ბათუმის "ხავერდოვანი სეზონის" პრობლემები და სიკეთეები - გზაპრესი

ბათუმის "ხავერდოვანი სეზონის" პრობლემები და სიკეთეები

"ხავერდოვანი სეზონი" - ასე მოიხსენიებენ ზღვაზე დასვენების მოყვარულები სექტემბერს. ზომიერად აგრილებულ ბათუმში, სიცხე არა, მაგრამ არაზომიერი ფასები ნამდვილად შეგაწუხებთ. ამიტომაც, ყოველ ნაბიჯზე გაიგონებთ ადგილობრივი აქცენტით ნათქვამ სხარტულებს: "ე, ძვირიაო, ჭო!.. წევდა წიწინი..." "ამიზა ვჯდილარიევ მთელ დღე, ეფი რაია, იგი მითხარი, წევდე, ვიყიდო..." "თუ არ იყდი, მაგისა გული არ ვიხეთქო, გემეიარს ვიღაც საცოდავკაბიანი (მოკლეკაბიანი) რუსი და იყიდის ლამაზად..."

"საცოდავკაბიანი" რუსი, შედარებით მოკრძალებულად ჩაცმული სომეხი და ებრაელი კი ნამდვილად ბლომად შეგხვდებათ ქუჩაში. როგორც ადგილობრივები მიხსნიან, მაღალი კლასის სასტუმროებს ძირითადად, ებრაელი, ირანელი და არაბი ვიზიტორები ჰყავთ. თუმცა, ქალაქს ძალიან ბევრი დასავლეთის ქვეყნებიდან სტუმრობს, რომლებიც საოჯახო სასტუმროებშიც ცხოვრობენ და ხუთვარსკვლავიანშიც.

მეზობელი სომხები წელსაც ბევრნი არიან, დროებით ჩამოდიან და ბიუჯეტურ საოჯახო სასტუმროებზეც არ ამბობენ უარს, თუმცა, როგორც ბათუმელები ხუმრობენ, მათ ყველაზე კარგად იციან, სად მზადდება ყველაზე გემრიელი აჭარული ხაჭაპური, რომელი გარემოვაჭრის სიმინდია ცხელი და ახალი (მათგან გავიგე, რომ რამდენიმე დღის წინ მოხარშულ სიმინდს, რომელიც გაუყიდავი დარჩათ, ცხელ წყალში აგდებდნენ და კლიენტებზე ახალმოხარშულად ასაღებდნენ).

ერევნელი ანაიდა მერკარიანი მეუბნება, რომ რუსი ტურისტები მათ ქვეყანაშიც გაჩნდნენ, თუმცა, მასშტაბური ბიზნესგეგმები ჯერჯერობით იქ არა აქვთ, ძირითადად, მანქანების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებული.

"ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - სომხეთში ზღვა არ არის და კიდევ, ანტირუსული პროპაგანდა, ყარაბაღის ომის გამო, რომელშიც რუსეთის წვლილი საკმაოდ დიდია, ახლა სომხეთშიც ძალზე მწვავედ დგას... საქართველოში ანტირუსული განწყობები შედარებით ჩაცხრა. თუმცა, დამსვენებლებისგან უკმეხ რეპლიკებს მაინც ვისმენ, რასაც რუსები ძირითადად, დუმილით ხვდებიან - მათ შეუძლიათ რამდენი ხანიც უნდათ, მოითმინონ, მაგრამ არასდროს ავიწყდებათ. ინტეგრირებული რუსი ძალიან იშვიათია, რუსებში ინტეგრირებული ქართველი სომეხი კი ძალიან ბევრი მინახავს. საქართველო ჩვენთვის ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლო და ბრძოლის მოტივია. ხშირად გვესმის, საქართველოს თუ გამოუვა, გამოუვა სომხეთსაცო... ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლას, რეფორმებს. ამ მხრივ ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს..."

რუსები ბიუჯეტურ ფართობებს ეძებენ, პარალელურად კი "გამალებული ცდილობენ თავიანთი სივრცის მოწყობას". ზოგს ეს აშფოთებს, ზოგი კი მღელვარების მიზეზს ვერ ხედავს. რამდენიმე თვეა ჩემი კოლეგებისგან, მეგობრებისა და ნაცნობებისგან მესმის, რომ ბათუმი ტურისტებით გადატვირთულია და ყველა სასტუმრო, კვების ობიექტი თუ საზოგადოებრივი დაწესებულება სრული დატვირთვით მუშაობს, სავსეა ზღვის სანაპირო და სკვერები, პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი... ტურისტული ქალაქი დუღს, თუმცა, ქართულ საუბარს აქა-იქ მაინც მოისმენთ... შესაძლოა, ქალაქში ვინც რუსულად საუბრობს, ყველა რუსეთის მოქალაქე არ არის, მაგრამ სლავური წარმოშობის მოქალაქეების სიჭარბე მართლაც იგრძნობა. მქონდა შემთხვევა, როდესაც რომელიღაც ქუჩასა თუ ობიექტს ვერ მივაგენი და მათ მიმასწავლეს.

