99 წლის ქალბატონის ოქროს რჩევა - "უფრო მეტად შეიყვარეთ ცხოვრება" - გზაპრესი

99 წლის ქალბატონის ოქროს რჩევა - "უფრო მეტად შეიყვარეთ ცხოვრება"

99 წლის ესპანელი ქალბატონის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო კითხვის სიყვარული და ჯანსაღი კვებაა. დაუჯერებელია, მაგრამ ვირტუდეს ფერნანდეს-სანჩესი 99 წლის ასაკშიც ითვლის კალორიებს და მისი წონა 50 კილოგრამს არასოდეს აღემატება. ვფიქრობ, ყველა ადამიანი უნდა იკვებებოდეს ჯანსაღად და ითვლიდეს კალორიებს, ეს მათივე ჯანმრთელობისთვის არის კარგი და არა იმიტომ, რომ გამხდრები იყვნენ“, - მითხრა საუბრისას.

ქალბატონი ვირტუდესი რვა შვილის დედაა. შვილები მარტომ გაზარდა.

- ქალბატონო ვირტუდეს, ჩვენი ჟურნალის ქართველ მკითხველებს ხომ არ გაანდობთ თქვენი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს?

- მივესალმები ქართველ მკითხველს და მოხარული ვარ, რომ ჩემი ამბის მიტანა ქართველებამდეც შეგიძლიათ. ღმერთმა ინება და უკვე 99 წლის გავხდი. საიდუმლო არაფერია, ეს უფრო უფლის ნებაა, მაგრამ მის ნებას მეც ხელს ვუწყობ და მთელი ცხოვრება ჯანსაღად ვიკვებები, ყოველდღიურად ვიღებ პროტეინს, ბოსტნეულსა და ცილას. ტკბილეულს ნაკლებად მივირთმევ და რაც მთავარია, დღემდე ვკითხულობ წიგნებს, ამით ტვინს არ ვაძლევ მოდუნების საშუალებას. დილით და საღამოს, ძილის წინ აუცილებლად ვკითხულობ ლიტერატურას.

- ის დრო გაიხსენეთ, როცა პატარა იყავით...

- ჩემი ბავშვობიდან ყოველი დღე მახსოვს და ყველა მომენტი კადრებად აქვს მეხსიერებას შემორჩენილი. ლამაზი ბავშვობა მქონდა. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით, მე პირველი შვილი და პირველი შვილიშვილი გახლდით ოჯახში და ამიტომაც, მამა ყველა ოცნებას მისრულებდა. ის ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ მის სიმკაცრეში დიდი სიყვარული იმალებოდა და ამას ყოველთვის ვგრძნობდი. ისევე, როგორც ყველა მშობლისთვის, მამასთვისაც პირველ ადგილზე განათლება იდგა. სამი წლისას უკვე შემეძლო ჩემი სახელისა და გვარის დაწერა, შემეძლო წამეკითხა პატარა ნაწარმოებები. მამას ცოტა თავისუფალი დრო ჰქონდა, ამის მიუხედავად ცდილობდა სასარგებლო ინფორმაციები მოეწოდებინა ჩემთვის. ისეთ სათამაშოებს ყიდულობდა, რაც სხვებისთვის თითქმის ხელმიუწვდომელი იყო. არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდა. დღემდე ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი მამაა. ის იყო ჩემთვის მამის, მეუღლის, მეგობრისა და უბრალოდ, ადამიანობის მაგალითი.

- რვა შვილის დედა ხართ. არ იყო რთული ამდენ ბავშვზე მარტო ზრუნვა?

- რა თქმა უნდა, რთული იყო. მშობლები მეხმარებოდნენ, მაგრამ დედის მაგივრობას ვერავინ გაუწევს შვილს. შეიძლება ვიღაც დაგეხმაროს, მაგრამ მხოლოდ ფინანსურად. შენი, როგორც დედის პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გაზიარება სხვას არ შეუძლია. ჩემთვის მთავარი მათი კარგად აღზრდა და განათლება იყო. ყოველთვის ვაკეთებდი ეკონომიას ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, მაგრამ არასოდეს გამიკეთებია ეკონომია საკვებსა და წიგნებზე. სახლში 4000-ზე მეტი წიგნი გვქონდა და ყველა წაკითხული აქვთ ჩემს შვილებს. სამსახურიდან დაბრუნებული ყოველთვის ვამოწმებდი მათ დავალებებს და წაკითხულ წიგნებს, ყველა სათითაოდ უზიარებდა თავის და-ძმას შთაბეჭდილებებს, რადგან შემდეგ დანარჩენებსაც გასჩენოდათ ინტერესი და გაეცვალათ წიგნები. ასე გადიოდა წლები. ყველამ იცოდა, რომ აუცილებლად უნდა ესწავლათ და ჩაებარებინათ უნივერსიტეტში. შესაბამისად, მათ შეძლეს სათანადო განათლების მიღება და ერთი პოლიციის უფროსი გახდა კატალონიაში, მეორე - ფსიქოლოგი, ხუთი კი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

- რვა შვილიდან ერთი გარდაცვლილი გყავთ.

- დიახ, 18 წლის იყო, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა შეყვარებულთან ერთად. გოგონა გადარჩა, ჩემმა შვილმა კი თავი დაარტყა, რვა თვე კომაში იყო, აპარატზე შეერთებული, მე არ მაძლევდნენ უფლებას, მთელი დღე მის გვერდით ვყოფილიყავი. მისი ნახვა მხოლოდ დილა-საღამოს შემეძლო, ისიც ოცი წუთით, პატარა სარკმლიდან. ბარსელონას საავადმყოფოში იწვა, მე კი მაშინ ბარსელონიდან ასი კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობდი. ღამე მივდიოდი მატარებლით, რომ დილით მასთან ვყოფილიყავი. დავინახავდი შვილს და უკან მივდიოდი, შემდეგ ვმუშაობდი და ღამე ისევ უკან, ბარსელონაში ვბრუნდებოდი. რვა თვე საწოლში არ მიძინია, არ დამიკარგავს იმედი, რომ გადარჩებოდა და სიკვდილზე გავიმარჯვებდით. ექიმები რომ მეკითხებოდნენ, აპარატი ხომ არ გავუთიშოთ, რადგან ასე უფრო იტანჯებაო და თან, მეც ძალიან დიდი თანხის გადახდა მიწევდა, ვამბობდი, რომ ის აუცილებლად გაიღვიძებდა ერთ დღეს და ჩემთან ერთად შინ დაბრუნდებოდა! თუმცა, მიღალატა და ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, შვილმკვდარი, მარტოხელა დედა დამერქვა. ამ სტატუსთან შეგუება კი, სიმართლე გითხრათ, დღემდე მიჭირს. არც ერთ დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს, მაგრამ უფლის ნებას ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ და ვალდებული ვართ, მის ნებას დავემორჩილოთ.

- როგორც ვიცი, თქვენც პედაგოგის ოჯახში გაიზარდეთ.

- ჩემი მამა და ბაბუაც პედაგოგები იყვნენ, დედა დიასახლისი გახლდათ, ნამდვილი ქალბატონი. ან დამხმარე ქალბატონი აგვარებდა სახლის გარეთ საქმეებს, ან მამა, დედა სულ შინ იყო და საოჯახო საქმეებზე ზრუნავდა. ის ძალიან მორწმუნე ოჯახში გაიზარდა, ბიძამისი სასულიერო პირი იყო, დეიდა - მონაზონი. ჩვენც ეკლესიურად გვზრდიდა. დედა მეზობლის მამაკაცებს არასოდეს ესაუბრებოდა, უცხოებს ხომ საერთოდ, არც კი ესალმებოდა. თუ მამას მეგობრები მოვიდოდნენ სტუმრად, დედა მათ სუფრას გაუშლიდა და შემდეგ სხვა ოთახში გადიოდა.

- სკოლის დირექტორად იმუშავეთ თითქმის ნახევარი ცხოვრება.

- დიახ, 34 წელი ვიყავი სკოლის დირექტორი - ათი წელი ერთ სკოლაში და 24 - მეორეში. ჩემთვის დღემდე საყვარელი საქმეა ეს და ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული. პედაგოგობა ნიშნავს სხვის შვილებზე პასუხისმგებლობას. ბავშვი ხომ დღის უმეტეს ნაწილს შენთან ატარებს, მშობლებთან სულ რამდენიმე საათი უწევთ ყოფნა. ამიტომ შენ ყველა მათგანს უნდა იცნობდე და შეეცადო, გაიგო მათი პრობლემების შესახებ და დაეხმარო შეძლებისდაგვარად. იყო კარგი პედაგოგი, ეს იგივეა, იყო კარგი მშობელი... ძალიან ბევრს ვშრომობდი. სკოლის დირექტორობის პარალელურად, უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი, ღამე კი „წითელ ჯვარში“ სოციალურ მუშაკად ვმუშაობდი, შინ ძალიან გვიან მიწევდა დაბრუნება.

- არაერთმა თაობამ გამოიარა თქვენს ხელში. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. მოგწონთ დღევანდელი თაობა?

- ჩემი ახალგაზრდობის ეპოქა ნამდვილად განსხვავებული იყო. ჩვენ სხვანაირად ვიზრდებოდით, სხვა ფასეულობებითა და ღირებულებებით. ჩემი შვილების თაობა კიდევ უფრო სხვანაირები იყვნენ, შემდეგ შვილიშვილების თაობა... დღევანდელი ახალგაზრდები, სიმართლე გითხრათ, ცოტა ზედმეტი უფლებებით სარგებლობენ და ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონს. ახლა თუ მკითხავთ, რა არ მომწონს და რა მომწონს, გამიჭირდება ყველაფრის ჩამოთვლა. მომწონს მეტი თავისუფლება რომ აქვთ და მათთვის ბევრი რამ ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენს დროში ამდენი ინფორმაცია რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ალბათ უფრო მეტ განათლებას მივიღებდით. რაც არ მომწონს, ეს წიგნის გაუფასურებაა. მე მათ ინტერნეტის თაობას ვეძახი, წიგნი აღარ აინტერესებთ, ყველა ინფორმაცია ეკრანზე აქვთ; ამ თაობისთვის უცხოა წიგნის ფურცლების სურნელი.

370504572-261076010125000-8153981031260734518-n-copy-1694413820.jpg

- ახლა რომ ახალგაზრდა იყოთ, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

- კიდევ უფრო მეტ განათლებას მივიღებდი.

- რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

- მშობლები მეტად დააფასონ და უფრო მეტად შეიყვარონ ცხოვრება. ყოველი გათენებული დღისთვის და დაღამებისთვის უფალს მადლობა შესწირონ. არასოდეს დაკარგონ მადლიერების გრძნობა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ადამიანებად დარჩნენ.

ფიქრია რობაქიძე,

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან