"მათ გვერდით დედა სჭირდებათ, ოღონდ ძლიერი და არა - დამცირებული, ნაცემი" - გზაპრესი

"მათ გვერდით დედა სჭირდებათ, ოღონდ ძლიერი და არა - დამცირებული, ნაცემი"

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს გაასმაგდა ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები გახშირდა, არამედ იმას, რომ გაიზარდა იმ ქალების რაოდენობა, ვინც ძალადობის წინააღმდეგ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს. როდესაც დაცვის ხარისხი მატულობს, მიმართვიანობაც იზრდება, თუმცა კვლავ საჭიროა სოციალური სერვისები, სოციალური მუშაკის თანადგომა, სარეაბილიტაციო პროგრამა და ა.შ., რათა კიდევ უფრო ინფორმირებულები იყვნენ და კიდევ უფრო მეტმა ქალმა შეძლოს პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი. შემაშფოთებელია გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ანგარიში. როგორც ირკვევა, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, სულ ცოტა, სამიდან ერთია, ვინც ძალადობა პარტნიორისგან ან მეუღლისგან ერთხელ მაინც გამოცადა. მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 736 მილიონია.

ქალების წინააღმდეგ ძალადობა მხოლოდ დანაშაული არ არის, მას გრძელვადიანი შედეგები აქვს ქალის ფიზიკურ, მენტალურ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ტრავმები, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები, მათ შორის შიდსი, მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჯანმრთელობის იმ პრობლემებისა, რომლებთანაც უწევთ ცხოვრება ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

ჩვენი რესპონდენტიც ხუთი წლის წინ გამოექცა ძალადობას. როგორც თავად გვთხოვა, გარკვეული მიზეზების გამო მისთვის უმჯობესია, გვარი არ გავამჟღავნოთ. მისი ერთადერთი მიზანია, სხვა ქალებისთვის იქცეს მაგალითად და თავს ბედნიერად ჩათვლის, თუ ერთი ქალის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს.

თამარმა 5 წლის წინ მოტყუებით დააღწია თავი მოძალადე ქმარს და ემიგრანტი გახდა. როგორც თავად ამბობს, მაშინ ამდენი ინფორმაცია რომ ჰქონოდა სხვადასხვა ორგანიზაციის შესახებ და ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი შესძლებოდა, არც ქვეყნის და არც შვილების მიტოვება არ მოუწევდა.

- თამარ, როგორც მითხარით, თქვენ იყავით ძალადობის მსხვერპლი. რაში გამოიხატებოდა ეს?

- ჩემზე ქმარი ძალადობდა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. მას შეეძლო ვეცემე იმის გამო, თუ ჩემი ხმის ტონი არ მოეწონებოდა, ან მეზობელი კაცისგან ნათქვამი "გამარჯობა". მიზეზი არ სჭირდებოდა, რომ ხელი აეწია ჩემზე. ძალადობდა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სექსუალურადაც. დამიჯერეთ, ფიზიკურ ძალადობაზე მტკივნეული ფსიქოლოგიური ძალადობაა. ძალიან რთული მოსასმენია, როდესაც ქმარი გეუბნება, რომ "ძროხასავით გასუქდი" მაშინ, როდესაც ორი-სამი თვის ნამშობიარები ხარ; აკრიტიკებს შენს ყველა მანერას; გეუბნება, რომ ვიღაც მეზობლის ცოლი ბევრად ლამაზი და მიმზიდველია; რომ სხვის ქმარს ძალიან გაუმართლა, რადგან ჩემნაირი მახინჯი ცოლი არ ჰყავს, თუმცა არასოდეს ფიქრობდა იმაზე, მქონდა თუ არა სახედალურჯებულს იმის მოტივაცია ან ფინანსური შესაძლებლობა, რომ თავისთვის მომევლო. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილების სიყვარული მაჩერებდა, რომ სუიციდით არ დამესრულებინა სიცოცხლე.

- თქვენმა ოჯახმა თუ იცოდა ამის შესახებ?

- რაღაც პერიოდი ვმალავდი, არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ჩემს ოჯახს გაეგო. მათი თანადგომის იმედი არ მქონდა. ვიცოდი, დედა დამნაშავის ძებნას ჩემში დაიწყებდა და მხარს არ დამიჭერდა. ამიტომაც ვმალავდი და ერთ პრობლემას კიდევ ოჯახთან დაპირისპირებას აღარ ვუმატებდი.

- ამბობთ, რომ არ გქონდათ ოჯახის თანადგომის იმედი, ანუ თუ გაიგებდნენ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყავით, ქმრის ოჯახიდან არ წაგიყვანდნენ?