თან პირდაპირ მითხრეს, ნახევარი წელია თითქმის რაც აქ ვართ და პირველ რიგში, ქუჩები და სხვადასხვა ობიექტის მისამართი შევისწავლეთ, რადგან ადგილობრივების ნაწილმა რუსული არ იცისო...

როგორც დანარჩენ საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე ბათუმშიც ნახავთ რუსულ წარწერებს - "ობუვ", "კნიგი", "გრუზინსკაია კუხნია..." ადგილობრივმა კოლეგამ ერთ-ერთ პოპულარულ ქართული ღვინის მაღაზიაში დაგვპატიჟა, სადაც ადგილზე ღვინის დაჭაშნიკებაც შეიძლებოდა. ძველ ქართული დიზაინით მოწყობილ სალონურ სავაჭრო ობიექტში დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ვიყავით და ექვსი წყვილი, სხვადასხვა ასაკის სტუმარი შემოვიდა. ზოგმა თანამემამულეები შემოიყვანა და გიდობაც თავად გაუწია, ღვინის ისტორია უამბო, ზოგმა კი რეკომენდაცია ჩვენ გვთხოვა, - რუსეთიდან სტუმრებს ველოდები, რის შეძენას მირჩევდითო? ამბობდნენ, რომ "ქინძმარაული" მათში ყველაზე პოპულარული იყო, უფროს თაობას ძალიან ენატრებოდა, ახალგაზრდებს კი გასინჯვა აინტერესებდათ...

ბათუმელმა კოლეგამ გვითხრა, ადგილობრივების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ რუსეთის მოქალაქეები აქ სამუდამოდ დარჩებიან, რადგან იმდენი ხალხი, ტურიზმით რომ თავის რჩენა შეძლონ, არ ჩამოვაო.

"მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე დარჩებიან. ახლა იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ რუსეთიდან ჩამოტანილი თუ გამოგზავნილი ფული გაათეთრონ, თორემ როგორც კი ნახავენ, რომ სექტემბერში ქალაქი დამსვენებლებისგან დაიცლება და ობიექტებს ვეღარ ამუშავებენ, გაყიდიან და წავლენო. არადა, სოციალური ქსელები წალეკა ქართული ენის სწავლების მსურველთა განცხადებებმა. სკოლებსა და ბაღებში აპირებენ ბავშვების შეყვანას, საბუთებს ამზადებენ, ბინებს, მიწის ნაკვეთებს ყიდულობენ. ისეთებსაც ვიცნობ, ვინც კორპუსში ორი სართული იყიდა - პირველზე მაღაზია ან კაფე-ბარი მოაწყო, მეორეზე კი ცხოვრობენ. ისეთ ადგილობრივებსაც ვიცნობ, ვინც მათთან იკვებება: უფრო კეთილსინდისიერად გემსახურებიან, არ გატყუებენ, არ გალოდინებენ, კიევური კატლეტი, ხორციანი კერძები, ცხელი კომპოტები და მათი სხვა კერძებიც მომენატრა და კარგად ამზადებენო...

ჩემი ქუჩის ბოლოს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ორივეს ჩამოჰყავს დედ-მამა. არ ვიცი, რუსეთის ბინას რას უპირებენ, მაგრამ ვიცი, რომ ბებია-ბაბუების ჩამოყვანამდე, შვილების ძიძად რუსულენოვანი ქართველი ქალი ჰყავდათ. ასე მგონია, ეს ჩემი ქალაქი არ არის. თუ ინგლისური იციან, ინგლისურად გესაუბრებიან, თუ არადა, ჩუმად არიან. იმუნიტეტი აქვთ, რაც გინდა, უთხარი - მიაჩნიათ, რომ გავა დრო და შევეშვებით. ვფიქრობ, ასეც არის. ადრე რუსული "პაპსა" ადგილობრივებს აღიზიანებდა, ახლა ისეთი მწვავე რეაქცია აღარ აქვთ".

სხვების თქმით, ქალაქში ადრეც ისმოდა რუსული საუბარი, ეს იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანები: უკრაინელები, ბელარუსები, სომხები, განსაკუთრებით უფროსი თაობა, ძირითადად, რუსულად საუბრობს.

იზა გოგიტიძე, ადგილობრივი:

- მგონია, რომ მათ საქართველოს ნოსტალგია ჰქონდათ და ახლა ამ შეზღუდვების მოხსნამ, ევროპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა წაახალისა. ბათუმი, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ტურისტული ცენტრია, ისეთ შემოსავალს არ იძლევა, რომ ყველას გვეყოს. რუსებს კი არა, აქ მცხოვრებ ქართველებს არ ჰყავთ იმდენი ხალხი, ტურისტი და დამსვენებელი, რომ ამით ვცხოვრობდეთ. დამატებით, ყველას რაღაც სამსახური გვაქვს. ზოგს ოჯახის წევრი ჰყავს ევროპაში და იქიდან ეხმარება... მაინც პანიკა მგონია იმაზე ლაპარაკი და ყვირილი, - არიქა, დაგვიპყრესო. ვიღაცები შესაძლოა დარჩნენ, მაგრამ არა იმდენი, რომ საერთო სურათი შეცვალონ. ბათუმი ყოველთვის მულტიკულტურული ქალაქი იყო. გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მართლაც ომს და პუტინის რეჟიმის გამოქცეულ ხალხს კარი დავუკეტოთ? სახელმწიფომ შემოუშვა და ჩვენ, უბრალო ხალხმა რომ სახლებში არ შემოვუშვათ და ბინები არ მივაქირავოთ, ამით რა შეიცვლება?! მაშინ, სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ მოსახლეობა არ იყოს "ქირაზე დახამებული" და შემდეგ გვიკითხონ მორალი.

ადგილობრივი დასუფთავების სამსახური ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქალაქში წესრიგი და სისუფთავე იყოს. სანაპიროზე, ბულვარში, სკვერებში, 30 წუთში ერთხელ ჩამოუვლიან ხოლმე და იქაურობას ასუფთავებენ, ცლიან ნაგვის ურნებს, წმენდენ სკამებს, თუმცა, ქალაქში წესრიგის დაცვაზე დიდად არც ადგილობრივები ზრუნავენ და არც ტურისტები...

ტურისტულ ქალაქში კვება ნამდვილად ძვირი დაგიჯდებათ. ერთ-ერთ პოპულარულ, მაგრამ შედარებით ბიუჯეტურ კაფეში, ორ რვანაჭრიან პიცაში, ორ ჭიქა ჩაისა და ერთ თურქულ ყავაში, 60 ლარამდე გადავიხადეთ. კიდევ ერთ კვების ობიექტებზე მეპატრონეების ასეთ ხრიკს წავაწყდით: ბანერზე მრავალფეროვანი არჩევანია. შედიხართ კაფეში, ითხოვთ მენიუს და უკვეთთ იმერულ ან მეგრულ ხაჭაპურს, ბურგერს ან ჰოთ-დოგს, ანუ ნებისმიერ რამეს, რაც კაფეს ბანერზეა განთავსებული, მაგრამ გეუბნებიან, რომ "ამჯერად ხელმისაწვდომია მხოლოდ აჭარული ხაჭაპური..." როდესაც ვიკითხეთ, თუ ასეა, მენიუში სხვა რამებიც რატომ უწერიათ? ღიმილით გვიპასუხეს, რომ გვიან შემოდგომაზე ან სხვა დროს, ის კერძებიც აქვთ, თუმცა ახლა იმაზე მუშაობენ, რაზეც დიდი მოთხოვნაა. მუშტარი კი, რომელმაც ტურისტებით გადავსებულ ქალაქში ძლივს იპოვა ნორმალური, გრილი და კომფორტული ადგილი, იმას სჯერდება, რასაც სთავაზობენ.

batumi7-copy-1694417338.jpg

ბათუმით მოხიბლული წყვილი, ელა და კირილი ბევრისთვის ნაცნობ "კუპატას" კედლის გრაფიტთან შევამჩნიე. აინტერესებდათ, რამე ისტორია ჰქონდა თუ არა ძაღლს, რომელიც კედელზე დახატეს. შემდეგ კი ძალიან იხალისეს - საქართველოში შინაური ცხოველების მიმართაც ჰუმანურები არიან, სხვა ვინ მოიფიქრებდა, რომ ცხოველის ეს უნარი შეემჩნიაო...

"ჩვენ ერთ-ერთ სასტუმროსთან ვნახეთ ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტური გრაფიტი და ძალიან გაგვიხარდა. ფეხბურთი ორივეს გვიყვარს, ეს ახალგაზრდა ტალანტი კი მაყურებელს, თავისი თამაშით, სიამოვნებას ანიჭებს... მაშინ გვითხრეს, რომ ქალაქში ურბანული კულტურა ძალიან განვითარებულია და სხვა გრაფიტებიც არის. ასე ვიპოვეთ "კუპატა", რომელიც ძალიან შეგვიყვარდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ "გავიცანით"...

სერგი ბელორუსია. საქართველოში პირველად არის, თუმცა მანამდე, მეგობრებისგან ქართველებზე, ქართულ სამზარეულოსა და ტრადიციებზე ბევრი რამ ჰქონდა მოსმენილი. ამბობს, რომ ბევრი რამ, თუნდაც ტრადიციულობა და ჩაკეტილობა გადაჭარბებულია, რადგან აქ ახალგაზრდები ძალიან ლაღი, განათლებული და გახსნილები არიან:

- ძალიან უყვართ ცხოველები. ჩემი ოთხფეხა მეგობარი ჩემ გარეშე არსად რჩება, ამიტომ თან წამოვიყვანე. ლამის ყველა ნაბიჯზე ეფერებიან... ინგლისური ყველამ თითქმის სრულყოფილად იცის, რაც გამიკვირდა, რადგან ჩვენთან ასე არ არის. ალბათ ლუკაშენკოს დიქტატურის დამსახურებაა, რომ რუსული უფრო პოპულარულია. ძალიან მინდოდა, სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე საქართველოს ფონი და დროშა ამეტვირთა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე იყო საქართველოსა და უკრაინაში, ამ ორი ქვეყნის დროშის ფოტოების ფონად დადების გამო დააპატიმრეს. ახლაც იზოლატორშია, ერთთვიანი მიუსაჯეს - "არასანქცირებული პიკეტირების" მუხლი წაუყენეს. შემდეგ ფინანსურ სანქციას დააკისრებენ და გაათავისუფლებენ. თუმცა, მასზე თვალთვალი არ შეწყდება. თუ ჭკვიანად არ მოიქცევა, "მტკიცებულებებს" აუცილებლად უპოვიან მას ან მისი ოჯახის წევრს. ამიტომ, გარისკვა არ ღირს. იმედია, ეს საქართველოში არასდროს მოხდება. რუსების სიმრავლე მეც მომხვდა თვალში. ვიმედოვნებ, საქართველოს შესაბამისი სამსახურები კარგად მუშაობენ და ყველაფერი კონტროლს ქვეშ არის. სკვერში ყოფნისას მომისმენია, როგორ განიხილავენ ბიზნესგეგმებს, ეძებენ პარტნიორებს, მათ შორის, თურქებს ჩაის ან ყავის სახლისთვის... ცდილობენ ცენტრალურ უბნებზე შეაჩერონ არჩევანი. პირველად რომ ვნახე, ორი რუსი ტროტუარს ასუფთავებდა ცოცხითა და წყლით სავსე სათლით ხელში, ძალიან გამიკვირდა. გამოველაპარაკე და გავარკვიე, რომ კაფე ჰქონდათ გახსნილი და მის წინ ტერიტორიას აწესრიგებდნენ... ვიზიტორების რაოდენობას არ ვუჩივით, ახალი გახსნილი ვართ, მაგრამ ხალხი მაინც გვყავს, თუმცა, ცუდი ის არის, რომ საკურორტო ქალაქია და საზოგადოებრივი ობიექტები 10-11 საათზე იხსნება. ჩვენ ვაპირებთ, 8-დან დავიწყოთ მუშაობაო.

როდესაც ვკითხე, როგორ ფიქრობთ, თქვენ აქ სასურველი სტუმრები ხართ-მეთქი? მიპასუხეს, რომ პირველად უკმაყოფილების ტალღა ნამდვილად იყო, მაგრამ გადაიარაო. ჩვენ საქართველოში ფული შემოვიტანეთ, აქ ცხოვრების მშვიდად გასაგრძელებლად ჩამოვედით, პოლიტიკა არ გვაინტერესებს, ამიტომ ერთმანეთს ნელ-ნელა ვეგუებით. შეხედეთ, ქალაქში რამდენი რუსული წარწერა გაჩნდაო... გამეცინა. ეს შენიშნეს და მათი მაგინებელი წარწერები, რომ რუსებს ერთ ადგილზე უშვებენ, გადახაზული რუსული ალმები, ზედ ღორის გამოსახულებით ვერ შენიშნეს. ყველაფერს სათავისოდ ამჩნევენ. გამიკვირდება და მეწყინება, თუ მარტივად შეძლებენ ადგილობრივებთან ინტეგრირებას. საქართველოს ბელორუსიზაცია დაუშვებელი მგონია..."

ლალი პაპასკირი