ვაზგენ კადჟოიანი: "რეგიონში ქართული ენის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იყო"
ახალგაზრდა პედაგოგი, ვაზგენ კადჟოიანი 1997 წელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში დაიბადა. ჩვენი ყურადღების არეალში იმის გამო მოხვდა, რომ სხვა ბევრ კომპეტენციასთან ერთად, შესანიშნავად ფლობს სახელმწიფო ენას. ვაზგენს ვთხოვეთ, მოეთხრო თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ.
- ვარ ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრი. 4 ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, ჩემი მშობლების ოცნება ახდა და ვაჟი დავიბადე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. არასოდეს მავიწყდება ოჯახის სითბო, ბებიებისგან განებივრება, გადაჭარბებული სიყვარული და ზრუნვა, დედის საამო სურნელი, ალერსი და ჩახუტება, მამის ღიმილი, დების სიყვარული. ჩემი ბავშვობა ღიმილთან, უდარდელობასთან, სილაღესთან, სიკეთესთან, ფერად დღეებთან ასოცირდება. საბავშვო ბაღში მხოლოდ 8 დღე მივლია: სულ ვტიროდი და დედასთან მინდოდა. დედისგან შორს ყოფნა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასი იყო. 2004 წელს სოფლის საჯარო სკოლაში დავიწყე სწავლა. ძალიან აქტიური მოსწავლე ვიყავი. დაჯილდოებული ვარ უამრავი დიპლომითა და სერტიფიკატით.
- სკოლაში რომ შეხვედი, ქართული ენა უკვე იცოდი?
- ქართული ენის სწავლაც ზუსტად სკოლაში დავიწყე და ვიყავი ძალიან მონდომებული, რადგან ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნა. გაკვეთილების საშუალებით, ქართული ენის მასწავლებლების დახმარებითა და სხვადასხვა პროექტში მონაწილებით, სკოლის დამთავრებისას უკვე საკმაოდ კარგად ვფლობდი ქართულ ენას. გარდა სკოლისა, დავდიოდი სახელოვნებო წრეებში და ჩართული ვიყავი სხვადასხვა პროექტში.
2015 წელს წარმატებით დავამთავრე სკოლა, სადაც ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამორჩეულ ყურადღებას ვაქცევდი ქართულ ენას. უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ რეპეტიტორთან არ დავდიოდი - რადგან სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ჩემთვის სირცხვილი იქნებოდა, გამოცდები რომ ვერ ჩამებარებინა. დავრეგისტრირდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გადავწყვიტე, - თუ გრანტს ვერ მივიღებ, სწავლას არავითარ შემთხვევაში არ გავაგრძელებ მშობლების ხარჯზე-მეთქი. მერწმუნეთ, სოფლის პირობებში რთულია ფულის გამომუშავება.
დღევანდელივით მახსოვს: 27 აგვისტო იყო, როდესაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. მოვიპოვე ნანატრი 100%-იანი გრანტი და ჩავირიცხე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალქალაქის ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე. ეს უნივერსიტეტი ადგილმდებარეობისა და ოჯახური პირობების გამო ავირჩიე. მართალია, ოჯახის მხრიდან სრულყოფილი მხარდაჭერა მქონდა, სწავლის გაგრძელება თბილისშიც შემეძლო, მაგრამ ახალქალაქი ავირჩიე, რადგან ვიცოდი, დედაქალაქში წასვლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა ამავე უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე გავაგრძელე. ამავდროულად, მეორე პროფესიად პედაგოგიკა ავირჩიე. თუმცა, ბევრი მეუბნებოდა, მასწავლებლობა ბიჭის საქმე არ არისო, მაგრამ ყური არავის ვათხოვე, მივყევი ჩემს გულს, ვენდე შინაგან ხმას. ყოველთვის მომწონდა, როცა ვინმეს რამეს ვასწავლიდი და ვუხსნიდი. მახსოვს, დაწყებით კლასებში "მასწავლებლობანას" რომ ვთამაშობდით, სულ მე ვიყავი პედაგოგი.
გავიხსენებ უნივერსიტეტში მისვლის პირველ დღეს: მივდიოდი თვალებგაფართოებული, საკუთარი გულისცემა მესმოდა. ვნერვიულობდი ისე, როგორც არასდროს.
შემოვედი უნივერსიტეტში და მომაჯადოვა გარემომ. მოგვილოცეს ცხოვრების ახალი ეტაპი და დადგა ის წუთი, როცა აუდიტორიაში უნდა შევსულიყავი. ამ დრის მინდოდა გაქცევა, მაგრამ რატომღაც, ნაბიჯები შევანელე. მალე დავმშვიდდი, ამოვისუნთქე და დავიწყე ლექციის მოსმენა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. პირველივე კვირას მივხვდი, რომ მე მართლაც გავაკეთე სწორი არჩევანი და შიშიც გამიქრა.
- რა მოგცა უნივერსიტეტმა?
- აქ შევიცანი ჩემი თავი, გავხდი თავდაჯერებული, თავისუფალი. მასწავლეს, როგორ უნდა გამოვთქვა უშიშრად, მოურიდებლად ჩემი აზრი. ყველა ლექტორი, ვინც კი მასწავლიდა ამ დროის მანძილზე, მომიდგა ინდივიდუალურად - ისე, როგორც მე მჭირდებოდა. თითოეული მათგანი დღეს ჯავახეთის ახალ ისტორიას ქმნის და მე მიხარია, რომ სწორედ ამ ხალხის ლექციების მოსმენა მიწევდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი თაობები ბევრს ისაუბრებენ ამ ადამიანებზე... მადლობის მეტი რა მეთქმის უნივერსიტეტის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებმაც ასე შემაყვარეს თავი და ყოველდღიურად ცდილობდნენ ჩვენთვის სტუდენტობის დღეები გაელამაზებინათ.
ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში ბევრჯერ გავხდი სახელმწიფო სტიპენდიატი. გავიმარჯვე პროექტში და ორთვიანი სასწავლო ვიზიტით ვიყავი ევროპის ორ ქვეყანაში - გერმანიასა და საფრანგეთში. სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა მანდატურად. მართალია, რთული იყო სწავლისა და სამსახურის შეთავსება, მაგრამ მე ეს შევძელი. 2020 წელს წარმატებით დავამთავრე ბაკალავრიატი და ამავე წელს უმაღლესი ქულებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდა ქართულში, როგორც მეორე ენაში, დავადასტურე კომპეტენცია და პარალელურად ჩავაბარე საერთო სამაგისტრო გამოცდებიც.
უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი და მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე ჩემს უნივერსიტეტში, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე. ჩავირიცხე და პარალელურად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში, მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
მაგისტრატურაში იმიტომ ავირჩიე ეს მიმართულება, რომ ჩვენს რეგიონში ნამდვილად იყო ქართული ენის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რადგან ვართ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონი. სტუდენტების უმრავლესობა ამთავრებს უნივერსიტეტს და დარჩება დედაქალაქში, მე კი გადავწყვიტე ჩემი რეგიონისა და თემის განვითარება, ჩემი წვლილის შეტანა ქართული ენის პოპულარიზაციაში და მოსახლეობის ქართველ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში გავხდი გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიატი და ერთი სემესტრი ვისწავლე უფასოდ. 2021 წლის აგვისტოდან ვმუშაობ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრში, ინტერვიუერად. 2022 წელს წარჩინებით დავამთავრე მაგისტრატურა.
- ამასობაში დაოჯახებაც მოასწარი...
- დიახ და მყავს პატარა გოგოც. ჩემი მეუღლე პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია. 2022 წელს დაადასტურა კომპეტენცია და დაიწყო მუშაობა სკოლაში. ერთად ვმუშაობთ... აქვე გეტყვით, რომ 2022 წლის სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა პროგრამაზე "სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში" ბილინგვური სწავლების სპეციალისტად. მიყვარს ჩემი პროფესია და საქმიანობა. მასწავლებლობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და თუ ეს ასე არ არის, დარწმუნებული ვარ, კარგი მასწავლებელი ვერასდროს იქნები. თუ პედაგოგი ხარ, სულ უნდა ვითარდებოდე. თუ ერთ დონეზე გაჩერდები, თუ შეწყვეტ შენს განვითარებას, მაშინ ნამდვილად არ იქნები კარგი მასწავლებელი.
- მასწავლებლობაში სირთულეებიც არის...
- ჩემს საქმიანობაში შემაწუხებელია კარიერულ სქემაში დაუსრულებელი რეფორმები, რთულია ამდენ სიახლეს აუწყო ფეხი მაშინ, როდესაც გარემო არასტაბილური და არამდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად სიახლეებია, მასწავლებლებს თავად უწევთ სტაბილურობის განცდის შექმნა, რაც ძალიან რთულია.
- ჰობი თუ გაქვს?
- როგორც ყველას, მეც მაქვს ჰობი - პიანინოზე დაკვრა და ენების სწავლა, ორივეში თვითნასწავლი ვარ. ვფლობ სომხურ, ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. მინდა ჩემს პროფესიაში ვიყო წარმატებული და ცნობილი ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავისი ნიჭით, აქტიური ცხოვრებითა და მუხლჩაუხრელი შრომით მიაღწევს. მე უკვე დავამსხვრიე ბევრი სტერეოტიპი და კიდევ ბევრი უნდა დავამსხვრიო. ღრმად მწამს ჩემი შესაძლებლობების და ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, აუცილებად მივაღწევ ყველა დასახულ მიზანს.
როლანდ ხოჯანაშვილი