რა უფანტავს მოსწავლეს ყურადღებას და სმარტფონით სარგებლობისას რამდენი წუთი სჭირდება ყურადღების ხელახალი ფოკუსირებისთვის - გზაპრესი

რა უფანტავს მოსწავლეს ყურადღებას და სმარტფონით სარგებლობისას რამდენი წუთი სჭირდება ყურადღების ხელახალი ფოკუსირებისთვის

ბუნებრივია, ბავშვებთან ერთად ვღელავთ მშობლებიც და არაერთი კითხვაც გვიჩნდება: მოეწონება თუ არა ახალი გარემო, როგორ შეეგუება თანატოლებსა თუ პედაგოგებს, როგორ უნდა დავეხმაროთ მათ ახალი გამოცდილების მიღებაში და ა.შ. ამ სირთულეების შესახებ ქცევის ანალიტიკოსი, ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია გვესაუბრება.

- რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სკოლისთვის მზადება, რომელი უნარების განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ ოჯახსა და ბაღში და რატომ არის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი ბავშვისთვის?

- სასკოლო მზაობა არ იწყება არც ერთი თვით და არც ერთი წლით ადრე. მთელი ის პროცესი, რომელსაც ბავშვი აქტიურად გადის დაახლოებით 2-3 წლიდან, გარკვეულწილად ემსახურება იმას, რომ შეძლოს ახალ აკადემიურ თუ ნებისმიერ სოციალურ სივრცეში ადაპტაცია. სკოლა არ არის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება, ის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ბავშვის სოციალიზაციისთვის. ამიტომ როდესაც საუბარი გვაქვს სასკოლო მზაობაზე, ის არ შედგება მხოლოდ აკადემიური კომპონენტისგან, გულისხმობს როგორც აკადემიურ, ასევე ბავშვის ემოციურ და ქცევით მზაობას, ანუ - რამდენად მზად არის ის პასუხისმგებლობისთვის, დამოუკიდებლად მუშაობისთვის, აუცილებელია კონცენტრირება დავალებების შესრულების დროს, მათ შორის ისეთის, როგორიც შეიძლება მისთვის საინტერესო არ იყოს, მაგრამ გამომუშავებული უნდა ჰქონდეს ნებისყოფა. სკოლა გულისხმობს სოციალურ მზაობასაც: ბავშვი მზად უნდა იყოს, ახალ გარემოში ადაპტირდეს, მიეჩვიოს თანატოლებსაც და მასწავლებლებსაც. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ოჯახმა ან წინასასკოლო დაწესებულებამ ამისთვის - წიგნიერება უნდა განუვითაროს ბავშვს, რომ აკადემიური უნარ-ჩვევები ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველ კლასში მისვლამდე იცოდეს წერა-კითხვა, პირიქით, ზოგიერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ვინც იცის პირველი კლასის მასალა, მისთვის მოსაწყენი ხდება კლასში ყოფნა და ქცევის პრობლემები მატულობს. წიგნიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია ნებისყოფა - პატარაობიდან გამომუშავებული უნდა ჰქონდეს, რომ თუ რამე არ გამოუვა, არ გაბრაზდეს, პირიქით, თავი არ დაანებოს და გააკეთოს ბოლომდე. უფროსებმა კი თანდათანობით უნდა გაურთულონ დავალებები, თვითონაც დაეხმარონ და შემდეგ მცდელობაზე უკეთესად გამოუვა ის საქმე, რაც მისთვის ასე რთული იყო. ასევეა ბაღშიც - იქიდანვე უნდა მიეჩვიოს მოსმენას, კითხვებზე პასუხს და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ნატიფ მოტორიკაზეც - რამდენად შეუძლია ბავშვს ისეთი ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულება, როგორებიცაა: თასმის შეკვრა, ჭურჭლის ხელში ჭერა, დამოუკიდებლად ჭამა. ხშირად თავის მოვლის უნარებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას. მშობელი ყოველთვის ზემზრუნველობას იჩენს შვილის მიმართ, რაც სწორი არ არის იმიტომ, რომ, თუ არ ეცოდინება დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა, სკოლაში უფრო რთული დავალებების შესრულება რომ მოუწევს, ხომ უფრო რთული აღმოჩნდება? თავის მოვლის უნარ-ჩვევები ყველას უნდა ჰქონდეს სრულყოფილად ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ სკოლაშიც შეძლოს პირადი ჰიგიენის დაცვა. მშობლები და მასწავლებლები ხშირად საყვედურობენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს იმისთვის, რომ ნივთები სახლში რჩებათ ან კარგავენ. ამ უნარის გამომუშავებას ბევრად პატარა ასაკში ეყრება საფუძველი. პატარაობიდანვე უნდა ვასწავლოთ თავისი ოთახის მილაგება, სათამაშოების ჩალაგება, რაც, ბუნებრივია, არ მოსწონთ, მაგრამ თუ მშობელი ამას თამაშით გააკეთებინებს, მაგალითად, მუსიკის ფონზე მის გვერდით იქნება და დაეხმარება, ის უკვე წესად ექცევა მას, რომ თამაშის შემდეგ თავისი სათამაშოები დაალაგოს.