- არ წამიყვანდნენ და უფრო მეტიც, დამნაშავე ისევ მე გამოვიდოდი. ჩემი ყველას შერცხვებოდა, დედა აუცილებლად იტყოდა, ხალხმა რომ გაიგოს, რას იტყვიანო, თავი მოგვეჭრებაო...

- რა გითხრეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს, მაინც გაიგეს?

- მე რომ ვინმე გვერდში დამდგომოდა, არ მომიწევდა შვილების დატოვება და სამშობლოდან შორს გაქცევა. მამა უკვე გარდაცვლილი იყო, დედამ კი, როგორც ვვარაუდობდი, ყველაფერი მე დამაბრალა. მითხრა, რომ ქალი ვარ და უნდა ავიტანო; რომ ისიც იტანდა თავის დროზე და მისი დედაც. ამიტომაც არ ესმოდა, ყველა თუ იტანდა, მე რატომ უნდა შემერცხვინა ოჯახი? შენი ძმა რომ ქუჩაში გავა, ვინმემ რატომ უნდა უთხრას, რომ მისი და ქმარს არის გაშორებულიო? იცით, როგორ ველოდი, დედას ეთქვა: ნუ გეშინია, შვილო, მე შენ გვერდით ვარ, დღესვე ჩაალაგე ბარგი და დატოვე ის სახლი, სადაც შენზე ძალადობენო. იცით, როგორ მჭირდებოდა, დედა ჩამხუტებოდა და ეთქვა, რომ ძალიან წუხდა, მისი ერთადერთი ქალიშვილი ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა... მაგრამ მან ჩემზე წინ ხალხის აზრი დააყენა. ამ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, მარტო მე არ ვარ. ხალხი ვერასდროს გაიგებს, რას გრძნობ ყოველღამე, როდესაც მოძალადე ქმრის გვერდით გიწევს ყოფნა.

- საქართველოში არსებულ ორგანიზაციებს რატომ არ მიმართეთ დახმარებისთვის?

- ახლა ამაზე საუბარი ხმამაღლა შეგვიძლია, ხუთი წლის წინ კი სხვა მდგომარეობა იყო. მე ვერ გავბედავდი მაშინ პოლიციაში დამერეკა და მეთქვა, რომ დახმარება მჭირდებოდა, რომ მსხვერპლი ვიყავი. ვფიქრობდი, დამცინებდნენ; მრცხვენოდა მეგობრების, მეზობლების, ნათესავების, დამნაშავეს მეც საკუთარ თავში ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ თავად ვიყავი ცუდი და მას ვერ ვუწევდი სათანადო ცოლობას.

შვილების დატოვებას რაც შეეხება, იძულებული ვიყავი, მათივე კეთილდღეობისთვის, დამეტოვებინა და წამოვსულიყავი. ისინი ყოველდღე ხედავდნენ, როგორ ძალადობდა მათი მამა დედაზე, როგორ სცემდა და ამცირებდა. მე გაქცევით გადავარჩინე როგორც ჩემი, ასევე მათი სიცოცხლეც. ისინი ბებიასთან დავტოვე და დღემდე ფინანსურად უზრუნველვყოფ.

- თუმცა ბავშვებს ფინანსებზე მეტად, დედა სჭირდებათ გვერდით.

- დიახ, ვიცი, რომ მათ გვერდით დედა სჭირდებათ, ოღონდ ძლიერი, წარმატებული და არა დამცირებული, ნაცემი, განადგურებული. როგორ ფიქრობთ, როდის არის ბავშვი ბედნიერი, როდესაც ნაცემსა და ატირებულ დედას ხედავს, თუ როდესაც მშვიდ გარემოში იზრდება და აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება?

- რას ეტყვით ქალებს, რომლებიც ახლა იმავე გზას გადიან, რაც თქვენ უკვე უკან მოიტოვეთ?

- საკუთარ თავში იპოვეთ ძალა და არ შეეგუოთ ძალადობას, ამაზე ისაუბრეთ ყველგან და ყველასთან, ამაში სირცხვილი არაფერია! თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ თქვენზე ვიღაც უსუსური და წარუმატებელი კაცი ძალადობს. წარმატებული და შემდგარი მამაკაცი ქალზე არასოდეს აწევს ხელს. აუცილებლად ამოიღეთ ხმა. იცოდეთ, ხალხი მაინც გაგკიცხავთ, თქვენ კი ნუ გახდებით კიდევ ერთი მოკლული ქალი და ნუ გაიმეტებთ შვილებს ობლობისთვის. მე თუ ვერ შევძელი ხმის ამოღება, თქვენ უნდა შეძლოთ. იქნებ ყველა ერთად ვიქცეთ ერთ დიდ ჯაჭვად და შევძლოთ ყოველდღიურად ახალი რგოლის შემატება, რომელიც გაგვაძლიერებს.

ფიქრია რობაქიძე,

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან