კინოსტუდიის რომელ თანამშრომელს ეძახდა ჯანსუღ კახიძე "წიწილკას" და... - გზაპრესი

კინოსტუდიის რომელ თანამშრომელს ეძახდა ჯანსუღ კახიძე "წიწილკას" და...

ფილოლოგმა ლია კავკასიძემ სკოლაში პიონერხელმძღვანელად და მერე პედაგოგად იმუშავა, თუმცა ცოტა ხანს. რადგან ძალიან უყვარდა კინო და ლიტერატურა, თავის ადგილს მიაგნო კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც წლების მანძილზე მუშაობდა ჯერ ხმის ჩამწერ სტუდიაში, ხოლო შემდეგ დუბლიაჟის განყოფილებაში. შრომა დაუფასეს - ხუთწლედის გმირი გახდა, დააჯილდოეს და მისი ფოტოსურათი დიღმის კინოსტუდიის შესასვლელში სტენდზე გამოფინეს. ქალბატონი ლია სიამოვნებით იხსენებს იმ დროს და ურთიერთობებს მსახიობებთან, რეჟისორებთან, თანამშრომლებთან.

- დუბლიაჟის განყოფილებაში სხვა ქვეყნების ფილმებს ვახმოვანებდით რუსულიდან ქართულად. ნებისმიერი, ვთქვათ იტალიური ფილმიც რუსულად ნათარგმნი მოდიოდა. მაშინ ხომ რუსეთი გვკარნახობდა წესებს და ყველა ახალი ქართული ფილმი იქ მტკიცდებოდა. რეჟისორის თანაშემწე ვიყავი, მთელი ფილმი გახმოვანების დაწყების პირველი დღიდან ჩაბარებამდე, მე მებარა. დღეს მენეჯერს რომ ეძახიან, იმ ფუნქციას ვასრულებდი. გახმოვანების რეჟისორთან ერთად ვიყავი ჩართული მსახიობების შერჩევაში და მერე უკვე გახმოვანების პროცესს თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. ე.წ. პროსტინას ვაკეთებდი, რომელზეც პატარა რგოლებად (როლიკებს ვეძახდით) იყო დახაზული მთელი ფილმი და ცალკეული მონაკვეთი ვისაც უნდა გაეხმოვანებინა, იმ მსახიობებსაც მე ვეკონტაქტებოდი. მზადდებოდა სამონტაჟო ფურცლები ქართულად ნათარგმნი ტექსტით და ამას ტექსტის ჩაწყობა ერქვა. ეთერ გელოვანი, ნელი ლომიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ტექსტის ჩამწყობები იყვნენ. ეს საქმე ძალიან კარგად ეხერხებოდა მსახიობ იაშა ტრიპოლსკის და არაერთ ფილმზე უმუშავია. ძალიან თბილი და კარგი კაცი იყო. დამინახავდა თუ არა, დამიძახებდა, - "ზემლიაკ". იცოდა, რომ ანანურიდან ვარ, თავად ფასანაურიდან გახლდათ. მისგან ვიგებდით ახალ და საინტერესო ამბებს, მათ შორის, მსოფლიოს სიახლეებს. უყვარდა მოყოლა და ჩვენც, ყველანი სიამოვნებით ვუსმენდით. შესანიშნავი მსახიობი იყო და ფილმებსაც არაჩვეულებრივად ახმოვანებდა.

- როდესაც გახმოვანებაზე მსახიობები აგვიანებდნენ, შენიშვნას აძლევდით?

- თითქმის ყველა მსახიობი აგვიანებდა. განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდ მსახიობებად ითვლებოდნენ. იმათ ხომ ვერაფერს ვეტყოდით, ოღონდ მოსულიყვნენ. საერთოდ, არტისტებს მცირე ანაზღაურება ჰქონდათ, ამიტომ ზოგი ტელევიზიაში იყო ჩაწერაზე, ზოგს რეპეტიცია ან კინოგადაღება ჰქონდა და ამიტომ იგვიანებდნენ. ზოგჯერ კი ვბრაზდებოდით ჩვენც და ის მსახიობებიც, ვისაც ლოდინი უწევდათ, მაგრამ უმეტესად გვესმოდა მათი. ერთხელ რამაზ ჩხიკვაძეს დავურეკე და ვთხოვე მოსვლა მთავარი როლის გასახმოვანებლად. მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან დაკავებული იყო მულტფილმის გახმოვანებაზე. ისეთი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, რომ მულტფილმი არ მიატოვა და მთავარი როლი გვერდზე გადადო. ჩვენთან ხომ ანაზღაურება იყო და მსახიობები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოდიოდნენ, როცა მართლა არ ეცალათ.

370602234-356092940292704-6746650112149099724-n-1694417090.jpg

- რომელ მსახიობებთან გიწევდათ მუშაობა?

- არაჩვეულებრივი გამხმოვანებელი იყო დავით სოკოლოვი. ერთ დღეს, მახსოვს, ვერ მოვიდა და გახმოვანება ჩაგვივარდა. ბოდიშის მოხდის მიზნით, სახლში მომაკითხა იასამნების დიდი თაიგულით, დანაშაული გამოისყიდა. საოცარი პროფესიონალი გახლდათ ირაკლი უჩანეიშვილი. მას შეეძლო მიკროფონთან ზურგშექცევით მდგარიყო და ისე ჩაესვა გახმოვანების არტიკულაცია. ჩვენთან ხშირად მუშაობდნენ ლეილა ძიგრაშვილი, კოტე დაუშვილი, ლეო ანთაძე, გიზო სიხარულიძე... გახმოვანების მერე, მსახიობებს მანქანით მივყავდით ხოლმე სახლში. ლია ელიავას რამდენჯერ წავუყვანივარ ვერაზე, თავისი "ჟიგულით". ლიაზე ვგიჟდებოდი, ეგეთი ლამაზი ქალი სხვა არ ვიცი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დაასახელეს და მისი ფოტო პოლონური ჟურნალის - "ეკრანი" გარეკანზე დაიბეჭდა.

- თანამშრომლებიც გაიხსენეთ, ვისთან ერთადაც წლები მუშაობდით.

- ძირითადად გოგი სხირტლაძესთან - გახმოვანების რეჟისორთან ერთად ვმუშაობდი და მასთან ისეთი ახლობლობა მქონდა, ბევრს და-ძმა ვეგონეთ. ერევანში აკერვინებდა შარვალ-კოსტიუმს, იქ ჩადიოდა თავის მკერავთან. მეუღლეც სომეხი ჰყავდა. გოგის უყვარდა ლამაზად ჩაცმა და კიდევ, ძალიან მოსწონდა თეთრი შარფი. ერთხელაც, თავისუფლების მოედანზე, მაღაზიაში ვნახე თეთრი კაშნე. იმ პერიოდში მომღერალი ტოტო კუტუნიო მომწონდა, ის თეთრი კაშნეთი იდგა ხოლმე სცენაზე. კაშნე ჩემთვის ვიყიდე. უცებ გამახსენდა გოგი და მისთვისაც შევიძინე. მოკლედ, სამსახურში აქეთ გოგის ეკეთა თეთრი შარფი და იქით - მე (იცინის). თუ გოგის აგვიანდებოდა ან სხვა საქმეზე მიდიოდა, იმ დღეს მე ვიყავი რეჟისორიც და ასისტენტიც. ხანდახან ტექნიკოსის ფუნქციაც შემითავსებია.

შესანიშნავი მემონტაჟეები გვყავდა. ვირტუოზი იყო ცისანა ციხისელი, რომელიც საოცრებებს აკეთებდა. ჩვენთან მუშაობდა რეჟისორი ქეთო წულაძე, ჭოლას მამიდა. მახსოვს, პატარა ჭოლა სტუდიაში რომ მოჰყავდა. მერე, როცა ლევან წულაძე რეჟისორი გახდა, მოსაწვევებს გვიგზავნიდა თავის სპექტაკლებზე. ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ვახტანგ ტაბლიაშვილი. გახმოვანებებზე გვესწრებოდა და ძალიან საინტერესო დარიგებებს გვაძლევდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ძალიან კარგად ხედავდა, ვინ რას აკეთებდა და თითოეულის ზუსტი შეფასება შეეძლო. ერთხელ მითხრა: ისე არ წავალ დუბლიაჟიდან, რომ თქვენ რეჟისორად არ გადაგიყვანოთო. თანამშრომლებს თქვენობით გველაპარაკებოდა. რეჟისორის ასისტენტს ენიჭებოდა პირველი-მეორე-მესამე კატეგორიები. სამივე გავიარე, ყველაფერში აქტიური ვიყავი და როცა უკვე რეჟისორი შეიძლებოდა გავმხდარიყავი, მაშინ აირია ქვეყანა. ვახტანგ ტაბლიაშვილი ანანურშიც იყო, ძველ სახლში მოვიპატიჟე. მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს.

- ქართული მხატვრული ფილმების გახმოვანებაზე არ გიმუშავიათ?

- სანამ დუბლიაჟში გადავიდოდი, ორი წელი ხმის ჩამწერ საამქროში ვმუშაობდი. "ვერის უბნის მელოდიებზე" პირადად მიმიწვია თენგიზ ნანობაშვილმა (ხმის რეჟისორი და ოპერატორი). მახსოვს, ვესწრებოდი იმ ჩაწერას, როცა ნანი ბრეგვაძე მღეროდა სოფიკოს გმირის სიმღერას - "გზები მაინც გამინათე მთვარეო". დიღმის სტუდიაში მეტსახელად "წიწილა" შემარქვეს და ჯანსუღ კახიძე რუსულ ყაიდაზე "წიწილკას" მეძახდა. ვიმუშავე რამაზ გიორგობიანთან და გია მატარაძესთან. ბიძინა ჩხეიძე მოვიდა ერთხელ დუბლიაჟში იმ სურვილით, რომ უნდოდა, მასთან მემუშავა. რა თქმა უნდა, წავედი და ვიმუშავე. "ბერნარდა ალბას სახლის" გახმოვანებაზეც ვიყავი.

tanamshromlebtan-ertad-1694417077.jpg

- მუშაობის დროს, ემოციურად თუ იღებდით სიამოვნებას?

- როგორ არა! მე ვიპოვე ჩემი ადგილი. ასეთი ურთიერთობები სხვაგან არსად შემხვედრია. ერთხანს ტელეფილმებშიც ვიმუშავე, როცა კინოსტუდიაში ყველაფერი გაჩერდა. გახმოვანების დროს ძალიან ვხალისობდით ხოლმე. თუ ოთახში ბუზი შემოფრინდებოდა, ჩაწერას ვერ ვიწყებდით. ბუზის მოშორების საქმეზე გვყავდა მემონტაჟე ზაირა, რომელიც გახმოვანებაზე ჩვენთან ერთად იჯდა. ის აცხადებდა: დუბლი 1, დუბლი 2... სანამ ჩაწერა დაიწყებოდა, გოგი სხირტლაძე ეტყოდა: ზაირა, როგორც გინდა, ეს ბუზი ისე მოაშორე! ისიც, ერთს გაიქნევდა ხელს და ბუზი ჰყავდა ხელში გამოჭერილი (იცინის). ზოგჯერ ჩაწერის დროსაც კი, ასე უხმაუროდ იჭერდა. ან შეიძლება გაფაჩუნების ხმა ყოფილიყო, ან რაღაც სხვა ხმა, გოგი ისევ ზაირას მიმართავდა: ქალო, მაგ სკამს ნუ აჭრაჭუნებ, გაშეშდი, გაშეშდი! ხანდახან მსახიობებს სიცილი აუტყდებოდათ და ასეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ იმ მონაკვეთის გახმოვანებას ვაჩერებდით და ვეუბნებოდით: "ახლა გადით, დაწყნარდით და მერე შემოდით". ერთხელ ოპერატორ ია სურმავას ჟიგულიში ჩავსხედით ბევრნი, გაჭედილები ვართ და მივდივართ პლეხანოვიდან დიღომში. მსახიობი ლევან უჩანეიშვილი გამოვიდა თუმანიშვილის თეატრიდან და იმასაც უნდა წამოსვლა, მაგრამ მანქანაში ადგილი არ არის. იას ეუბნება, საბარგულში ჩავჯდებიო... იჯდა ლევანი ღია საბარგულში და ასე წავიყვანეთ დიღომში. აბა, კარს ხომ არ დაუხურავდა?!

- რა გენატრებათ, როცა იმ წლებს იხსენებთ?

- ის ადამიანები მენატრებიან ძალიან...

ნანული ზოტიკიშვილი