. ამდენი წელი შვილებისგან შორს რომ ვიყავი, მინდოდა ისეთი საქმე დამეწყო, რომელიც საშუალებას მომცემდა, მათთან დიდი დრო გამეტარებინა. ხელსაქმე ყოველთვის მიყვარდა, ჩემთვის და ბავშვებისთვის ტანსაცმელს ხშირად ვკერავდი. აფხაზეთში იყო ერთი საამქრო, სადაც ფეხსაცმელებს კერავდნენ და იმ მოდელს „ჯექსონებს“ ეძახდნენ. იმ პერიოდში მეც ვაკეთებდი ტყავის ფეხსაცმლის ზედაპირებს, ამავე მასალითა და ჯინსით რამდენიმე ჩანთაც მაქვს შეკერილი. ამ ნივთების ფოტოებიც შემომრჩა. ერთ დღესაც ეს საქმიანობა შვილმა შემახსენა და თავდაპირველად საახალწლო სათამაშოების კერვა ვცადე. წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები კი იყო, მაგრამ ვინაიდან ეს მხოლოდ სეზონური ნივთები გახლდათ, ვცადე ტყავზეც მემუშავა. რაღაცები ვიცოდი, დანარჩენი "იუთუბ"-არხების მეშვეობით ავითვისე. თავდაპირველად ყაისნაღით ვქსოვდი ჩანთებს, რომელიც ტყავით იყო გაფორმებული. შემდეგ საფულეების კერვა დავიწყე და იმ დროს რა თანხაც შემოდიოდა, უმთავრესად ხელსაწყოების შეძენაში ვხარჯავდი. მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავხსენი გვერდი და მხოლოდ შეკვეთებზე ვმუშაობდი. იმ დროს დმანისში ვიყავი და თბილისში შეკვეთებს ბავშვები არიგებდნენ. ახლა უკვე გლდანში, სახლთან ახლოს ავტოფარეხი შევიძინე და იქ სახელოსნო გავხსენი. ერთი დამხმარე ქალბატონი მყავს, რომელსაც დედა ავად ჰყავს და ვერსად მუშაობს. მას დაჭრილ მასალას ვატან და შინ კერავს. სახელოსნოს რომ გავარემონტებ, თუ დამხმარე კიდევ დამჭირდება, შევეცდები ისევ ქალები დავასაქმო.

4-copy-1694413157.jpg

- მრავალფეროვანი პროდუქცია გაქვთ. წინასწარ ქმნით ესკიზებს?

- ესკიზებს წინასწარ არ ვაკეთებ. ძირითადად შეიძლება საფულეების მოდელები განმეორდეს, მაგრამ მცირე განსხვავება მაინც არის, რადგან ყველაფერი ხელით კეთდება, ლაზერს არ ვიყენებ. საერთოდ, ასე ვიქცევი: ვქმნი პროდუქციას, რომელიც ბაზარზე მუშაობს და როცა ერთი და იგივე ნივთი მღლის, აუცილებლად რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, მაგალითად, ჩანთა, რომელიც განტვირთვაში დამეხმარება.

5-copy-1694413120.jpg

- რამდენად ხშირად გეძლევათ საშუალება არა მასობრივი ნივთები, არამედ ის აკეთოთ, რაც თქვენს სურვილებთან და ერთგვარ შემოქმედებით პროცესთან არის დაკავშირებული?

- არის ხოლმე ასეთი დღეებიც. ვთქვათ, რამდენიმე საფულეს რომ შევკერავ და ვიღლები, მერე ვიწყებ ისეთი ტყავის ძებნას, რომლითაც რამე ახალს შევკერავ და ასეთ დროს ვისვენებ. თმის სამაგრებსაც ვაკეთებ, მხოლოდ შეკვეთით, რადგან ერთ ნივთს იმდენი დეტალი აქვს, ბევრი დრო მიაქვს, თითქმის დღეზე მეტი. წელს ის სიახლე მქონდა, რომ შევკერე ჩანთები ჭილოფისა და ტყავის კომბინაციით. მოგეხსენებათ, ბოლო დროს მცენარეებისგან დამზადებული ჩანთებია მოდაში და ჩვენთანაც ვნახე, რამდენიმე მაღაზიაში. დასავლეთ საქართველოს შემოვლამ მომიწია და გურიაში ვიპოვე ქალბატონი, რომელიც ლამაზ წნულებს მიმზადებს, მე კი ტყავს ვამატებ და ამ ორი მასალით ჩანთებს ვაკეთებ. საერთოდ, მუდმივად ვცდილობ საქმეში სიახლეები შემოვიტანო. ბოლო წლებია ჯვალოსა და რაფიას ძაფისგან ბადე-ჩანთებს აკეთებენ, მინდა ეს მასალა ტყავით ჩავანაცვლო.

3-copy-1694413108.jpg

- ტყავის ბადეები არავისთან მინახავს, ძალიან საინტერესო, მაგრამ ურთულესი სამუშაო იქნება...

- დიახ, ტექნიკურად საკმაოდ რთულია, მაგრამ ჯერ არავის გაუკეთებია და მინდა ვცადო. ჩანთები ჭილოფისა და ტყავის კომბინაციითაც არავის აქვს. აუცილებლად მჭირდება სიახლეები, რადგან ერთი და იგივე მღლის.

0-copy-1694413096.jpg

- ალბათ, როგორი სასიამოვნოა, როცა ხვდები, რომ შენს საქმეს მიაგენი...

- ნამდვილად, ეს მართლაც სასიამოვნოა. ყოფილა შემთხვევები, როცა ავტობუსში ავსულვარ და ჩემი შექმნილი ჩანთით ხელში ქალბატონი დამინახავს. რამდენჯერმე ბაზრობაზე მომსალმებიან. ის ადამიანები ვერ მიცნია, მაგრამ მოკითხვის შემდეგ, როცა მაჩვენებენ ხოლმე ჩანთას ან სხვა რამე ნივთს და როცა მეუბნებიან, რომ შენაძენით ძალიან კმაყოფილები არიან, მერე ვხვდები, რაშიც არის საქმე და მსგავსი ფაქტები ძალიან მახარებს (იღიმის).

ანა კალანდაძე