- ძირითადად რა სიძნელეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე პირველკლასელები, რაზე ღელავენ და რას განიცდიან უფრო მეტად (ვთქვათ, როგორ დაიმკვიდრებენ თავს, როგორ ისწავლიან?) და საერთოდ, რას ნიშნავს სკოლის ასაკი როგორც ბავშვის განვითარების ეტაპი?

- სკოლაში მისვლამდე მშობელი უფრო შფოთავს და ნერვიულობს, ვიდრე ბავშვი, რადგან მან არ იცის, რას ელოდოს. რა პრობლემასაც წავწყდომივარ ჩემს პრაქტიკაში, არის ის, რომ ბავშვი ძალიან მოტივირებული მიდის პირველ კლასში, ყველა უხატავს სკოლას როგორც სახალისოს და ახალ ეტაპს ცხოვრებაში, ხოლო პრობლემები ჩნდება მოგვიანებით, რადგან ბავშვს არასწორი მოლოდინი ჰქონდა ან საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, რა იყო სკოლა და რითი განსხვავდებოდა სხვა დაწესებულებისგან, მაგალითად - ბაღისგან. მალე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სკოლა მხოლოდ გართობა და თამაში არ არის და მათ უწევთ გარკვეული წესების დაცვა. ამიტომაც ამ ყველაფრის შესახებ წინასწარ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. რა გირჩევნიათ, როდესაც ახალ სამსახურს იწყებთ, - გითხრან, რომ ყველაფერი გადასარევად იქნება ახალ გარემოში თუ აგიხსნან, რა უფრო საყურადღებოა, რა საპასუხისმგებლოა და ა.შ. რაც მეტად მომზადებულები ვართ, უფრო მეტად გვიადვილდება სიახლესთან ადაპტაცია, მით უფრო - ბავშვს, რომელსაც არა აქვს არანაირი გამოცდილება. საზღვარგარეთ და მგონი, უკვე საქართველოშიც, არის პრაქტიკა, რომ სკოლაში მისვლამდე გაიცნონ კლასელები და მასწავლებლები, დაათვალიერონ ოთახები, რომლებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. აქტუალური გახდა ინსცენირებული საკლასო სივრცეები, რომლებსაც სასწავლო დაწესებულებები სთავაზობენ ბავშვებს, ასევე, წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფური აქტივობები, რაც კარგი გამოცდილებაა პირველკლასელებისთვის.

- სკოლისა თუ მშობლების გადაწყვეტილებით, ზოგჯერ რამდენჯერმეც კი უწევთ ბავშვებს სკოლის ან კლასის გამოცვლა. გარდატეხის ასაკში რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მოსწავლეებზე ასეთმა ცვლილებამ და თანატოლებთან დაშორებამ?

- მოზარდობის ასაკში უფრო მეტი ემოციური და ფიზიკური პრობლემებია და უფროსკლასელისთვის გარკვეულწილად სტრესია, როდესაც თავისი სურვილის გარეშე იცვლის კლასს, თუმცა ეს არის კარგი შანსი იმისთვის, რომ მშობელმა შვილთან გახსნილად ისაუბროს, აუხსნას, რომ ცხოვრებაში ხშირია ცვლილება, მათ შორის ისეთი, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, და რომ ჩვენ უნდა შევძლოთ გამკლავება ცხოვრებისეულ სიძნელეებთან, დაანახვონ მომხდარის დადებითი მხარეც და უთხრან, რომ შეიძენენ ახალ მეგობრებს, გამოცდიან თავს იმ ხალხთან, ვისაც ადრე არ იცნობდნენ, და იმ გამოცდილებას, რომელიც სხვა ადამიანებისგან მიიღეს, გაიუმჯობესებენ. ეს არის იმის შესაძლებლობა, თუ როგორ დაიმკვიდრონ თავი ახალ გარემოში. მსგავსი ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ ძველ მეგობრებთან ვეღარ შეძლებენ ურთიერთობას, სურვილის შემთხვევაში, თავისუფალ დროს ერთად გაატარებენ.

- 27 ივლისს იუნესკომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა ტექნოლოგია ხელს უწყობს სწავლების პროცესს, მაგრამ - არა ჭარბი გამოყენების დროს. როგორია ამ კვლევის შედეგები და საინტერესოა თქვენი მოსაზრება, როგორი გამოხმაურება მოჰყვება იუნესკოს მოთხოვნას, სკოლებმა დააწესონ რეგულაციები სმარტფონების გამოყენებაზე?

- დიახ, ეს დასკვნა ეფუძნება ერთ-ერთ კვლევას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს 14 ქვეყანაში მოსწავლეთა სწავლების პროცესი. ამ კვლევის მიხედვით, როდესაც სმარტფონი ახლოსაა და შეტყობინებების ხმა ისმის, მოსწავლეს ყურადღება ეფანტება. ე.ი. საკლასო ოთახში სმარტფონების გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს სწავლება. დადგინდა ისიც, რომ მოსწავლეს თითქმის 20 წუთი სჭირდება ყურადღების ხელახალი ფოკუსირებისთვის. ბელგიის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ სკოლაში სმარტფონების ამოღებამ გააუმჯობესა სწავლის შედეგები, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებში, რომლებსაც თანატოლებთან შედარებით სწავლა უჭირდათ. ალბათ ამიტომაც მოუწოდა იუნესკომ ქვეყნებს, დააწესონ რეგულაციები სკოლებში სმარტფონების გამოყენებასთან დაკავშირებით. მხოლოდ იმ ტექნოლოგიის გამოყენება უნდა იყოს დაშვებული, რომელიც სწავლაში ეხმარება მოსწავლეს. ამ საკითხზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. შვილთან საკომუნიკაციოდ არ არის საჭირო ძვირად ღირებული და მრავალფუნქციური ტელეფონი. სტუდენტებთან მაქვს ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, მისაღებია, სწავლების პროცესში გამოიყენო როგორც რესურსი, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო მარტივდება და ვითარდება. კარგი იქნება, სკოლას ჰქონდეს სწორი გზავნილი და მხოლოდ სწავლების პროცესში კი არა, სოციალური აქტივობების ან შესვენებების დროს მივცეთ მაგალითი პატარებს, რომ ჩვენ ეკრანების გარეშეც ვურთიერთობთ ერთმანეთთან.

- საუბრის დასასრულს, რა რეკომენდაციები შეგიძლიათ მისცეთ მშობლებსა და პედაგოგებს?

- მშობლებს ვურჩევ, იყვნენ თანამიმდევრულები და სწორი მოლოდინი ჰქონდეთ შვილებისგან: იცოდნენ, რომ შეიძლება რაღაც გაუჭირდეს ბავშვს - ან რომელიმე საგნის სწავლა, ან - ემოციურად. მშობლის თანადგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მით უმეტეს - ასეთ გარდამტეხ ეტაპებზე. რაც შეეხება დავალებებს, პირველსავე ჯერზე კი არ უნდა ვთხოვოთ, რომ 15 წუთი იჯდეს სამეცადინოდ - 4-5 წუთით უნდა დავიწყოთ და ნელ-ნელა გავზარდოთ დრო. თანამედროვე სწავლების მეთოდები ინტერაქციასა და ბავშვის სწორად ჩართულობაზეა ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, სწორი ემოციური მზაობა შევქმნათ, ანუ ბავშვებს აღვუძრათ ზუსტი და კონკრეტული მოლოდინი იმისა, თუ რას მოითხოვს სკოლა მათგან და რა პასუხისმგებლობა ექნებათ თვითონაც; ვასწავლოთ ნივთების მოვლა, საკუთარი საზღვრების დაცვა; ვასწავლოთ, როდის ირღვევა მათი უფლებები და ეს ყველაფერი დავიწყოთ 3-4 წლიდან თუნდაც მოთხრობებით, ჩანახატებით. ვინც წელს შედის სკოლაში, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ვურჩევ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თანამიმდევრულად აკეთონ საქმე და, თუ ნახავენ, რომ დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ თავის გართმევას წარმოქმნილ სირთულეებთან, მიმართონ სპეციალისტს - ეს იქნება ფსიქოლოგი თუ აკადემიური უნარების მქონე თერაპევტი, რათა სამომავლოდ შეძლონ და უკეთესად წარმართონ პროცესები.

ნინო ჯავახიშვილი