ხის ოსტატი მაღალმთიანი ქედადან - გზაპრესი

ხის ოსტატი მაღალმთიანი ქედადან

ქედის რაიონის სოფელი უჩხითის მკვიდრმა დურგალმა - რესან ჟოჟაძემ თავისი წინაპრებისა და ოჯახის ტრადიცია გააგრძელა და ხის მასალისგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიულ ნივთებს ქმნის. მისი ყოველდღიურობის უმთავრესი დრო ამ საქმეს ეთმობა და სამომავლოდაც ამ კუთხით გეგმავს განვითარება-გაფართოებას. "დურგლობას ჩვენს ოჯახში დაახლოებით 300-წლოვანი ისტორია აქვს. ისევე, როგორც ბაბუაჩემი, ისე მისი მამა, ბაბუა და წინაპრებიც ხელოსნები იყვნენ. სახლებს აშენებდნენ, კარ-ფანჯრებსა და სხვადასხვა ნივთს ამზადებდნენ..." - ამბობს 33 წლის რესანი.

- აჭარაში, მთიან ქედაში, სოფელ უჩხითში ვცხოვრობ. ხესთან პირველი ურთიერთობა 12-13 წლის ასაკში მქონდა, როცა დურგალ ბაბუას საწარმოში დავყვებოდი და მის საქმიანობას ვადევნებდი თვალს. ზოგჯერ ლურსმნებსა და ჩაქუჩს ვპარავდი, რაღაცის გაკეთებას მეც ვცდილობდი. ხანდახან საქმესაც ვუფუჭებდი და დამიყვირებდა ხოლმე. ბაბუა რომ გარდაიცვალა, ოჯახში მატერიალური შემოსავლის მიზნით, მეზობლის საწარმოში დავიწყე მუშაობა. იქ მეტი ცოდნა მივიღე, რადგან თანამედროვე დანადგარები ჰქონდათ, პრაქტიკაშიც მეტი ნივთის დამზადება მიწევდა: კარ-ფანჯარა, სამზარეულო და ა.შ. მოგვიანებით, ქართველების ნაწილის მსგავსად, მეც თურქეთში დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა საქმეს ვასრულებდი, მაგალითად, თხილს, ჩაის ვკრეფდი და ა.შ. პანდემია რომ დაიწყო, საზღვრები ჩაიკეტა და ბევრი სამუშაო ადგილი გაუქმდა, იმ დროს ვიფიქრე, რომ ხეზე მუშაობა გამეხსენებინა. ინტერნეტში ვნახე ერთი ჩინელი ადამიანი, რომელიც ხის მაჯის საათს ამზადებდა. ვიფიქრე, მეც მეცადა. "ფეისბუკზე" რომ განვათავსე, საზოგადოებისგან წამოვიდა კითხვები და შემოთავაზება სხვადასხვა ნივთის დამზადებაზე. დიდი მოთხოვნა იყო ჭურჭელზე. ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველი ქალბატონი იდეებს მთავაზობდა. მაშინ არ მიფიქრია, რომ ამ საქმეს მივყვებოდი და ფართომასშტაბიანი გახდებოდა. თუმცა, თხოვნებს ვასრულებდი და როცა ნამუშევრებმა ხალხის მოწონება დაისახურა, თანხაც ავიღე, ხალისი, მოტივაცია მომემატა და გადავწყვიტე არ გავჩერებულიყავი. შემდეგ ჟურნალისტი ქალბატონი, ნინო კვაჭანტირაძე გამომეხმაურა. მან ჯამი და სხვა ნივთები შემიკვეთა. როცა შეკვეთა მიიღო, ფოტოები თავის "ფეისბუკ"-გვერდზე განათავსა. სოციალურ სივრცეში კოლეგების დიდი აუდიტორია ჰყავს და როცა დაათვალიერეს, სიუჟეტების გადასაღებად, სტატიების მოსამზადებლად დამიკავშირდნენ. ამ ყველაფერში სახელმწიფოც ჩაერთო და ამგვარად, ჩემი საქმიანობის გაფართოება, პოპულარიზაცია მოხდა. შემდეგ მონაწილეობა მივიღე სახელმწიფო პროგრამაში "აწარმოე საქართველოში". კონკურის გამარჯვებული რომ გავხდი, თანამედროვე დანადგარები შევიძინე. ახლა ვცდი­ლობ ბიზნესი უფრო გავფართოო, ადგილობრივები დავასაქმო და ჩემი ნაწარმი, ქართული დამღით, საზღვარგარეთ გავიდეს.

4-1695019825.jpg

- საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქცია გაქვთ...

- 500-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ნაწარმი გვაქვს, მათ შორის არის ისეთიც, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მაგალითად, მაქვს ჭურჭელი, რომელიც ერთდროულად 4 ფუნქციას ითავსებს. ესენია: ქვაბი, გობი, სახილე და დასადგამი. ასევე მაქვს 90-მდე ნივთის მონახაზი, რომელსაც იმედი მაქვს, ღმერთის ნებით, სამომავლოდ განვახორციელებ.

- ბატონო რესან, ესკიზებს თქვენ ქმნით?

- რა თქმა უნდა, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ ამ საქმიანობის დაწყებიდან დაახლოებით 2 წელიწადში ცოლი მოვიყვანე. ის ფილოლოგი და მხატვარია. ახლა მეუღლე ხათუნა ბერიძე ძალიან მეხმარება, ნახაზებს მიდგენს, ახალი გამოგონებების იდეას მაწვდის და უკვე ერთად ვშრომობთ.

- კარგია მეუღლე გვერდში რომ გიდგათ...

- ასეა. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ არის საოჯახო ბიზნესი, რომლის გაფართოებასაც ვცდილობთ, რომ სხვებიც დავასაქმოთ. ამ ეტაპზე სოციალურ სივრცეში გვერდსაც მე ვმართავ, შეკვეთებსაც ვიღებ და მასალის მოსაძიებლადაც თავად დავდივარ. ჩემთვის შაბათ-კვირა არ არსებობს: ზოგს საჩუქარი სჭირდება, ზოგი ახალ სახლში გადადის და ნივთები დროულად უნდა მიაწოდო. ხშირად გვიანობამდეც ვმუშაობ, რადგან არ მინდა უკმაყოფილი მომხმარებელი მყავდეს. ნივთი ყველას აუცილებლად შეპირებულ დროს უნდა მიაწოდო.

- უმთავრესად, რა მასალაზე მუშაობთ? ხეს ვგულისხმობ....

- კაკალი, წაბლი, წიფელი, მსხალი, ვაშლი, ქლიავი. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდები. ვცდილობ მასალა ადგილობრივი ბაზრიდან ავიღო. მაგალითად, მივიდე მეზობელთან, თანასოფლელთან, რომელსაც სურს გაყიდოს თუთა, მსხალი... მინდა ეს თანხა ისევ ჩემს სოფელს და მათ მკვიდრებს მოხმარდეს.

5-1695019837.jpg

- რომელი ნივთი იწვევს გამოკვეთილად დიდ ინტერესს?

- ბებიების დროინდელი გობის მოდელი გავაცოცხლე და თანამედროვე ვერსია შევქმენი, მასზე დიდი მოთხოვნაა. ასევე საშაქრეებზე, სასუნელეებზე, საყავეებზე, ბურღულეულის შესანახ ჭურჭელზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დიდი მოთხოვნაა სამზარეულოს აქსესუარებზე. ასევე მოსწონთ საქართველოს რუკის ფორმის ლანგრები. საზღვარგარეთ მყოფი ემიგრანტებისგან განსაკუთრებით ბევრი შეკვეთა მომდის. ჩვენ პროდუქციას დაახლოებით 10 ქვეყანაში ვგზავნით. მომხმარებლებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანია: მსახიობები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი.

- ძალიან კარგად მოგიფიქრებიათ, რომ პანდემიის დროს წინაპრების საქმე გააცოცხლეთ. ფაქტია, ამან გაამართლა...

- ყველაფერი ღმერთის ნებაა. პანდემია, როგორც ფაქტი, ნამდვილად ცუდი მოვლენა იყო, მაგრამ ამ პერიოდში ბევრმა გამოავლინა თავისი ნიჭი. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც პანდემიის პერიოდში სხვადასხვა საქმე წამოიწყო და დღეს უკვე დიდ ბიზნესად აქვთ ქცეული.

- გამოფენებშიც ხშირად მონაწილეობთ, ხომ?

- დიახ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩვენი ნივთები გამოფენილი იყო პარიზში, ბერლინში, ახლა ამერიკაში გამოფენაც იგეგმება. ვცდილობ, ფეხი მოვიკიდოთ და ყველგან წარვადგინო, როგორც საქართველოში დამზადებული ჩვენი საყვარელი ქართული ნივთები.

- უცხოეთში ყველაზე მეტად რა მოსწონთ, რას უსვამენ ხაზს?

- ბუნებრიობას. მოსწონთ, რომ ნივთები ხელნაკეთია. განსაკუთრებით ინტერესდებიან მცირე ზომის სუვენირებით, სამზარეულოს ნივთებით, რუკით, გერბით და ა.შ.

3-copy-1695019848.jpg

- რა შედის თქვენს უახლოეს გეგმებში?

- მინდა ხის მაჯის საათი გავაკეთო, რომელიც 100 პროცენტით ხე იქნება. თავდაპირველად, როცა საათის გაკეთება ვცადე, მას ელექტრომექანიზმი ჰქონდა, ახლა კი მინდა მთლიანად ხის იყოს. ეს არ იქნება გამოყენებადი, უფრო დეკორატიული ფუნქცია ექნება, მაგრამ მისი რამდენიმე წამით დაქოქვა შესაძლებელი იქნება. ამაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვმუშაობდი, მაგრამ მერე პრობლემები გაჩნდა: თავდაპირველად ბაბუაჩემის საწარმოში ვსაქმიანობდი. გაფართoება რომ დავიწყეთ, ჩემი გამომუშავებული თანხით ახალი საწარმო ავაგე, მაგრამ იმ ადგილას მეწყერი ჩამოწვა. სამწუხაროდ, იქ მუშაობას ვეღარ ვაგრძელებ. ახლა ვცდილობ, ადგილი შევიცვალო. სახელმწიფომ დაბა ქედაში უნდა გადმომცეს მიწა 1 ლარად, სადაც საქმიანობას გავაგრძელებ. ჩემი სოფელი და ის ადგილი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ყველაზე მეტად მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმისთვის უმჯობესია დაბა, რომელიც ნებისმიერი სტუმრისა თუ ტურისტისათვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება. სამომავლოდ მსურს ვიზიტორებისათვის პატარა მუზეუმიც გავაკეთო და აღვადგინო ის ძველი ნივთები, რომლებითაც ჩვენი წინაპრები, ბებია-ბაბუები სარგებლობდნენ და მუზეუმში გამოვფინო.

- მოსწავლეების აყვანასაც ხომ არ გეგმავთ?

- ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და გამოთქვამენ სურვილს, ეს საქმე შევასწავლო. ამ ეტაპზე ვერა, მაგრამ სამომავლოდ ესეც შედის ჩემს გეგმებში, რადგან საქმეს ეგოისტურად არ ვეკიდები, პირიქით, ცოდნა არ უნდა დაიკარგოს. მინდა ჩვენი წინაპრების საქმე სხვებმაც გააგრძელონ.

ანა კალანდაძე